ლიმფური კვანძები და მათი მნიშვნელობა
ლიმფური კვანძები (და არა ჯირკვლები! ჯირკვალი თავისებური სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე სრულიად განსხვავებული ორგანოა) ლიმფური სისტემის პერიფერიული ორგანოა. ისინი ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ასრულებს ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას. ლიმფური კვანძები ორგანიზმის ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფურ კვანძებამდე ლიმფური ძარღვებით მოსული ლიმფა მათში ნელა გაედინება, იწმინდება უცხო სხეულაკებისაგან მაკროფაგების (დიდი მშანთქავი უჯრედების) დახმარებით და მდიდრდება ანტისხეულებით. ამ უკანასკნელის პროდუცირებას ახდენს პლაზმური უჯრედები. ლიმფას ლიმფურ კვანძებში მოაქვს უცხო ანტიგენები, რაც იწვევს იმუნური პასუხის განვითარებას კვანძებში. ამ უნარის გამო ლიმფური კვანძები ბარიერია როგორც ინფექციის, ასევე სიმსივნური უჯრედებისათვის. ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები - დამცველი უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში.
ადამიანის ორგანიზმი ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფს შეიცავს. ლიმფური კვანძები ჯგუფურადაა განთავსებული იდაყვისა და მუხლის სახსრების მიმდებარე, კერძოდ, მომხრელ ზედაპირზე, იღლიის ფოსოებში, საზარდულის არეში და სხვა. კისრის ლიმფური კვანძები უზრუნველყოფს თავისა და კისრის არეში განთავსებული ორგანოების დაცვას ინფექციისა და სიმსივნური პათოლოგიისაგან. ლიმფური კვანძები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი გულმკერდისა და მუცლის ღრუებში. გამჭოლი ლიმფური კაპილარებით ხასიათდება არა მხოლოდ ზედაპირული ქსოვილები, არამედ შინაგანი ორგანოებიც. ლიმფური კვანძები, რომლებიც სისხლძარღვთა გასწვრივაა განთავსებული, იმავე ფუნქციას ასრულებს.
ლიმფური კვანძების გადიდება
ლიმფური კვანძის გადიდება „მის მიერ კონტროლირებად ზონაში“ პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უხშირესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი - სიმსივნური.
საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს! მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს. იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია.
მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების დროს ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. განსაკუთრებით ბავშვების ორგანიზმში. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა შეხება-გასინჯვისას მტკივნეულია.
ჩირქოვანი პროცესების დროს, როგორც წესი, ვითარდება მწვავე ლიმფადენიტი ანუ ლიმფური კვანძის ანთება. აღნიშნული ანთებითი პროცესი აღმოცენდება ლიმფური კვანძის მიერ „კონტროლირებად ზონაში“ განთავსებული ჭრილობებიდან ან სხვა სახის კერებიდან მიკრობების გავრცელებისა და კვანძში მოხვედრის შედეგად. ასეთ დროს ძირითადი გამოვლინებაა ლიმფური კვანძის გადიდება და შეხებისას მისი მტკივნეულობა. ლიმფური კვანძის გარშემო ჩირქოვანი პროცესის განვითარების შემთხვევაში ხშირად მიმდებარე კანი წითლდება. თუ ასეთ დროს პათოლოგიური ღრუს გაკვეთა და ჩირქისაგან განთავისუფლება არ მოხდა, შესაძლოა ლიმფური კვანძის გარსი გასკდეს და ჩირქი მიმდებარე ქსოვილებში გავრცელდეს. ამის გამო კი ლიმფადენიტის მძიმე გართულება, ფლეგმონა (გავრცობილი ჩირქოვანი ანთება), განვითარდეს.
სასქესო ორგანოთა ინფექციური პათოლოგიებისა და ვენერული დაავადებების (უხშირესად სიფილისის) დროს დიდდება საზარდულის ლიმფური კვანძები.
რამდენიმე ჯგუფის ლიმფური კვანძების ხანგრძლივად გადიდება შესაძლოა ისეთი დაავადებების მანიშნებელი იყოს, როგორებიცაა ბრუცელოზი, მონონუკლეოზი, აივ-ინფექცია.
ლიმფური კვანძების სიმსივნური დაზიანება, შესაძლოა, ლიმფოპროლიფერაციული დაავადების (ანუ როცა პირველადი სიმსივნური დაავადება სათავეს იღებს თავად ლიმფური კვანძიდან), ასევე მეტასტაზური დაზიანების შედეგი იყოს. ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებებს მიეკუთვნება, უპირველესად, ლიმფოგრანულომატოზი და ლიმფოსარკომა. აღნიშნულ დაავადებათა დროს ლიმფური კვანძები 3-4 სმ-მდე და უფრო მეტადაც დიდდება. გარდა ამისა, მკვრივდება და გასინჯვისას უმტკივნეულოა. ლიმფური კვანძის მეტასტაზური დაზიანების დროს კი სიმსივნური უჯრედები (მეტასტაზები) მასში სხვა ორგანოში არსებული სიმსივნური კერიდან ვრცელდება.
ლიმფური კვანძის საეჭვოდ გადიდებისას მიაკითხეთ ექიმ-თერაპევტს, რომელიც ზოგადი გასინჯვით დაადგენს მისი გადიდების მიზეზს და შემდგომი მოქმედების სტრატეგიასაც განსაზღვრავს.