უსიამოვნო სუნი პირიდან
იქნებ თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როდის შეიძლება ჰქონდეს ადამიანს პირის ღრუში უსიამოვნო სუნი.
სუნი ადამიანის ცხოვრებაში, უდავოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მან შეიძლება სიმპათიით ან ანტიპათიით განგვაწყოს, თანაც ისე, რომ არც კი გავაანალიზოთ ეს გარემოება. არცთუ იშვიათად პირიდან არასასიამოვნო სუნი ადამიანს ცხოვრებას უნგრევს - არ იღებენ სამსახურში, ნაცნობები ერიდებიან მასთან ურთიერთობას...
ყოველივე ამას სტრესი და ამით გამოწვეული ათასგვარი პრობლემა ერთვის. მრავალი მათგანი, ვინც პირის ღრუში უსიამოვნო სუნს უჩივის, ამაზე საუბარს ექიმთანაც კი ერიდება და საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, თუმცა ხშირად მხოლოდ გარკვეული ხნით ახერხებს სუნის შენიღბვას. პრობლემის რეალურად მოგვარება შეუძლია გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ზუსტად დაადგენს სუნის მიზეზს და პაციენტს ადეკვატურ მკურნალობას დაუნიშნავს.
უნდა გვახსოვდეს, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი მარტო სტომატოლოგიური პათოლოგიები არ არის და პირის ღრუს სათანადო ჰიგიენით ყოველთვის ვერ მოვახერხებთ მისგან თავის დაღწევას.
რამდენად ხშირია და პრობლემური პირიდან ცუდი სუნი?
პირიდან ცუდი სუნი ანუ ჰალიტოზი მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა.
რა იწვევს სუნს?
უმეტესად (85-90%) პირიდან ცუდი სუნის მიზეზი თვით პირის ღრუა. კერძოდ, ის მიკროორგანიზმები, რომლებიც აქ ბუდობენ. პირის ღრუში მიკროორგანიზმების 600-მდე სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობაა.
მოკლედ, ენის ეს მიდამო იდეალური გარემოა ანაერობული (ასეთი მიკროორგანიზმები ცოცხლობენ მხოლოდ უჰაერო, უჟანგბადო გარემოში) ბაქტერიების ზრდისა და ცხოველქმედებისთვის.
პირის ღრუში არსებული ბაქტერიების უმრავლესობას საკვებში არსებული ცილების დაშლისა და მათგან გოგირდშემცველი ნივთიერებების - ამინმჟავების წარმოქმნის უნარი შესწევს. პირის ღრუს მიკროფლორა, როგორც წესი, გრამდადებითი მიკროორგანიზმებით არის დასახლებული, მაგრამ განსაკუთრებულ პირობებში, როგორიცაა ნერწყვის გამოყოფის შემცირება, ღრძილების დაავადება და პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა, პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსი ირღვევა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების სასარგებლოდ. სწორედ გრამუარყოფით ანაერობულ მიკროორგანიზმებთან არის ასოცირებული გოგირდის შემცველი ნივთიერებების წარმოქმნა პირის ღრუში, რასაც საბოლოოდ ცუდი სუნი სდევს თან. თუმცა, სხვა ნივთიერებები, რომლებიც გოგირდს არ შეიცავს (კადავარინი, აცეტონი, აცეტალდეჰიდი), ასევე შეიძლება იქცეს უსიამოვნო სუნის მიზეზად.
სიგარეტი
ბევრ მწეველს აქვს ცუდი სუნი პირში. მართალია, მოწევით განპირობებულ სუნზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, მაგრამ მათგან მთავარია ნიკოტინი, კუპრი და ცუდი სუნის მქონე სხვა ნივთიერებები, რომლებსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს. ეს ნივთიერებები ილექება კბილებზე და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე (ღრძილები, ლოყა, ენა).
მოწევა პირის ღრუს ქსოვილების სიცოცხლისუნარიანობას აქვეითებს. ამის გამო ნერწყვის მადეზინფიცირებელი მოქმედება მცირდება, ანუ აღარ ხდება პირში არსებული ბაქტერიების “ჩარეცხვა” და მათი ცხოველქმედების პროდუქტების უვნებელყოფა. გარდა ამისა, მწეველებს ხშირად აქვთ ღრძილების პრობლემები, რაც პირიდან ცუდი სუნის კიდევ ერთი მიზეზია.
საკვები
პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება ზოგიერთი საკვებიც იყოს. მაგალითად, ხახვი, ნიორი, თევზი, ყველი. საკვების გადამუშავების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი მის შემადგენელ მოლეკულებს ითვისებს და ისინი სისხლის ნაკადში გადადის. ზოგიერთი ასეთი არასასიამოვნო სუნის მქონე მოლეკულა ხვდება ფილტვებში, საიდანაც ამოდის ამოსუნთქვის დროს, ჰაერთან ერთად. ასე რომ, საკვებთან დაკავშირებული ცუდი სუნი მოდის ფილტვებიდან და არა კუჭიდან, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გარკვეული ხნის შემდეგ, როგორც კი “მყრალი მოლეკულები” დატოვებენ ორგანიზმს, სუნი ქრება. ამის გამოა, რომ შეიძლება ადამიანმა ნივრის ან თევზის მირთმევის შემდეგ კბილები საგულდაგულოდ გამოიხეხოს, მაგრამ არასასიამოვნო სუნის წარმოშობას ხელი მაინც ვერ შეუშალოს. გამოსავალი ერთია - უნდა ერიდოთ ასეთი პროდუქტების მირთმევას შეხვედრის წინ.
ალკოჰოლი
ნაბახუსევზე მართლაც ბევრს ამოსდის პირიდან ცუდი სუნი. ამის ერთ-ერთი მიზეზი სისხლში გადასული ალკოჰოლის მოლეკულებია, რომლებიც ხვდებიან ფილტვებში და იქიდან ამოსუნთქულ ჰაერს ამოჰყვებიან. გარდა ამისა, ალკოჰოლი პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს, რითაც მიკროორგანიზმების აქტიური გამრავლებისთვის კარგ პირობებს ქმნის.
მშრალი პირი და სუნი
მაშინაც კი, როცა აშკარა მიზეზი არ არსებობს, დილით, ახალგაღვიძებულზე, ბევრი ამჩნევს, რომ პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის. ეს განპირობებულია იმით, რომ ძილის დროს ორგანიზმი ნერწყვს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს და დილით პირი გამომშრალია. ანალოგიურ პრობლემას აწყდებიან მასწავლებლები, ადვოკატები და იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც უწევთ დიდხანს, თითქმის შეუჩერებლად ლაპარაკი, რადგან ესეც პირის სიმშრალეს იწვევს. თუმცა ეს პრობლემა ადვილი მოსაგვარებელია - კათედრაზე ყოველთვის დგას წყალი, მინერალური წყალი ან ჩაი.
ზოგიერთ ადამიანს აწუხებს პირის ქრონიკული სიმშრალე. ამ დაავადებას ქსეროსტომია ჰქვია და ის ნერწყვის შემცირებით არის განპირობებული. ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა სწორედ მშრალი პირი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ნერწყვი აუცილებელია და აქტიურად მონაწილეობს პირის ღრუს სანაციასა და იმ ნაწილაკების მოცილებაში, რომლებიც ცუდ სუნს განაპირობებს. ჩვენ გამუდმებით ვყლაპავთ ნერწყვს და ყოველ გადაყლაპვაზე პირიდან ვაძევებთ მილიონობით ბაქტერიას და საკვების ნარჩენებს, რომლებითაც ეს ბაქტერიები იკვებებიან. ალბათ იფიქრებთ, რომ ამ ფუნქციის შესრულება ნებისმიერ სითხეს შეუძლია და მართალიც იქნებით, მაგრამ ნერწყვი, სხვა სითხეებისგან განსხვავებით, შეიცავს განსაკუთრებულ კომპონენტებს, რომლებიც ხოცავს ბაქტერიებს და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს სპობს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს გამოშრობა?
- ზოგიერთმა მედიკამენტმა. მაგალითად, ასეთი გვერდითი ეფექტი აქვს ანტიჰისტამინურ (ალერგიის საწინააღმდეგო), ანტიდეპრესიულ, სისხლის წნევის მარეგულირებელ პრეპარატებს, ასევე დიურეტიკებს, ტრანკვილიზატორებს, ნარკოტიკულ საშუალებებს.
- ასაკმა. დროთა განმავლობაში ჩვენი სანერწყვე ჯირკვლები ისე ეფექტურად ვეღარ მუშაობენ, იცვლება ნერწყვის შემადგენლობაც, რაც იწვევს იმას, რომ ნერწყვის გამწმენდი თვისებები სუსტდება.
- სიგარეტმა და ალკოჰოლმა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
- ჰორმონულმა დარღვევებმა. არცთუ იშვიათად პირიდან არასასიამოვნო სუნი აღინიშნება წინამენსტრუალური სინდრომის დროს. ესტროგენების დონის აწევა იწვევს პირის სიმშრალეს და იქმნება მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები.
საგულისხმოა, რომ ვისაც დიდხანს აწუხებს პირის სიმშრალე, ადვილად ემართება ღრძილების დაავადება, რაც თავისთავად პირში ცუდი სუნის ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ პირის სიმშრალეს უჩივით, თქვენმა სტომატოლოგმა უნდა გამოგიწეროთ ხელოვნური ნერწყვი ან გირჩიოთ უშაქრო საღეჭი რეზინი და მეტი სითხის სმა. ზოგიერთი დაავადების დროს პირიდან შეიძლება მეტად სპეციფიკური სუნი შევიგრძნოთ. ასეთია:
- რესპირატორული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებები;
- კუჭის დაავადებები;
- ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
- თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
- უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი, ანუ დიაბეტური კეტოაციდოზი;
- შიმშილი.
- მიტრალურ ნაკლოვანებას და მიოკარდიტს დეკომპენსაციის ფაზაში ასევე ახასიათებს პირიდან სპეციფიკური სუნი. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ისინი.
კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციობისას კუჭში არსებული საკვების დაშლის შედეგად წარმოქმნილი საკმაოდ მძაფრსუნიანი აირები იშვიათად ხვდება ამონასუნთქ ჰაერში, ამიტომ პირიდან ცუდი სუნი ნორმაში არ აღინიშნება. დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს დისპეფსიური მოვლენები, ხშირად პირიდან არასასიამოვნო სუნის თანხლებით მიმდინარეობს.
ყველაზე ხშირად სუნი თან ახლავს: ღებინებას, ბოყინს და გასტროეზოფაგურ რეფლუქსს - კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასროლას. კუჭის მთელ რიგ დაავადებებს, რომელთა დროს, ამა თუ იმ მიზეზით, კუჭში დაშლილი ან ნახევრად დაშლილი საკვების დაყოვნება და შემდგომი მონელება ხდება, ახლავს ცუდი სუნი პირიდან. ამ დროს საკვებში არსებული ცილების დაშლით კადავერინისა და გოგირდის შემცველი ნივთიერებები წარმოიქმნება, რაც საბოლოოდ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი ხდება. ასეთი რამ გვხვდება წყლულოვანი დაავადებისა და საყლაპავის დივერტიკულის დროს.
პირიდან ცუდი სუნის პარალელურად, აღნიშნული მდგომარეობები სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს - ტკივილსა და დისკომფორტს კუჭის არეში, გულძმარვას, ბოყინს. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასურველია, პაციენტმა ოჯახის ექიმს მიმართოს. იშვიათად, მაგრამ მაინც, პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება გახდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის ან სასუნთქი სისტემის ანთებითი ან სიმსივური დაავადება, მაგალითად, ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზია და ტუბერკულოზი.
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს ავადმყოფს ხშირად აწუხებს გულძმარვა და მჟავე ბოყინი პირიდან საკვების სუნით. მას ენაზე აქვს მორუხო-მოთეთრო ნადები. ეს მოვლენები უკავშირდება დიეტის დარღვევას: ცხიმიანი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების, ყავის, ალკოჰოლის და სხვათა მიღებას.
დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში საკვები კუჭში დიდხანს რჩება (კუჭის წვენის ნაკლებობის გამო ვერ ხერხდება მისი მონელება) და პაციენტს პირიდან მყაყე (ლაყე კვერცხის) სუნი ამოსდის, პირში აქვს უსიამოვნო - მწკლარტე ან ლითონისებური - გემო, აწუხებს გაძლიერებული ნერწყვდენა, ბოყინი, საკვების მიღების შემდეგ სიმძიმის და კუჭის სისავსის შეგრძნება, ენა ნადებიანია.
ღვიძლის სუნი
პირიდან ე.წ. ღვიძლის სუნი ამოდის ღვიძლის პათოლოგიის უკვე შორს წასული ფორმების, კერძოდ, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს, ამიტომ მას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ ენიჭება - ამ თვალსაზრისით უფრო საგულისხმოა სხვა სიმპტომები.
სასუნთქი სისტემის დაავადებები - უსიამოვნო სუნის მიზეზი
ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისა და ალერგიული რინიტის დროს ცხვირიდან ლორწო რბილ სასასთან არსებული ხვრელიდან ჩადის პირში, რაც შეიძლება პირში უსიამოვნო სუნის მიზეზად იქცეს.
პირიდან არასასიამოვნო სუნს ხშირად იწვევს ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფილტვის აბსცესი და ფილტვების განგრენაც. ფილტვების აბსცესი შემოფარგლული ჩირქგროვაა. იგი ხშირად პნევმონიის შედეგად ვითარდება, თუმცა შესაძლოა, მეზობელ ორგანოში არსებული ჩირქოვანი კერებიდან გავრცელდეს ფილტვებში სისხლით ან ლიმფით.
მწვავე აბსცესს თავდაპირველად ახასიათებს სიცხე, ოფლიანობა, მშრალი ხველა, გვერდის ტკივილი. თუ ჩირქგროვა ბრონქებში გაიხსნა, ავადმყოფი ამოახველებს სუნიან, ჩირქიან და ჭარბ ნახველს (სწორედ ეს ნახველი იწვევს სუნს), რის შემდეგაც მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
რაც შეეხება ქრონიკულ აბსცესს, მას მუდმივად ახლავს სუნიანი, ჩირქიანი, ზოგჯერ სისხლნარევი ნახველი და, შესაბამისად, პირიდან სუნიც.
თუ ფილტვის ქსოვილის დაჩირქება დიფუზიური ხასიათისაა, მაშინ ადგილი აქვს განგრენას. მას განაპირობებს ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება და ჩირქოვანი პროცესის შემოფარგვლის უნარის უქონლობა. ამ დროს გამოხატულია ძლიერი ინტოქსიკაციის სურათი და ავადმყოფი ჭარბად გამოყოფს მყრალი სუნის ნახველს.
პირში ცუდი სუნი დამახასიათებელია ფილტვები სიმსივნური დაავადებისა და ბრონქოექტაზიებისთვისაც.
შარდის სუნი პირიდან
პირიდან უსიამოვნო სუნი თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროსაც ჩნდება. თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას განსაზღვრულ ეტაპზე ერთვის ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ასეთ ავადმყოფებს აწუხებთ ანორექსია (მადის დაკარგვა), სლოკინი, გულისრევა და ღებინება. ამონასუნთქ ჰაერს ურემიული სუნი აქვს, რისი მიზეზიცაა ნერწყვში არსებული შარდოვანას დაშლა ამიაკის წარმოქმნით. ამავე მიზეზის გამო ავადმყოფი პირში ცუდ გემოს გრძნობს. ამ დაავადების დროს შეიძლება უამრავი სხვა ცვლილებაც განვითარდეს. მაგალითად, ეროზიულ-წყლულოვანი გასტროენტეროკოლიტი, რეაქტიული პანკრეატიტი და სხვა, რაზეც საუბრის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ამჯერად მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ურემიული სუნი თირკმელების უკმარისობის საწყისი ეტაპისთვის არ არის დამახასიათებელი, ის დაავადების დამძიმებაზე მიგვითითებს.
დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის I ტიპი ზოგჯერ მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ვლინდება. თავს იჩენს ძლიერი სისუსტე, მუცლის ტკივილი, ღებინება, აცეტონის სუნი პირიდან. ეს დიაბეტური კეტოაციდოზია, ანუ არაკონტროლირებადი დიაბეტი (ნახშირწყლოვანი ცვლის უკიდურესი დარღვევა). ამ დროს ირღვევა გლუკოზის უტილიზაცია ქსოვილებში. ღვიძლში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით კეტონური სხეულები (აცეტონი, აცეტილაცეტატი). ეს სხეულები გროვდება სისხლში და როდესაც გამოიყოფა ფილტვების საშუალებით, მაშინ ავადმყოფს პირიდან მოტკბო “ხილის” სუნი ამოსდის.
კეტონური სხეულების დაგროვების ერთ-ერთი მიზეზია ცილების გაძლიერებული დაშლა. თუ ის დროზე ვერ შევამჩნიეთ და არ მივმართეთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა სავალალო შედეგი მივიღოთ.
მოდური დიეტა - პირიდან ცუდი სუნის მიზეზი
ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც დიეტებით არიან გატაცებულნი, ხშირად ამოსდით პირიდან არასასიამოვნო სუნი. მას, ვინც ხშირად და ხანგრძლივად შიმშილობს, პირში აცეტონის სუნი უჩნდება, რადგან ამ დროსაც ინტენსიურად იშლება ცილები და გროვდება კეტონური სხეულები.
ასე რომ, დიეტის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ: შიმშილი მარტო მოხდენილი სხეულით კი არ გვასაჩუქრებს, არამედ პირიდან არასასიამოვნო სუნითაც.
ჭიები
ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვებში პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა ჭიები იყოს. მართლაც, პირიდან ცუდი სუნი, უმადობასთან, ანალურ ქავილთან, კბილების ჭრიალსა და მუცლის ტკივილთან ერთად, ჰელმინთოზის - ჭიებით ინვაზიის - დამახასიათებელი ნიშანია.
თურქეთის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკვლევაც კი ჩაატარეს ამის თაობაზე. მათი თქმით, ნაწლავური ჰელმინთოზის (განსაკუთრებით - ენტერობიოზის) დროს დედები ხშირად ამჩნევენ ბავშვებს პირიდან უსიამოვნო სუნს, რომელიც ჭიებისგან გათავისუფლების შემდეგ ქრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სუნის მიზეზი შეიძლება იყოს გადასამუშავებელი მასების ნაწლავში დაყოვნება პარაზიტების სიჭარბის გამო. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 5-დან 16 წლამდე ასაკის 162-მა ბავშვმა. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი (82 ბავშვი) იღებდა ჭიის საწინააღმდეგო წამალს, მეორე კი (80 ბავშვი) - პლაცებოს. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, მკურნალობის კურსის (3 დღე) დამთავრების შემდეგ იმ პაციენტთა 80%-ს, რომლებსაც ჭიის საწინააღმდეგო მკურნალობა უტარდებოდათ, პირიდან სუნი გაუქრა, ხოლო იმათგან, ვინც პლაცებოს იღებდა - მხოლოდ 1%-ს.
გრძნობთ თუ არა, რომ ცუდი სუნი გაქვთ?
ხშირად ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ პირიდან ცუდი სუნი ამოსდით. ამის განსაზღვრა მართლაც საკმაოდ ძნელია. ეს, უპირველესად, განპირობებულია იმით, რომ პირის ღრუ ცხვირს უკავშირდება უკანა ნაწილში, რბილი სასის მიდამოში მდებარე ხვრელით. ცხვირი “ფილტრავს” სუნებს, რომლებიც პირის უკანა ნაწილში ჩნდება და, ამდენად, მას პირში გაჩენილი ცუდი სუნის ფილტრაციაც შეუძლია. ანუ, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს უსიამოვნო სუნი პირში, მაგრამ ამას თავად ვერ გრძნობდეს.
როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა პირში ცუდი სუნი?
შეიძლება, ახლობელს ვკითხოთ, მაგრამ თუ გვეუხერხულება, მაშინ უნდა შევეცადოთ, თავად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მაგალითად, ენით აილოკეთ მაჯა, 5 წამი დაელოდეთ ნერწყვის შეშრობას და შემდეგ დაყნოსეთ. როგორ სუნსაც შეიგრძნობთ, დაახლოებით ისეთი გექნებათ ენის წინა ნაწილზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთივე სუნი ამოგდით პირიდანაც. ახლა შეეცადეთ გაარკვიოთ, როგორი სუნი გაქვთ ენის უკანა ნაწილზე. აიღეთ კოვზი და ტარით აიფხიკეთ ენის უკანა ნაწილი. დააკვირდით კოვზზე დარჩენილ ნივთიერებას - ჩვეულებრივ, ის სქელი და მოთეთროა. ახლა დაყნოსეთ. როგორ სუნსაც შეიგრძნობთ, ზუსტად ისეთი გაქვთ პირში და გარშემო მყოფნიც სწორედ ამ სუნს გრძნობენ თქვენთან საუბრის დროს.
ვის მივმართოთ?
თუ იმ დაავადებას არ უმკურნალეთ, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს და მხოლოდ მის სიმპტომს (სუნს) ებრძოლეთ, პრობლემა მხოლოდ დროებით მოგვარდება.
პირიდან ცუდი სუნის შემთხვევაში მკურნალობა იწყება პირის ღრუს სრულყოფილი გამოკვლევით და ავადმყოფობის ისტორიის დეტალური გამოკითხვით, ამიტომ, პირველ რიგში, ადამიანმა უნდა მიაკითხოს სტომატოლოგს, რათა მან გამორიცხოს პაროდონტოზი და პირის ღრუს სხვა დაავადებები. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვთ, დააკვირდით ენას. ტყუილად კი არ ვუწოდებთ ექიმები ენას “კუჭის სარკეს”. სქელი თეთრი ან მოყვითალო ნადები იმაზე მიგვანიშნებს, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის არასწორი მუშაობა იყოს. ამ შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ გასტროენტეროლოგთან, რომელიც გამოგიკვლევთ, დაგინიშნავთ დიეტას და საჭიროების შემთხვევაში - სათანადო მკურნალობასაც. მაგალითად, დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რეკომენდებულია კუჭის წვენისა და ფერმენტული პრეპარატების მიღება. ეს პირიდან სუნის პრობლემას მოხსნის.
სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს საყლაპავის დივერტიკულით, წყლულოვანი დაავადებით განპირობებული სუნი. აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ხშირად აირების გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პირიდან უსიამოვნო სუნს. ამ დუღილის პროცესის “დაშოშმინება” შეუძლია სამკურნალო ბალახებს: კამას, ოხრახუშს, სალბს, ბარამბოს, ანისულს, პიტნას. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ასეთი პაციენტები 3/4 ჭიქა პიტნის თბილ ნაყენს 2-3-ჯერ გამოივლებენ პირში და დანარჩენს დალევენ.
როცა არასასიამოვნო სუნი საჭმლის მონელებასთანაა დაკავშირებული, კარგია გააქტიურებული ნახშირის მიღება ჭამის შემდეგ, დღეში 3-ჯერ.
გარდა ამისა, აუცილებელია:
- პირის ღრუს ჰიგიენისა და სანაციის გაძლიერება, რაც გულისხმობს კბილებისა და ენის წმენდასა და ხეხვას დღეში, სულ მცირე, ორჯერ;
- კვების რაციონის კორექცია. კერძოდ, ხახვის, ნივრის, წიწაკის, შებოლილი პროდუქტების, ყველის ზომიერი მოხმარება. საკვები რაციონი გაიმდიდრეთ მწვანილით, ხილითა და ბოსტნეულით - მათში ბევრია უჯრედისი. მაგალითად, კარგია ვაშლი, სტაფილო და ნიახური. ისინი ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას, რომელიც ასველებს პირის ღრუს და კბილებზე დარჩენილი საკვების ნაწილაკების მოცილებას უწყობს ხელს. კენკრა, ციტრუსი, საზამთრო და ჩ ვიტამინის შემცველი სხვა პროდუქტები პირის ღრუში ბაქტერიებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის;
- A, B3, B5, C, E, P ვიტამინების პროფილაქტიკური დოზით მიღება;
- უარის თქმა ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელებზე;
- ნერწყვის გამოყოფის სტიმულაცია ან ხელოვნური ნერწყვის მოხმარება. ნერწყვის დენის სტიმულაციის მიზნით, ზემოთ დასახელებული საშუალებების გარდა, რეკომენდებულია ვირისტერფას ნაყენი;
- ანტიბაქტერიული მკურნალობა: უნდა მოხდეს ნებისმიერი ქრონიკული ინფექციის კერების ლიკვიდაცია.
- საღეჭი რეზინი ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას და მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირიდან ცუდი სუნის პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მას სუნის მხოლოდ შენიღბვა შეუძლია და არა მისი გაქრობა.
დაბოლოს, არის შემთხვევები, როცა პაციენტები დარწმუნებულნი არიან, რომ პირიდან ცუდი სუნი ამოსდით, მაგრამ მათი ეჭვი უსაფუძვლოა. აღნიშნული ფენომენი ცნობილია ფსევდოჰალიტოზის სახელით. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს აქვს პირიდან სუნი, ამას მეტისმეტად განიცდის და გამუდმებით სტრესულ მდგომარეობაშია. ასეთ დროს საჭიროა, საქმეში ფსიქოთერაპევტი ჩაერიოს.