ტკივილი სახის, თვალის, კბილისა და ყურის მიდამოში

შესაბამის ზონებში არსებულ ნერვთა დაზიანების გარდა, ტკივილი შესაძლოა უმიზეზოდაც აღმოცენდეს. შეტევას თან სდევს სახის ჰიპერემია (წამოწითლება), ცრემლდენა, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, ზოგჯერ - შეშუპება, ჰერპესული გამონაყარი, მიმიკური კუნთების მოძრაობითი აქტიურობა. იშვიათად აღინიშნება კანის მგრძნობელობის დარღვევაც.
გადაუდებელი დახმარება: სამწვერა ნერვის ნევრალგიის შეტევების დროს ინიშნება ფინლეპსინი, ტრანკვილიზატორები (სედუქსენი და სხვა) და ანტიჰისტამინური პრეპარატები (დიმედროლი, პიპოლფენი და სხვა) B ჯგუფის ვიტამინებსა და ნიკოტინის მჟავასთან ერთად. ექიმთან ვიზიტზე აღარაფერს ვამბობთ, რადგან ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი ჩქარობენ ექიმთან მისვლას. ენა-ხახის ნევრალგიისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი ხახის, ენის ძირის, ქვედა ყბის კუთხის, სასმენი არხის, ყურის ნიჟარის წინა ნაწილის მიდამოებში. სხვათა შორის, შეტევის დასაწყისს ლაპარაკი ან საკვების მიღება აპროვოცირებს. შეტევას თან სდევს პირის სიმშრალე და სქელი წებოვანი ნერწყვის გაჩენა. გადაუდებელი დახმარება: ამ დროს საკმაოდ ძლიერ ეფექტს იძლევა რბილი სასის უკანა ნაწილისა და ნუშისებრი ჯირკვლების მიდამოზე 10%-იანი ნოვოკაინის ხსნარის წასმა. ცხვირ-წამწამის ნერვის ნევრალგიას ახასიათებს შეტევითი ხასიათის, ძალიან მწვავე ტკივილი თვალის კაკლის მიდამოსა და ცხვირის ნახევარში. ტკივილი ღამით ძლიერდება. შუბლისა და ცხვირის კანი შეწითლებული და შეშუპებულია. ზოგჯერ გამონაყარიც ჩნდება. თვალის დათვალიერებისას კონიუნქტივიტი, კერატიტი და სისხლჩაქცევებიც კი შეიმჩნევა. ცხვირიდან, რომლის ლორწოვანი გარსი შეშუპებულია, იმატებს გამონადენი. დაავადებას ხშირად უკავშირებენ ცხვირის ძგიდის გამრუდებას და ყბა-კბილის სისტემის დაავადებებს. ცხვირწამწამოვანი ნერვის ნევრალგიის მოსახსნელად ცხვირის ღრუს წინა ნაწილის ლორწოვან გარსზე საავადმყოფოს პირობებში პაციენტს უსვამენ კოკაინის 5%-იან ხსნარს ადრენალინთან ერთად. ანგიონევრალგიის დროს საერთო სისუსტის ფონზე წარმოიშობა შეტევითი ხასიათის მბურღავი, არცთუ ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც გარეთა საძილე არტერიის ტოტების მიდამოს მიუყვება. ზოგჯერ აღინიშნება ყრუ ტკივილი, რომელიც გადაეცემა საფეთქლისა და შუბლის, თვალისა და ცხვირის მიდამოებს. არცთუ იშვიათად შეინიშნება კონიუნქტივიტის განვითარება და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. ტკივილის შეტევა შესაძლოა პროვოცირებული იყოს ალკოჰოლის მიღებით, ნაყინის ჭამით. ყველაზე ხშირად იგი ვითარდება გონებრივი გადაღლისა და ემოციური სტრესის ფონზე. აღინიშნება ნერწყვდენისა და ცრემლდენის გაძლიერება. ანგიონევრალგიის დროს გადაუდებელი დახმარების სახით აუცილებელია გაკეთდეს ნოვოკაინური ბლოკადა (ნოვოკაინის 1%-იანი ხსნარით) სისხლძარღვების გასწვრივ.
თვალის ტკივილი
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გლაუკომის დროს თვალის ტკივილი დაკავშირებულია თვალშიგა წნევის მომატებასთან, თუმცა ამ დაავადების აუცილებელ სიმპტომს არ წარმოადგენს. გლაუკომის დროს ტკივილს თან სდევს თვალზე ბინდის გადაკვრა, თვალწინ ფერადი რგოლების გაჩენა. სპეციფიკური გამოკვლევისას ვლინდება თვალშიგა წნევის მომატება 35-50 მმ ვწყ. სვ-მდე. ხშირად ტკივილთან ერთად ქვეითდება მხედველობის სიმახვილეც. გადაუდებელი დახმარება: გლაუკომის დროს არსებული ტკივილის დროს საჭიროა 1-2 წვეთი ერთ ან ორპროცენტიანი პოლიკარპინის ხსნარის დღეში ორ-სამჯერ ჩაწვეთება. ეს მანიპულაცია ტკივილს ამცირებს, მაგრამ მისი გამოყენება ყოველთვის არ შეიძლება. გლაუკომაზე თუნდაც მცირედი ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის ოფთალმოლოგთან მიყვანა, რადგან მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია ჩაატაროს ყველა აუცილებელი გამოკვლევა და ავადმყოფს ინდივიდუალურად შეურჩიოს მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა, რომელიც გაცილებით ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაზე. ხოლო დაუძლეველი გლაუკომის მწვავე შეტევა პირდაპირი ჩვენებაა სასწრაფო ქირურგიული ჩარევისათვის. რქოვანას ეროზია რქოვანას ზედაპირული დაზიანების შედეგად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი, თვალში ჭრის შეგრძნება, ცრემლდენა და სინათლის შიში. დიაგნოზი კლინიკური სურათისა და სპეციფიკური გამოკვლევების შედეგად ისმება. გადაუდებელი დახმარება: ნატრიუმის სულფაცილის 30%-იანი ხსნარის ჩაწვეთება (1-2 წვეთის), სინტომიცინის ემულსიის, თიამინის მალამოს კონიუნქტივის ჩანთაში შეტანა. პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.
კბილის ტკივილი
კარიესი. მცირე ლაქის სტადიაში ტკივილი თითქმის არასდროს აღინიშნება. ზედაპირული კარიესის დროს მცირე ინტენსივობის ტკივილი მექანიკური და ქიმიური ბუნების გამღიზიანებლების არსებობისას, ასევე ინსტრუმენტით კარიესული ღრუს გამოკვლევისას იჩენს თავს. საშუალო სიღრმის კარიესის დროს გამღიზიანებლების ზემოქმედებით გამოწვეული ტკივილი უფრო ინტენსიურია, ღრმა კარიესის დროს კი აღინიშნება ძლიერი ტკივილი. მისთვის დამახასიათებელია ერთი ნიშანი: ტკივილი გრძელდება გამღიზიანებელი აგენტის მოქმედების დროს და ამ უკანასკნელის მოშორებისთანავე ქრება.
პულპიტი. იგი ღრმა კარიესის, კბილის ტრავმის (გვირგვინის ჩამოტეხა, კარიესის მკურნალობა და სხვა), კბილზე მეტისმეტად ძლიერი თერმული თუ ქიმიური ბუნების გამღიზიანებლების მოქმედებისშემდგომი გართულებაა. მისი ნიშანია მწვავე, თვითნებური, შეტევისმაგვარი კბილის ტკივილი, რომელიც ღამით ცხელი ან ცივი, მჟავე, მარილიანი საკვების ზემოქმედებით ძლიერდება, ტკივილი შეიძლება წარმოიშვას კარიესული ღრუს ფსკერის დამუშავების ან პერკუსიის (დარტყმის, დაკაკუნების) დროსაც. ზოგჯერ ტკივილი გაფანტულია, ზოგჯერ ყურის მიმდებარე მიდამოში ან საფეთქელში გადაეცემა.
პერიოდონტიტი, პერიოდონტის ანთება (ეს ის ქსოვილია, რომელიც კბილის ფესვს შემოსაზღვრავს), ამ ქსოვილებზე ანთებითი პროცესის გავრცელების, კბილის ტრავმისა და ტოქსიკური აგენტების ზემოქმედების შედეგად წარმოიშობა. მწვავე პერიოდონტიტისთვის დამახასიათებელია კბილის მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება კბილზე დარტყმის ან მასზე დაწოლის შედეგად. იქმნება ისეთი შეგრძნება, თითქოს კბილი სხებზე უფრო გრძელი გახდა. ვითარდება თავის ტკივილი, სისუსტე, კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ლორწოვანი გარსის სიწითლე და შეშუპება. რეგიონული ლიმფური კვანძები შესაძლოა გადიდებული და მტკივნეული იყოს. ქრონიკული პერიოდონტიტის დროს ტკივილი ნაკლებინტენსიურია. ტკივილი, რომელიც კბილის მყარი ქსოვილების, სისხლძარღვოვან-ნერვული აპარატისა და კბილის მიმდებარე ქსოვილების დაზიანების შედეგად წარმოიშობა, ლოკალურია და, როგორც წესი, მექანიკური ან თერმული გამღიზიანებელი იწვევს. ნევრალგიური ტკივილი მეტი ინტენსივობისაა და ვრცელდება სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ღეროების გასწვრივ სახის შესაბამის ნაწილში. დახმარება: პირველი გზა პროფილაქტიკაა, ანუ თუ დავიცავთ განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ყველამ კარგად იცის, მაგრამ ცოტა თუ იცავს, კარიესის, მისი გართულებებისა და სხვა დაავადებების განვითარების ალბათობა საკმაოდ შემცირდება. ხსენებულ დაავადებებთან ბრძოლის მეორე გზა კი სტომატოლოგთან დროული ვიზიტია. კიდევ ერთიც: პროფილაქტიკა და ექიმთან დროული ვიზიტი გაცილებით ნაკლებ დანახარჯსა და დროს მოითხოვს, ვიდრე გართულებული დაავადებების მკურნალობა.