ანტიოქსიდანტები - მითები და სინამდვილე
თუმცა ჟანგბადს ბნელი მხარეც აქვს: ის აქტიური ბუნების აირია, ამიტომ უნარი შესწევს, ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლური პროცესების დროს გახდეს არასტაბილური, დაჟანგოს და გარდაქმნას ზოგიერთი სხვა ნივთიერებაც, რის შედეგადაც ზიანდება უჯრედები და შესაძლოა, საქმე სიმსივნემდე, ანთებამდე, სისხლძარღვთა დაზიანებამდე და დაბერების პროცესის ინტენსიურ დაჩქარებამდე მივიდეს. ანტიოქსიდანტები ნივთიერებებია, რომლებიც ანეიტრალებს ორგანიზმში არასასურველი დაჟანგვის შედეგად გაჩენილ თავისუფალ რადიკალებს. სწორედ ამ თვისებით მიიპყრო ანტიოქსიდანტებმა მეცნიერთა ყურადღება. დღეისათვის აღმოჩენილია ასამდე ნივთიერება, რომლებიც ორგანიზმს უჯრედოვანი დაზიანებისგან იცავს. ძირითადი ანტიოქსიდანტებია A, C, E ვიტამინები. თავისუფალი რადიკალები, გარდა ჟანგბადოვანი დაჟანგვისა, შესაძლოა წარმოიშვას სატრანსპორტო საშუალებებში საწვავის წვისას, თამბაქოს წევისას, საკვების ტაფაზე შეწვისას, რადიაქტიური გამოსხივების არეში. მათ ყოველ წამს მიაქვთ იერიში ჯანმრთელ უჯრედებზე, ამიტომ რაც უფრო მეტ ხილსა და ბოსტნეულს მივირთმევთ, მით მეტად მოვამარაგებთ ორგანიზმს დამცავი ძალებით. ჯანმრთელ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დონე, ჩვეულებრივ, ანტიოქსიდანტებით ნეიტრალდება, მაგრამ საკმარისია დაირღვეს რაციონალური კვების რეჟიმი, ორგანიზმზე იმოქმედოს რომელიმე მავნე ფაქტორმა, რომ ბალანსი ირღვევა და თავისუფალ რადიკალთა რეაქტიული, მავნე ზეგავლენაც იწყება.
ანტიოქსიდანტთა სახეები
არსებობს ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერებათა ორი კატეგორია:
I - ენდოგენური ანტიოქსიდანტები, ანუ ისეთები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლისა და ფიზიოლოგიურ ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად თავისთავად გამოიმუშავებს, მათ შორის - ფერმენტი კოენზიმ Q, სასქესო ჰორმონები, სუპეროქსიდისმუტაზა, გლუტატიონპეროქსიდაზა, კატალაზა და სხვები.
II - ეგზოგენური ანტიოქსიდანტები, რომლებსაც საკვების სახით ვიღებთ: ვიტამინები, მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და სხვა.
მითების სამყაროში
ჭარბი არაფერი ვარგა, ამიტომ მოდი გავარკვიოთ, როგორ მივიღოთ ანტიოქსიდანტები ისე, რომ ორგანიზმზე მხოლოდ დადებითი გავლენა მოახდინონ.
მითი 1 - სინთეზური ანტიოქსიდანტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ნატურალური
მართალია, არაერთხელ გაგვიგონია, რომ სინთეზურ ანტიოქსიდანტებს ზუსტად ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ნატურალურს, მაგრამ არაერთი კვლევით დადასტურებულა, რომ ხილსა და ბოსტნეულში არსებულ ანტიდამჟანგველებს ვერავითარი კვებითი დანამატი ვერ შეცვლის, როგორც არ უნდა ამტკიცებდნენ ამას მათი მწარმოებელი კომპანიები.
მითი 2 - მზისგან დამცავი კოსმეტიკა რაც მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, მით უკეთესია
არც ეს არის მართალი. თუ კოსმეტიკურ საშუალებებში ანტიდამჟანგველების რაოდენობა ნებადართულის ზღვარს აჭარბებს, მოსალოდნელია უკუეფექტი.
მითი 3 – შეუძლებელია, ადამიანმა საკვებთან ერთად საჭირო რაოდენობის დამცავი ნივთიერებები მიიღოს, ამიტომ აქტიური კვებითი დანამატები ყველას სჭირდება
სწორი კვებისას ადამიანი საკმარისი რაოდენობის ანტიდამჟანგველს იღებს, მით უფრო მაშინ, როცა რაციონში რეგულარულად არის ჩართული ქაცვი, ყურძენი, მწვანე ჩაი, წაბლი, შავი მოცხარი, კაკალი. აქტიური კვებითი დანამატების მიღება აუცილებელია მხოლოდ იმუნური ძალების დასუსტებისას. დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაიში იმდენი ანტიოქსიდანტია, 2 ფინჯანი 5 ჭიქა ფორთოხლის წვენზე სასარგებლოც კია. ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით სელენი გამოირჩევა, ამიტომ აუცილებელია, პერიოდულად მივირთვათ ზღვის პროდუქტები და თევზი.
მითი 4 - კუნთების ძალის შესანარჩუნებლად აუცილებელია დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების მიღება
გაფრთხილებთ, ანტიოქსიდანტების ჭარბ მიღებას თან ახლავს უკუეფექტი - ორგანიზმის დასუსტება. დღიური ნორმაა: 75 მგ C ვიტამინი (1 ჭიქა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი), 15 მგ E ვიტამინი (4-5 ცალი კაკალი), 1 მგ A ვიტამინი (100 გრამი საქონლის ან ქათმის ღვიძლი), 55 მკგ სელენი (ნახევარი ჭიქა არაჟანი).
მითი 5 - ანტიოქსიდანტები ორგანიზმს აახალგაზრდავებს
ეს ანტიოქსიდანტებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ცნობილია, რომ არსებობს ორგანიზმის დაბერების მექანიზმის ამხსნელი რამდენიმე თეორია. ერთ-ერთი მათგანია თავისუფალ რადიკალთა თეორია, რომლის თანახმად, თავისუფალი რადიკალები უტევენ უჯრედებს, აზიანებენ მათ და ამით დაბერებას უწყობენ ხელს. ანტიოქსიდანტების მიღებისას კი ეს პროცესი იბლოკება და, შესაბამისად, დაბერების პროცესი ნელდება, თუმცა სხვა მექანიზმით მაინც განაგრძობს პროგრესირებას.