მიოზიტი და მიალგია

წელში მოხრა. ზოგჯერ მკვეთრ ტკივილს ნაბიჯის გადადგმა და ღრმა ჩასუნთქვაც კი იწვევს. ამგვარი მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს მიოზიტს - ჩონჩხის კუნთების ანთებას (ეს ის კუნთებია, რომლებიც სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობასა და წონასწორობას უზრუნველყოფს).
მიოზიტსა და მის თანმხლებ მიალგიაზე - კუნთების ტკივილზე - ოჯახის ექიმი თინათინ ქავთარაძე გვესაუბრება:
- მიოზიტი სხვადასხვა დაავადების გართულებაა. მას მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ქრონიკული მიოზიტი უმეტესად არასწორად ნამკურნალები მწვავე ანთების შედეგად ვითარდება და პაციენტს პერიოდულად ახსენებს თავს - ტკივილი ხშირად იწყება ღამით, ძლიერდება უპირტესად სტატიკურ მდგომარეობაში, გადაცივებისა და მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის დროს. ქრონიკული მიოზიტი შესაძლოა ინფექციური დაავადების შედეგიც იყოს. ზოგჯერ პაციენტი დაავადების არსებობას არც კი ეჭვობს, ვიდრე ტკივილი არ შეაწუხებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მწვავე მიოზიტი ვითარდება, როცა გენერალიზებული მწვავე ინფექცია კუნთებსაც ჩაითრევს, აგრეთვე - ტრავმისა და კუნთური გადაძაბვის დროს, განსაკუთრებით - თუ ამას გადაცივებაც დაერთო. მწვავე პერიოდში ტკივილი რეფლექსური ხასიათისაა და კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში მდებარე რეცეპტორთა გაღიზიანებას უკავშირდება. შესაძლოა, სისხლძარღვოვანი ხასიათისაც იყოს და არასაკმარისი სისხლმომარაგების პირობებში განვითარდეს, რადგან კუნთის გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერების მიმართ ვერ კმაყოფილდება შემცირებული სისხლმომარაგების გამო.
- რა იწვევს მიოზიტს და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას?
- დაავადების მიზეზი უმეტესად ინფექციური პათოლოგიაა: ქრონიკული ტონზილიტი, გრიპი, მწვავე ვირუსულ-რესპირატორული ინფექცია. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს პარაზიტულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ჩირქოვანმა და აუტოიმუნურმა პროცესებმა, ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებამ.
ცალკე გამოყოფენ იმ შემთხვევებს, როცა მიოზიტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. პიანისტები, მევიოლინეები, მძღოლები, ოპერატორები და ზოგიერთი სხვა პროფესიის ადამიანი ყოველდღიურად საათობით მუშაობენ არახელსაყრელ პოზაში. ამ შემთხვევაში მიოზიტი ძლიერი კუნთოვანი გადაძაბვის შედეგია. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის გადაცივება, კუნთოვანი კრუნჩხვები და სხვადასხვა ტიპის ტრავმა.
მიოზიტის განვითარებას აპროვოცირებს ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, რევმატიზმი. ჩირქოვანი მიოზიტი კუნთშიგა ინექციის დროს ჰიგიენური წესების დაუცველობის შედეგია.
- მიოზიტის რომელი ფორმებია გავრცელებული ყველაზე მეტად და რა სიმპტომები ახასიათებთ მათ?
- მიოზიტი ყველაზე ხშირად აზიანებს კისრის, წელის, გულმკერდისა და მუხლის კუნთებს. დაავადების ლოკალური მიმდინარეობისას მტკივნეული შეგრძნებები და ძირითადი სიმპტომებიც სწორედ განსაზღვრული ჯგუფის კუნთებს მოიცავს. დაავადების მთავარი ნიშანი კუნთის ყრუ ტკივილია, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და დაზიანებული კუნთების შეხებისას. გამოცდილ ექიმს შეუძლია, მტკივნეულ კერებში ხელით აღმოაჩინოს პათოლოგიური კვანძები. ზოგჯერ შეინიშნება კანის შეშუპება და გაწითლება.
ყველაზე გავრცელებული ფორმა კისრის მიოზიტია, ეს ადვილად აიხსნება, რამდენადაც გადაძაბვასა და გადაცივებას ყველაზე ხშირად სწორედ სხეულის ეს ნაწილი განიცდის. ვითარდება ყრუ ტკივილი კისრის არეში, რომელიც გადაეცემა კეფას, ვრცელდება ქვევით ბეჭის ძვლებთან და შესაძლოა მთელი მხრის სარტყელიც კი მოიცვას. ასეთ დროს აუცილებელია დაავადების დიფერენცირება კისრის ოსტეოქონდროზისგან, რაშიც რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება.
მიოზიტის დროს არ ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები, ამასთანავე, შეინიშნება მალების მოძრაობის შეზღუდვა. ამჟამად სპეციალისტები გამოყოფენ მიოზიტის ისეთ სახესხვაობებს, როგორიც არის პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი.
პოლიმიოზიტის დროს ზიანდება რამდენიმე ჯგუფის კუნთები, თუმცა, დაავადების ლოკალური ფორმისგან განსხვავებით, ტკივილი ისე აშკარა არ არის, წამყვანი სიმპტომი კუნთური სისუსტეა. თავდაპირველად პაციენტს უძნელდება კიბეზე ასვლა, მერე და მერე - სკამიდან წამოდგომა, ტანსაცმლის ჩაცმა, თმის დავარცხნა. დროთა განმავლობაში განილევა კისრის კუნთები და ადამიანს თავის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერაც კი უჭირს. უკანასკნელ სტადიაში ვითარდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების ატროფია. საყლაპავის, ხახისა და ხორხის კუნთების დაზიანების გამო რთულდება ყლაპვა, ვითარდება შეტევითი ხასიათის ხველა, სასუნთქი კუნთების დაზიანების გამო თავს იჩენს სულის ხუთვა და ქოშინი.
პოლიმიოზიტის დროს შუპდება კუნთები და სახსრები შესივებულია, ანუ მიოზიტის პარალელურად ართრიტიც ვითარდება. გამოსავალი ექიმთან დროულად მისვლა და კვალიფიციური მკურნალობის ჩატარებაა. ამ დროს მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების შანსს იძლევა.
დერმატომიოზიტი უმეტესად ახალგაზრდა და შუახნის ქალებს ემართებათ. პათოლოგია შესაძლოა ინიცირებული იყოს ვირუსით, გენეტიკური ფაქტორებით (მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა). გამშვები მექანიზმია სტრესი, გაციება, გადაცივება და ინსოლაცია (მზის სხივები). ამ დროს კუნთებთან ერთად ზიანდება კანიც: დამახასიათებელი წითელი ან იისფერი გამონაყარი ჩნდება ხელებზე, სახეზე, ხერხემლის ზედა ნაწილში. შუპდება ქუთუთოები. პაციენტები უჩივიან სისუსტეს, შემცივნებას, სხეულის ტემპერატურის მომატებას, მკვეთრად იკლებენ წონას. უარესდება თვითშეგრძნება.
ნებაზე მიშვებული დერმატომიოზიტი საკმაოდ სერიოზულ უსიამოვნებებს იწვევს. მოსალოდნელია კუნთების დამოკლება, კანქვეშ კალციუმის მარილების დაგროვება, რაც ტკივილის მიზეზად იქცევა.