შინაგან ორგანოთა ასაკობრივი ცვლილებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შინაგან ორგანოთა ასაკობრივი ცვლილებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემაა საყურადღებო.

  • გული და ასაკი

ასაკთან ერთად გული და სისხლძარღვები განსაზღვრულ ცვლილებებს განიცდის. ეს ნორმაა. თუმცა, ამავე დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე წლების განმავლობაში ახდენს გავლენას მავნე ფაქტორთა წყება, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია და უნდა ვეცადოთ კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით ძლიერი დარღვევებია მოსალოდნელი. თავდაპირველად ვეცდებით, აღვწეროთ ის ცვლილებები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის გულში ვითარდება დაბერების დროს.

  • გული

ადამიანის გულში არის უჯრედთა გროვა, სადაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ავტომატურად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსი - რიტმის წამყვანი. იმპულსი ვრცელდება გულის გამტარ სისტემაში და მის რეგულარულ შეკუმშვას უზრუნველყოფს. დაბერებისას გამტარ სისტემაში შესაძლოა ჩალაგდეს ფიბროზული ქსოვილი და ცხიმი, ანუ გაჩნდეს მათი დეპოზიტები. შესაძლოა, რიტმის წამყვანმაც დაკარგოს უჯრედთა განსაზღვრული ნაწილი. ეს ცვლილებები გულის შეკუმშვათა სიხშირის უმნიშვნელო დაქვეითებას იწვევს.

იშვიათი არ არის გულის, მეტადრე - მისი მარცხენა პარკუჭის, ზომის მცირედი მატება. გულის კედლები სქელდება, თუმცა მცირდება მის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობა. იკლებს დიასტოლის ანუ მოდუნების ფაზაში გულის პარკუჭების სისხლით ავსების სისწრაფეც.

აღწერილ ცვლილებათა გამო ჯანმრთელი ხანდაზმული ადამიანების ელექტროკარდიოგრამა მცირედ განსხვავდება ახალგაზრდების კარდიოგრამისგან. გულის რიტმის დარღვევა ანუ არითმია, მათ შორის - მოციმციმე არითმიაც, ხანში შესულებთან უფრო ხშირია.

გულის მიკროსკოპული აგებულების ნორმალური ასაკობრივი ცვლილებაა ლიპოფუსცინის - ეგრეთ წოდებული სიბერის პიგმენტის - ჩალაგება. გარდა ამისა, ვითარდება გულის კუნთის უჯრედების მსუბუქი დეგენერაცია. სქელდება და ელასტიკურობას კარგავს გულის სარქველები. ამის გამო ასაკოვან პირებთან გულის მოსმენისას არცთუ იშვიათად ვლინდება შუილი.

  • სისხლძარღვები

ადამიანის უდიდესი სისხლძარღვის, აორტის, რკალში არის სპეციალური რეცეპტორები - ბარორეცეპტორები. ისინი აღიქვამენ აორტაში წნევის ცვლილებებს და მის რეგულირებაში მონაწილეობენ. მათი მოქმედების შედეგია სისხლის წნევის მუდმივობის უზრუნველყოფაც სხეულის პოზიციის ცვლილებისას თუ სხვა ფიზიკური აქტივობისას. დაბერებასთან ერთად ბარორეცეპტორების მგრძნობელობა მცირდება, ამის კვალობაზე, სუსტდება არტერიული წნევის რეგულირების უნარიც. სწორედ ამით აიხსნება ხანდაზმულ პირებთან ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის (ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლისას წნევის ვარდნის) ეპიზოდები. წნევის დაქვეითება კი იწვევს თავბრუს, რადგან დაბალი წნევის დროს ტვინს ნაკლები სისხლი მიეწოდება.

ოდნავ სქელდება კაპილარების კედლებიც. ეს რამდენადმე ანელებს კაპილარის კედლის გავლით საკვები ნივთიერებებისა და ცვლის საბოლოო პროდუქტების ტრანსპორტირებას.

გულიდან გამომავალი უდიდესი სისხლძარღვი, აორტა, სქელდება, მყიფე, ნაკლებელასტიკური ხდება. ეს შესაძლოა სისხლძარღვის კედელში არსებული შემაერთებელი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებებით იყოს გამოწვეული. საბოლოოდ ეს ცვლილება შესაძლოა არტერიული წნევის მომატების, შედეგად კი გულის მუშაობის გაძნელების, გულის კუნთის გასქელების ანუ ჰიპერტროფიის მიზეზად იქცეს. აორტის მსგავსი ცვლილებები ვითარდება სხვა არტერიებშიც.

საზოგადოდ, ხანში შესულთა დიდ ნაწილს აქვს მაღალი არტერიული წნევა.

  • სისხლი

ასაკთან ერთად ოდნავ იცვლება სისხლიც. დაბერება ორგანიზმში სითხის შემცველობას ამცირებს. შედეგად სისხლის მოცულობაც იკლებს. სისხლძარღვებში ადრინდელზე ნაკლები სისხლი მიმოიქცევა.

დაქვეითებულია სტრესის ან დაავადების პასუხად სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, წარმოქმნის სისწრაფეც. ამიტომაა, რომ მცირედი სისხლის დაკარგვის შემთხვევაშიც კი იოლად ვითარდება ანემია.

თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების რაოდენობა უმეტესად არ იცვლება, თუმცა შესაძლოა შემცირდეს იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უჯრედების, ნეიტროფილების, რიცხვი და ბაქტერიებთან ბრძოლის უნარი.

  • ცვლილებათა ეფექტი

ჯანმრთელი გულის უწყვეტი მუშაობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა ნაწილის სათანადო სისხლმომარაგებას. დაბერებულ გულს შესაძლოა გაუჭირდეს ამ ფუნქციის შესრულება, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ თვალსაჩინო ხდება მაშინ, როცა გულის გაძლიერებული მუშაობაა საჭირო.


გულისადმი მოთხოვნას ზრდის:

  1. ზოგიერთი მედიკამენტი;
  2. ემოციური სტრესი;
  3. ფიზიკური დატვირთვა;
  4. ავადმყოფობა;
  5. ინფექცია;
  6. ტრავმა.

  • დაბერებასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის დაავადებები

  1. კორონარული არტერიების დაავადება - კლინიკურად ვლინდება მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული ტკივილით, ქოშინით ფიზიკური დატვირთვისას, ზოგჯერ - გულის შეტევით;
  2. სხვადასხვა სახის არითმია;
  3. ანემია - ხშირად დაკავშირებულია კვების დაქვეითებასთან, ქრონიკულ ინფექციასთან, საჭმლის მომნელებელი სისტემიდან (კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი) სისხლის კარგვასთან, სხვა დაავადებებთან ან მედიკამენტებთან;
  4. ათეროსკლეროზი - ის საკმაოდ ხშირია. ათეროსკლეროზული ფოლაქი ავიწროებს სისხლძარღვს და საბოლოოდ შესაძლოა მისი დახშობაც გამოიწვიოს;
  5. გულის შეგუბებითი უკმარისობა - ასევე ხშირია ასაკოვანთა შორის, 75 წლიდან - 10-ჯერ უფრო ხშირი, ვიდრე მანამდე;
  6. მაღალი არტერიული წნევა და ორთოსტატიკური ჰიპოტენზია - როგორც აღვნიშნეთ, გავრცელებული ასაკობრივი პრობლემებია; არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საუკეთესო მედიკამენტი ასაკოვანმა პირებმა ექიმის დახმარებით უნდა შეარჩიონ, რათა თავიდან აიცილონ მედიკამენტით გამოწვეული წნევის დაქვეითება და დაცემა;
  7. გულის სარქველების დაავადება - ყველაზე ხშირია აორტის ხვრელის სტენოზი;
  8. ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემიური შეტევა ან ინსულტი - ვითარდება, როცა ათეროსკლეროზის შედეგად ირღვევა ან წყდება ტვინის განსაზღვრული უბნისათვის სისხლის მიწოდება.

გარდა ამისა, ასაკი საგრძნობლად ზრდის შემდეგი დაავადებების რისკს:

  1. ღრმა ვენების თრომბოზი, თრომბოფლებიტი;
  2. პერიფერიული არტერიების დაავადება - გამოწვეულია ათეროსკლეროზით, ვლინდება სიარულის დროს წვივის კუნთების ძლიერი ტკივილით, რის გამოც ადამიანი იძულებული ხდება, შეჩერდეს და დაისვენოს;
  3. ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული გაგანიერება;
  4. ანევრიზმა - გულის ან თავის ტვინის არტერიის ანომალიური გაფართოება; მისი გასკდომა შესაძლოა სისხლდენისა და სიკვდილის მიზეზად იქცეს.

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

ამისთვის განუწყვეტლივ უნდა ვაკონტროლოთ და, საჭიროებისამებრ, მედიკამენტებით ვარეგულიროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე.

კიდევ ერთი რისკფაქტორი, რომლის აღმოფხვრა ჩვენს ხელთაა, თამბაქოს წევაა. 65-დან 75 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებიც ეწეოდნენ, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა მუცლის აორტის გამორიცხვის მიზნით.


აუცილებელია ვარჯიშიც. მას მრავალი დადებითი ეფექტი აქვს:

- თავიდან გვაცილებს სიმსუქნეს, დიაბეტიან პაციენტებთან ხელს უწყობს გლუკოზის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას;

- უნარჩუნებს ადამიანს შრომის უნარს და ამცირებს სტრესს;

- ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ვარჯიში უნდა იყოს ზომიერი, ინდივიდუალურ შესაძლებლობათა შესაბამისი, მაგრამ აუცილებლად რეგულარული. ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ, სხეულზე ნაკლები ცხიმი აქვთ. ისინი ნაკლებს ეწევიან. უფრო ხშირად აქვთ ნორმალური წნევა და იშვიათად - გულის დაავადებები.

  • თირკმლისა და შარდის ბუშტის ასაკობრივი ცვლილებები

თირკმელი სისხლის ფილტრაციის გზით უზრუნველყოფს ორგანიზმში დაგროვილი აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტებისა და ზედმეტი სითხის მოცილებას. ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ქიმიური წონასწორობის შენარჩუნებაში.

თირკმელებთან ერთად საშარდე სისტემა მოიცავს შარდსაწვეთებს, შარდის ბუშტს, შარდსადენს. შარდის ბუშტის კონტროლი შესაძლოა დაირღვეს კუნთებისა და რეპროდუქციული სისტემის ცვლილებათა გამო.

  • რა გავლენას ახდენს დაბერება თირკმელებსა და შარდის ბუშტზე

სხვა ორგანოთა მსგავსად, დაბერებისას ცვლილებებს განიცდის თირკმელები და შარდის ბუშტი, რაც შესაძლოა მათი ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. ეს ცვლილებებია:

  1. თირკმლის ქსოვილის შემცირება;
  2. თირკმლის მოფუნქციე უმცირესი ელემენტების, ნეფრონების, რაოდენობის შემცირება. სწორედ ნეფრონი ასრულებს თირკმლის ძირითად ფუნქციას. თითოეული თირკმელი მილიონზე მეტ ასეთ ნეფრონს შეიცავს. ნეფრონი ყველაზე მეტია ახალშობილის ორგანიზმში, მერე კი მათი რაოდენობა თანდათან მცირდება. თუ ის კრიტიკულ ზღვარს გასცდა, თირკმელი კარგავს ფუნქციას, ვითარდება თირკმლის უკმარისობა;
  3. თირკმლისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითება, რაც განპირობებულია სისხლძარღვთა ცვლილებით, ზოგჯერ - თირკმლის არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენით. შედეგად მცირდება ფილტრაციის სიჩქარეც;
  4. შარდის ბუშტის კედლების მოდუნება, ელასტიკურობის დაქვეითება, გამყიფება. ასეთი შარდის ბუშტი ვეღარ იკავებს იმავე მოცულობის შარდს და იმდენ ხანს, რამდენსაც მანამდე;
  5. შარდის ბუშტის მომჭერი კუნთის მოდუნება;
  6. შარდსადენის ბლოკირება - ქალებთან ამის მიზეზია მენჯის კუნთების დასუსტების შედეგად შარდის ბუშტისა და საშვილოსნოს მკვეთრი დაწევა (პროლაფსი), ხოლო მამაკაცებთან - წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის გადიდება. ეს ხელს უშლის შარდის ბუშტის სათანადო დაცლას. შედეგად ასაკოვანი მამაკაცები შარდავენ უფრო სუსტი ნაკადით, უფრო ხანგრძლივად, უფრო ხშირად. შესაძლოა, გართულდეს ბუშტში დაგროვილი შარდის გამოყოფა. ასეთ დროს აუცილებელია გადაუდებელი დახმარება. ხანში შესულ ქალებთან მნიშვნელოვანი ფაქტორია ესტროგენების სინთეზის დაქვეითებაც.

როგორც აღვნიშნეთ, თირკმლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა სხეულის ქიმიური წონასწორობის დაცვა. ასაკთან ერთად ეს ფუნქციაც ირღვევა, ორგანიზმს უჭირს მარილოვანი ცვლისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის რეგულირება. ამას ხელს უწყობს სითხის ბალანსში მონაწილე ფერმენტების სინთეზის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითება.

ჯანმრთელ ხანში შესულ პირებთან, მიუხედავად აღწერილი ცვლილებებისა, თირკმლის ფუნქცია ნორმალური რჩება, თუმცა ზოგიერთი დაავადება, მედიკამენტი და სხვა ფაქტორები არცთუ იშვიათად ხელს უშლის მის ჯანსაღ ფუნქციობას.


  • საშარდე სისტემის ასაკობრივი პრობლემები

ზემოთ აღწერილ ცვლილებათა გამო დაბერება ზრდის საშარდე სისტემის შემდეგი დაავადებების რისკს:

- შარდის ბუშტის კონტროლის მოშლა - უნებლიე შარდვა ან შარდის შეკავება, შარდვის გაძნელება;

- შარდის ბუშტის ან საშარდე სისტემის სხვა ინფექციები;

- თირკმელების ქრონიკული უკმარისობა.

საშარდე სისტემის ასაკობრივი პრობლემების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი დაავადებები - სიმსივნე, მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები. საშარდე სისტემის პრობლემების დროს აუცილებელია მათი გამორიცხვა.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემა

ასაკთან ერთად ხშირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთი ან მეტი პრობლემა ასაკოვან პირთა 40%-ს აღენიშნება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა სხვა სისტემებზე ნაკლებად ზიანდება.

ხანში შესულ პირებს საყლაპავის კუნთები ნაკლებად ეკუმშებათ, თუმცა ეს საკვების გადაადგილებას არ აბრკოლებს. საკვებისგან კუჭის გათავისუფლება ოდნავ შენელებულია. დაქვეითებულია კუჭის ელასტიკურობაც, ამიტომ მას უფრო ნაკლები საკვების შეკავება შეუძლია. საბედნიეროდ, ეს ცვლილებები იშვიათად იწვევს კლინიკურად საყურადღებო ნიშნებს, მაგრამ ზოგმა ცვლილებამ მართლაც შეიძლება პრობლემებს დაუდოს სათავე. მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უფრო ნაკლები წარმოიქმნება ლაქტაზა - რძის შაქრის გადამუშავებისთვის აუცილებელი ფერმენტი, ამიტომ ხანდაზმულებთან ხშირია რძის აუტანლობა. მისი მიღება იწვევს მუცლის შებერვას, ყურყურს, ფაღარათს.

60-70 წლის ასაკში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ნაწლავთა მოქმედების ხასიათის ცვლილება, რომელიც უმეტესად ყაბზობით - განავლის გაძნელებული ან მტკივნეული, გაიშვიათებული მოქმედებით და მშრალი განავლის გამოყოფით გამოიხატება. მას რამდენიმე მიზეზი აქვს - ნაწლავის მოტორული აქტივობის (მოძრაობის) დაქვეითება, მედიკამენტები, უმოძრაობა, წყლის მიღების შემცირება.

განსაზღვრულ ცვლილებებს განიცდის ღვიძლიც. უჯრედთა რიცხვის შემცირების გამო იკლებს მისი ზომა, ღვიძლს ნაკლები სისხლი მიეწოდება, ნაკლები რაოდენობით გამოიმუშავებს მედიკამენტებისა და სხვა უცხო ნივთიერებების გადასამუშავებლად აუცილებელ ფერმენტებს. ეს იწვევს მიღებული მედიკამენტების მოქმედების გახანგრძლივებას. აღნიშნული ცვლილებები, ჩვეულებრივ, არ აისახება ლაბორატორიული კვლევების მონაცემებში.

ასაკთან ერთად იცვლება ნაღვლის თვისებრივი შემადგენლობა და მისი გამოყოფის სისწრაფეც. შედეგად იზრდება ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირების რისკი.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები

საუკეთესო მიდგომა აქაც პროფილაქტიკაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის ასაკთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

- შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა;

- მივიღოთ მეტი ბოჭკო;

- მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე;

- ვაკონტროლოთ წონა;

- დროულად გამოვცხადდეთ პროფილაქტიკურ გასინჯვაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილების აღმოცენებისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მათი კავშირი მძიმე დაავადებებთან, ეს კი ექიმის პრეროგატივაა.