როგორ არ დავბერდეთ დროზე ადრე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ არ დავბერდეთ დროზე ადრე

მეცნიერებმა დაადგინეს: გულს სიმყარის კოლოსალური მარაგი აქვს. მას თავისუფლად შეუძლია, არც მეტი, არც ნაკლები, 150 წელი იმუშაოს შეუსვენებლად. როგორია?! მთავარია, არ შევამოკლოთ ბუნების მიერ გამოყოფილი ეს დრო და დავიმახსოვროთ, რა არის გულისთვის სასარგებლო.

რა არის სასარგებლო გულისთვის

  • მას მართლაც არ სურს მოსვენება! გულის კუნთს მხოლოდ სიზარმაცე და უმოქმედობა ასუსტებს. გულისთვის სასარგებლოა სპორტი: სირბილი, ძუნძული, ფეხით სიარული თუ თხილამურებით სრიალი, ცურვა, ტურიზმი. სპორტული ვარჯიშები გულს კიდევ უფრო ამაგრებს. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა 3-ჯერ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკს. დილის გამამხნევებელი ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ არა საკმარისი. ნებისმიერ ასაკში ყველაზე ხელმისაწვდომი - სიარულია, ამასთან, სათანადო ტემპში - 100-120 ნაბიჯი წუთში (ახალგაზრდებისა და ფიზიკურად მომზადებული ადამიანებისთვის - უფრო მეტიც). თუ დღეში 5 კილომეტრს მაინც გაივლით, ეს გულს დაეხმარება, დროზე ადრე არ დაძაბუნდეს. სამსახურისკენ მიმავალმა გზის ნაწილი ფეხით გაიარეთ და იშვიათად ისარგებლეთ ლიფტით. ისუნთქეთ ღრმად, რიტმულად, მთელი გულმკერდით - ჟანგბადი გულისთვის მეტად სასარგებლოა.
  • გულისთვის ბუნებასთან ახლოს ცხოვრებაც სასარგებლოა. ქალაქგარეთ მცხოვრებთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტი გაცილებით იშვიათია, ვიდრე ქალაქელებს შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნერვული დაძაბულობა, რომელსაც ხშირად განიცდიან დიდი ქალაქების მცხოვრებლები.
  • სტაბილურობა, მუდმივობა, მოწესრიგებული ცხოვრება ასევე სასარგებლოა. მკვიდრი მოსახლეობა მიგრანტებთან შედარებით იშვიათად ავადმყოფობს და უფრო ნელა გადის ათეროსკლეროზიდან გულის იშემიური დაავადებებისა და ინფარქტისკენ მიმავალ გზას.
  • თქვენი გული კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს? ძალიან კარგი. მაგრამ ყოველგვარ მექანიზმს სჭირდება დროდადრო პროფილაქტიკური დათვალიერება, ამიტომ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 40 წლის შემდეგ - ორჯერ გაიზომეთ არტერიული წნევა და თუ ის მომატებულია, ექიმის რჩევებს მიჰყევით.
  • ხანმოკლე, თუნდაც 15-30-წუთიანი დღის ძილი ახალ ძალებს შთაგბერავთ და, რაც მთავარია, თქვენს გულს დაასვენებს. გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს აუცილებელია. ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა მტკივნეულად რეაგირებს მუდმივ გამოუძინებლობაზე. გარდა ამისა, მედიკოსების მიერ უკვე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა: ორგანიზმის ბიორიტმი დროდადრო ჩათვლემას, მოდუნებას გაიძულებთ. საუკეთესო დრო მორფეუსის სამფლობელოში გადასასახლებლად 13 ან 17 საათია.

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

მამაკაცის, და რა თქმა უნდა, ქალის ჯანმრთელი გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. გულისთვის სულაც არ არის სულერთი, რას მიირთმევთ. მას ძალიან უყვარს ვიტამინები (განსაკუთრებით - ბ ჯგუფისა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე,  ასკორბინის მჟავა (ც ვიტამინი) და ვიტამინი პ, რომელიც სისხლძარღვის კედლის გამავლობას აწესრიგებს). ამ ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი და ბოსტნეული, რომლებიც, ამასთან ერთად, უჯრედისითაც არის მდიდარი. ამ უკანასკნელს კი ძალუძს ორგანიზმიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის დიდად საზიანო ქოლესტერინი გამოაძევოს. "ან აპპლე ა დაყ კეეპს ა დოცტორ აწაყ" ("ერთი ვაშლი დღეში და ექიმი აღარ დაგჭირდებათ"), - ამბობენ ინგლისელები. ეს მართალია. ვაშლი უხვად შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პექტინს, რომელიც მეტად სასარგებლოა გულისთვის. ქიმიური ელემენტებიდან გულს ყველაზე მეტად სჭირდება:

  • იოდი - პროდუქტები, რომლებიც იოდს შეიცავს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ესენია ზღვის თევზი, კალმარები, კრევეტები, ზღვის კომბოსტო და სხვა;
  • კალიუმი - ის აუმჯობესებს გულის კუნთის ცხოველქმედებას, გამოაძევებს ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. ყველაზე მეტია კარტოფილში, გოგრაში, კომბოსტოსა და შავ ქლიავში, ქიშმიშსა და ჭერმის ჩირში (კურაგა), ასკილში, შავსა და წითელ მოცხარში, ოხრახუშში;
  • მაგნიუმი - ამ ელემენტს აქვს დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი თვისებები, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების ტონუსის შენარჩუნებას, ამიტომ უარს ნუ იტყვით წიწიბურას, შვრიის, ფეტვისა და ქერის ფაფებზე, ასევე - კაკალზე, სტაფილოზე, ჭარხალზე, სალათის ფოთლებზე; მაგნიუმით მდიდარია სოია, ტკბილი ნუში, ბანანი. ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თუნდაც ნახევარ გრამ მაგნიუმს იღებენ, - სწორედ ამდენს შეიცავს ერთი ბანანი, - ინფარქტის განვითარების რისკი მინიმალური აქვთ.
  • გულის კიდევ ერთი გასტრონომიული "გატაცება" ვეგეტარიანული და რძის ნაწარმის წვნიანებია. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყო ეს კერძები თქვენს სუფრაზე?

სამწუხაროდ, გულს მხოლოდ კუპიდონის ისრები არ ემუქრება - მას ამქვეყნად უამრავი რამ ვნებს.

რა ვნებს გულს

  • თუ ვერ ეწყობით გარშემო მყოფებს და საკუთარი თავისა და ემოციების მართვა არ ძალგიძთ, ყოველთვის გადატვირთული ხართ სამუშაოთი და დასასვენებლად ვერ იცლით, ეს გულისთვის ძალიან მავნებელია.
  • ყველაფერი გულთან მიგაქვთ? გულისხმიერი ადამიანიდან მალე შეიძლება გულით დაავადებულ ადამიანად იქცეთ.
  • ზედმეტი კილოგრამები - პირდაპირი საფრთხეა გულისთვის. ზედმეტი წონა ამ ორგანოსთვის დამატებითი ტვირთია. ჭარბწონიან ადამიანებში, განურჩევლად ასაკისა, 4-ჯერ უფრო ხშირია ინფარქტის განვითარების ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც საკუთარ წონას ყურადღებით ეკიდება.
  • სიგარეტი მოქაჩეთ? წარმოიდგინეთ: თქვენი არტერიები შევიწროვდა, გულის შეკუშვათა რიცხვი წუთში 8-10-ით გაიზარდა, ორგანიზმმა 10 მილიგრამი ც ვიტამინი დაკარგა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია სისხლძარღვთა კედლების სიმაგრისათვის. არარაციონალურ რეჟიმში მუშაობის დროს გული დროზე ადრე იფიტება. ნიკოტინი ზრდის ჟანგბადის მოთხოვნილებას, აძლიერებს სისხლის შედედებას, რაც ხელს უწყობს თრომბების წარმოშობას, ნაწილობრივ - კორონარულ არტერიებში.
  • გინდათ, გული საბოლოოდ გაანადგუროთ? მაშინ სიგარეტს ალკოჰოლიც დაუმატეთ. თამბაქოსთან ერთად ის განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმედებს: ხელს უწყობს იმ ტოქსიკური ნივთიერებების გახსნას, რომლებსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს. ისინი სისხლში ხვდება და გულისკენ მიემართება.

გაითვალისწინეთ: თუ წრეგადასული ღრეობები უკვე ჩვევად გექცათ, ამან თქვენი გული შეიძლება მეტად დააზიანოს. მიაქციეთ ყურადღება: გულის შეკუმშვათა რიტმი გახშირდა, თავი იჩინა ქოშინმა, არტერიულმა წნევამ მოიმატა? - ფხიზლად იყავით: ეს არცთუ სასიამოვნო სიმპტომები გულის კუნთის დისტროფიის (ალკოჰოლური კარდიომიოპათიის)  მანიშნებელია. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ჯანმრთელ ადამიანს არ ვნებს, პირიქით, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც კი სასარგებლოა. ნარკოლოგები ორგანიზმისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევენ ალკოჰოლის შემდეგ დოზებს: კვირაში 170 გრამი - მამაკაცებისთვის, 115 გრამი - ქალებისთვის (100 გრამი ღვინო 45 გრამ არაყს შეესაბამება). მთავარია, არ დაკარგოთ ზომიერების გრძნობა!


გულისთვის მავნე პროდუქტები

გულს არ უყვარს, როცა ხშირად ივსებთ კუჭს ხორციანი, ნოყიერი კერძებით, ტკბილი და მლაშე, რაფინირებული, კონსერვირებული და ქოლესტერინით მდიდარი საკვებით (კვერცხი, ცხიმიანი ყველი, ხიზილალა, ღვიძლი, თირკმელი). ეს პროდუქტები, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ, გულისთვის მავნებელია. სხვათა შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა მათი მოხმარების უსაფრთხო ნორმები: კვერცხი კვირაში 2-3 ცალზე მეტი არ უნდა მიირთვათ, კარაქი - დღეში არა უმეტეს 15-20 გრამისა, ხორცის ან თევზის ბულიონით კვირაში 1-2-ჯერ შეიძლება ისიამოვნოთ (მათში ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების აღმგზნები ბევრი ექსტრაქტული ნივთიერებაა); თევზეული ან სადიეტო ხორცი (მათ შორის - ქათმისაც) დღეში 100 გრამი საკმარისია. შაქარი და მარილი - გულის დიდი ხნის "მტრები" არიან. თუ მათ მოხმარებას მინიმუმამდე შეამცირებთ, გული მადლობელი დაგრჩებათ.

მავნებელია თუ არა გულისთვის ყავა

ფინჯანი ყავა - დილაადრიან, ფინჯანი - სადილის დროს... ეს დიდი არაფერია, მაგრამ თუ მუდმივად სვამთ დღეში 4 ფინჯანზე მეტ მაგარ ყავას, გულს ავნებთ. კოფეინი არა მარტო აფხიზლებს - აღმგზნებადაც მოქმედებს, ამაღლებს არტერიულ წნევას, ზრდის გულის შეკუმშვათა რაოდენობას, რაც გულისთვის ზედმეტი დატვირთვაა. აი, ყველაფერი ის, რაც უყვარს და არ უყვარს თქვენს გულს. გაუფრთხილდით მას და თვალყური ადევნეთ მის ჯანმრთელობას. გვერწმუნეთ, ეს გაცილებით ადვილია და უმტკივნეულოა, ვიდრე გულის თუნდაც ყველაზე უბრალო ოპერაცია.

ღვიძლი

ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. რამდენი ტკბილი "შხამიც" უნდა შევჭამოთ, რამდენი ალკოჰოლური სასმელიც უნდა დავლიოთ, ის შეშფოთებასაც კი არ გამოხატავს; რა უნდა ქნას? - მიიღებს ბედის მორიგ დარტყმას და უძლიერესი გამწმენდი მოწყობილობის როლს შეასრულებს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ღვიძლი იმ შხამიან ნივთიერებებს უვნებელყოფს, რომლებიც ორგანიზმში ხვდება, ფილტრავს სისხლს, საიდანაც ყველანაირ სიბინძურეს გამოდევნის. თუმცა სიტყვაზე უნდა გვენდოთ: საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს; ერიდეთ დანაყილი შუშის ჭამას, ბენზინის "დაყოლებას" და... ალკოჰოლური სასმლის ჭარბ მიღებას, რაც პირველ ორზე ნაკლებად უგუნური საქციელი როდია. დაიმახსოვრეთ: ღვიძლი მოწყვლადია! მის სერიოზულ დაზიანებას ან დაავადებას ტრაგიკული შედეგი მოსდევს. ღვიძლის ოპერაცია მეტად რთულია, ხოლო ამ ორგანოს გადანერგვა გაცილებით უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე გულისა. ასე რომ, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრეთ: ღვიძლი ერთი გაქვთ და მთელი სიცოცხლე ასე იქნება! ამიტომ, მოდი, ერთად გავიგოთ...

რომელი საკვებია სასარგებლო ღვიძლისთვის

  • ნაკლებცხიმიანი თევზი - კობრი, კალმახი, ხეკი, ნაზი ხბოს ხორცი, ინდაურის ხორცი. ეს მსუბუქი და ადვილად ასათვისებელი პროდუქტებია.
  • ზედმეტი სასუქის გარეშე მოწეული ხილი და ბოსტნეული, მწვანილი, განსაკუთრებით - კომბოსტო (ჩვეულებრივი და ყვავილოვანი), სტაფილო, ჭარხალი, ყაბაყი, ჭინჭარი. მათში არსებული ვიტამინები და მიკროელემენტები ღვიძლის ნორმალურ ცხოველქმედებას უზრუნველყოფს.
  • ტკბილი და ხმელი ხილი: ბანანი, ლეღვი, ფინიკი, ჭერმის ჩირი, შავი ქლიავი, ჩამიჩი, ასევე - ცოცხალი ხილის დესერტები.
  • ყოველგვარ ნუგბარსა და ტკბილეულს ღვიძლი, დათვივით, თაფლს ამჯობინებს.
  • ბოსტნეულისა და გახეხილი პროდუქტებისგან მომზადებული სუპები, რაგუ, სალათები და ვინეგრეტები, რომლებიც მზესუმზირას, სოიისა და ზეითუნის ზეთით არის შეკაზმული.
  • კარაქიან პურზე მეტად, რომელიც ჩვენში უფრო პოპულარულია, ღვიძლს მარგარინიანი ბუტერბროდი უყვარს. მარგარინი ხომ, ისევე როგორც მცენარეული ზეთები, არ შეიცავს ქოლესტერინს - ღვიძლის უპირველეს მტერს.
  • ყველი, კეფირი, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი ცხიმის ნაკლები შემცველობით.
  • დროდადრო (და არა ყოველდღე) - თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
  • ნატურალური წვენები და არა მათი სინთეზური შემცვლელები. გაცილებით უკეთესია შინ საკუთარი ხელით, ყოველგვარი კონსერვანტის გარეშე მომზადებული წვენები.
  • ღვიძლი უპირატესობას ანიჭებს გაწმენდილ წყალს - მაღაზიებში არსებულ "ბოთლის" წყლებს ან საყოფაცხოვრებო ფილტრში გატარებულ წყალს, ხოლო ზესუფთა ბუნებრივი წყაროები (უგაზო) მისთვის პირდაპირ მისწრებაა.
  • მინერალური წყლებიდან ის სიამოვნებით მოიხმარს ბორჯომს, ნაბეღლავს, ესენტუკის წყლებს, ნარზანს, თუმცა ბოთლებში ჩამოსხმულს პირდაპირ წყაროდან აღებული ურჩევნია.
  • ღვიძლი დაგიფასებთ, თუ სპეციალური აცრებით დაიცავთ მას ა და ბ ჰეპატიტებისგან, ხოლო პრეზერვატივის საშუალებით ჩ ჰეპატიტისგან იხსნით.
  • კარგია იოგას სისტემის ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც მავნე ნარჩენებისგან (წიდისგან) ორგანიზმის გასაწმენდად არის განკუთვნილი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ იოგას ბევრი უკუჩვენება აქვს, ამიტომ იხელმძღვანელეთ არა შემთხვევითი ქსეროასლებით, არამედ სერიოზული გამომცემლობების მიერ გამოცემული ლიტერატურით, ან რჩევისთვის კომპეტენტურ ადამიანებს მიმართეთ.
  • ღვიძლისთვის სასარგებლოა მცენარეული ნაყენები, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმაც მიიღოს პროფილაქტიკისთვის და სნეულმაც ჩაის მაგივრად. მაგალითად, აიღეთ თანაბარი რაოდენობით უკვდავას (ნეგო) ყვავილი, ბაღის პიტნა, გულყვითელას ყვავილი, რევანდის ფესვი, ძირტკბილას ფესვი, ქრისტესისხლა და ასკილის ნაყოფი. 4 ს/კ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და 5-8 საათით დააყენეთ. სვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი ჭიქა პატარ-პატარა ყლუპებით ერთი თვის განმავლობაში.

რომელი საკვები ვნებს ღვიძლს

  • კარაქი, ქონი, ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით - ცხვრისა და ღორისა, იხვისა და ბატისა. რაც უფრო მეტი ცხიმის მონელება უწევს კუჭს, მით უფრო მეტი დატვირთვა ადგება ღვიძლს. სწორედ ამიტომ არ მოსწონს ერბოზელილი ცომი, ცხიმიანი ღვეზლები, ტორტი, შოკოლადი, კაკაო. "შავ სიაშია" სქელი ხორციანი, ქათმისა და სოკოს ბულიონებიც.
  • მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეული და მწვანილი - ნიორი, ბოლოკი, ბოლოკურა, ღანძილი, ქინძი, ასევე - მჟავე ხილი. მჟავას ღვიძლი შხამად აღიქვამს.
  • მაგარი ალკოჰოლური სასმელები: არაყი, კონიაკი, ვისკი, ბრენდი, განსაკუთრებით - შინნახადი არაყი. მათი დამანგრეველი ზემოქმედების ნეიტრალიზაციისთვის ღვიძლი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ საკუთარ სხეულში სიამოვნებით ატარებს ცოტაოდენ დაბალი ალკოჰოლური შემცველობის მუქ ლუდს. სხვა ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე ნაკლებმავნებელია ზომიერად მიღებული მშრალი წითელი ღვინო.
  • ბოსტნეულის მწნილები, დამარილებული და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით, ასევე - მდოგვი, ძმარი, ცხარე პომიდვრის წვენი.
  • მაგარი ყავა ურძეოდ.
  • ცუდად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული. ეს ღვიძლისთვის დიდი დარტყმაა და საუკეთესო გზა მძიმე დაავადებების, მაგალითად, ა და ე ჰეპატიტების, განვითარებისთვის.
  • ღორმუცელობა (განსაკუთრებით - ღამით) ღვიძლისთვის კატასტრობაა. ის ძლივძლივობით აუდის იმ სამუშაოს, რასაც თქვენ და თქვენი მადა აძლევთ.
  • სხვის სისხლთან შემთხვევითი კონტაქტი - დიდია რომელიმე ვირუსული ჰეპატიტით დაავადების რისკი.
  • ნუ მიიღებთ წამლებს პეშვით ექიმის რეკომენდაციის გარეშე. მრავალი სამკურნალწამლო პრეპარატი შლის ღვიძლის ქსოვილს.
  • ინექცია დაგინიშნეს? ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მხოლოდ თქვენი თანდასწრებით გახსნილი ერთჯერადი შპრიცით გაგიკეთონ. არ იხმაროთ სხვისი სამანიკიურე იარაღები, უსაფრთხო სამართებელი. არ ატაროთ სხვისი საყურეები. ყურები გაიხვრიტეთ მხოლოდ სპეციალიზებულ დაწესებულებებში. იქვე გაიკეთეთ ტატუირებაც, თუ ეს მოდა ასე ძალიან მოგწონთ.

დაბოლოს, ყურადღებით და გულისხმიერად მოეპყარით მეეზოვე-ორგანოს, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული ყველაზე შავი სამუშაო და ღვიძლიც ათმაგად დაგიფასებთ ამას!


თირკმელები

თირკმელები უდიდეს სამუშაოს ასრულებენ: თითოეული მათგანი დაახლოებით 200 გრამს იწონის, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, რომ დღე-ღამეში 1000 ლიტრზე მეტი სისხლი გადაამუშაონ! და მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი, გადაუმუშავებელი პროდუქტებისგან კი არ წმენდენ მას, არამედ უზრუნველყოფენ ჰომეოსტაზსაც - ორგანიზმის შიდა გარემოს მუდმივობას, მონაწილეობენ ასევე არტერიული წნევის რეგულაციაში, ხოლო ღვიძლის დაზიანებისას მის ფუნქციას ნაწილობრივ საკუთარ თავზე იღებენ.

რომელი საკვებია სასარგებლო თირკმელებისთვის

  • A ვიტამინის შემცველი პროდუქტები, რომელთა შთანთქმა თირკმელებს უხვად შეუძლიათ და ამით ძალიან კმაყოფილიც დაგრჩებიან. ა ვიტამინის დიდ ნაწილს ჩვენი ორგანიზმი კაროტინისგან ასინთეზებს. მისი წყაროებია: სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ქაცვი, ოხრახუში, ჭინჭარი, ხახვი და ქინძი.
  • თირკმელებისთვის მეტად სასარგებლოა გოგრა: მისი პიურე, ფაფა და წვენი. გოგრას აქვს შარდმდენი მოქმედება, არ აღიზიანებს თირკმელსა და შარდგამომყოფ გზებს. ასეთივე არაჩვეულებრივი თვისებები აქვთ საზამთროსა და ნესვს, ოღონდ - ნაკლებად ტკბილ ჯიშებს. გარდა ამისა, თირკმელებისთვის სასარგებლოა ვაშლი და ქლიავი.
  • თირკმელები ნეტარებენ, როცა ადამიანი ოთხზე დგას. მუხლ-იდაყვის პოზა მათთვის მეტად კომფორტულია: ეს პოზა ხელს უწყობს შარდის დინების ნორმალიზებას.
  • თირკმელებს ძალიან მოსწონთ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს - ცეკვა, თხილამურებით სრიალი, ვარჯიში მათთვის მეტად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ამ დროს ადამიანი სეზონისა და ამინდის შესაბამისად უნდა იყოს ჩაცმული.

რა დავლიოთ, როცა თირკმელები გვტკივა

ჩვენი ორგანიზმის 80% წყალია. მხოლოდ საკმარისი რაოდენობის (დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრისა) სითხის მიღებით შეინარჩუნებთ წყალმარილოვან ბალანსს, რაც არა მარტო თირკმელებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელია. თირკმელების ტკივილის დროს, რა თქმა უნდა, ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ - ის ანგრევს თირკმელებს (და არა მარტო მათ), ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას იწვევს თირკმელების მწვავე უკმარისობას - მდგომარეობას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. არ უნდა მიიღოთ ტკბილი გაზიანი სასმელები - მათში არსებული ზოგიერთი ნივთიერება აღიზიანებს თირკმელებს. არ შეიძლება მინერალური წყლის მიღებაც დიდი რაოდენობით და ექიმის დანიშნულების გარეშე. გამონაკლისია საირმე, მაგრამ მისი მიღებაც მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება. მინერალურ წყლებში ამა თუ იმ მარილის მომატებულმა რაოდენობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმელებსა და შარდგამომყოფ გზებში ქვების დაგროვების პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საამისოდ არსებობს წინაპირობები - შარდსაწვეთების შევიწროება, ბაქტერიული ინფექცია, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვა. სასარგებლოა გადადუღებული წყლის სმა, ოღონდ არა დიდხანს. ჩაის და რძეს (სხვათა შორის, მას ჯერ კიდევ ბოტკინი იხსენიებდა "თირკმელების სამკურნალო ძვირფას საშუალებად"), წითელი მოცვის მორსს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე, აქვეითებს შარდის კონცენტრაციას და გარკვეულწილად ხელს უშლის ქვების წარმოქმნას.

რა ვნებს თირკმელებს

თირკმელების გასაჭირი პირველმა შეიძლება თითზე გაკეთებულმა ბეჭედმა გვამცნოს: თუ ის მოულოდნელად "დაპატარავდა", არ არის გამორიცხული, მიზეზი შეშუპება იყოს, რომელიც არცთუ იშვიათად თირკმლის ამა თუ იმ დაავადებას სდევს თან.

  • თავს ნუ შეიკავებთ, ეს თირკმელებისთვის მავნებელია! რეგულარულად დაიცალეთ შარდის ბუშტი (არანაკლებ 4-6-ჯერ დღეში). შარდის შეკავება მიკრობებს საშუალებას აძლევს, თირკმელების არხებში დაიბუდონ, ეს კი ქმნის პიელონეფრიტის - თირკმლის ინფექციურ-ანთებითი დაავადების - განვითარების წინაპირობას.
  • არ გადაიღალოთ! ეს აქვეითებს იმუნიტეტს და მავნებელია თირკმელებისთვის. დაიმახსოვრეთ: ბაქტერიების დივიზიები ხელსაყრელ შემთხვევას ელიან შეტევაზე გადმოსასვლელად.
  • სისტემატურ შეკრულობას ნაწლავებისა და შარდგამომყოფი გზების კუნთების სპაზმი მოსდევს. შედეგად შეიძლება თირკმლის "კუნთების" ტონუსი დაქვეითდეს და შარდის გამოყოფა დაირღვეს.
  • ერიდეთ ცივ ქვაზე, ქვიშაზე, ნამიან ბალახზე დაჯდომას. არცთუ ისე იშვიათად სწორედ ამით იწყება თირკმელების დაავადებები. სიცივე, განსაკუთრებით - ნესტთან ერთად, მტკივნეულად "ურტყამს" თირკმელებს.
  • თირკმელებს არც ძლიერი სიცხე უყვართ. მათთვის უფრო სასიამოვნოა ოქროს შუალედი. როდესაც ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს აღემატება, ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს ოფლის სახით და მარილების რაოდენობა, რომელიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ამ დროს თითქმის არ იმატებს, რაც შესაძლოა შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების წინაპირობად იქცეს.

რომელი პროდუქტები არ უყვართ თირკმელებს

  • დაუფიქრებლად ნუ აჰყვებით დიეტების მოდას - ეს თირკმელებისთვის მავნებელია! წონის მკვეთრმა დაკარგვამ შესაძლოა თირკმლის დაწევა გამოიწვიოს, ხოლო ხანგრძლივმა უმარილო დიეტამ ავნოს მათ ფუნქციას და შარდში ცილა გააჩინოს. ორგანიზმში ნატრიუმის ქლორიდის (ჩვეულებრივი სუფრის მარილი) არარსებობა თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი მიზეზია.
  • განსაკუთრებით^ბევრი საქმე აქვთ ნეფროლოგებს პოლარეთსა და შუა აზიაში. სწორედ ამ რაიონებშია ყველაზე მეტად გავრცელებული შარდკენჭოვანი დაავადება. აღმოჩნდა, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონია დ ვიტამინს, რომელიც ფოსფორ-კალციუმის ცვლაში მონაწილეობს. ეს ვიტამინი შედის ღვიძლის, კარაქის, კვერცხის ცილის შემადგენლობაში, გარდა ამისა, დამოუკიდებლად სინთეზდება ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ამ ვიტამინის უკმარისობაც (როგორც, მაგალითად, პოლარეთში, სადაც მზე იშვიათი სტუმარია) და მისი სიჭარბეც (ცხელ შუა აზიაში) შეიძლება თირკმლის დაავადებების განვითარების მიზეზად იქცეს.
  • C ვიტამინის სიჭარბემაც შეიძლება თირკმელებში ქვების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამისთვის წინაპირობა - შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა - არსებობს.
  • მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ თირკმელებს ვნებს ყველასათვის საყვარელი ნუგბარი - თხილიანი შოკოლადი. ამერიკელი მეცნიერების აზრით, როცა არტერიული წნევა დიდხანს არის მომატებული, თუნდაც სულ ოდნავ, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი სამჯერ იმატებს.
  • საზიანოა თვითმკურნალობაც. თირკმელები ცუდად იტანენ სულფანილამიდებს. იმისთვის, რომ ისინი კარგად გაიხსნას და თირკმლის არხებში არ დაილექოს (რამაც შეიძლება მძიმე პათოლოგია გამოიწვიოს), ბევრი სითხე მიიღეთ. ამ შემთხვევაში წამალი შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. თირკმელებისთვის უფრო დამზოგველია ეთაზოლი და ბისეპტოლი.
  • ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც სასქესო ჰორმონებს შეიცავს. მამაკაცები მათ პოტენციის მოსამატებლად ხმარობენ, ქალები - კონტრაცეფციის საშუალებად. ჰორმონების ბალანსის მკვეთრ დარღვევას კი ზოგ შემთხვევაში შესაძლოა თირკმლის კიბოს განვითარება მოჰყვეს.
  • ფრთხილად იყავით სოკოს კრეფისას! საეჭვო ეგზემპლარებს არ გაეკაროთ! შხამიანი სოკოთი მოწამვლას თირკმლის მწვავე უკმარისობა მოსდევს და ამ დროს ხსნა მხოლოდ ჰემოდიალიზშია, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატით ტარდება.

შარდის ფერის შეცვლა შესაძლოა დაავადებების არსებობაზე მიუთითებდეს. თუ შარდი ვარდისფერი, წითელი ან მღვრიეა, შესაძლოა სისხლს შეიცავდეს, ეს კი ზოგჯერ ინფექციის ან შარდგამომყოფ გზებში კიბოს არსებობის ნიშანია. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი! თუ შარდი მუქი ყვითელი ან ნარინჯისფერია, შიშის საფუძველი არ არსებობს - თუ ცოტა სითხე მიიღეთ, შარდი კონცენტრირებული ხდება და, შესაბამისად, უფრო მუქიც. მუქი ყავისფერი შარდი ჰეპატიტისთვის არის დამახასიათებელი. დიაგნოზის უარყოფის ან დადასტურების მიზნით შარდისა და სისხლის ანალიზები უნდა ჩააბაროთ. მწვანე ან ცისფერი შარდი ბუნების ხუმრობა არ გეგონოთ. უბრალოდ, თქვენს რაციონში მოხვდა პროდუქტები, რომლებიც ამ ფერის საღებავებს შეიცავს.


ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერს

თირკმლის დაავადების მიზეზები

  • თირკმლის დაავადებები ემუქრებათ მაღლებსა და გამხდრებს, ანუ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასთენიური აღნაგობის ადამიანებს. ცხიმოვანი კაფსულა, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში თირკმლის მდებარეობას უზრუნველყოფს, ასეთ ადამიანებს სუსტად აქვთ განვითარებული. აქედან გამომდინარე ნეფროფტოზი (თირკმლის დაწევა) სავსებით რეალური საფრთხეა.
  • ქალები მამაკაცებზე ხშირად იტანჯებიან თირკმელების ამა თუ იმ დაავადებით. ეს ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ანატომიური თავისებურებებით აიხსნება. მათ უმრავლესობას თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, პიელონეფრიტი) ორსულობის დროს ეწყება, როდესაც გადიდებული საშვილოსნოს გამო ირღვევა შარდის გადინება.
  • თირკმლის დაავადებები ემუქრებათ საშუალო ასაკის და უფრო ხნოვან მამაკაცებსაც. თირკმელების პრობლემებმა პროსტატის ადენომის - მამაკაცის #1 დაავადებისა და შარდსასქესო სისტემის სხვა "ასაკობრივი" დაავადებების ფონზე შეიძლება იჩინოს თავი.
  • თირკმელების დაავადებები ემუქრება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დროულად არ მკურნალობს კბილებს და ცხვირ-ხახის დაავადებებს. ინფექციის გამომწვევები, რომლებიც სისხლთან ერთად მოგზაურობენ, არცთუ იშვიათად სწორედ თირკმელში იდებენ ბინას. განსაკუთრებით საშიშია ანგინა - მისი ერთ-ერთი გართულება შეიძლება გლომერულონეფრიტი იყოს.
  • თირკმლის დაავადებები ემუქრებათ მხარ-თეძოზე წოლის მოყვარულებს. დადგენილია, რომ ვარჯიში აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციას და ნივთიერებათა ცვლას. როცა მოძრაობთ, თირკმელები უფრო კარგად მარაგდება სისხლით და აქტიურად გამოიმუშავებს შარდს. აქტიურ ადამიანებს შარდკენჭოვანი დაავადება გაცილებით იშვიათად ემართებათ.

ნაწლავები

ნაწლავები ადამიანის ორგანიზმში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ მათში ხდება საკვების საბოლოო მონელება, ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მიკროელემენტების, წყლისა და სხვა საჭირო ნივთიერებების ათვისება, იმ განავლოვანი მასების ჩამოყალიბება, რომლებიც ორგანიზმიდან გარეთ უნდა გამოიყოს და თან გამოიტანოს ნივთიერებათა ცვლის საბოლოო, მავნე ნარჩენები. ისევე როგორც სხვა ორგანოებს, ნაწლავებსაც თავიდანვე სჭირდება დაცვა და ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ასაკთან ერთად თავს იჩენს პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა ორგანიზმში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და სხვა ორგანოებიც ჩაითრიოს. ნიშნები, რომელთა დროსაც აუცილებელია ნაწლავების გაწმენდა:

  • შეკრულობა, ფაღარათი, არარეგულარული კუჭის მოქმედება;
  • მტკივნეული რეაქცია ზოგიერთ საკვებზე;
  • სუსტი იმუნიტეტი;
  • რადიკულიტი;
  • პირიდან უსიამოვნო სუნი;
  • კანის დაავადებები;
  • მუცლის შებერვა და აირების დაგროვება;
  • გაციება.

არ არის რეკომენდებული ამ ნიშნების იგნორირება იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისთავად გაივლის. საკუთარი ჯანმრთელობისთვის დახარჯულ დროს კარგი განწყობილება და მხნეობა აგინაზღაურებთ.

სასარგებლო რჩევები ნაწლავების მიკროფლორის გასაუმჯობესებლად

დროთა განმავლობაში ადამიანებს ნაწლავთა მიკროფლორის მხრივ პრობლემები უჩნდებათ, რის შედეგადაც თავს იჩენს გასტრიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი... ეს ყველაფერი სწორედ ნაწლავებთან, საკვების მონელებასთან არის დაკავშირებული.

რჩევა #1: ნუ გადაიტვირთავთ კუჭს მძიმე საკვებით (ღორმუცელობა სასარგებლო რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის). აუცილებელია დღეში 3-4-ჯერ ჭამა. ცხადია, არ უნდა იშიმშილოთ, მაგრამ საკვები ზომიერად უნდა მიიღოთ. უნდა მიირთვათ იმდენი, რომ სუფრიდან დანაყრებული კი არა, ოდნავ მშიერი ადგეთ. დაიმახსოვრეთ, რძის პროდუქტებსა და თევზეულს ორგანიზმი გაცილებით უკეთ ითვისებს, ვიდრე ხორცს. დილა-საღამოს კარგია იოგურტის, კეფირის, მაწვნის მიღება - ეს დადებით ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის მიკროფლორაზე და თავიდან გვაცილებს შეკრულობასა და მუცლის შებერვას. არ დაივიწყოთ მცენარეული ცილები, რომლებიც პარკოსნების შემადგენლობაში შედის.

რჩევა #2: მისდიეთ ფიზკულტურას - ის დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის მუშაობაზე. ყოველდღიური ვარჯიში, მსუბუქიც კი, პოზიტიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანოთა კვებას. ზედმეტი კი არაფერი ვარგა. საკმარისია, თითოეული სავარჯიშო 10-ჯერ გავიმეოროთ. დილაობით, ვარჯიშის დროს, სწრაფად ნუ დაიხრებით - სისხლი სახეში მოგაწვებათ და წნევა მკვეთრად მოიმატებს. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად სუნთქვასაც. სწორი სუნთქვისა და სწორი რიტმის დროს ქოშინი არ შეგაწუხებთ. დატვირთვის დროს ამოისუნთქეთ, მოდუნების დროს ჩაისუნთქეთ. ეცადეთ, მისდიოთ ზემოთ მოყვანილ რჩევებს - სწორი კვება, სწორი ვარჯიში, ორგანოების ნორმალური სისხლმომარაგება დიდი ხნით გადაავადებს დაბერების პროცესს. წარმატებას გისურვებთ!