სოკოვანი ინფექცია
-
რამდენად ხშირია სოკოვანი ინფექცია და რა კლინიკური თავისებურებები ახასიათებს მას? როგორია მკურნალობის პრინციპები?
ამ და სხვა შეკითხვებზე გვიპასუხებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მიმღებ-პოლიკლინიკური განყოფილების გამგე ლია გოლიაძე:
- სოკოვანი ინფექცია საკმაოდ ხშირია. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რათა შეესწავლათ სოკოვანი ინფექციის გავრცელება იმ პაციენტებში, რომლებმაც სრულიად სხვა მიზეზით მიმართეს ექიმს. გაირკვა, რომ ამ პაციენტთა 25%-ს სხვადასხვა ლოკალიზაციის სოკოვანი ინფექცია ჰქონდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა ვისცერული (შინაგანი) ორგანოების დაზიანებაზე, არამედ კანის, ფრჩხილების სოკოვან ინფექციებზე ანუ სოკოვანი ინფექციის იმ შემთხვევებზე, რომელთაც პაციენტები ხშირად ყურადღებასაც არ აქცევენ.
-
როდესაც სოკოვან ინფექციაზე ჩამოვარდება სიტყვა, პირველად კანდიდოზი გაგვახსენდება ხოლმე...
- ეს სავსებით კანონზომიერია, რადგან კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა. მისი სიმპტომები და, საზოგადოდ, ამ დაავადების კლინიკური სურათი ინფექციის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ქალებში კანდიდოზი შესაძლოა საშოს სოკოვანი ინფექციის მიზეზად იქცეს, რომელიც ვაგინიტისათვის (საშოს ანთება) დამახასითებელი სიმპტომებით ვლინდება. ახალშობილებში ხშირია პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია - რძიანა. მას ახასიათებს მოთეთრო-რძისფერი ნადების წარმოქმნა პირის ღრუს ლორწოვანზე. შესაძლოა, დაზიანდეს კანიც, ყველაზე ხშირი კი ფრჩხილების სოკოვანი ინფექციაა. მას ახასიათებს ფრჩხილების გასქელება, გაყვითლება, დეფორმაცია, მტვრევადობა. დაბოლოს, შესაძლებელია შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელი) დაზიანება - დაავადების ვისცერული ფორმის აღმოცენება.
-
კიდევ რომელი სოკოვანი დაავადებები გვხვდება და რა თავისებურებები ახასიათებთ მათ?
- დავასახელებ ასპერგილოზს, ბლასტომიკოზს, კოქციდიოდომიკოზს, კრიპტოკოკოზს, ჰისტოპლაზმოზს, თუმცა ეს სოკოვანი ინფექციები კანდიდოზთან შედარებით ნაკლებად გავრცელებულია.
კლინიკური სიმპტომატიკის თვალსაზრისით საყურადღებოა ის გარემოება, რომ თითქმის ყველა მათგანს ახასიათებს ფილტვის დაზიანება. მაგალითად, ასპერგილოზის გამომწვევი, ასპერგილა, ჩვეულებრივ, ფილტვებს აზიანებს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სოკოვანი ინფექციების შესახებაც. თუმცა ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხვა შინაგან ორგანოებზეც, მათ შორის - ტვინის გარსებზე. საზოგადოდ, მიკოზებს საკმაოდ მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება აქვს.
ვისცერული ანუ შინაგანი ორგანოების დაზიანებით მიმდინარე მიკოზების კლინიკური სურათი მძიმეა. პაციენტი უჩივის დაზიანებული ორგანოს დაავადებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ფილტვის დაზიანებისას ეს იქნება ხველა, ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი გულმკერდის არეში. რენტგენოლოგიური გამოკვლევა გამოავლენს ტიპურ სურათს.
ღვიძლის დაზიანებისას მოსალოდნელია სანაღვლე გზების პათოლოგიის ან ღვიძლის აბსცესის (ჩირქგროვის) სიმპტომები. სოკოვანი ინფექციის ეს ფორმები უმთავრესად იმუნოდეფიციტის დროს (მაგალითად, შიდსის, ქიმიათერაპიის, სისტემური სიმსივნეების ფონზე) ვითარდება. ბუნებრივია, შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან ერთად ხშირია კანის, ფრჩხილების ცვლილებები.
-
ბევრს მიაჩნია, რომ სოკოვანი ინფექცია ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგია. რამდენად მართებულია ეს შეხედულება?
- ხშირად სოკოვანი ინფექციის მიზეზად ანტიბაქტერიულ მკურნალობას თვლიან და ეს სავსებით საფუძვლიანია. ძალიან ხშირად მიზეზი მართლაც ანტიბიოტიკებია, კერძოდ, მათი უსაფუძვლო დანიშნვა, თვითმკურნალობა, არასათანადო შერჩევა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას, ხანგრძლივი ანტიბაქტერიული მკურნალობა. არც თუ იშვიათად პაციენტები თავად "ცვლიან" ანტიბიოტიკებს, სინამდვილეში კი ხანგრძლივად მკურნალობენ ერთი და იმავე ანტიბიოტიკით, რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით შემოდის. ანტიბიოტიკების ზემოქმედებით ხდება იმ სოკოების აქტივაცია, რომლებიც ჩვეულებრივ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც გვხვდებიან.
კანდიდა, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ, ადამიანის ორგანიზმის ჩვეულებრივი მიკროფლორაა, ის ჩვენს ორგანიზმში უნდა იყოს და ყურადღებას მხოლოდ მაშინ იპყრობს, როცა დაავადებას იწვევს. ეს კი ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი დასუსტებულია, იმუნური სისტემა დაზიანებულია ამა თუ იმ დაავადების ან მდგომარეობის გამო. ასეთ დაავადებათა და მდგომარეობათა შორის უნდა დავასახელოთ შიდსი, ტუბერკულოზი, ქიმიათერაპია, სისხლის სისტემის სიმსივნეები.
-
ჩვენმა პაციენტებმა კარგად იციან, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობისას სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით გარკვეულ პრეპარატებს ღებულობენ. ათწლეულების წინათ ეს იყო ნისტატინი, დღეს სხვა საშუალებები გახდა პოპულარული. საფუძვლიანია თუ არა მსგავსი მიდგომა, ანტიბიოტიკების მიღების ყველა შემთხვევაში არის თუ არა აუცილებელი პროფილაქტიკური მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით?
- შეიძლება ითქვას, რომ ნისტატინს დღესაც არ დაუკარგავს სავსებით დაუმსახურებლად მოპოვებული პოპულარობა, თუმცა მსგავს ტაქტიკას არა აქვს არავითარი საფუძველი. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ნისტატინს აქვს მხოლოდ ადგილობრივი და არა ზოგადი მოქმედება, ამდენად მისი ტაბლეტის მიღება დასალევად არავითარ ეფექტს არ გავძლევს. ნისტატინი საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ადგილობრივად - აპლიკაციების, საშოს ტაბლეტების ან პირის ღრუში გამოსავლები სიროფის სახით. საზოგადოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა სახეზეა სოკოვანი ინფექცია, მათი მიღება პროფილაქტიკის მიზნით ისევე არაა რეკომენდებული, როგორც ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება პროფილაქტიკისათვის.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიღება მაშინ, როცა ადამიანს არა აქვს სოკოვანი ინფექციის არავითარი სიმპტომი, ნიშნავს, რომ ვმკურნალობთ დაავადებას, რომელიც პიროვნებას არა აქვს. ეს კი, ბუნებრივია, არავის მოსდის აზრად.
-
რა გზით შეიძლება სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილება?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. ფრჩხილისა და ტერფის სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კარგად მორგებული, ბუნებრივი ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმლის ტარება, კანის ტრავმირების თავიდან აცილება. საზოგადოდ კი სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიას.
-
როდის შეიძლება ვივარაუდოთ სოკოვანი ინფექცია და რას ემყარება მიკოზების დიაგნოსტიკა?
- სოკოვანი ინფექციის არსებობა შეიძლება ვივარაუდოთ, როდესაც:
- ვამჩნევთ ფრჩხილების, ტერფების, კანის დამახასიათებელ ცვლილებებს;
- ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე ენაზე ჩნდება მოყავისფრო ნადები;
- ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე იწყება გახშირებული შარდვა, წვა, ქავილი, ტკივილი შარდვისას;
- თავს იჩენს ამა თუ იმ ორგანოს დაავადების სიმპტომატიკა.
როცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სოკოვანი ინფექციის თვალსაზრისით სარისკოა, ექიმი კლინიკური სიმპტომების საფუძველზე ივარაუდებს მის არსებობას და გეგმავს სათანადო გამოკვლევას. შეიძლება ჩატარდეს როგორც უშუალოდ სოკოვანი ინფექციის დიაგნოსტიკა დაზიანებული არიდან მიღებული ბიოლოგიური სითხეების (ნახველი, საშოს სეკრეტი, შარდი და სხვა) მიკროსკოპიული თუ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით, ასევე სოკოვანი ინფექციით დაზიანებული ცალკეული ორგანოს მდგომარეობის შესწავლა, მაგალითად, ფილტვების შემთხვევაში - რენტგენოლოგიური გამიკვლევა, ღვიძლის შემთხვევაში - ლაბორატორიული გამოკვლევა, ექოსკოპია და ასე შემდეგ.
-
რამდენად წარმატებულია სოკოვანი ინფექციის მკურნალობა, როგორია მკურნალობის პრინციპი?
- თანამედროვე ანტიმიკოზური პრეპარატების მეშვეობით შესაძლებელი გახდა სოკოვანი ინფექციების წარმატებული მკურნალობა, თუმცა მკურნალობა პრობლემათა მთელ წყებას უკავშირდება. მათ შორის უნდა დავასახელოთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სიძვირე, ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობა, პრეპარატების ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე.
საკმაოდ წარმატებულია კანის სოკოვანი ინფექციების მკურნალობა.
ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო სოკოვანი ინფექციით ფრჩხილების დაზიანებისას, ამასთანავე, საკმაოდ ხშირია რეციდივი. ეს ბუნებრივია, რადგან განკურნების შემდეგ პაციენტი ხშირად იმავე ფეხსაცმელს იცვამს, რომელსაც მკურნალობამდე ატარებდა. ეს ზრდის ხელმეორედ ინფიცირების რისკს. ამ პრობლემების გამო მიზანშეწონილია, ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის დროს პაციენტთან ერთად განვიხილოთ მკურნალობის მიზანშეწონილობის საკითხი.
რძიანას შემთხვევაში მიზანშეწონილია სპეციალური ანტიმიკოზური სიროფების ადგილობრივი გამოყენება, ჰიგიენის წესების დაცვა. საკმაოდ რთულია ვისცერული ანუ შინაგანი ორგანოების მიკოზების მკურნალობა. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი სოკოვანი ინფექციები ხშირად ემართებათ მძიმე დაავადებით დასუსტებულ პაციენტებს. სამკურნალოდ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებები. ძირითადი დაავადების (შიდსი, ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური პათოლოგიები, ქიმიათერაპია) ხასიათის გათვალისწინებით, მკურნალობა, წესისამებრ, სტაციონარში ტარდება.
-
ვერ უარვყოფთ, რომ ჩვენმა პაციენტებმა, მრავალი სხვა პრეპარატის მსგავსად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სახელწოდებებიც კარგად ისწავლეს. არცთუ იშვიათად ისინი თავად იღებენ ამ პრეპარატებს, ვინაიდან ამა თუ იმ სიმპტომს სოკოვან ინფექციას მიაწერენ. როგორია სპეციალისტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებებია, რაც მათი ღირსებაც არის და ნაკლიც. რიგ შემთხვევაში მათთვის დამახასიათებელია ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე, მის ცალკეულ ორგანოებზე. ამის გათვალისწინებით ანტიმიკოზური საშუალებები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს და მკურნალობაც ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. თვითმკურნალობა ამ დროს დაუშვებელია, ხშირად საზიანოც კი.