ლამაზი ღიმილის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი ღიმილის საიდუმლო

განურჩევლად იმისა, გადალახავს თუ არა პიროვნება არასწორი კბილების კომპლექსს, ფიზიოლოგიური პრობლემები თავისთავად არ მოგვარდება. მაშ, როგორ მოვიქცეთ?

გვესაუბრება სტომატოლოგიური კლინიკა Dental House-ის ხელმძღვანელი, ექიმი ორთოდონტი ნათია კაკაურიძე.

- არის თუ არა თანკბილვის, კბილთა დგომისა და კბილთა რკალის პათოლოგიები გენეტიკური და საზოგადოდ რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?

- ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად - ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად - ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალიური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, დაბალი ჰემოგლობინი), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება. უამრავი ეგზოგენური მიზეზიდან მნიშვნელოვანია მავნე ჩვევები (ენის, თითების, ტუჩების, საწოვარას გახანგრძლივებული წოვა), არასწორი ხელოვნური კვება, სამშობიარო ტრავმა, ხშირი რესპირაციული დაავადებები, მაკრო და მიკროგლოსია, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, თანდაყოლილი ადენტია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცნს-ის დაავადებები, ხერხემლის გამრუდება, პირღიაობა, სუსტი ფიზიკური განვითარება, რაქიტი.

- როგორ მკურნალობენ თანკბილვისა და კბილთა დგომის დარღვევას?

- ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდის არჩევისას ვითვალისწინებთ პაციენტის ასაკს და ანომალიის სახეობას. სარძევე თანკბილვაში აუცილებელია დარღვევის გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორის აღმოჩენა და დროული მოცილება. პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და პირის ღრუს სპეციალური სამკურნალო მასაჟების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია ანომალიის თვითრეგულაცია. ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში საკონსულტაციოდ ვგზავნით ლოგოპედთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგთან, პედიატრთან.

სარძევე თანკბილვაში არსებული პათოლოგია ხშირად ნორმალიზდება პირგარეშე და პროფილაქტიკური აპარატებით. ცვლადი თანკბილვის დროს (6-12 წელი) ეფექტურია პროფილაქტიკური და აპარატურული მკურნალობა.

მუდმივი თანკბილვის შემთხვევაში (12 წლიდან) აპარატურულ მკურნალობასთან ერთად ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც, კბილთა ექსტრაქცია იქნება ეს თუ ყბა-სახის ქირურგიის (პლასტიკური ოპერაციების) ჩართვა.

- როდის არის აუცილებელი კბილების ამოღება?

- სტომატოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ადამიანისთვის კბილების შენარჩუნებაა, ამიტომ კბილის ამოღებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ. დროულად დაწყებული ორთოდონტიული მკურნალობისას უფრო დიდი შანსია, თავიდან ავიცილოთ ექსტრაქცია, თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ზოგიერთი კბილის გაწირვა გარდაუვალია. მაგალითად, ზეკომპლექსური კბილების არსებობისას, როცა კომპლექსურ კბილებს რკალში ადგილი არ რჩება; ეშვთა დისტოპიისას, როცა რკალში ადგილი არ არის; კბილთა რკალის დამოკლების მიზნით თანკბილვის ზოგიერთი ანომალიის დროს. რეციდივის თავიდან ასაცილებლად ხშირად მივმართავთ სიბრძნის კბილების ექსტრაქციას, თუმცა ზოგიერთი კბილის ამოღების საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ექიმ-ორთოდონტის გადასაწყვეტია და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია.

- რა ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ კბილების გასწორებაზე? ხომ არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა ან ისეთი პათოლოგია, როდესაც ორთოდონტიულ ჩარევას აზრი ეკარგება?

- ორთოდონტიული მკურნალობისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ სარძევე თანკბილვისას მკურნალობის დაწყება ნაადრევია ან არ არის საჭირო, მაგრამ ეს პრობლემისადმი მცდარი დამოკიდებულებაა. მხოლოდ ექიმ ორთოდონტს შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, როდის და რა ფორმით არის აუცილებელი მკურნალობის დაწყება, რათა მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ნაადრევად დაწყებული ანუ სარძევე თანკბილვის (0-6 წელი) პერიოდში ჩატარებული მკურნალობა განსაკუთრებით თანკბილვის ანომალიების დროს არის შედეგიანი. ხშირად ადრეულ ასაკში, ექიმის მიერ ანამნეზის შეკრების დროს აღმოჩენილი ამა თუ იმ მიზეზის მოცილებაც კმარა, რომ დარღვევა თავისთავად აღმოიფხვრას. დაგვიანებით მომართვის შემთხვევაში კი აპარატურული მკურნალობა აღარ არის საკმარისი, საჭირო ხდება ქირურგიულ-აპარატურული მკურნალობის კომბინირება.

უფრო და უფრო პოპულარული ხდება ე.წ. მოზრდილთა ორთოდონტია, რაც მოზრდილ ასაკში ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების აღმოფხვრას გულისხმობს. ორთოდონტიული მკურნალობის ფაქტობრივად ერთადერთ უკუჩვენებად ითვლება პაროდონტოზი და პაროდონტიტის ის ფორმები, როდესაც კბილების მორყევა მეორე-მესამე ხარისხისაა.

- რა სიხშირით უნდა იაროს პაციენტმა ორთოდონტთან კონსულტაციისთვის?

- მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში პაციენტი ორთოდონტის უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. საჭიროა რეგულარული ვიზიტი 3-4 კვირაში ერთხელ, ასევე - ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის დროს, ხოლო რეტენციულ პერიოდში - უფრო იშვიათად, 2-3 თვეში ერთხელ.


- რა სახის გასასწორებელ საშულებებს იყენებენ დღეს საქართველოში? რა ნაკლი და ღირსება აქვს თითოეულ მათგანს?

- ორთოდონტიის ჩამოყალიბებიდან დღემდე უამრავი აპარატია შექმნილი, რომელთა სისტემატიზაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ხდება.

მდებარეობის მიხედვით არსებობს: პირშიგნითა, პირგარეთა და კომბინირებული აპარატები; მიმაგრების მხრივ: მოსახსნელი და მოუხსნელი;

დანიშნულების მიხედვით: პროფილაქტიკური და სამკურნალო აპარატები, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა მექანიკურ, ფუნქციურ და კომბინირებულ აპარატებად.

აპარატები შეიძლება იყოს როგორც ერთ ყბაზე, ასევე ორივე ყბაზე მოქმედი. ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების სამკურნალოდ უმთავრესად მოსახსნელ და მოუხსნელ აპარატებს ვიყენებთ.

მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატით მკურნალობის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, პაციენტი იოლად ეჩვევა მას, მაგრამ სასაზე არსებული პლასტმასა ზოგ შემთხვევაში მეტყველების პრობლემებს ქმნის. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა თავი იჩინოს პლასტმასაზე ალერგიამ.

ფიქსირებული აპარატით მკურნალობის დაწყება სარძევე და ცვლადი თანკბილვის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. პაციენტის სასა თავისუფალია და ბრეკეტები ფიქსირებულია მხოლოდ კბილებზე სპეციალური საფიქსაციო ბჟენით, ამიტომ მეტყველების პრობლემებიც არ აღინიშნება, თუმცა ასეთი აპარატი უფრო შესამჩნევია, ვიდრე მოსახსნელი ფირფიტა.

ხშირად პაციენტები გვეკითხებიან, რომელი აპარატი ჯობია, რომლით უფრო მალე მიიღება შედეგი. მინდა დაგარწმუნოთ: არ აქვს მნიშვნელობა, ფირფიტა იქნება ეს თუ ბრეკეტი, რადგან ისინი მხოლოდ საშუალებებია. შედეგს არა აპარატის სახეობა, არამედ ექიმის პროფესიონალიზმი და პაციენტის მოწესრიგებულობა განსაზღვრავს.

- როგორ უნდა მოვუაროთ პირის ღრუს, როდესაც კბილებზე ბრეკეტები ან ფირფიტები გვიკეთია?

- ყბა-კბილთა სისტემის ანომალია (კბილთა მჭიდრო დგომა, კბილთა რკალის დეფორმაცია, თანკბილვის ანომალიები) პირის ღრუში ხშირად ქმნის კარიესოგენულ და ლორწოვანის ანთების ხელშემწყობ გარემოს, ამიტომ ორთოდონტიული მკურნალობის დროს პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას, რათა თავიდან ავიცილოთ გინგივიტისა თუ კარიესის პროგრესირება.

აპარატის ჩადგმამდე ან ბრეკეტის დაყენებამდე აუცილებელიც კია კბილების პროფესიული გაწმენდა, მაგარი და რბილი ნადების მოცილება, პირის ღრუს სანირება, მკურნალობის პროცესში კი პაციენტმა აპარატი დილა-საღამოს უნდა გახეხოს ჯაგრისითა და კბილის პასტით, კბილებიც საგულდაგულოდ იხეხოს მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში.

ფიქსირებული აპარატებით მკურნალობისას პირის ღრუს ჰიგიენისთვის დამატებით ვიყენებთ სპეციალურ პატარა ჯაგრისებს, რომლებიც იოლად აღწევენ აპარატის ფიქსირებული დეტალების ირგვლივ არსებულ სივრცეებში და ასუფთავებენ მათ. სხვაგვარად ბრეკეტების მოხსნის შემდეგ შესაძლოა მინანქრის დემინერალიზებული უბნები გაჩნდეს.

- რა მასალისა და ფაქტურისგან მზადდება ეს საშუალებები?

- ფირფიტოვანი მოსახსნელი კონსტრუქციის აპარატები პლასტმასისა და უჟანგავი ფოლადის სხვადასხვა სისქის მავთულებისაგან მზადდება, ხოლო ბრეკეტები - ძირითადად უჟანგავი ლითონისგან: ტიტანისგან, ნიკელისგან, ასევე - კერამიკისგან, სხვადასხვა შენადნობისგან. არსებობს ძვირფასი ლითონებისგან, მაგალითად, ოქროსგან დამზადებული ბრეკეტებიც.

- რამდენ ხანს უნდა ეკეთოს პაციენტს ორთოდონტიული საშუალება?

- ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია უშუალოდ ანომალიაზე, პაციენტის მიერ ექიმის მითითებების ზუსტ და დროულ შესრულებაზე, ასაკზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხანგრძლივია - სულ მცირე, 1-2 წელი გრძელდება. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რეტეინერის ანუ შედეგის შემანარჩუნებელი ფირფიტების ტარება მთელი სიცოცხლეა საჭირო.

- რამდენად ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ორთოდონტიული დახმარება? ხომ არ ითვალისწინებს სადაზღვევო პაკეტები ასეთი მომსახურების დაფინანსებას?

- ორთოდონტიული მკურნალობა, შეიძლება ითქვას, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით - მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები. შედარებით ძვირადღირებულია მოუხსნელი ბრეკეტსისტემით მკურნალობა. თუმცა სადაზღვევო კომპანიები, წესისამებრ, უარს ამბობენ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ ორთოდონტიულ დახმარებას ესთეტიკის გაუმჯობესებად მიიჩნევენ.

- როგორია მკურნალობის პროგნოზი? ხომ არ არსებობს საფრთხე, კბილთა დგომა ისეთსავე მდგომარეობაში დაბრუნდეს, როგორშიც მკურნალობის დაწყებამდე იყო?

- მკურნალობის პროცესში კბილების გადაადგილება ხდება ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ხარჯზე; შედეგის შესანარჩუნებლად და ფესვის ახალ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად საჭიროა ძვლის რეგენერაცია, რასაც საკმაო ხანი სჭირდება, პაციენტები კი შედეგის მიღებისთანავე ხშირად დამოუკიდებლად წყვეტენ მკურნალობას და იხსნიან აპარატს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეციდივი. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

ორთოდონტიული მკურნალობა უმთავრესად სწორედ რეტენციული პერიოდის გამოა ხანგრძლივი. აქტიური მკურნალობის შემდეგ კეთდება ღამით სატარებელი რეტეინერები. ექიმი მათ მოხსნასაც და შედეგის შენარჩუნებასაც უნდა აკონტროლებდეს. ამ შემთხვევაში რეციდივის რისკი მინიმალური იქნება.