ძუძუს კიბო და მისი მკურნალობის უახლესი შესაძლებლობები – ინტერვიუ ნიკოლოზ ფერაძესთან
2020 წელს საქართველოში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი 1585 ქალს დაუსვეს.
თუმცა, ის, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს განკურნებად სიმსივნეებს შორის. წარმატებული მკურნალობის შემთხვევები უახლესმა სამედიცინო მიღწევებმაც გაზარდა – გამარტივდა მისი ადრეული დიაგნოსტირებაც და დაიხვეწა მკურნალობის მეთოდებიც.
ძუძუს კიბოზე და მისი მკურნალობის უახლეს და ინოვაციურ მეთოდებზე იტალიაში მოღვაწე ქირურგ-მამოლოგი ნიკოლოზ ფერაძე გვესაუბრა. ის 2004 წლიდან მილანის Instituto Europeo di Oncologia-ს სამეცნიერო კვლევით ცენტრში მუშაობს და მრავალი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორია. ნიკოლოზ ფერაძე, ასევე, სარძევე ჯირკვლის რობოტული ქირურგიის პროექტის დამფუძნებელია და ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, რა ზრდის მისი განვითარების რისკს?
დღეს ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ რა არის სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი კონკრეტული მიზეზები. თუმცა, მის, ისევე, როგორც სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ხელს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი უწყობს. ესენია: დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, მწეველობა და სხვა. ამიტომ, პირველადი პრევენცია მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესია.
გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. კონკრეტულად, ორი მთავარი გენის მუტაცია, რომელსაც BRCA1-ს და BRCA2-ს ვუწოდებთ. პაციენტს ამ მუტაციების არსებობის შემთხვევაში ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი ეზრდება. დღეს აქტიურად მიდის გენების კვლევა და მალე BRCA1-ს და BRCA2-ს, სავარაუდოდ, 3 ან 4 ახალი დასახელების გენი დაემატება.
რა სიმპტომებით ვლინდება ძუძუს კიბო და როგორ უნდა ამოვიცნოთ მისი ნიშნები? მისი ადრეული დიაგნოსტირების რა შესაძლებლობებია დღეს?
სამწუხაროდ, როდესაც ონკოლოგიური დაავადებები სიმპტომატური ხდება, ეს უკვე შორსწასულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამიტომ, ყველა ქალმა თავად უნდა ჩაიტაროს პალპაცია ანუ ხელით გასინჯვა. ნახონ აქვთ თუ არა რაიმე კვანძოვანი წარმონაქმნი ან გამაგრება მკერდზე.
ამასთან ერთად, ქალები უნდა დააკვირდნენ ძუძუს ვიზუალურადაც. ხომ არ არის შეცვლილი მისი ფორმა, კანის ფერის შეცვლა ან შეშუპება ხომ არ ვლინდება, ხომ არ შეიმჩნევა დვრილიდან გამონადენი. დვრილის და არეოლის შეჭმუხნაც შეიძლება სიმსივნეზე მიანიშნებდეს. ამ დროს მათ აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს.
ნაადრევი დიაგნოსტირებისთვის 40 წლის ზემოთ ასაკის ქალებმა წელიწადში ერთხელ სკრინინგ-მამოგრაფია უნდა ჩაიტარონ, თუ უახლოეს მემკვიდრებაში ძუძუს კიბოს შემთხვევა არის აღნიშნული პაციენტმა მამოგრაფიას 35 წლიდან უნდა მიმართოს. ამ დროს შეიძლება გამოვლენილ იქნას ისეთი კვანძიც, რომელიც ხელით არ ისინჯება, ჩანს საეჭვო დაჩრდილვებიც და მიკროკალცინატები. თანამედროვე მამოგრაფიული ტომოსინთეზის აპარატი კი სარძევე ჯირკვლების შრეების უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა ანუ ექოსკოპია. ეს პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, მას არ აქვს გამოსხივება. ორივე ეს გამოკვლევა ფუნდამენტალურია და სასურველია ერთად ჩატარდეს.
დიაგნოსტირებისთვის, აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია გამოიყენება თუმცა, ის პრევენციისთვის არ ინიშნება.
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია კონტრასტირებით გამოიყენება საეჭვო შემთხვევებში და მაშინ როცა ეჭვი გვაქვს მრავალკერიან სიმსივნეზე და დამატებითი გამოკვლევები გვჭირდება. აგრეთვე, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია გამოიყენება ახალგაზრდა პაცინტებში სადაც ძუძუს ქსოვილის სიმკვრივის გამო მამოგრაფია ნაკლებად ეფექტურია.
როგორც წესი, რა ასაკში ვლინდება ხოლმე ძუძუს კიბო?
მისი განვითარების რისკი 40-75 წლის ასაკში მატულობს. თუმცა, სამწუხაროდ სხვა ონკოლოგიური დაავადებების მსგავსად, სარძევე ჯირკვლის კიბოც გაახალგაზრდავებულია და სულ უფრო ხშირად გვხდება 20 დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები. ექოსკოპიის გამოკვლევის ჩატარება აგრეთვე ახლგაზრდა ასაკშიც არის რეკომენდირებული და თუკი ეჭვი არის სიმსივნეზე, რა თქმა უნდა, ნაჩვენებია მამოგრაფიის და სხვა გამოკვლვების ჩატარებაც.
ძუძუს კიბოს რა ძირითადი ტიპები არსებობს? რატომ არის მისი ზუსტად განსაზღვრა მნიშვნელოვანი მკურნალობის პროცესში?
ძირითადად, ორი ტიპის სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვყოფთ. პირველი, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით 60%-ში ფიქსირდება, არის დუქტური ანუ სადინროვანი კარცინომა. მეორე კი, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით 30%-ში გვხვდება, წილოვანი კარცინომაა. დანარჩენი 10% ძუძუს კიბოს იშვიათი ტიპებია.
ამ ტიპების განსაზღვრა ბიოფსიით ხდება. საზოგადოების ნაწილს ის უსაფრთხო პროცედურად არ მიაჩნია, სჯერა, რომ ამ პროცედურისას უჯრედები შეიძლება გაიფანტოს და სიმსივნე სხვა მიდამოებში წარმოიქმნას. ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა, რასაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევებიც მოწმობს.
იმისთვის, რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ, ბიოფსია მსხვილი ნემსით უნდა გაკეთდეს (Core Needle Biopsy). ამ პროცედურის წვრილი ნემსით ჩატარებისას ხშირია მცდარი დადებითისა ან მცდარი უარყოფითის შედეგები.
გარდა ამისა, უნდა განვსაზღვროთ კიბოს ბიოლოგიური თვისებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად პერსონალიზირებული და სწორი მკურნალობის ტაქტიკა შევიმუშაოთ.
რა არის ძუძუს კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდები?
ყველაზე ხშირად ქირურგიული მკურნალობას ანუ წარმონაქმნის ამოკვეთას მივმართავთ. კეთდება შემანარჩუნებელი ოპერაცია, რა დროსაც ნაწილობრივი ამოკვეთა ხდება ან მასტექტომია, ძუძუს მთლიანად მოკვეთა.
ასევე, ვნიშნავთ ქიმიოთერაპიასა და სხივური თერაპიას. პირველ შემთხვევაში მედიკამენტებით მთლიან სხეულზე ვქმედებთ იმისათვის, რომ, არსებობის შემთხვევაში, თვალისთვის უხილავი უჯრედებიც გავანადგუროთ. სხივური თერაპია კი ლოკალური მკურნალობაა მკერდსა და მის მიმდებარე ზონებზე. ამ დროს უხილავი უჯრედების განადგურება აჩქარებული წვრილი ნაწილაკებით ხდება.
ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ძირითადად ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით. ისინი ცალ-ცალკე არ გამოიყენება და ერთმანეთის დამხმარე და შემავსებელი მეთოდებია.
ინიშნება მედიკამენტოზური ანუ ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია, იმუნოთერაპია და სხვა. მათი კომბინაციები ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით იცვლება.
რამდენად წარმატებულია ხოლმე დღეს ონკოპლასტიკური ოპერაციები? რამდენად განვითარდა ეს დარგი უკანასკნელ წლებში?
დღეს ძუძუს შენარჩუნება შეგვიძლია მაშინაც, როცა სიმსივნე ძალიან დიდია. ეს კი შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით. ეს დარგი სწრაფად ვითარდება და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.
პლასტიკური ქირურგი მნიშვნელოვანი წევრია იმ მულტიდისციპლინური გუნდისა, რომელიც პაციენტის მკურნალობას უძღვება. წარმონაქმნის ამოკვეთის შემდეგ პროცესში სწორედ ის ერთვება, რათა აღადგინოს მკერდის ფორმა და სიმეტრია.
პლასტიკური ქირურგიით შესაძლებელი გახდა ძუძუს აღდგენა მასტექტომიის შემდეგაც. დღეს დღეობით არსებობს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული მასტექტომია რომლის დროსაც ძუძუს კანის საფარველის დვრილის და არეოლის შენარჩუნება არის შესაძლებელი და იმანტით რეკონსტრუქციის შემდეგ არაჩვეულებრივ ესთეტიკურ შედეგებს ვაღწევთ. იმ შემთხვევაში როდესაც დვრილი და არეოლა მოკვეთილია მათი აღდგენა და რესკონსტრუციაც არის შესაძლებელი. უმეტესად, ქალები საოპერაციო ოთახიდან მკერდის გარეშე აღარ გამოდიან.
პლასტიკური ქირურგი ძუძუს რეკონსტრუქციას ძირითადად ორი მეთოდით აკეთებს. ერთ შემთხვევაში სარძევე ჯირკვალში იმპლანტის ჩადგმა და ძუძუს ფორმის აღდგენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაშინვე ხდება. მეორე შემთხვევაში კი, როცა მასტექტომის შემდეგ ქსოვილების მდგომარეობა არ აკმაყოფილებს პლასტიკურ ქირურგს და იმპლანტის ჩადგმა ვერ ხერხდება, იდგმება ე.წ. ექსპანდერი. ის დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ბურთივით იბერება ქირურგის მიერ და ნელ-ნელა ამზადებს კანს, ქსოვილებს და კუნთებს საბოლოო რეკონსტრუქციისთვის.
რა მნიშვნელობა აქვს რობოტულ ქირურგიას სარძევე ჯირკვლის მკურნალობის პროცესში?
მკერდი ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოკვეთა ქალზე ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ მოქმედებს.
რობოტული ქირურგიის მთავარი იდეაა, რომ ოპერაცია, რაც შეიძლება არაინვაზიურად ჩატარდეს, ნაკლები დაზიანებით, ჭრილობით და ნაწიბურით დასრულდეს.
რობოტული ქირურგიის დახმარებით შეგვიძლია სულ მცირე განაკვეთი გავაკეთოთ, რომელშიც პატარა მოქნილი ინსტრუმენტები შეგვყავს და მას დისტანციურად ვმართავთ. მასზე დამაგრებული კამერა კი გაცილებით უკეთეს გამოსახულებას გვაძლევს და პატარა დეტალების შემჩნევაც უფრო მარტივია.
ასეთ ოპერაციებს ჯერ კლინიკური კვლევის ფარგლებში ვატარებთ. მის ყოველდღიურობაში დამკვიდრებამდე მეტი კვლევა გვჭირდება, რობოტი დასახვეწია ტექნიკურადაც. თუმცა, სწორედ ის არის ქირურგიის მომავალი.
ნიკოლოზ ფერაძე თოდუას კლინიკას ესტუმრება, რომლის ფარგლებშიც მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად კონსილიუმებს დაესწრება.
27, 28, 29 ოქტომბერს 11:00-17:00 საათამდე ჩატარდება პაციენტებისთვის კონსულტაციები.
წინასწარი ჩაწერისთვის დარეკეთ ნომერზე – 2 57 57 57