რისი ბრალია ღამის ოფლიანობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია ღამის ოფლიანობა

ლიმფოგრანულომატოზი სისხლის სისტემის, კერძოდ, ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადებაა. არცთუ იშვიათად ღამის ოფლიანობა მისი ერთადერთი ნიშანია,  ტიპურ შემთხვევებში კი წამყვანი სიმპტომები ლიმფური კვანძების გადიდება და გამკვრივება გახლავთ. დაავადება ერთი ლიმფური კვანძიდან მეორეზე ვრცელდება. ლიმფური კვანძები დიდდება კისრის, იღლიის არეებში, გულმკერდისა და მუცლის ღრუში, საზარდულისა და სხვა მიდამოებში. დაზიანებული ლიმფური კვანძი დიდი ზომისაა, მკვრივია, ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) უმტკივნეულოა. ზოგ შემთხვევაში ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, წონის დაქვეითება, ძლიერი ოფლიანობა, - რომლებიც სხვა დაავადების, მაგალითად, ტუბერკულოზის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს, ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით ტარდება ლიმფური კვანძის ბიოფსია - მისი ამოკვეთა და მიკროსკოპიული შესწავლა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ იწყება მკურნალობა. ამისთვის იყენებენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას და ამ მეთოდების კომბინაციას. მკურნალობის შემდეგ ოფლიანობა ქრება. უნდა ითქვას, რომ პროცესის გავრცელების (შორეული მეტასტაზების არსებობის) შემთხვევაში ძლიერი ოფლიანობა და ცხელება შეიძლება ნებისმიერ სიმსივნურ დაავადებას ახლდეს თან, თუმცა ლიმფოგრანულომატოზისა და სხვა ლიმფომებისთვის ჭარბი ოფლიანობა მეტად დამახასიათებელი სიმპტომია. ღამით ოფლიანობა ტიპურია ტუბერკულოზისთვისაც. ამ დროს, გარდა ოფლიანობისა და ლიმფური კვანძების გადიდებისა, ყურადღებას იპყრობს ხველა,  ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება 37-38 C-ის ფარგლებში, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებები, ნახველში დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენა. ღამის ოფლიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა ინფექციური დაავადებებიც: შიდსი, ინფექციური მონონუკლეოზი, სოკოვანი ინფექცია, ფილტვის აბსცესი, ენდოკარდიტი, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ ინფექციური დაავადებების დროს ჭარბ ოფლიანობას თავისებურებები ახასიათებს. ინფექციის შემთხვევაში ოფლიანობას ხშირად წინ უძღვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება.

ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ღამის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ის საკმაოდ ხშირია საშუალო ასაკის შემდეგ და სიმსუქნით დაავადებულ პირებს შორის. ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს, თითქოს "ყლაპავს" ჰაერს, დროდადრო წყვეტს სუნთქვას. არასრულფასოვანი ძილის გამო დღისითაც ეძინება. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გასინჯვისას ხშირად ავლენს ცხვირ-ხახის შედარებით პატარა ზომებს. ღამის აპნოეს სინდრომის უკუგანვითარებისას ოფლიანობაც ქრება. ხშირად ღამის ოფლიანობა გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას უკავშირდება. ამ პათოლოგიას ახასიათებს კუჭის მჟავე წვენის საყლაპავში ამოტყორცნა, რის გამოც ადამიანს აწუხებს ხშირი გულძმარვა. რეფლუქსსა და ოფლიანობას შორის კავშირის მექანიზმი აუხსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების წარმატებული მკურნალობისას ღამის ოფლიანობა ქრება. ჭარბი ოფლიანობა, მათ შორის - ღამის საათებში, შესაძლოა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებებსაც უკავშირდე-ბოდეს. მათ შორის უწინარეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ თირეოტოქსიკოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ორგანიზმზე ჭარბი ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა. ამ დროს ჭარბ ოფლიანობას თან სდევს სხეულის მასის დაქვეითება, თუმცა პაციენტი მადას არ უჩივის, ტემპერატურის მომატება, კანკალი, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. სხეულის ზედა ნაწილის, უპირატესად თავის, სახის ოფლიანობა ახასიათებს შაქრიან დიაბეტს, რაც პერიფერიული ნერვების დაზიანებას უკავშირდება. ხშირად ოფლიანობა დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანიც კია. შაქრიანი დიაბეტის დროს ჭარბი ოფლიანობის ეპიზოდები ხშირად ჰიპოგლიკემიასთან - სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამ კარგად ნაცნობი ენდოკრინული დაავადებებისა, ოფლიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს ფეოქრომოციტომა  - თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. ამ დროს ოფლიანობას თან სდევს არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება. ოფლიანობა ხშირია აკრომეგალიის დროსაც. მას ახასიათებს ზრდის ჰორმონის ჭარბი სინთეზი, სხეულის მასის მატება, ძვლების, კუნთების ზრდა და სხეულის წარზიდული ნაწილების: ცხვირის, ტუჩების, ყბის, კიდურების - გადიდება.

ბევრს ალბათ ვერც კი წარმოუდგენია, რომ ღამის ოფლიანობა ზოგიერთმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის - სიცხის დამწევმა საშუალებებმა (ოფლიანობა კანონზომიერი რეაქციაა სხეულის ტემპერატურის დაქვეითებაზე), წნევის დამწევმა საშუალებებმა, ტამოქსიფენმა, ლეუპროლიდმა.

დასასრულ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ღამის ოფლიანობის სავსებით ბანალური მიზეზები, რომლებსაც ხშირად სრულიადაც არ ვანიჭებთ მნიშვნელობას. ესენი გახლავთ ალკოჰოლის ჭარბი მიღება და მეტისმეტი ჩაფუთვნა.