ქავილი – პრურიტი
პრურიტი შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე, ლოკალური, როდესაც ქავილი კანის რომელიმე კონკრეტულ უბანზე შეიგრძნობა და გენერალიზებული, როდესაც ადამიანს მთელი სხეული ექავება.
მოქავება იწვევს ქავილის კიდევ უფრო გაძლიერებას, გაწითლებას და ფრჩხილებით გაკაწრული კანის დაზიანებას და ზოგჯერ მასში ინფექციური პროცესის შეჭრას.
ინტენსიური ქავილი იწვევს კანის მეორეულ ცვლილებებს და მის დეჰიდრატაციას ან ინფიცირებას, თავის მხრივ, კანის მთლიანობის დარღვევა და მისი ბარიერული ფუნქციის მოშლა აძლიერებს ქავილს.
შესაბამისად, ადამიანი ე.წ. მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდება ხოლმე: ქავილი – მოქავება – ქავილი, საიდან თავის დაღწევაც არც ისე მარტივია, რადგანაც ზოგიერთს ქავილის გამო სერიოზულად ერღვევა ძილი და საგრძნობლად უარესდება მისი ცხოვრების ხარისხი.
ქავილი დაავადება როდია, იგი ერთ-ერთი სიმპტომია კანის ზოგიერთი დაავადების, შინაგანი ორგანოების ან ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევის.
იმ შემთხვევაში, როდესაც ქავილის მიზეზი უცნობია, იგი საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს: ძლიერი, ხანგრძლივია და მას სხვა გამაღიზიანებელი ნიშნებიც დაერთვის.
რატომ გვექავება?
ქავილს იწვევს სხვადასხვა გამღიზიანებლის სტიმულები, მათ შორის მსუბუქი შეხება, ვიბრაცია, შალის ქსოვილთან შეხება. არსებობს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება და მექანიზმები, რომლებიც ქავილის გამოწვევაში მონაწილეობენ.
ქიმიურ ნაერთებს შორის, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ე.წ. ქავილის გამომწვევი – პრურიტოგენური მედიატორები, ჰისტამინი, რომელიც სინთეზდება და გროვდება კანის ცხიმოვან უჯრედებში და გამოთავისუფლდება სხვადასხვა სტიმულის საპასუხოდ. ნეიროპეპტიდები ასევე იწვევენ, ერთი მხრივ, ჰისტამინის გამოყოფას, მეორე მხრივ, თავად აპროვოცირებენ ქავილს, მსგავსი მოქმედება გააჩნია ოპიოიდებს, ისინი ხასიათდებიან ცენტრალური პრურიტოგენური მოქმედებით, ასევე ასტიმულებენ პერიფერიულ ქავილს.
ადამიანის კანზე უამრავი რეცეპტორია, რომელთა მთავარი ფუნქციაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ თავის ტვინის დროული ინფორმირებაა. რეცეპტორებით განსაკუთრებით მდიდარია სახის, თავისა და კიდურების კანი. ისინი თავის ტვინს დაუყოვნებლივ გადასცემენ ინფორმაციას გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელსაც ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა შეუძლია და ამით მას საიმედოდ იცავენ.
ერთგვარი დამცავი რეცეპტორებია ქავილის აღმქმელი რეცეპტორებიც, ისინი მდებარეობენ კანის მხოლოდ ზედა შრესა და ლორწოვან გარსზე: თვალები, ყურები, ცხვირი და ყელი, ანალური ხვრელი, ურეთრა და გენიტალიები.
ქავილის აღმქმელი ნეირონები გამოირჩევიან მექანიკური ან ტკივილის აღმქმელი ნეირონებისგან, ისინი შეიცავენ MrgA3 რეცეპტორს, რომლის სტიმულაციაც იწვევს ქავილს.
რატომ ქრება ან მცირდება ქავილი ფხანისას? იმიტომ, რომ ქავილისას ზურგის ტვინში იბლოკება იმ ნერვულ უჯრედთა მოქმედება, რომლებიც თავის ტვინს ქავილის შესახებ სიგნალებს გადასცემენ.
ანალოგიური რეცეპტორებით აღჭურვილი არ არიან კუნთები, სახსრები და შინაგანი ორგანოები, ამიტომაც ადამიანს ეს ორგანოები არასოდეს ეფხანება.
ქავილის მექანიზმი
ცნობილია ქავილის ფორმირების 4 მექანიზმი:
- დერმატოლოგიური;
- სისტემური;
- ნეიროპათიური;
- ფსიქოგენური.
დერმატოლოგიური მექანიზმის გამშვები, ჩვეულებრივ, კანის ანთებითი ან სხვა რომელიმე პათოლოგიური პროცესია, მაგალითად, ეგზემა ან ჭინჭრის ციება.
სისტემური მექანიზმი უკავშირდება სხვა ორგანოთა დაზიანებას, მაგალითად, ქოლესტაზი და სხვა;
ნეიროპათიური მექანიზმი ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი.
ფსიქოგენური მექანიზმი ფსიქიკურ და ფსიქიატრიულ დარღვევებთანაა ასოცირებული.
ქავილის გამომწვევი მიზეზები
კანის დაავადებები:
- კანის სიმშრალე;
- ატოპიური დერმატიტი – ეგზემა;
- კონტაქტური დერმატიტი;
- ჭინჭრის ციება;
- ჩუტყვავილა, წითელა, ქუნთრუშა;
- კანის სოკოვანი ინფექციები;
- ზოგიერთი ინფექცია, რომელიც აზიანებს კანის ზედა შრეს: ფოლიკულიტი და იმპეტიგო.
სისტემური დაავადებები
ამ შემთხვევაში სისტემური პათოლოგიისას ქავილი ვითარდება როგორც გამონაყარით, ისე მის გარეშეც.
იმ შემთხვევაში, თუ გენერალიზებული ქავილი ჩნდება რაიმე ხილული გამონაყარის გარეშე, სისტემური ქავილისა და წამლისმიერი რეაქციის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
სისტემური ქავილი კანის დაავადებებთან შედარებით ნაკლები სიხშირით გვხვდება, მისი ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- ალერგიული რეაქციები საკვებზე, წამალზე ან მწერთა ნაკბენზე;
- ქოლესტაზი, ნაღვლის ბუშტის უუნარობა ზოგიერთ ტოქსინთან მიმართებით;
- ღვიძლის (ჰეპატიტები) და თირკმელების (ქრონიკული) დაავადებები;
- ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია: ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი;
- სისხლის ზოგიერთი დაავადება: რკინის დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია, ჭეშმარიტი პოლიციტემია;
- სამკურნალო პრეპარატები: მათ შეუძლიათ ქავილის გამოწვევა როგორც ალერგიული რეაქციების შედეგად, ისე უშუალოდ ჰისტამინის გადმოსროლის გამო, ყველაზე ხშირად ქავილი დამახასიათებელია მორფინის, აგრეთვე საკონტრასტო ნივთიერების შიდავენური შეყვანის შემდეგ.
ნერვული დარღვევები
- ნევრიტები და ნევრალგია;
- ზოგიერთი სიმსივნური დაავადება, როგორებიცაა ავთვისებიანი მელანომა, ლეიკემია და ლიმფომები, მრავლობითი მიელომა, თავისა და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეები.
სამკურნალო მეთოდები
კანის გენერალიზებული ქავილი დამახასიათებელი რეაქციაა ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის თერაპიაზე: ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ან ამ ორი ტიპის კომბინირებული გამოყენებისას;
- ქავილი ასევე დამახასიათებელია მზის დამწვრობისა და მშრალი კანის – ქსეროზისთვის, განსაკუთრებით – ზამთრის პერიოდში;
- მას იწვევს პარაზიტული ჭიები, ტილები, მუნის ტკიპა;
- ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს ორსულობის პერიოდში;
- იგი კანის ასაკობრივი დაბერების ნიშანია.