გლუტენის აუტანლობასთან დაკავშირებულია გენეტიკური დაავადება - ცელიაკია. ასეთი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი გლუტენის შემცველი პროდუქტები იწვევენ იმუნური სისტემის ანომალიურ გააქტიურებას საკუთარი ნაწლავის ხაოების მიმართ და ხდება მთავარი შემწოვი სტრუქტურის ხაოს დაზიანება, მისი ატროფია და შესაბამისად შეწოვის პროცესის დარღვევა. შეწოვისთვის განკუთვნილი ზედაპირის ფართობი მცირდება და ნაწლავის ლორწოვან გარსზე ჩნდება ღრმულები. თავდაპირველად ირღვევა ცხიმის შეწოვა, შემდეგ ცილების, ნახშირწყლების, და ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K). ამდენად, ცელიაკია მიჩნეულია არამარტო გენეტიკურ, არამედ ავტოიმუნურ დაავადებადაც.


რა გამოვლინებები აქვს დაავადებას?
ცელიაკიის ადრეული კლინიკური ნიშნები სუსტად ვლინდება და მოიცავს:
- ანორექსიას;
- გაღიზიანებადობას;
- აპათიას;
- წონის კლებას
დაავადების პროგრესირებასთან ერთად:
- ვითარდება მუცლის შებერილობა, ქრონიკული დიარეა;
- მცირდება კანქვეშა ცხიმი;
- ხდება კუნთების განლევა;
- ვლინდება ზრდის მკვეთრი ჩამორჩენა;
- ოსტეოპოროზი
როგორია მკურნალობის მეთოდები?
სამედიცინო მართვა გულისხმობს მთელი ცხოვრების განმავლობაში უგლუტენო დიეტას. მკურნალობის მთავარი მიზანია კვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხდება კვებიდან ხორბლის, ქერის, ჭვავის ამოღება და ჩანაცვლება, ფეტვით, ბრინჯით, სიმინდით. დეფიციტური მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაძლოა კონკრეტული საკვები დანამატების გამოყენება. ასეთ დანამატებს ყველაზე ხშირად მიეკუთვნება: რკინა, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები.