რამ შეიძლება გამოიწვიოს სახის არეში ტკივილი? - სხეულის ზედა ნაწილის არტერიების ანთება, გლაუკომა, სანერწყვე ჯირკვლის ანთება და კლასტერული თავის ტკივილი
ტრიგემინალური ნევრალგია ანუ სამწვერა ნერვის ნევრალგია
სამწვერა ნერვის ნევრალგია სახის ძლიერი ტკივილი ახასიათებს, რომელსაც თავის ტვინის მე-5 (სამწვერა) ნერვის ფუნქციის მოშლა იწვევს.
პაციენტებს დროდადრო აწუხებთ ხანმოკლე, გაელვებისმაგვარი, გაუსაძლისი, მჭრელი ტკივილი, რომელიც სახის ქვედა ნაწილში ვითარდება.
მიზეზი ხშირად უცნობია, მაგრამ ზოგჯერ დამნაშავე არტერიაა, რომელიც, ანომალიური მდებარეობის გამო, სამწვერა ნერვს აწვება.
შაკიკი
შაკიკის დროს ვითარდება მოპულსირე, მფეთქავი თავის ტკივილი, რომელიც საშუალო სიმძიმის ან ძლიერია. პაციენტს შესაძლოა თავი ცალ ან ორივე მხარეს სტკიოდეს. საქმიანობა, შუქი, ხმაური და სუნი აუარესებს მას. ამასთანავე, ვლინდება გულისრევა, ღებინება, მომატებული მგრძნობელობა სინათლესა და ხმაზე.
სინუსიტი
სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა.
სინუსიტის ნიშნებია:
- ცხვირიდან ჭარბი გამონადენი;
- თავის ტკივილი;
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად - ცალი ნესტოთი;
- ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში;
- სინათლის შიში;
- ცრემლდენა;
- სხეულის ტემპერატურის მომატება.
ტკივილი ყოველთვის არ არის შემოფარგლული - ზოგჯერ ის საკმაოდ ვრცელ უბანს მოიცავს, ზოგჯერ კი შუბლის, საფეთქლის მიდამოში აღმოცენდება და ერთსა და იმავე დროს იწყება. შესაძლოა, შესივდეს ლოყა ან ზედა ან ქვედა ქუთუთო.
ძგიდის გამრუდება
ცხვირის ძგიდე ცხვირის ყველაზე დიდი ხრტილია. იგი ცხვირის ღრუს ორ ტოლ ნაწილად - მარჯვენა და მარცხენა ნესტოებად - ყოფს.
ცხვირის ძგიდის ორნაირი დაზიანება არსებობს: მოტეხილობა და გამრუდება.
ტრავმის დროს ცხვირის ძგიდე უმეტესად მცირე ასაკში ტყდება, რადგან ბავშვების ხრტილოვან ქსოვილში ელასტიკური და რბილი ბოჭკოები სჭარბობს მყარ ხრტილოვან ქსოვილს. რაც შეეხება მოზრდილებს, მათ უფრო ხშირად აღენიშნებათ ძგიდის არა მოტეხილობა, არამედ გამრუდება.
ყბის პრობლემები
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებს იწვევს ყბის კუნთების, სახსრების ან მათი დამაკავშირებელი ფიბროზული ქსოვილის მხრივ წარმოქმნილი პრობლემები. ადამიანს შეიძლება აწუხებდეს თავის ტკივილი, საღეჭი კუნთების მტკივნეულობა ან სახსარში ტკაცუნის ხმა ესმოდეს.
კლასტერული თავის ტკივილი
ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილისას შეგრძნება საკმაოდ ძლიერია და ვითარდება თავის ცალ მხარეს, საფეთქელთან ან თვალის გარშემო, შედარებით ხანმოკლე (30 წუთიდან 1 საათამდე). ტკივილები 1-3 თვის განმავლობაში აწუხებს ადამიანს, შემდეგ კი თვეების ან წლების მანძილზე ქრება.
გაუსაძლისი ტკივილი თავის ცალ მხარეს ვითარდება, თან ახლავს იმავე მხარეს ნესტოდან გამონადენი და თვალის აცრემლიანება.
სანერწყვე ჯირკვლის ინფექცია
სიალადენიტი ანუ სანერწყვე ჯირკვლის ანთება. ნერწვის გამომყოფი ჯირკვალი ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად ზიანდება. მისთვის დამახასიათებელი ტკივილი ლოკალიზებულია ლოყის ან ნიკაპის არეში. ამასთა, ანთებას შემცივნება, ცხელება ან პირის ღრუში უსიამოვნო გემო(ჩირქის) შეიძლება ერთვოდეს თან.
კბილის აბსცესი
ბაქტერიები ღრძილებს, მინანქარს, კბილის ძვლოვან ნაწილს აზიანებენ. აბსცესის დროს ჩირქი წარმოიქმნება, რომლის ზეწოლაც ძლიერ ტკივილს იწვევს, რაც ყურის, ყბისა და თავის არეშიც შეიძლება გავრცელდეს. ამ დროს ყბა, ღრძილები და სახის არე შესიებული და შეწითლებულია.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა
გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებაა (რაც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია გაზრდილ თვალშიდა წნევასთან), რომელიც მხედველობის პროგრესირებად, შეუქცევად დაკარგვას იწვევს.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა: თუ თვალშიდა წნევამ სწრაფად მოიმატა დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს (მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა), უეცრად იწყება თვალისა და თავის ძლიერი ტკივილი, სიწითლე, მხედველობის დაბურვა, ცისარტყელას ფერების რგოლები ჩნდება შუქის გარშემო და მხედველობა უცებ ქვეითდება. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა და ღებინება თვალშიდა წნევის გაზრდის საპასუხოდ. მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა გადაუდებელი მდგომარეობაა, რადგან მკურნალობის გარეშე ადამიანმა მხედველობა სიმპტომების გაჩენიდან 2-3 საათში შეიძლება დაკარგოს.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი
გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი თავის, კისრის და სხეულის ზედა ნაწილის დიდი ზომის არტერიების ქრონიკული ანთებაა. ტიპურია საფეთქლის არტერიის დაზიანება, რომელიც საფეთქლის არეში გაივლის და სისხლს აწვდის სკალპის ნაწილს, ქვედა ყბის კუნთებს და სანერწყვე ჯირკვლებს.
დამასახიათებელია ძლიერი, მოპულსირე თავის ტკივილი, სკალპის ტკივილი თმის ვარცხნისას და ქვედა ყბის ტკივილი ღეჭვის დროს.
ჰერპესი
მტკივნეული, ბუშტუკოვანი გამონაყარი მუცელზე, მკერდსა და ზურგზე. თუმცა ის შეუძლება სახეზეც გაჩნდეს, რასაც თან ახლავს წვა, ჩხვლეტა, ქავილი და ტკივილი.