ოჯახი და სამართალი - სამკვიდროს მიღება
რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
- არის თუ არა კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა მიიღოს?
- დიახ, კანონით დადგენილია დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა მიიღოს. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამასთანავე, გათვალისწინებულია ამ ვადის გაზრდის შესაძლებლობა. პირს, რომლის სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, შეუძლია სამკვიდრო მიიღოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ თუ ამ ვადის ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები ხანია დარჩენილი, შეიძლება მისი გაგრძელება სამ თვემდე.
აქედან გამომდინარე, თუ წინა რიგის მემკვიდრეებმა სამკვიდრო არ მიიღეს, მომდევნო რიგის მემკვიდრეებს, თუ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი ნაწილი სამ თვეზე ნაკლებია, გაუგრძელდებათ ვადა სამ თვემდე. მაშასადამე, სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება ცხრა თვემდე გაგრძელდეს.
ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა სამკვიდროს წილის მიღება ხორციელდება მემკვიდრეობითი ტრანსმისიით. იმ პირებმა, რომლებიც სამკვიდროს მიიღებენ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით, სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს. კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამავე დროს კანონით ნებადართულია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ, თუკი იგი ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს.
სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს ვადის გასვლის შემდეგაც სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. მაშასადამე, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხი სასამართლოს წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, როცა მემკვიდრეები, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, თანახმა არ არიან, მემკვიდრეთა წრეში ჩართონ მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდროს მიღების ვადას გადააცილა.
სასამართლო, როგორც აღნიშნული იყო, სამკვიდროს მიღების ვადას გააგრძელებს, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ მიიჩნია. კანონში არ არის მითითებული, სახელდობრ რა მიზეზი უნდა ჩაითვალოს საპატიოდ. სასამართლომ კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევის საკითხი (საპატიო მიზეზად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანგრძლივი ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება და ა.შ.).
სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასამართლოები იშვიათად ამბობენ უარს ვადის გაგრძელებაზე. ვადას აგრძელებენ მაშინაც, როცა ვადის გასვლის მიზეზები საპატიო არ არის, რაც, ვფიქრობ, უმართებულოა – სამკვიდროს მიღების ვადა ყოველთვის არ უნდა გაგრძელდეს. თუ მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდროს მიღების ვადას გადააცილა, ერთადერთია, მაშინ ვადის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმეში მონაწილეობის მისაღებად მესამე პირის სახით საფინანსო ორგანოს ჩაბმით.
სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისმის კითხვა - სავალდებულოა თუ არა ვადის გაგრძელებასთან ერთად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელისთვის იმ ქონების შესახებ, რომელიც მის წილს შეადგენს. მართებული იქნება მივიჩნიოთ, რომ კანონი იმის შესახებ, რომ სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს სამკვიდროს მიღების ვადა, თუ ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დანიშნავს დამატებით დროს სამკვიდროს მისაღებად. აქ ვადის გაგრძელებაში იგულისხმება ის დრო, რომელიც გავიდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლიდან სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელების თაობაზე საქმის განხილვამდე. ამიტომ საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლომ, გააგრძელებს რა სამკვიდროს მიღების ვადას, უნდა გადაწყვიტოს მოსარჩელისთვის მისი ხვედრი ქონების ნაწილზე უფლების ცნობის საკითხიც. ბუნებრივია, ასეთ დროს დგება სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შედეგების საკითხი.
სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს ან ხაზინის საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება. მოცემულ მემკვიდრეს უფლება არ აქვს მოითხოვოს სხვა მემკვიდრისგან იმ დანაკარგის ანაზღაურება, რაც გამოიწვია, მაგალითად, ნივთის გაცვეთამ, შემთხვევით განადგურებამ ან გაფუჭებამ და სხვა.
შეუძლია თუ არა ერთ-ერთ მემკვიდრეს, შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას მისი გახსნის დღიდან 6 თვის გასვლამდე და რა თანხის დახარჯვის უფლება აქვს მას ამ შემთხვევაში?
- მემკვიდრეს შეუძლია შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართოს ისე, რომ არ დაელოდოს სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას, მაგრამ იმისთვის, რომ ამ უკანასკნელთა ინტერესები არ შეილახოს, მემკვიდრეს, რომელიც შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, უფლება არ აქვს განკარგოს სამკვიდრო. აღნიშნული ვადის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე მას შეუძლია სამკვიდროდან გაიღოს ხარჯი, რომელშიც შედის: მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისთვის, მისი ავადმყოფობის დროს, აგრეთვე დაკრძალვისთვის გაწეული ხარჯი; ასევე - ხარჯი მამკვიდრებლის სარჩენი პირების შესანახად, ხელფასის გასასტუმრებლად, სამკვიდროს დაცვისა და მართვისთვის და სხვა. თუ სამკვიდროში არ მოიპოვება ფულადი თანხა, მაშინ გაიცემა ნივთი, რომლის ღირებულება არ აღემატება ასანაზღაურებელ ხარჯს.
მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს სამკვიდროს აღწერა, რისთვისაც ეძლევა ორი თვის ვადა, რომელიც შედის სამკვიდროს მისაღებად დადგენილ საერთო ვადაში. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრეების საკუთრებად ითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამის გამო მემკვიდრეს, რომელმაც მიიღო სამკვიდრო, უფლება აქვს არა მარტო შემოსავალზე, რომელიც მოიტანა სამკვიდრომ სამკვიდროს გახსნის დღიდან, არამედ ასევე ვალდებულია, ამავე დღიდან გასწიოს სამკვიდროსთვის საჭირო ყველა ხარჯი.
მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს სამკვიდროში შემავალი ქონება, თუ ის სხვის ხელშია. შეუძლია გადაახდევინოს ვალები მამკვიდრებლის მოვალეებს, რომლებსაც არ შეუსრულებიათ ვალდებულება მამკვიდრებლისთვის. ამ შემთხვევაში მემკვიდრის სარჩელი ეფუძნება საკუთრების უფლებასა და მოთხოვნის უფლებაზე.
განსხვავებულია სარჩელები, რომლიც ეხება სამკვიდროს, რომელიც შეცდომით მიიღო პირმა. სარჩელი ამ შემთხვევაში ეხება მთელ სამკვიდროს ან მის განსაზღვრულ ნაწილს და არა ცალკეულ ნივთებს.
მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს თავისი მემკვიდრეობის უფლება და არა მისი საკუთრებისა და მოთხოვნის უფლება.
რას ითვალისწინებს კანონი იმ შემთხვევაში, როცა კანონით მემკვიდრემ, რომელიც შეუდგა სამკვიდროს ფლობას, არ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, რომელიც ეხება იმ ქონებას, რომლის ფლობასაც კანონით მემკვიდრე შეუდგა?
-ამ შემთხვევაში, ცხადია, სამკვიდრო ანდერძით მემკვიდრეებს გადაეცემა, მაგრამ მემკვიდრეს, რომელიც შეცდომით შეუდგა სამკვიდროს ფლობას სარჩელის აღძვრამდე, დარჩება შემოსავალი, რაც სამკვიდროდან მიიღო. მას უფლება აქვს აგრეთვე, მოითხოვოს მთელი კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდა (მაგალითად, თანხა, რომელიც დახარჯა სახლის შესაკეთებლად).
თუ მოხდა ისე, რომ სამკვიდროში შემავალი ნივთები დავის აღძვრამდე გაიყიდა, მაშინ ნასყიდობა ნამდვილად ჩაითვლება და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა ანდერძით მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) გადაეცემა.
ვითვალისწინებთ ჩვენი ჟურნალის მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნას და მომდევნო ნომერში მემკვიდრეთა უფლება-მოვალეობებზე გესაუბრებით.
კითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 893 35-99-09