სისხლდენა ღრძილებიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა ღრძილებიდან

ის ზოგს კბილების გახეხვისა და ფლოსით (კბილის ძაფით) გასუფთავების, ზოგს ღრძილებზე თითის დაჭერისას, ზოგსაც მკვრივი საკვების ჩაკბეჩისა თუ ღეჭვის დროს უვითარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ღრძილებიდან სისხლდენას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, არადა აღნიშნული სიმპტომი პირის ღრუში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელი ერთ-ერთი საგანგაშო ნიშანია.

ღრძილებიდან სისხლდენის მიზეზებსა და გართულებებზე გვესაუბრება თელავის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი სტომატოლოგი, მედიცინის დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ნაცვლიშვილი:

- ქალბატონო ნანა, ძირითადად რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას?

- ღრძილებიდან სისხლდენა საკმაოდ ხშირი სიმპტომია. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ჰიგიენის საშუალებების (კბილის ჯაგრისის, კბილის ძაფის - ე.წ. ფლოსის და სხვა) არასწორად შერჩევა;
  • ჰორმონული ფონის დარღვევა;
  • ინფექციური და არაინფექციური დაავადებები;
  • პაროდონტის დაავადებები (პაროდონტიტი, გინგივიტი).

- ღრძილებიდან სისხლდენა ზოგს კბილების გახეხვის დროს უვითარდება, ზოგს ღრძილებზე თითის დაჭერისას ეწყება, არის თუ არა ღრძილებიდან სისხლდენა ყველა შემთხვევაში პათოლოგიური პროცესის მანიშნებელი?

- ღრძილებიდან სისხლდენა ღრძილებისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების (პაროდონტის) დაავადებათა სიმპტომია. ღრძილების ანთებას გინგივიტი ეწოდება. არსებობს გინგივიტის რამდენიმე ფორმა:

  • კატარული გინგივიტი, რომელიც ხშირად გვხვდება, უმტკივნეულოდ იწყება და პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. პაციენტები აღნიშნავენ კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს.
  • ქრონიკულ-კატარული გინგივიტი, რომელსაც სისხლდენის გარდა ახასიათებს ღრძილის კბილთაშუა დვრილის ფორმისა და ფერის შეცვლა.
  • წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი, რომელიც უხშირესად ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების, გრიპის, ანგინის, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, მავნე ჩვევების (თამბაქოს წევა, სმა), ავიტამინოზისა და ნერვული სტრესის შედეგია. ამ პათოლოგიის დროს თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეც კი გრძელდება. სისხლდენასთან ერთად პაციენტები უჩივიან ღრძილების ტკივილს, ჭამისა და მეტყველების გაძნელებას, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და ჰიპერსალივაციას (უხვ ნერწყვდენას).
  • ჰიპერტროფიული გინგივიტი, რომელიც უმთავრესად წინა კბილების მიდამოში ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია კბილების წმენდის დროს ღრძილებიდან სისხლდენა. ზოგჯერ სისხლდენა სპონტანურად იწყება ღამით. მასთან ერთად თავს იჩენს ღრძილების ქავილი. გინგივიტის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია ორსულობისას (45-50%), ვითარდება თანკბილვის პათოლოგიებისას, ჰიგიენური წესების დაუცველობისა და არასწორი პროთეზირების შედეგად.

- რას გვეტყვით პაროდონტის (კბილის საყრდენი ქსოვილების) ანთებაზე?

- პაროდონტიტს (პაროდონტის ანთებას), უპირველესად, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და უხარისხო ბჟენები იწვევს. არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა, არასწორი კვება, ვიტამინების დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ეკოლოგიური ფაქტორები და სტრესები.

პაროდონტიტს ახასიათებს ღრძილებიდან თვითნებური სისხლდენა, რომელსაც თან სდევს მწვავე ტკივილი. თვალითაც კარგად ჩანს მკვეთრად გაწითლებული და შეშუპებული ღრძილი, რომელიც შეხებისას სისხლმდენია. პაროდონტიტის მძიმე ფორმის დროს სისხლდენა იწყება მაგარი საკვების ჩაკბეჩისას. პარალელურად ირყევა კბილები, პირის ღრუში კი დიდი რაოდენობით ჩნდება ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვები.

- რატომ არის ღრძილებიდან სისხლდენის დროს ექიმთან ვიზიტი და სათანადო მკურნალობა აუცილებელი? რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ სიმპტომის უგულებელყოფას, ანუ მკურნალობის გარეშე დატოვებულ პათოლოგიურ პროცესს?

- ექიმთან ვიზიტი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. უპირველესად, აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩაქრობა, რაც მედიკამენტური თერაპიით მიიღწევა. კბილიდან ნადებისა და ქვების მოსაცილებლად სადღეისოდ ბევრი საშუალება გამოიყენება, პროფესიული პასტებითა და ჯაგრისით დაწყებული, ულტრაბგერითი აპარატით დამთავრებული. გინგივიტის სტადიაში მკურნალობისთვის საკმარისია ნადებისგან კბილის პროფესიული გაწმენდა ულტრაბგერით და ღრძილის ანთების საწინააღმდეგო თერაპია.

პაროდონტიტის მსუბუქი ფორმისას საჭიროა სპეციალური სავლებებიც. რადგან ყველაზე ხშირი მიზეზი ვიტამინების, უმთავრესად კი ჩ ვიტამინის ნაკლებობაა, უნდა გაიზარდოს საკვებ რაციონში ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების შემცველობა. თუ ადამიანი დაზიანებულ ღრძილებს ყურადღებას დიდხანს არ მიაქცევს, ჯერ მწვავე ფორმა ჩამოუყალიბდება, შემდეგ კი ქრონიკულ ფორმაში გადავა. ბოლო ეტაპზე პაციენტს უმწვავესი ტკივილი ეწყება, რომელიც კბილის ტკივილს არაფრით ჩამოუვარდება. ამას კბილების მორყევა და სრულიად ჯანმრთელი კბილების დაკარგვა მოსდევს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ღრძილების ანთების მკურნალობა.

- ღრძილებიდან სისხლდენის შესაჩერებლად ხალხური მედიცინა ბევრ მეთოდს გვთავაზობს (მუხისა და ბროწეულის ქერქების ნახარშის, მარილიანი ხსნარის და სხვა სახით), სტომატოლოგებიც ხშირად ურჩევენ პაციენტებს არატრადიციული მეთოდების ჩართვას მკურნალობაში, შეიძლება თუ არა მხოლოდ ამ ხალხური საშუალებებით პრობლემის დამარცხება?

- ღრძილების ანთების დროს ძალიან კარგია გვირილისა და სალბის სავლები, მაგრამ ის ექიმის დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ. სააფთიაქო ქსელში იყიდება სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის მიერ მოწოდებული სავლებები, რომლებიც ეფექტურია, მაგრამ მათი უსისტემო და ხშირი გამოყენებაც არ არის სასურველი. სავლები შეიძლება 1-2 კვირის განმავლობაში გამოიყენოთ და მერე შეისვენოთ.

- რას გულისხმობს ღრძილებიდან სისხლდენის პროფილაქტიკა? რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა ამ უსიამოვნო სიმპტომის ასარიდებლად?

- საუკეთესო გზა პირის ღრუს სწორი მოვლა და ჰიგიენის დაცვაა. არც მოზარდს და არც ზრდასრულს არ უნდა დაეზაროს ყოველ დილა-საღამოს კბილების გაწმენდა. ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია, რომლითაც შეიძლება ღრძილების ანთების თავიდან არიდება. ექვს თვეში ერთხელ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მთელი პირის ღრუს დათვალიერება. აუცილებელია პაციენტმა ყოველ დილა-საღამოს 2-3 წუთი მაინც დაუთმოს პირის ღრუს ჰიგიენას, ტკბილი საკვებიც ნაკლები რაოდენობით მიირთვას და მისი მიღების შემდეგ კბილები გაიხეხოს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სწორ მოვლასაც: არ არის სასურველი ძალიან მაგარი ჯაგრისის გამოყენება, ყველას საშუალო ჯაგრისი სჯობს. ასევე არ არის სასურველი კბილის ჩხირების გამოყენებაც, რადგანაც ისინი ღრძილების ტრავმირებას იწვევს. ჩხირებს ისევ ფლოსი ანუ კბილების ძაფი სჯობს.