ასთმისა და ალერგიის მკურნალობის ახალი მეთოდი
ბრიტანელმა ექიმებმა ასთმისა და ალერგიის სამკურნალო პრინციპულად ახალი პრეპარატი შექმნეს. ამჟამად არსებული მედიკამენტების უმეტესობა ხსნის სიმპტომებს - თვალების ქავილს, სურდოს... არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომლებიც თრგუნავს იმუნიტეტს, მაგრამ მათი მიღებისას იზრდება ინფექციებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა. რაც შეეხება ახალ პრეპარატს, ის ალერგიულ რეაქციას გამოვლენამდე შეაჩერებს, თანაც მხოლოდ სიმპტომებზე კი არ მოახდენს გავლენას, არამედ უშუალოდ დაავადების მიზეზზე იმოქმედებს. ახალი პრეპარატი შეიძლება დამზადდეს როგორც ინექციების, ისე კაფსულებისა და ინჰალატორების სახით, რაც მას უფრო იოლად მოსახმარს გახდის.
-
რა იცავს ნაყოფს ასთმისა და ალერგიისგან?
თუ ორსული ხმელთაშუა ზღვის დიეტას დაიცავს, ნაყოფს ალერგიისა და ასთმის ნაკლები საფრთხე ელის, - დაასკვნეს ბერძენმა მეცნიერებმა, რომლებიც ჯერ ორსულებს, შემდეგ კი მათ შვილებს შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოიცავს უპირატესად ბოსტნეულის, ხილის, თევზის კერძებს.
გამოკვლევაში, რომელიც კრეტის უნივერსიტეტში ჩატარდა, 468 ორსულმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულმა მათგანმა შეავსო ანკეტა, რომელშიც შედიოდა კითხვები მათი კვებითი რაციონის შესახებ. მოგვიანებით ასეთივე ანკეტის მეშვეობით შეისწავლეს მათი შვილების რაციონი 6,5 წლამდე. ამასთანავე, ბავშვები ალერგიასა და ასთმაზე გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობისას ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავდნენ, 80%-ით უფრო იშვიათად ჰქონდათ მსტვენი სუნთქვა და 45%-ით იშვიათად - ალერგიული დაავადებები. დამცავი ეფექტი ყველაზე უკეთ მაშინ ვლინდებოდა, როდესაც ორსული ბოსტნეულს კვირაში რვაჯერ და უფრო ხშირად მიირთმევდა, თევზს - კვირაში სამჯერ და უფრო ხშირად, ხოლო პარკოსნებს - კვირაში ერთხელ მაინც. ამის საპირისპიროდ, წითელი ხორცის კვირაში 3-4 ჯერზე მეტად მიღება ასთმისა და ალერგიის რისკს ზრდიდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების ასეთი ეფექტი მათში შემავალი ანტიოქსიდანტებისა და სხვა დამცავი ნივთიერებების ბრალია, მაგრამ ამის დასადასტურებლად კვლევის გაგრძელებაა საჭირო.
-
რას გვიქადის ალერგია?
ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ, რომელიც ალერგიულ დაავადებებს იწვევს, ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვას. მეცნიერებმა გამოიყენეს რამდენიმე გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ალერგიულ პირებში თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეს შეისწავლიდა. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზი ჰქონდა, გლიომა 30-40%-ით უფრო იშვიათად უვითარდებოდათ. გლიომა ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაირსახეობაა. დიაგნოზის დასმის შემდეგ 5 წელზე მეტ ხანს პაციენტების მხოლოდ 3% ცოცხლობს. მეცნიერთა აზრით, ამ ორი დაავადების ურთიერთკავშირი განპირობებულია ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი ნივთიერებების - ციტოკინების აქტივობის მომატებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოკინები ამცირებს გლიომის უჯრედების ზრდის სიჩქარეს, რაც საგრძნობლად აქვეითებს ტვინის კიბოს გაჩენის ალბათობას.
-
საკეისრო კვეთა და ბრონქული ასთმა
ირლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ქვეყნიერებას საკეისრო კვეთით მოევლინნენ, უფრო ხშირად ავადდებიან ასთმით. ბელფასტის ბავშვთა სამეფო ჰოსპიტალში ამ საკითხს საგანგებო კვლევა მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ საკეისრო კვეთა 20%-ით ზრდის ბრონქული ასთმის რისკს. მეცნიერთა აზრით, ბუნებრივი მშობიარობის დამცავ მოქმედებას განაპირობებს ახალშობილის კონტაქტი იმ ბაქტერიებთან, რომლებიც დედის სამშობიარო გზებში ბინადრობენ. ამასთანავე, ბუნებრივი გზით დაბადება ავარჯიშებს ახალშობილის იმუნურ სისტემას და ზრდის მის უნარს, ამოიცნოს და გაანადგუროს პათოგენური მიკრობები. ამგვარი კონტაქტის არარსებობისას ბავშვს იოლად უვითარდება სენსიბი-ლიზაცია (ზემგრძნობელობა) იმუნური სისტემისთვის უსაფრთხო გამღიზიანებლებზე, მათ შორის - მტვერზე, რაც შემდგომში ალერგიული დაავადებების განვითარებას იწვევს. ამ მონაცემების საფუძველზე ასთმით ავადობის მატება მეცნიერებმა საკეისრო კვეთის გახშირებას დაუკავშირეს - სტატისტიკური მონაცემებით, ბრიტანელი ბავშვები ბრონქული ასთმით 4-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე გასული საუკუნის 70-იან წლებში.
-
ალერგიის მიზეზი - ლამბლიების გენეტიკა
ამერიკელმა ექიმებმა ფართოდ გავრცელებული ნაწლავური ინფექციის - ლამბლიოზის გამომწვევის გენომი გაშიფრეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ლამბლიებით ინვაზირებულია ბავშვების 20% და ზრდასრულთა 10%. მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად ლამბლიოზის ორი ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხება. მოზრდილებში ლამბლიებით ინვაზია ხშირად ფარულად მიმდინარეობს, ბავშვებში კი მას თან სდევს მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა და ფაღარათი. ლამბლიოზი სანაღვლე გზების დისკინეზიას და მძიმე ალერგიას იწვევს. ლამბლიების გენომი მასაჩუსეტსის ზღვის ბიოლოგიის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევისას გაირკვა, რომ ეს პარაზიტები თავიდან იცილებენ ადამიანის იმუნური სისტემის ყოველგვარ პასუხს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მათი ცილები მუდმივად იცვლება და მთელ ორგანიზმშია მიმოფანტული, მაშინ, როდესაც სხვა პარაზიტებს ისინი ერთ ადგილას აქვთ კონცენტრირებული. ეს კი ორგანიზმიდან ლამბლიების გამოდევნას აძნელებს.
ექსპერიმენტის დროს აღმოაჩინეს რამდენიმე განსაკუთრებული ცილა, რომლებიც ადამიანის ცილებისგან საგრძნობლად განსხვავდება, ამიტომ მათზე მოქმედი პოტენციური მედიკამენტები ადამიანისთვის საშიში არ იქნება. სავარაუდოდ, სწორედ ამ ცილებზე მოქმედი მედიკამენტების შექმნა შეუწყობს ხელს ლამბლიოზის მკურნალობის გაცილებით ეფექტური მეთოდების დანერგვას.
-
ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა
შვეიცარიაში დასრულდა იმ ვაქცინის კლინიკური გამოცდა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ალერგიულ რეაქციებს. აცრა მტვრის ტკიპის, ყვავილის მტვრისა და სხვა ალერგენებისგან იცავს. ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მიიღეს ორივე სქესის პირებმა, რომლებსაც მტვრის ტკიპებზე ალერგია ჰქონდათ. ექვსი კვირის განმავლობაში მათ ყოველკვირეულად უკეთებდნენ ექსპერიმენტულ პრეპარატს, დანარჩენებს კი - არააქტიურ ნივთიერებას. პრეპარატის შეყვანამ 100-ჯერ გაზარდა საკვლევი პირების გამძლეობა ალერგენის მიმართ. ეფექტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. კვლევები გრძელდება.
ანტიალერგიული ვაქცინა, რომელიც კომპანია Cytos Biotechnology-მ შეიმუშავა, შეიცავს ტუბერკუ-ლიოზის გამომწვევის დნმ-ს ფრაგმენტს, რომელიც პაციენტებისთვის საშიში არ არის. ალერგიის საწინააღმდეგო აცრა ერთგვარად გადააპროგრამებს ალერგიით დაავადებულის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს, უმტკივნეულოდ მოიცილოს ანტიგენი. ამასთანავე, თრგუნავს II ტიპის თ-ლიმფოციტების წარმოქმნას, რომლებსაც უკავშირდება ალერგიული რეაქციები. გამოცდამ აჩვენა, რომ ანტიალერგიულ ვაქცინას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ჭინჭრის ციება და ბრონქული ასთმა. უახლოეს მომავალში იგეგმება ცდების სერია, რათა შეფასდეს პრეპარატის ეფექტიანობა კვებითი ალერგენების წინააღმდეგ.