პრურიტი

ფხანა უფრო აძლიერებს ქავილს, სიწითლეს და კანის ანთებას, რაც კვლავ მოქავების სურვილს იწვევს. ამგვარად, ადამიანი მანკიერ წრეში ებმება, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე ადვილია. ქავილი საკმაოდ სერიოზული სიმპტომია. იგი სახეცვლილი ტკივილია, რომელიც გამოწვეულია კანის იმ ნერვულ დაბოლოებათა გაღიზიანებით, რომლებიც ასევე რეაგირებენ ტკივილზე.
ქავილის მექანიზმი
ადამიანის კანი ერთგვარი რეცეპტორებით დანაღმული ველია - მის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 5000-მდე მგრძნობიარე ნერვული დაბოლოება, ტკივილის ორასი, სიცივის თორმეტი, სითბოს ორი და წნევაზე მორეაგირე ოცდახუთი რეცეპტორია, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ უმაღლეს ნერვულ სისტემასთან. რეცეპტორებით განსაკუთრებით მდიდარია სახის, თავისა და კიდურების კანი. ისინი დაუყოვნებლივ რეაგირებენ (თავის ტვინს ინფორმაციას გადასცემენ) გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელსაც ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა შეუძლია და ამით მას საიმედოდ იცავენ. ქავილის რეცეპტორები კანის მხოლოდ ზედა შრესა და ლორწოვან გარსზე (თვალები, ყურები, ცხვირი და ყელი, ანალური ხვრელი, ურეთრა და გენიტალიები) მდებარეობს. ისინი საერთოდ არ არიან კუნთებში, სახსრებსა და შინაგან ორგანოებში, ამიტომაც ადამიანს არასოდეს ექავება სხეულის ეს ნაწილები. სულ ცოტა ხნის წინათ გაირკვა, რატომ აქრობს ფხანა ქავილის შეგრძნებას - თურმე მოქავებისას ზურგის ტვინში იბლოკება იმ ნერვულ უჯრედთა მოქმედება, რომლებიც თავის ტვინს ქავილის შესახებ სიგნალებს გადასცემენ. კანმა თავდაცვითი ფუნქცია სრულფასოვნად რომ შეასრულოს, აუცილებელია, მისი ზედა შრე მუდმივად ნოტივდებოდეს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტით. არასაკმარისი დატენიანებისას კანი შრება და იქერცლება, შიშვლდება მისი ზოგიერთი უბანი და აღმოცენდება ქავილი, ზედმეტად დატენიანებისას კი იჯირჯვება და მიკროორგანიზმებისთვის ადვილად შესაღწევი ხდება. ყველაზე ხშირად ზიანდება ის ადგილი, სადაც ერთი უბნის კანის ზედაპირი მეორე უბნისას ეხება: შორისის მიდამო, ბოქვენის არე, სარძევე ჯირკვლების ქვეშ, ზედა და ქვედა კიდურების თითებშუა, ნაწოლების და წყლულების ირგვლივ არსებული მიდამო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქავილის შესაძლო მიზეზები
კანის სიმშრალე
კანის სიმშრალე ქავილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. იგი გამოწვეულია ოფლისა და ცხიმის ჯირკვლების ფუნქციათა დაქვეითებით. ყველაზე ხშირად ასეთი რამ ხანში შესულ ადამიანებს ემართებათ წლის ცივ პერიოდში, როდესაც კანი გარემო პირობების გამო ისედაც მშრალია და ადვილად იქერცლება. კანის სიმშრალე აგრეთვე ახასიათებს ჰიპოვიტამინოზებს, კერძოდ, A, C და B ჯგუფის ვიტამინთა დეფიციტს.
ფსიქოემოციური მოვლენები
კანის ქავილი საკმაოდ ხშირია სტრესის, მღელვარების, მომატებული აგზნებადობისა და შფოთვის დროს. სტრესი ხშირად აძლიერებს ქავილს, რომელიც სულ სხვა მიზეზით არის გამოწვეული. მაგალითად, ფსიქიკის ზოგიერთი დარღვევისა და ფსიქოსტიმულატორების ბოროტად გამოყენების დროს შესაძლოა ადამიანს სხეულში, კანქვეშ, მწერების ცოცვის შეგრძნება გაუჩნდეს, თანაც იმდენად ძლიერი, რომ პარაზიტის მოსაცილებლად სხეულის პინცეტით ან ლანცეტით დასახიჩრებასაც კი არ მოერიდოს.
ორსულობა
ორსულობისას, განსაკუთრებით - მის მეორე ნახევარში, ზოგჯერ თავს იჩენს ქავილი. იგი შესაძლოა უკავშირდებოდეს ღვიძლის გადატვირთვას ან სხვა მიზეზს. მშობიარობის შემდეგ ქავილი თავისთავად გაივლის.
ულტრაიისფერი სხივები
ქავილი თავს იჩენს მზით დამწვრობისა და ფოტოდერმატიტის დროს, როდესაც მზის სინათლის გავლენით კოსმეტიკის, მედიკამენტებისა და კვებითი დანამატების შემადგენელი ნივთიერებები გარდაიქმნებიან ისეთ ნაერთებად, რომლებიც პროვოცირებას უწევენ კანის პიგმენტაციასა და ქავილს.
პარაზიტები მწერები
ქავილის მიზეზია ადამიანის სხეულზე მოსახლე პარაზიტები: ტილები, მიკროსკოპიული ტკიპა, რომელიც პირდაპირ კანში დებს კვერცხებს. პრურიტი აგრეთვე ახასიათებს პარაზიტული ჭიებით ინვაზიას.
კანის სოკო
სოკო აზიანებს ფრჩხილებს, ხელისგულებს, ტერფებს, შორისისა და ბოქვენის არეს, თავისა და ტანის თმიან ნაწილს, რაც სხვადასხვა ინტენსივობის (დაწყებული უმნიშვნელოთი, დამთავრებული ძლიერ ინტენსიურით) ქავილს იწვევს.
მოხუცებულთა ქავილი
მოხუცებულთა ქავილს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ასაკობრივი გადაგვარება და კანის სიმშრალე იწვევს. ქავილის ეს ტიპი უნივერსალურია. განსაკუთრებით ინტენსიურია მუხლების, თეძოებისა და ხერხემლის არეში. არცთუ იშვიათია ანალური და სასქესო ორგანოთა ქავილიც. ხანში შესულთა ქავილი შეტევისმაგვარია და უმეტესად ბანაობის ან შხაპის მიღების შემდეგ იწყება. მას კანის სიმშრალე და ავიტამინოზი იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, მიზეზი ღვიძლის ფუნქციათაAდარღვევაც იყოს.
შინაგანი დაავადებები
ალერგია ქავილის ერთ-ერთი პირველი მიზეზია. ეს არის ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია ზოგიერთ მედიკამენტთან, მცენარესთან, მწერის ნაკბენთან, ქიმიურ ნივთიერებასთან კონტაქტზე და სხვა.
კანის დაავადებები - ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა, მუნი, პედიკულოზი - სწორედ ქავილით ვლინდება. ზოგჯერ ის ამ დაავადებათა ერთადერთი სიმპტომიც კია.
ენდოკრინული მოშლილობანი - ამ მიზეზით გამოწვეული ქავილი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. მას ქრონიკული ხასიათი აქვს და მხოლოდ ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ გაივლის.
ღვიძლის დაავადებები - ნაღვლის დინების შეფერხებისას აღმოცენდება კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე და ძლიერი ქავილი.
სისხლის დაავადებები - პრურიტი თან სდევს როგორც კეთილთვისებიან, ისე ავთვისებიან პათოლოგიებს.