გამონადენი

მათ უმრავლესობას დამცველობითი როლი აქვს, ნაწილი კი ცხოველქმედების პროცესებში მონაწილეობს და თავისი წვლილი შეაქვს ორგანიზმის როგორც მთლიანი სისტემის ჰარმონიულ არსებობაში. ამ მხრივ აღსანიშნავია თვალის, ცხვირის, პირის ღრუს, ყურის, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისა და წინამდებარე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული სეკრეტორული პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში გამომუშავდებიან და ერთი საერთო ტერმინით - გამონადენად მოიხსენიებიან.
მხედველობის ორგანოს სეკრეტი
ჩვენი თვალები დაფარულია თხელი ლორწოვანი ფირფიტით, რომელიც მუდამ სველია თვალბუდის ზედა ლატერალური კუთხის ფოსოში მდებარე საცრემლე ჯირკვალთა მიერ გამომუშავებული მხედველობის ორგანოს სეკრეტით - ცრემლით. თვალის ქუთუთოთა ჩაღრმავებები მუდმივად შეიცავს ცრემლს და ქუთუთოები მოძრაობისას თანაბრად ანაწილებენ მას რქოვანასა და სკლერაზე. ცრემლი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, აზოტოვან ნივთიერებებს, რომლებიც მას მლაშე გემოს აძლევს. სულ ახლახან გაირკვა, რომ იგი შეიცავს ლიპიდების კლასის წარმომადგენელ ოლეამიდს, ადრე კი ეგონათ, რომ ის მხოლოდ თავის ტვინის უჯრედებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იყო. მისი როლი ჯერჯერობით დაუდგენელია. ცრემლი თვალს გამოშრობისა და დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან იცავს. დამცავ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება ცრემლდენაც - თვალიდან სეკრეტის გარეთ გამოსვლა. ცრემლთან ერთად ორგანიზმს ტოვებს სტრესის ჰორმონები, რაც ფსიქოემოციურ სფეროში დიდი განტვირთვის მომტანია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ცხვირის ღრუს სეკრეტი
ცხვირის ღრუ ცხვირის შიგნით მოქცეული თავისუფალი სივრცეა, იგი საკმაოდ გრძელი არხია, რომელიც 5 გასასვლელით უკავშირდება თავის ქალას და 5 წიაღის დახმარებით გარე სამყაროს ცხვირ-ხახასთან აკავშირებს. ცხვირის ღრუ და მისი წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის ერთი ნაწილიც განსაკუთრებული დანიშნულების სასუნთქ ზონას უკავია. მისი მთავარი ფუნქცია ჰაერის დატენიანება და გაწმენდაა, რაც მოციმციმე წამწამოვანი ეპითელიუმით და ცხვირის ღრუს სეკრეტით - ლორწოთი ხორციელდება, რომელსაც სასუნთქი ზონის ლორწოვანი გარსის ჯირკვლისმაგვარი უჯრედები გამოიმუშავებს. ამ ზონის 1 სმ2-ზე დაახლოებით 150 ლორწოს გამომმუშავებელი ჯირკვალია.
სასუნთქი ზონის სეკრეტსაც დამცავი როლი აკისრია, იგი საიმედოდ აკავებს ცხვირის ღრუში ჰაერთან ერთად მოხვედრილ მტვრის ნაწილაკებს, მიკროორგანიზმებს და მათ მოციმციმე ეპითელიუმის დახმარებით გარეთ გამოდევნის. გარდა ამისა, ლორწოვანი გარსის სეკრეტი ორგანიზმიდან იმ მიკროორგანიზმების და უცხო აგენტების გამოდევნასაც უწყობს ხელს, რომლებმაც მოახერხეს ბრონქებში მოხვედრა, მაგრამ ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად, კვლავ ცხვირის ღრუში მოუწიათ გავლა.
სხეულის ყველა სხვა დანარჩენი ნაწილების მსგავსად, ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსსაც აქვს მისთვის ჩვეული მიკროფლორა, რომელსაც სასარგებლო და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები შეადგენენ. იმუნიტეტის დაქვეითება, სტრესი, ცუდი კვება, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და უმართებულო მიღება, ინფექციური დაავადებები სასარგებლო და პირობით პათოგენურ მიკრობებს შორის ბიოლოგიურ წონასწორობას არღვევს, უკანასკნელნი მოქმედების ხასიათს იცვლიან და საშიშ დაავადებათა გამომწვევებად ყალიბდებიან, რის გამოც მეტად მნიშვნელოვანი ხდება ორგანიზმიდან მათი დროული გამოდევნა. ამისთვის სასუნთქი ზონის სეკრეტორული უჯრედები აქტიურდებიან და ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი რაოდენობით ლორწოს წარმოქმნიან, რაც თვალნათლივ ვლინდება სურდოსა და ცხვირის ღრუდან უხვი გამონადენის სახით.
პირის ღრუს სეკრეტი
ადამიანის პირის ღრუ მოფენილია ორი სახის: წვრილი და მსხვილი სანერწყვე ჯირკვლებით, რომლებიც დღე-ღამეში 1000-1200 მლ პირის ღრუს სეკრეტს - ნერწყვს გამოყოფენ. წვრილი სანერწყვე ჯირკვლები ტუჩებზე, ლოყებზე, ენასა და სასაზეა მიმოფანტული, მსხვილი სანერწყვე ჯირკვალი კი სამია: ყბაყურა ჯირკვალი - იგი ყველაზე დიდია, მდებარეობს ყბისუკანა ფოსოში და სადინარით მეორე ძირითად კბილთან იხსნება, ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლები სადინარებით ერთმანეთს უერთდებიან და ისე იხსნებიან ენის ქვეშ. ნერწყვის 95-99% წყალია, 1-1,5% კი - ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. ორგანულთაგან იგი შეიცავს ცილოვან-ლორწოვან ნივთიერებას - მუცინს (იგი სეკრეტს ერთგვარ მოლიპულობას სძენს, რისი წყალობითაც ნერწყვით გაჟღენთილი საკვები ადვილად გადადის საყლაპავში), გლობულინებს, ამინომჟავებს, კრეატინინს, შარდმჟავას და შარდოვანას, ხოლო არაორგანულთაგან - კალიუმს, კალციუმს და სხვა მარილებს.
ნერწყვშია ნახშირწყლების მომნელებელი ორი ფერმენტიც: ამილაზა ანუ პტიალინი, რომელიც სახამებელს შლის და გლუკოზას მომნელებელი მალტაზა. ნერწყვს საკვების მონელებასთან ერთად მიკრობებთან ბრძოლა და პირის ღრუს გაწმენდაც ავალია, რაც უმთავრესად მუცინის დამსახურებაა, სწორედ იგი აუვნებლებს და ხოცავს პირის ღრუში მოხვედრილ მიკრობებს და მათ გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები, პირის ღრუს ან კუჭის ანთებითი პროცესები, საყლაპავი მილის დაავადებები, ინფექციები, სიმსივნეები არღვევენ ნერწყვის ნორმალურ გამოყოფას - სეკრეტის გამოყოფა ან სუსტდება, ან ძლიერდება, რაც ერთ შემთხვევაში (შემცირებისას) სათავეს უდებს პირის ღრუს მიკროფლორის გააქტიურებას და პირის ღრუს ლორწოვან გარსში ინფექციების განვითარებას, ენაზე ნადების წარმოქმნას, სტომატოლოგიური პათოლოგიების გაჩენას, მეორე შემთხვევაში კი (მომატებისას) არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.