რაზე აგებენ პასუხს ლეიკოციტები და რას უკავშირდება სისხლში მათი დონის ცვლილება
ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახეობის ლეიკოციტი ფუნქციონირებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან შენებით, წარმოშობითა და დანიშნულებით, მაგრამ ყველა მათგანი იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედებია და ასრულებს უმნიშვნელოვანეს ამოცანას - გარეშე და შინაური „მტებისგან“ დაცვას. თეთრი უჯრედები არა მარტო სისხლძარღვებში გადაადგილდება, გადის სისხლძარღვის კედლებს, აღწევს ქსოვილებში, ორგანოებში და ისევ ბრუნდება სისხლში. საშიშროების აღმოჩენისას ლეიკოციტები სწრაფად ხვდებიან საჭირო ადგილას.
ლეიკოციტების ფუნქციები - თეთრ სხეულაკებს შეუძლიათ მავნე აგენტების შთანთქმა და მონელება, რის შედეგადაც თავადაც იღუპებიან. „მტრების“ განადგურების პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება, მის განმახორციელებელ უჯრედებს კი - ფაგოციტები.
ლეიკოციტი პასუხისმგებელია არა მარტო უცხო სხეულის განადგურებაზე, არამედ ორგანიზმის გაწმენდაზე, ანუ არასაჭირო ელემენტების: პათოგენური მიკრობების ნარჩენებისა და დაღუპული თეთრი უჯრედების უტილიზაციაზეც.
ლეიკოციტების კიდევ ერთი ფუნქცია ანტისხეულების გამომუშავებაა პათოგენური ელემენტების გასანადგურებლად. ანტისხეულები ადამიანს ზოგიერთი გადატანილი დაავადების მიმართ შეუვალს ხდის.
ლეიკოციტების სახეები: ფორმითა და სტრუქტურით თეთრი უჯრედები იყოფა გრანულოციტებად და აგრანულოციტებად. პირველს გააჩნია მარცვლოვანი ციტოპლაზმა და სეგმენტირებული დიდი ბირთვი. მათ მიეკუთვნება ნეიტროფილები, ბაზოფილები და ეოზინოფილები. აგრანულოციტებში მარცვლოვანება არ არის და ბირთვი არასეგმენტირებულია. ასეთებია: მონოციტები და ლიმფოციტები.
ნეიტროფილები სისხლის თეთრი სხეულაკების დიდი ჯგუფია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება და ფაგოციტებს მიეკუთვნება. წაგრძელებული, ჩხირის ფორმის ბირთვიან ნეიტროფილურ ლეიკოციტებს ეწოდება ჩხირბირთვიანი ანუ მოუმწიფებელი. არსებობს კიდევ უფრო ახალგაზრდა ფორმები - მეტამიელოციტები, რომლებსაც ახალგაზრდას უწოდებენ. სისხლში ყველაზე მეტი მწიფე უჯრედებია, მოუმწიფებელი გაცილებით ნაკლებია და კიდევ უფრო ცოტაა ახალგაზრდა ფორმები. მოუმწიფებელი და სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილების თანაფარდობა აჩვენებს, რამდენად ინტენსიურად მიდის სისხლწარმოქმნის პროცესი. მაგალითად, მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვისას ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით უჯრედები, რომლებიც მომწიფებას ვერ ასწრებს და ამგვარად სისხლში ახალგაზრდა ფორმების რაოდენობა იზრდება.
ნეიტროფილების ძირითადი ამოცანა ფაგოციტოზში მონაწილეობა, ანტიმიკრობული ნივთიერებების გამომუშავება და დეზინტოქსიკაციის ჩატარებაა.
ორგანიზმში პათოგენური ბაქტერიების შეჭრისას ნეიტროფილები ინფიცირების ადგილზე დიდი რაოდენობით გროვდებიან. მიკროორგანიზმების შთანთქმისა და განადგურებისას ისინი იღუპებიან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჩირქი. ნეიტროფილების შემცველობა სისხლში ლეიკოციტების 1-5%-ია.
ბაზოფილები შეიცავს ჰეპარინსა და ჰისტამინს. მათ სისხლიდან ქსოვილებში მიგრირების უნარი აქვთ და ალერგიული რეაქციის განვითარებაში მონაწილეობენ. მათი რაოდენობა ლეიკოციტების საერთო რიცხვის 0,5%-ია.
ეოზინოფილები ალერგიული რეაქციის ფორმირებაში მონაწილეობენ, აშორებენ ამ დროს წარმოქმნილ ჭარბ ჰისტამინს. თუ ორგანიზმში არის ჰელმინთები, ეოზინოფილები აღწევენ ნაწლავში, იქ იშლებიან და გამოყოფენ ჰელმინთებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს. სისხლში ეოზინოფილების შემცველობა ლეიკოციტების 1-5%-ია.
მონოციტები, მას შემდეგ, რაც მსხვილ უჯრედებად, მაკროფაგებად, გარდაიქმნებიან, დაავადების გამომწვევის შთანთქმისა და განადგურების ფუნქციას ასრულებენ. მონოციტები ყველა სისტემასა და ორგანოში ფუნქციონირებენ და მათი შემცველობა ლეიკოციტების 1-8%-ია.
ლიმფოციტები - მთავარი მცველია, რომელიც გამოიმუშავებს ანტისხეულებს მტრების გასაუვნებელყოფად. მაკროფაგები გადაადგილდებიან ორგანიზმში. ეს უჯრედები ლეიკოციტების 35%-ია.
ზრდასრული პირების სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ნორმისას შეადგენს 1 მლ სისხლში 4000-9000-ს. ლეიკოციტების უმნიშვნელო მომატება ჯანმრთელ ადამიანებთან შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. მისი დონე შეიძლება იცვლებოდეს დღის პერიოდის, ფიზიკური აქტივობის, საკვების მიღების, ტკივილის შეგრძნების, გადაცივების ან გადახურების მიხედვით, მენსტრუაციის წინ და ორსულობის დროს. თუ სისხლში ლეიკოციტები მნიშვნელოვნად გამოდის ნორმის საზღვრებიდან, ეს პათოლოგიის მანიშნებელია, რასაც ლეიკოციტოზი ეწოდება და იგი შეიძლება აღინიშნებოდეს:
- ინფექციური დაავადებებისას;
- ანთებითი პროცესებისას;
- ლეიკოზებისას;
- სიმსივნეებისას;
- სისხლდენებისას;
- ზოგიერთი წამლის მიღებისას.
- იტროფილების ზრდა აღინიშნება:
- პნევმონიისას;
- აბსცესისას;
- ანგინის დროს;
- პიელონეფრიტისას;
- აპენდიციტისას;
- სეფსისისას;
- მენინგიტისას.
ბაზოფილების რაოდენობის ზრდა იშვიათად აღინიშნება. ეს შეიძლება მოხდეს ალერგიების, ზოგიერთი სახეობის ლეიკოზების, ფარისებრი ჯიკრკვლის უკმარისობის, ლიმფოგრანულომატოზის დროს.
ეოზინოფილების რაოდენობა იზრდება შემდეგი დაავადებებისას:
- ბრონქული ასთმა;
- ჰელმინთებით დასნებოვნება;
- ალერგიული დერმატიტები;
- წამლისმიერი ალერგიები;
- ზოგიერთი სახეობის ლეიკოზები;
- სიმსივნეები;
- კვანძოვანი პერიარტერიიტი.
მაღალი ლიმფოციტები აღინიშნება ლეიკოზებისა და ისეთი ინფექციებისას, როგორებიცაა სიფილისი, ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ყივანახველა, მონონუკლეოზი და სხვა.
მონოციტები იზრდება:
- ინფექციური დაავადებებისას: ტუბერკულოზი, სიფილისი, ბრუცელოზი, მონონუკლეოზი, მალარია.
- აუტოიმუნური პროცესებისას: სარკოიდოზი, წითელი მგლურა, ვასკულიტები, რევმატოიდული ართრიტი;
- ლიმფოგრანულომატოზი, ლეიკოზი.
ლეიკოციტების დაქვეითებას ლეიკოპენია ეწოდება და ის ახასიათებს:
- ონკოლოგიურ დაავადებებს;
- ადრეული სტადიის ლეიკოზებს;
- ანემიებს (B12-დეფიციტური);
- რადიაციულ დასხივებას;
- ზოგიერთ ინფექციას;
- ჰორმონული საშუალებების მიღებას;
- ელენთის ფუნქციის დარღვევას.
- მუცლის ტიფი;
- წითურა;
- გრიპი;
- ჰეპატიტი;
- ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმა;
- სისტემური წითელი მგლურა;
- ქიმიური და რადიაციული ზემოქმედება;
- ზოგიერთი სახის ანემია და ლეიკოზი;
- იმუნოდეფიციტი;
- სტეროიდების მიღების შემდგომი პერიოდი.
დიაგნოსტირებისას სისხლში ლეიკოციტების დონის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი დაბალი ან მაღალი დონე ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის სიგნალი შეიძლება იყოს. სისხლის ანალიზის სწორი გაშიფვრა ადრეული დიაგოსტიკისა და ეფექტრი მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.