სტომატოლოგია მომავალი დედებისათვის

- პირის ღრუს უმთავრესად რომელ პათოლოგიებს უჩივიან ორსულები? რატომ? საერთოდ, რა ხდება ორგანიზმში ორსულობისას?
- პირის ღრუს დაავადებებიდან ორსული უმეტესად პაროდონტიტისა და კარიესის პრობლემას ეჯახება. ორსულობისას ცხიმების, ცილებისა და მინერალების ცვლაში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანი ძვრები ახალი, მზარდი ორგანიზმის მშენებლობისკენ არის მიმართული. ამის კვალობაზე, ორსულობას თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. ჯანმრთელ ქალს ეს ცვლილება გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ თუ ორგანიზმში კალციუმის ცვლა უკვე დარღვეულია, ორსულობისას იგი უმალვე გამოვლინდება.
ორსულობის მე-6-7 თვეს ინტენსიურად იწყება ნაყოფის ჩონჩხის ფორმირება. თუ დედის ორგანიზმში კალციუმის დეფიციტია, ნაყოფის ჩონჩხის ასაგებად ეს ელემენტი მისი ძვლებიდან გამოილექება. პირველ დარტყმას იღებს ზედა და ქვედა ყბა.
ალვეოლური წანაზარდები, რომლებიც კბილის ბუდეს ქმნის, კარგავს კალციუმს, რაც უკანასკნელი ნაბიჯია პაროდონტიტის ჩამოყალიბებისკენ. გარდა ამისა, ორსულობისას ხშირად მწვავდება ქრონიკული დაავადებები: გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი. თავის მხრივ, ესეც შეიძლება იქცეს კალციუმის ცვლის დარღვევის მიზეზად. ამ დროს კბილები საკმარისი რაოდენობის კალციუმს ვერ იღებს.
მინერალური ცვლის ასეთი ცვალებადობა კბილის ქსოვილს ასუსტებს. კბილები მყიფე და მტვრევადი ხდება, თვალსა და ხელს შუა იფშვნება. ჯანმრთელი ადამიანის ნერწყვი შეიცავს ფოსფატებისა და კალციუმის მარემინერალიზებელ ნარევს. იგი განამტკიცებს კბილების მინანქარს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
ორსულობის დროს ირღვევა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციობა, ნერწყვის დაცვითი უნარი მკვეთრად მცირდება, პირის ღრუში ირღვევა მჟავატუტოვანი წონასწორობა და ნერწყვის pH მჟავა არისკენ იხრება, ამიტომ ინტენსიურად მრავლდება კარიესის გამომწვევი მიკროორგანიზმები.
თუ ორსულს უკვე აქვს კარიესი, მჟავა არე ხელს უწყობს მის გაღრმავებას. პირის ღრუში მიკრობების ინტენსიურ გამრავლებას ხელს უწყობს იმუნური სისტემის დათრგუნვაც, რაც, წესისამებრ, თან სდევს ორსულობას. ანთებითი პროცესები მხოლოდ კბილებისთვის კი არა, მთელი ორგანიზმისთვის საშიშია.
თუ ქალს ორგანიზმში ინფექციის ფარული ანთებითი კერები აქვს, მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის დაინფიცირების ალბათობა მაღალია. ასეთ ბავშვებში ხშირია იმუნური სტატუსის დაქვეითება, საჭმლის მონელებისა და სხვა დარღვევები. ამასთანავე, დედის კარიესი ბავშვის კარიესს განაპირობებს. ის კბილების ამოჭრისთანავე იჩენს თავს. ორსულობის დროს მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს პაროდონტში - კბილის ირგვლივ ქსოვილში - მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზეც, რაც გინგივიტს (ღრძილების ანთებას) განაპირობებს ან ამწვავებს უკვე არსებულ პროცესს.
გახსოვდეთ: თუ ორსულობისას გინგივიტს არ უმკურნალეთ, პროცესი პაროდონტიტში გადაიზრდება. პაროდონტიტის დროს მყარი საკვების მიღება და კბილების ხეხვა ღრძილებიდან სისხლდენას იწვევს, ყალიბდება პაროდონტული ჯიბეები (ღრძილები შორდება კბილს), ძვლოვანი ქსოვილი თხელდება და კბილები ირყევა. პაროდონტულ ჯიბეებში გროვდება საჭმლის ნარჩენები, რომლებიც შემდეგ ინფიცირდება. დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და შესაძლოა ჯანსაღი კბილების დაკარგვით დასრულდეს.
- საშიში ხომ არ არის ორსულისთვის კბილების მკურნალობა?
- ორსულობა არ არის კბილების დაბჟენაზე უარის თქმის საფუძველი. მინანქრის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად შეიძლება ჩაიტაროთ კბილების ფთორირება, გამოიყენოთ გამათეთრებელი პასტები და ელექსირები, რომლებიც უვნებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც. მაგრამ სტომატოლოგიაში ხშირად იყენებენ მედიკამენტებსაც. ორსულობის პირველ სამ კვირას ზოგიერთი მედიკამენტი ემბრიონზე ძლიერ ტოქსიკურად მოქმედებს და შესაძლოა, სანაყოფე კვერცხის განვითარება შეაფერხოს;
პირველი სამი თვის განმავლობაში ზოგიერთი ანტიბიოტიკის, არასტეროიდებისა და სტეროიდული ჰორმონების გამოყენებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების ანომალიები გამოიწვიოს, ხოლო უფრო გვიან ვადებზე - განვითარების ესა თუ ის მანკი. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი სასქესო უჯრედებს ჯერ კიდევ ჩასახვამდე აზიანებს. ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიც არის სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი და ტეტრაციკლინების ჯგუფი, უკუნაჩვენებია მთელი ორსულობის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგაც კი. სტრეპტომიცინი არღვევს ნაყოფის ვესტიბულური აპარატის ფუნქციას, ლევომიცეტინი თრგუნავს ნაყოფის სისხლწარმოქმნას, ხოლო ტეტრაციკლინი და მისი ანალოგები ახდენენ ტერატოგენულ ეფექტს, იწვევენ სარძევე კბილების ჰიპოპლაზიას, ცვლიან მათ ბუნებრივ შეფერილობას.
კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია ორსულობის მეორე ტრიმესტრი (4-6 თვე), როდესაც პლაცენტა უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა პირველ ტრიმესტრშიც ტარდება.
ორსულობისას არამც და არამც არ შეიძლება დარიშხანის პრეპარატების გამოყენება - მას ტერატოგენული მოქმედება აქვს და შესაძლოა, ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. ქირურგიული ოპერაციები, აგრეთვე ამალგამის ბჟენების მოსაცილებელი მანიპულაციები ჯობს მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადავდოთ.
კბილების მკურნალობა უნდა გადაიდოს მაშინაც, თუ ქალს მუცლის მოშლის მცირედი რისკი მაინც აქვს, მაგრამ მწვავე ინფექციური პროცესების შემთხვევაში სტომატოლოგიური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს.