ლიმფოგრანულომატოზი
მიუხედავად იმისა, რომ ლიმფური ქსოვილის ფუნქცია სრულყოფილად ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ, დადგენილია, რომ მას უშუალო წვლილი მიუძღვის ანტისხეულების გამომუშავებასა და უჯრედული იმუნური პასუხის რეალიზებაში, რასაც, თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვავე და ქრონიკული ინფექციებისადმი ორგანიზმის შეუვალობის კუთხით. ჰოჯკინის დაავადების დროს ლიმფურ ქსოვილში მიკროსკოპული დათვალიერებისას ვლინდება ბერეზოვსკი-შტენბერგ-რიდის გიგანტური უჯრედები. ეს სახელწოდება უჯრედებს მიაკუთვნეს იმ მეცნიერთა პატივსაცემად, რომლებმაც ისინი აღმოაჩინეს და შეისწავლეს.
ისტორიული მიმოხილვა
1832 წელს ინგლისელმა ექიმმა თომას ჰოჯკინმა აღწერა შვიდი პაციენტი, რომლებსაც გადიდებული ჰქონდათ ლიმფური კვანძები და ელენთა, უჩიოდნენ ზოგად განლევასა და სისუსტეს. შვიდივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 23 წლის შემდეგ ს. უილკსმა დეტალურად შეისწავლა ჰოჯკინის მიერ აღწერილი შემთხვევები, მათ საკუთარი თერთმეტი დაკვირვების შედეგებიც დაამატა და ამ მდგომარეობას ჰოჯკინის დაავადება უწოდა.
დაავადების გავრცელება
ჰოჯკინის ლიმფომა მხოლოდ ადამიანებთან, უმეტესად - თეთრი რასის წარმომადგენლებთან გვხვდება. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა მეტწილად ახალგაზრდებს ემართებათ, უფრო - მამაკაცებს, ძალიან იშვიათად - 10 წლამდე ასაკის ბავშვებს. დაავადების პიკი ორ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის: 20-29 წლისებსა და 55 წელს გადაცილებულებზე. აშშ-ში ამ დაავადებით ყოველწლიურად მილიონიდან დაახლოებით 13 კაცი კვდება.
ძირითადი სიმპტომები
ვინაიდან პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ორგანიზმში ფართოდ გავრცელებული ლიმფური ქსოვილის ნებისმიერი ნაწილი, ჰოჯკინის დაავადების კლინიკური სურათი განსხვავებულია და უმთავრესად დაზიანების უბანზეა დამოკიდებული. პირველი სიმპტომი, ჩვეულებრივ, პერიფერიული ლიმფური კვანძების (რომლებიც ადვილად ისინჯება ხელით) გადიდებაა. თავდაპირველად, წესისამებრ, კისრის ლიმფური კვანძები დიდდება, შემდეგ - იღლიისა და საზარდულისა. არის შემთხვევები, როდესაც პათოლოგიური პროცესი თავდაპირველად გულმკერდისა და მუცლის ღრუს ლიმფურ კვანძებს მოიცავს. ასეთ დროს პაციენტები ხველას, ქოშინს, შესაბამისი მიდამოს ტკივილს, მადის დაქვეითებას, მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნებას უჩივიან. დროთა განმავლობაში (რამდენიმე კვირიდან თვემდე, ზოგჯერ კი რამდენიმე წლის შემდეგაც) დაავადება კარგავს ლოკალურ ხასიათს და მთელი სხეულის ლიმფურ კვანძებზე ვრცელდება. დიდდება ელენთა, ხშირად - ღვიძლიც. მუცლის ღრუს ლიმფური კვანძები შესაძლოა ისე გადიდდეს, რომ კუჭზე ზეწოლა, თირკმელების ცდომა, ზურგის ტკივილი და ბევრი სხვა რამ გამოიწვოს. ლიმფოგრანულომატოზის დროს შესაძლოა დაზიანდეს ფილტვები, პლევრის ღრუში დაგროვდეს სითხე. ძვლების დაზიანებას ძლიერი ტკივილები მოჰყვება. ადგილობრივთან ერთად თავს იჩენს ზოგადი სიმპტომებიც - კანის ქავილი, უმადობა, პროგრესირებადი სისუსტე და წონის კლება; იმატებს სხეულის ტემპერატურა, ძლიერდება ოფლდენა (უმთავრესად - ღამით). მოგვიანებით ვითარდება ანემია.
დაავადების მიმდინარეობა
ლიმფოგრანულომატოზი ზოგჯერ სწრაფად - 4-6 თვეში პროგრესირებს, ზოგჯერ კი წლობით - 10 და 20 წლის განმავლობაშიც კი გრძელდება. დროულად დაწყებული რაციონალური მკურნალობა (იგულისხმება თანამედროვე კომპლექსური მკურნალობა) ხშირად უზრუნველყოფს ხანგრძლივ რემისიას, ზოგჯერ - სრულსაც კი. რემისია ავადმყოფობის გამოვლინებათა დროებითი შენელება ან შეწყვეტაა. კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) მონაცემებით, პაციენტები, რომელთაც სრული რემისია მკურნალობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში გაუგრძელდებათ, შეიძლება განკურნებულებად ჩაითვალონ. ლიმფოგრანულომატოზის დროს უჯრედული იმუნიტეტის დაზიანების გამო ხშირად ვითარდება სხვადასხვა ინფექცია: ვირუსული, სოკოვანი და პროტოზოული, - რომლებსაც კიდევ უფრო ამძიმებს სამკურნალოდ დანიშნული ქიმიო- ან სხივური თერაპია. ვირუსულ ინფექციებს შორის ამ დროს პირველ ადგილს იკავებს ჰერპეს ზოსტერი, სოკოვან პათოლოგიებს შორის კი - კანდიდოზი და კრიპტოკოკული მენინგიტი. ქიმიოთერაპიის ფონზე განვითარებული ლეიკოპენიის (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება) გამო ხშირად თავს იჩენს ბანალური ბაქტერიული ინფექციები. ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულთათვის უკუნაჩვენებია მზის აბაზანების მიღება, შესაბამისად, არ არის რეკომენდებული ზღვის კურორტებზე დასვენება. რაც შეეხება კვებას, ლიმფოგრანულომატოზის დროს, ისევე როგორც სხვა სიმსივნური პათოლოგიების შემთხვევაში, რეკომენდებულია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი. დღეს არაერთი გამოკვლევით არის დადასტურებული, რომ სიმსივნური პროცესის აღმოცენება-განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის მავნე თავისუფალი რადიკალების დისბალანსი. რადიკალები აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს და მათ გადაგვარებას განაპირობებს. შესაბამისად, აუცილებელია მათი განეიტრალება, უვნებელყოფა, რაც სწორედ დაბალანსებული და რაციონალური კვებით არის შესაძლებელი. სიმსივნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, კვებითი რაციონი გაჯერებული იყოს A, C, E ვიტამინებით. ისინი ანტიოქსიდანტები არიან - მავნე რადიკალების განეიტრალების უნარი შესწევთ. გარდა ამისა, A ვიტამინს (ბევრია თევზში, თევზის ქონში) სიმსივნის საწინააღმდეგო სპეციფიკური თვისებაც აქვს. აუცილებელია ბეტა-კაროტინით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის სისტემატური მიღებაც.