ადამიანის კონსტიტუცია

არსებითად, კონსტიტუცია ინდივიდის იმ ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებათა კომპლექსია, რომლებზეც არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებისადმი პიროვნების ადაპტაცია, დაავადებებისადმი განწყობა და მათი მიმდინარეობის ხასიათი.
კონსტიტუციური ტიპები
ორგანიზმის აღნაგობითა და ფუნქციური თავისებურებებით ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან და ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამის კვალობაზე, მეცნიერებმა გამოყვეს რამდენიმე კონსტიტუციური ტიპი, რომლებიც სხეულის სიმაღლის, წონის, კიდურებისა და ტანის პროპორციების, მუსკულატურისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის განვითარების ხარისხის მაჩვენებელთა გათვალისწინებით განისაზღვრება.
იმისდა მიხედვით, რომელი ქსოვილი ჭარბობს სხეულში - ძვლოვანი, ცხიმოვანი თუ კუნთოვანი, სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია სამი კონსტიტუციური ტიპი:
- თორაკალური (მკერდისმიერი);
- დიგესტური (მუცლისმიერი);
- კუნთოვანი (ათლეტური).
თორაკალური (მკერდისმიერი) ტიპი
სხეულის პროპორციები: ჭარბობს ძვლოვანი კომპონენტი. ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, გამხდრები და სუსტები არიან. აქვთ განუვითარებელი კუნთები, თხელი კანქვეშა ცხიმოვანი შრე, ჩონჩხის წვრილი ძვლები, შედარებით გრძელი კიდურები. თეძოებზე ოდნავ განიერი მხრები, ნეკნთაშუა კუთხე - მახვილი, გულმკერდის ღრუ - წაგრძელებული, ცილინდრული.
ფუნქციური თვისებები: ფილტვების მოცულობა დიდია, კუნთოვანი ძალა - მცირე, ამტანობის უნარი - ძლიერი.
პიროვნული თვისებები: ამ ტიპის ადამიანები ემოციურად თავშეკავებულნი, ნაკლებკონტაქტურები არიან, მიილტვიან დამოუკიდებლობისკენ. მძიმე წუთებში მარტოობა ურჩევნიათ.
სტრესისადმი მდგრადობა: ძლიერი სტრესის შედეგად არცთუ იშვიათად ეწყებათ დეპრესია. მათთვის უცხო არ არის თავდაუზოგავი სწავლის ან შრომის შედეგად გადაქანცვა და ნერვული გამოფიტვა.
მომატებული რისკი: ფილტვებისა და ნერვული სისტემის დაავადებების, გასტრიტის, კანის პათოლოგიების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მოშლილობათა, ნეიროცირკულარული დისტონიის მიმართ.
დაავადებათა პროფილაქტიკა: სასურველია გამაკაჟებელი პროცედურები დაბალ ტემპერატურაზე, გრილი შხაპი, ცურვა. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიში. აუცილებელია ხერხემლის გამაძლიერებელი და სხეულის სწორად ფლობისთვის საჭირო ვარჯიშები.
დიგესტური (მუცლისმიერი) ტიპი
სხეულის პროპორციები: ჭარბობს ცხიმოვანი ქსოვილი. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული მუცლის ღრუ და საჭმლის მომნელებელი ორგანოები. უმეტესად საშუალო სიმაღლისანი და დაბლები არიან, აქვთ მკვეთრად გამოხატული კანქვეშა ცხიმოვანი მარაგი, თუმცა, ამასთანავე, ძლიერი კუნთებიც; ჩონჩხის ძვლები ფართოა, კიდურები, განსაკუთრებით ქვედა - შედარებით მოკლე, მხრები - არც ისე ფართო და თეძოებზე არცთუ ყოველთვის განიერი, ნეკნთაშუა კუთხე - ბლაგვი.
ფუნქციური თვისებები: ფილტვები - შედარებით მცირე მოცულობისა, შინაგანი ორგანოები - მსხვილი, კუნთოვანი ძალა - დიდი. მიუხედავად ამისა, დიდი ამტანობით არ გამოირჩევიან.
პიროვნული თვისებები: უყვართ კომფორტი და გემრიელი საკვები, ქება, ალერსი, თანადგომა. არიან კომუნიკაბელურები, კონტაქტურები, მიილტვიან თანამშრომლობისკენ, არიან ექსტრავერტები, მძიმე წუთებში ახლობელ ადამიანთან ყოფნა ურჩევნიათ.
სტრესისადმი მდგრადობა: საკმაოდ მაღალი აქვთ. ერთი შეხედვით სქელკანიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ სინამდვილეში ასეთები სულაც არ არიან. ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვის შედეგად ხშირად ეწყებათ მელანქოლია. ასეთ დროს ყველაზე მეტად მეგობრების თანადგომა და სიმშვიდე სჭირდებათ.
მომატებული რისკი: გაცხიმოვნების, სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, პანკრეატიტის, დიაბეტის, ინსულტის, ღვიძლის დაავადებების, ჭარბი წონის შემთხვევაში - სახსრების პათოლოგიების მიმართ.
დაავადებათა პროფილაქტიკა: აუცილებელია კვების რაციონისა და მოძრაობითი აქტივობის სწორი რეჟიმის დადგენა. უნდა ერიდონ ჭარბი ცხიმის დაგროვებას, რადგან ის დაავადების განვითარებას იწვევს. უნდა შეიზღუდოს შემწვარი ცხიმი, კარტოფილი, საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეული. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ხილსა და ბოსტნეულს, წიწიბურასა და ბრინჯს. ცილოვანი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად სჭირდებათ რძემჟავა ნაწარმი, თევზი, შედარებით ნაკლებად - ხორცი.