სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი

ეს პათოლოგია, წესისამებრ, სტრეპტოკოკული ინფექციის შედეგია. მას უმეტესად ერთი შეხედვით ბანალური ანგინა იწვევს. დაავადების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი გურამ ჩიტაია:
- რა იწვევს მწვავე გლომერულონეფრიტს?
- გლომერულონეფრიტი თირკმლის გორგლოვანი აპარატის იმუნური ანთების შედეგია. ის პოლიეტიოლოგიური დაავადებაა - მის განვითარებას მრავალი მიზეზი აქვს. მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი შედარებით კეთილთვისებიანია, თუმცა გვხვდება მისი საკმაოდ მძიმე ვარიანტებიც. ისინი, წესისამებრ, არასწორი, დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ვითარდება. პათოლოგიას წინ უძღვის რომელიმე სტრეპტოკოკული ინფექცია, მაგალითად, ანგინა, ქუნთრუშა, კანის ჩირქოვანი დაზიანება (სტრეპტოდერმია). წელიწადის ცივ პერიოდში გლომერულონეფრიტი უმეტესად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური პროცესის შემდეგ იჩენს თავს, ხოლო ზაფხულობით - კანის სტრეპტოკოკული დაზიანების შემდეგ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანის შემდეგ გლომერულონეფრიტის ჩამოყალიბება გარდაუვალია?
- პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის ასეთი გავრცელება ჩვენში სტრეპტოკოკთან არასაკმარისი და არასწორი ბრძოლის შედეგია, მშობლები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას - მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ბავშვს სრულიად გაუმართლებლად აძლევენ ანტიბიოტიკებს, ხოლო სტრეპტოკოული ანგინის დროს უპირატესობას ანიჭებენ რეკლამირებულ სავლებს ან საწუწნ აბს, რომელთა ეფექტურობა მხოლოდ სუბიექტური ჩივილების უმნიშვნელო შემსუბუქებით თუ შემოიფარგლება. სტრეპტოკოკულ ინფექციას მხოლოდ ანტიბიოტიკებით უნდა ვუმკურნალოთ, ისიც - ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით. ამასთანავე, მკურნალობა საშუალოდ 10 დღე უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს, მშობლები კი, ტემპერატურა დაიწევს თუ არა, ბავშვს ანტიბიოტიკებს უწყვეტენ. პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი სტრეპტოდერმიის არასწორი მკურნალობაა. კანის ამ ინფექციის ადგილობრივად, მხოლოდ მალამოთი მკურნალობა არ არის მართებული. აუცილებელია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია. თუ სტრეპტოკოკული ინფექციის მკურნალობა სწორად ჩატარდა, მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტიც საგრძნობლად გაიშვიათდება.
- უმეტესად რა ასაკის ბავშვები ხდებიან ავად?
- გლომერულონეფრიტი უპირატესად სასკოლო, უფრო ზუსტად, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ხვედრია. შედარებით იშვიათად გვხვდება მოზარდებში, ვაჟებში - ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებში. სტრეპტოკოკი უშუალოდ არ აზიანებს თირკმლის ქსოვილს. სტრეპტოკოკის უჯრედშიგა სპეციფიკური ცილის (ანტიგენის), მის საწინაღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულისა და კომპლიმენტის (ანტიგენ-ანტისხეულთან დაკავშირებული სუბსტრატის) ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი იმუნური კომპლექსი ილექება თირკმლის გორგლებში და მათ იმუნურ ანთებას იწვევს. ამას მოჰყვება გორგლოვანი აპარატის ფუნქციის (ფილტრაციის) დაქვეითება და მისი კაპილარების განვლადობის მომატება ცილისა და ერითროციტების მიმართ. სწორედ ამის შედეგია გლომერულონეფრიტის ნიშნები: ჰემატურია (სისხლი შარდში) და პროტეინურია (ცილები შარდში).
- კიდევ რა ნიშნებით ვლინდება მწვავე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი?
- გლომერულონეფრიტის სიმპტომები ინფექციის გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ იჩენს თავს. ესენია:
- შეშუპება, რომელიც სახის არეში ლოკალიზდება, თუმცა შესაძლოა, მიიღოს მასიური ხასიათი და მთელ სხეულს მოედოს (ანასარკა);
- ცვლილებები შარდში - მცირდება მისი გამოყოფა, შესაძლოა, მიიღოს მოწითალო ფერი (ხორცის ნარეცხის ფერი). აქვე გეტყვით, რომ გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, დაავადების შემთხვევები შარდის ცვლილებათა გარეშეც;
- არტერიული ჰიპერტენზია - ის დაავადებული ბავშვების უმრავლესობას - 60-85% აღენიშნება.