ფრჩხილის სოკოვანი დაავადება
არც მკურნალობენ, არანამკურნალები სოკო კი, როგორც ამბობენ, „იფურჩქნება“ და სხვა ფრჩხილებსაც აზიანებს, ორგანიზმის იმუნურ სისტემასაც სერიოზულ დარტყმას აყენებს, ასე რომ, აუცილებელია ფრჩხილის სოკოვანი დაავადების სათანადო და ხანგრძლივი მკურნალობა.
ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების, ასევე ფოტო-დერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის წევრი, დერმატო-ვენეროლოგი – ნინო ნიშნიანიძე.
ქალბატონ ნინოს გავლილი აქვს ესთეტიკური კოსმეტოლოგიის, აკუპუნქტურის (ქ. მოსკოვი), პლასტიკური და ესთეტიკური დერმატოლოგიის სრული კურსი. მიღებული აქვს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მრავალი ჯილდო და სერტიფიკატი, როგორებიცაა: Q-MED Aesthetic, TEOSIAL, TOSKANI, World Association of the Mesotherapy of the German, BIO POLYMER, IPSEN (Dysport), VIORA (Trios, Infusion, Pristine, Reaction).
– ქალბატონო ნინო, რა ტიპის სოკო იწვევს, საზოგადოდ, ფრჩხილის დაზიანებას?
– ფრჩხილის ფირფიტა ხშირად ზიანდება პათოგენური სოკოებით, რომელთა 40-ზე მეტი სახეობა არსებობს. ფრჩხილების დაზიანებას ყველაზე ხშირად იწვევს Trichophyton rubrum და Trichophyton mentagrophytes, ასევე კანდიდას ტიპის სოკოები, იშვითად Epidermophyton floccosum და T. violaceum.
– საიდან გადაეცემა ინფექცია და რატომ ვითარდება ფრჩხილის სოკოვანი პათოლოგია? სხვა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაც არის აუცილებელი, თუ გამომწვევია მეტად ვერაგი და დაავადება გარდაუვალია?
– დერმატოფიტები, ანუ ფრჩხილის სოკოს გამომწვევები, უხვადაა გარემოში, ასევე კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო ნივთებზე ანთროპოფილური სოკოები. ასეთი ართროსპორები ცხოველმყოფელობას ინარჩუნებენ 5 წელი. ამიტომ გადაცემის გზებში ხშირია კონტაქტური და ოჯახური ანამნეზი. აღნიშნული სოკოები ანაერობულ ფლორას მიეკუთვნებიან, საარსებოდ ითვისებენ შაქარს (ანუ მათი უჯრედები მდიდარია გლიკოგენით), რითაც აიხსნება მათი ტროპიზმი ქსოვილებში.
სოკოების ცხოველმყოფელობისათვის ოპტიმალური ტემპერტურა 21-27 გრადუსია. კარგად მრავლდებიან 37 გრადუსზე და მაღალი ტენიანობის პირობებში, კარგად უძლებენ გამოშრობასაც. სოკოები იღუპებიან მაღალ ტემპერატურაზე რამდენიმეწუთიანი დუღილის შემდეგ.
ინფექციის განვითარების ორი გზა არსებობს:
1) ეგზოგენური გზა – როცა ხდება ორგანიზმის მექანიკური და ქიმიური ტრავმები, ორგანიზმის ტენიანობისა და ოფლიანობის მომატება.
2) ენდოგენური გზა – იმუნური სისტემის უკმარისობის, ჰიპოვიტამინოზის, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ენდოკრინული დაავადებების დროს, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპიის, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში, ორსულობისას და ა. შ. ამიტომაც ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები იწოდებიან ქრონიკულად მორეციდივე მიმდინარეობად.
ფრჩხილების სოკოვანი დაავადება ხშირია ფეხების ოფლიანობის ან თითებს შორის მაცერაციის, ტრავმების ან მოჭერილი ფეხსაცმლის მიზეზით, ასევე უხარისხო ფეხსაცმლის ხმარებისას, ხშირად ვითარდება როგორც ქრონიკული პარონიქიის გართულებაც.
– რომელი უფრო ხშირია, ხელისა თუ ფეხის ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება?
– უფრო ხშირია ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი), რადგან ფეხსაცმელში ფეხი ჩახუთულია, ამ დროს ტენიანობა იზრდება და სოკოს გამრავლებისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ სოკოვანი დაავადება აქვს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად არ აქცევენ ფრჩხილის ცვლილებას ყურადღებას და დროულად არ მიმართავენ ექიმ-სპეციალისტს!
– ფრჩხილის ფირფიტა უპირველესად ფერის შეცვლას იწყებს, ხშირად სიყვითლისკენ, ფრჩხილის მორგვი – შეწითლებას, ფრჩხილის ფირფიტა უხეშდება, რქოვანდება, ფხვიერდება, იმდენად სქელდება, რომ მისი მაკრატლით მოჭრა ძნელდება.
– რა ემუქრება მკურნალობის გარეშე დარჩენილ დაავადებულ ფრჩხილს?
– თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს, ასეთივე დაზიანებები სხვა ფრჩხილებზეც ვითარდება, დროთა განმავლობაში ზიანდება ხელის ფრჩხილებიც, რაც იწვევს გართულებებს, ხშირად გადადის პანარიციუმში, როცა გაძნელებული მოჭრის გამო ინფექცია იჭრება. კანდიდოზურმა ონიქიამ შეიძლება გამოიწვიოს დაჩირქება – აბსცესი, ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზიც დამახასიათებელი ნიშანია.
– რამდენად საშიშია, მაგალითად, მიკოზიანის ფეხსაცმლის, წინდის გამოყენება (ფეხის ფრჩხილის სოკოვანი დაავადების დროს) ან კიდევ ხელის ჩამორთმევა, დაავადებულის მიერ მომზადებული საკვების მიღება (ხელის ფრჩხილის სოკოვანი დაზიანების დროს)?
– სოკოს სპორები დიდი ხნის განმავლობაში კარგად ინახება ფეხსაცმელში, ამიტომ ის არ უნდა გამოიყენოს სხვა პირმა, აბაზანის ფლოსტებიც ყველას თავისი უნდა ჰქონდეს. როცა პაციენტი სოკოვან ფრჩხილს მკურნალობს, ინფორმირებული უნდა იყოს ფეხსაცმლის სპეციალური ხსნარებით დეზინფექციის საკითხზე. თეთრეული, წინდები უნდა გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე, ან გარეცხვის შემდეგ გაუთოვდეს ცხელი უთოთი შიგნითა პირიდან (როგორც თეთრეული, ასევე წინდები).
ხელის ფრჩხილის სოკოს დროს საჭმლის მომზადებით სხვა არ დასნებოვნდება, რადგან ორგანიზმს იმუნიტეტი იცავს. ზემოთ ხსენებული უამრავი ხელშემწყობი ფაქტორის ერთობლივად არსებობაა საჭირო, რომ ეს განვითარდეს.
– გადადის თუ არა ფრჩხილის სოკო სხეულის, კანის სხვა უბნებზე, მაგალითად, სახეზე, თვალებზე ?
– ფრჩხილის სოკო გადამდებია მხოლოდ ფრჩხილებზე, სხეულის სხვა უბნებზე ის არ ვრცელდება, რადგან სხეულის სოკოს გამომწვევი სხვა შტამია.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
– კლინიკურად ვლინდება ფრჩხილის ფორმის, ფერის შეცვლა – თეთრი-მოყვითალო ან მოყავისფრო მღვრიე, ფირფიტა ზიანდება ზედაპირულად, ამიტომაც აქერცვლა ეტყობა ფრჩხილის ზედაპირს, ფირფიტა ხშირად სქელდება, ყვითლდება და ფხვიერდება. დიაგნოსტიკა ეფუძნება მიკროსკოპულ გამოკვლევას. თუ სოკო ლაბორატორიულად გამოვლინდა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ტერბინაფინის ჯგუფის პრეპარატები, ასევე აზოლების ჯგუფი, იტრაკონაზოლი, კეტაკონაზოლი, სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებები სპრეის, ტალკისა და კრემების სახით.
– ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ფრჩხილის სოკო არ იკურნება, რას ეტყვით ამ კატეგორიას?
– ფრჩხილის სოკო თავისით არ გაივლის, პირიქით, აზიანებს გვერდითა ფრჩხილებს. აუცილებლად საჭიროებს როგორც სისტემურ, ისე ადგილობრივ მკურნალობას, თანაც ხანგრძლივად, 6-8 თვე! მკურნალობის შემდეგ ხშირია რეციდივებიც, დაახლოებით 10%-ში, რომლის მიზეზი ისევ ჰიგიენური წესების დარღვევა და/ან ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებაა.
– როდის გადადის პათოლოგია ქრონიკულ ფორმაში, რა არის საჭირო ამის ასარიდებლად?
– ქრონიკულში გადადის, თუ პაციენტი არ იცავს ჰიგიენის წესებს, არ იყენებს შესაბამის სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებებს, აცვია უხარისხო, მოჭერილი ან მჭიდრო ფეხსაცმელი და თანაც, ხშირად არ რეცხავს და არ ასტერილებს მას.
– დასასრულ კი, რა არის საჭირო ფრჩხილების ჰიგიენისთვის და მათი სოკოვანი დაავადებისაგან დასაცავად?
– უპირველესად აუცილებელია ჰიგიენის პირობების დაცვა, საჭიროა:
- ფეხსაცმელების ხშირად დამუშავება სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარებით;
- ფეხსაცმლის ჩაცმის წინ სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური ტალკის მოფრქვევა ტენიანობის შესამცირებლად;
- ბუნებრივი წინდების გამოყენება, რომლებიც ჰაერს ატარებს;
- ფეხსაცმლის მორგება, რადგან არ არის რეკომენდებული მოჭერილი, მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება;
- ფეხის დაბანა ბენზოილპეროქსიდის საპნებით;
- აბაზანისთვის ინდივიდუალური „შლოპანცი“;
- ბანაობის შემდეგ თითებს შორის მიდამოების კარგად გამშრალება;
- მანიკიურის და/ან პედიკიურის ინსტრუმენტების სტერილობის დაცვა.