სიმსუქნე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

სიმსუქნე
სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა. ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის - ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევის გამოხატულებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ყოველწლიურად სიკვდილის 300 000 შემთხვევა სწორედ სიმსუქნესთან არის დაკავშირებული. ამ პაციენტთა 80%-ს სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2-ზე მეტი ჰქონდა. როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება, სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად იკლებს: მამაკაცებისთვის - 20 წლით, ხოლო ქალებისთვის - 5-ით. ამასთან, სიმსუქნის დროს იზრდება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი.
ცხიმი ორგანიზმში გამომუშავდება ყოველი ჭამის შემდეგ, მიღებული ნახშირწყლებისა და ცხიმებისგან. პროდუქტებიდან მიღებული ნახშირწყლების 70% სისხლში გადადის და მომდევნო 6 საათის განმავლობაში ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს, დანარჩენი 30% კი გეზს ცხიმოვანი უჯრედებისკენ იღებს, სადაც ცხიმებად გარდაიქმნება და მარაგად ინახება.
ცხიმი კანქვეშ და მუცლის არეში ლაგდება. ჭარბწონიანი ადამიანის სხეულზე ცხიმოვანი შრის სისქე ზოგჯერ 15-20 სმ-საც აღემატება. ცხიმოვანი შრე არ არის სქელი ერთგვაროვანი მასა - იგი ცხიმოვან უჯრედებში 5-10-მმ-იანი ერთგვარი მარცვლების სახითაა ჩალაგებული. ყველაზე უკეთ ცხიმოვანი შრე გამოხატულია მუცლის არეში და იქ, სადაც მდებარეობს თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და აორტა.

სიმსუქნის კლასიფიკაცია
I. პირველადი სიმსუქნე - ალიმენტურ-კონსტიტუციური (ეგზოგენურ-კონსტიტუციური):
  • კონსტიტუციური სიმსუქნე - მემკვიდრეობითი;
  • კვებით ქცევებთან (ღამის ჭამის სინდრომი, სტრესის დროს საკვებზე მოთხოვნილების ზრდა) დაკავშირებული სიმსუქნე;
  • შერეული სიმსუქნე.
II. მეორეული სიმსუქნე:
  • გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული სიმსუქნე;
  • ცერებრული სიმსუქნე;
  • თავის ტვინის სიმსივნე;
  • ქალა-ფუძის ტრავმა და ქირურგიული ჩარევის შედეგი;
  • ცარიელი თურქული კეხის სინდრომი;
  • ქალას ტრავმა;
  • ანთებითი დაავადებები (ენცეფალიტი და სხვა).
III. ენდოკრინული სიმსუქნე:
  • ჰიპოფიზური;
  • ჰიპოთირეოიდული;
  • კლიმაქსური;
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიით განპირობებული;
  • შერეული.
IV. ფსიქიკური დაავადებების ან ნეიროლეპტიკების მიღების ფონზე განვითარებული სიმსუქნე.
სიმსუქნის სტადიები:
  • პროგრესირებადი;
  • სტაბილური.

სიმსუქნის ანუ ცხიმის ჩალაგების ტიპები:
1. ცენტრალური ანუ ვისცერული (აბდომინური, ვაშლის) ტიპი: ცხიმოვანი ქსოვილი მუცლის ღრუშია ფორმირებული. ცენტრალური ტიპის გაცხიმოვნების დროს შინაგანი ორგანოები გაცხიმოვნებულია მუქი ფერის ცხიმით, რომელიც მეტაბოლურად აქტიურია, ანუ აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.
2. პერიფერიული (მსხლისებური, ქალური) ტიპი: ცხიმოვანი ქსოვილი უპირატესად კანქვეშ, გავა-წელის, ბარძაყებისა და მკერდის არეშია. ამ დროს კანქვეშ მეტაბოლურად არააქტიური თეთრი ცხიმია ჩალაგებული.
ერთმანეთისგან განსხვავდება ამ ორი ტიპის გაცხიმოვნების შედეგებიც: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნება ცენტრალურ გაცხიმოვნებას უკავშირდება. დიაბეტი, ჰიპერტონია, არტერიოსკლეროზი სწორედ სიმსუქნის ცენტრალური ტიპით არის განპირობებული.

სხეულის მასის ინდექსი
სხეულის მასის მიხედვით სიმსუქნის დასადგენად შემოღებული სხეულის მასის ინდექსი ანუ BMI (Body mass index) სხეულის მასის ნორმულობის მაჩვენებელია. ინდექსის გამოსათვლელად კილოგრამებში გამოსახული მასა მეტრებში გამოსახული სიმაღლის კვადრატზე უნდა გავყოთ. სწორედ ამ ინდექსით განისაზღვრება დღეს მთელ მსოფლიოში ჭარბი წონა თუ წონის უკმარისობა. BMI-ს ნორმულ მაჩვენებლად უმეტესად მიჩნეულია 24,9. ცნობილი დიეტოლოგი მიშელ მონტინიაკი შედარებით მკაცრია. მისი აზრით, ფიგურა ნორმაშია, როდესაც BMI 20-დან 23-მდეა, ჭარბია წონა 24-დან 29-მდე ინდექსის შემთხევვაში, 30-ზე მაღალი კი გაცხიმოვნების მაუწყებელია. შედარებით დემოკრატიულია ამერიკელ დიეტოლოგთაAსტანდარტები. მათი აზრით, 30-ზე ქვემოთ შეგიძლიათ თავი ანებოთ დიეტაზე ფიქრს, 30-ის დროს საჭიროა მეტი მოძრაობა, 30-დან 40-მდე კი დიეტაზე უნდა იფიქროთ. ისინი გვირჩევენ, ენდოკრინოლოგს მაშინ მივმართოთ, როდესაც ინდექსი 40 ან უფრო მაღალია.

ჭარბი წონის მიზეზები
ჭარბ წონას რამდენიმე მიზეზი აქვს:
  • ჭარბი კალორიების მიღება და ჰიპოდინამია. ადამიანის წონა მიღებული კალორიებისა და დახარჯული ენერგიის ბალანსზეა დამოკიდებული. როცა ადამიანი კვებისას იღებს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავს, ზედმეტ ენერგიას ორგანიზმი ცხიმად აქცევს და მარაგად ინახავს. ჭარბი კვება წონის მატებას იწვევს განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვები მდიდარია ცხიმითა და შაქრით, უფრო ზუსტად, მარტივი ნახშირწყლებით. მართალია, ამ უკანასკნელთა როლი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მაგრამ მათი ზემოქმედების მექანიზმი დაახლოებით ასე შეიძლება აღვწეროთ: ნახშირწყლების მიღებისას იზრდება სისხლში გლუკოზის შემცველობა, რაც პანკრეასის მიერ ინსულინის პროდუქციას ასტიმულირებს, ინსულინი კი, თავის მხრივ, იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას და წონის მატებას. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მარტივი ნახშირწყლები (შაქარი, ფრუქტოზა, ტკბილეული, ტკბილი სასმელები, ლუდი, ღვინო) იმით არის საშიში, რომ სისხლში უფრო ადვილად იწოვება, ვიდრე რთული ნახშირწყლები (მარცვლეული, ბოსტნეული, ცოცხალი ხილი და ასე შემდეგ) და, შესაბამისად, ინსულინის უფრო ინტენსიურ გამოყოფას იწვევს, ინსულინის მაღალი დონე კი წონის მატებას განაპირობებს.   მსუქანი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ცოტას ჭამენ. სინამდვილეში ისინი გულისხმობენ იშვიათად კვებას. დადგენილია, რომ კვების სიხშირესა და წონას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ მსუქნები უფრო იშვიათად ჭამენ, ვიდრე ისინი, ვისაც სხეულის ნორმალური მასა აქვს. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მას, ვინც მიირთმევს მცირე ულუფებით და დღეში 4-5-ჯერ, ქოლესტერინის უფრო დაბალი დონე და სისხლში შაქრის უფრო სტაბილური და დაბალი შემცველობა აქვს, ვიდრე მას, ვინც დღეში 2-3-ჯერ დიდ ულუფას იღებს. ამ კანონზომიერების ერთ-ერთი ახსნა ისიც არის, რომ ხშირი წილადობრივი კვების დროს სისხლში ინსულინის დონე უფრო სტაბილურია, ხოლო დიდი ოდენობის საკვების იშვიათი მიღება ჭამის შემდეგ ინსულინის შემცველობის მკვეთრ პიკებს იწვევს.
  • აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანს ჭარბი წონის უმთავრეს მიზეზად ცხოვრების დონის ამაღლება იქცა, რამაც საკვებ რაციონში ნახშირწყლების შემცველობის ზრდა გამოიწვია. ასეთი აღმოჩნდა სწრაფი კვების პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეულის, შოკოლადის, ტკბილი წვენების, გაზიანი სასმელებისა და ნაყინის ფართო ასორტიმენტი. არცთუ იშვიათად მათ მიირთმევენ არა მხოლოდ როგორც დესერტს, არამედ როგორც ძირითად საკვებს. მეორე მთავარი მიზეზიც, ჰიპოდინამიაც, ცხოვრების დონის ამაღლების შედეგია - ავტომობილებით გადაადგილება. ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტები ადამიანის ფიზიკურ აქტიურობას ასევე ზღუდავს.
გარდა ამისა, ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს სიმსუქნეს. მაგალითად:
  • გენეტიკური ფაქტორი. დადგენილია, რომ ადამიანს, რომლის ერთი ან ორივე მშობელიც მსუქანია, სიმსუქნის განვითარების რისკი უფრო მაღალი აქვს. გენეტიკური ფაქტორები გავლენას ახდენს იმ ჰორმონებზე, რომლებიც ცხიმოვანი ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.
  • მეტაბოლიზმის სისწრაფე. წონის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია მეტაბოლიზმის სისწრაფე. ცნობილია, რომ ქალებს კუნთოვანი მასა უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს, კუნთოვანი ქსოვილი კი მეტ კალორიას წვავს, ვიდრე სხვა ქსოვილები. ამის გამო ქალებს მამაკაცებზე ნელი მეტაბოლიზმი აქვთ, გასუქებისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი და წონის დაკლებაც უფრო მეტად უჭირთ. აღსანიშნავია, რომ ქალები ხშირად იმატებენ წონას ორსულობისას და მენოპაუზის პერიოდში. ასაკთან ერთად კუნთოვანი ქსოვილის მასა მცირდება, ხოლო მეტაბოლიზმი ნელდება. ამიტომ არის, რომ ხანში შესული ადამიანი ადვილად იმატებს წონას, თუ მიღებული საკვების კალორაჟი არ შეამცირა.
  • ფსიქოლოგიური ფაქტორები. დადგენილია, რომ მრავალ ადამიანს ემოციური სტრესის ფონზე მკვეთრად ეცვლება საკვების მიღების რეჟიმი. იმ პაციენტთა 30%-ს, ვინც ექიმს სიმსუქნის გამო მიმართავს, სტრესის დროს უზომოდ ჭამის მოთხოვნილება უჩნდება.
  • ძილის დარღვევა. დადგენილია, რომ როცა ადამიანს ღამით 7 საათზე ნაკლები სძინავს, ორგანიზმში მადის გამაძლიერებელი ჰორმონების შემცველობა იცვლება. გარდა ამისა, უძილობა მაღალკალორიული და ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისადმი სწრაფვას იწვევს.
  • განსაზღვრული სახის მედიკამენტების მიღება. ასეთია ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, დიაბეტისას გამოსაყენებელი საშუალებები (ინსულინი, სულფოშარდოვანას პრეპარატები, თიაზოლიდინდიონები), ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი, მათ შორის - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და პრედნიზოლონი, თუმცა თანამედროვე კონტრაცეპტივები ესტროგენების მცირე დოზას შეიცავს, რის წყალობითაც აღნიშნული ეფექტის რისკიც მცირდება. წონის მატება აღინიშნება არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი საშუალებისა და ზოგიერთი ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატის მიღებისას.
  • ეთნიკური ფაქტორი. სიმსუქნის აღმოცენების ასაკსა და პროგრესირების სისწრაფეზე გავლენას ახდენს ეთნიკური ფაქტორიც. დადგენილია, რომ აფროამერიკელი და ესპანელი ქალები წონას უფრო ადრე იმატებენ, ვიდრე კავკასიელები და აზიელები, ესპანელ მამაკაცებს კი სიმსუქნე უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე აფროამერიკელებსა და კავკასიელებს.
  • მოზრდილ ასაკში სიმსუქნის განვითარებაზე გავლენას ახდენს ბავშვობის წონაც. როცა ადამიანს 20 წლისთვის ჭარბი წონა აქვს, მოსალოდნელია, 35 წლისთვის გასუქდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლებიც სიმსუქნეს უჩივიან.
  • ენდოკრინული დაავადები. არის შემთხვევები, როცა სიმსუქნე ენდოკრინული დაავადების სიმპტომია. ასეთი გახლავთ:
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები.
  • კუშინგის სინდრომი.
  • საკვერცხის პოლიკისტოზი.
თუმცა ამ დაავადებების დროს სიმსუქნესთან ერთად ყურადღებას სხვა სიმპტომებიც იპყრობს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობის დაქვეითებას, რომელიც სიმსუქნეს მეტაბოლიზმის ინტენსივობის მკვეთრი დაქვეითების გამო იწვევს, სიმსუქნესთან ერთად ახასიათებს ზოგადი სისუსტე, მცივანობა, შეშუპებისკენ მიდრეკილება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და სხვა. კუშინგის სინდრომის დროს სიმსუქნე უპირატესად ტორსზეა ლოკალიზებული, კიდურები შედარებით გამხდარია, მთვარისებური, სახე - მოწითალო, ტანზე ჩნდება ვარდისფერი სტრიები. ამ სიმპტომების არსებობისას პაციენტის კვლევასა და მკურნალობას ენდოკრინოლოგები ატარებენ. საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის დროს სიმსუქნესთან ერთად ყურადღებას იპყრობს ჭარბთმიანობა, რეპროდუქციული პრობლემები და ანდროგენების სხვა ეფექტები.

სიმსუქნის შედეგები
  • მეტაბოლური სინდრომი. მეტაბოლური სინდრომი არის ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებს იწვევს. საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, ექიმს აქვს უფლება პაციენტს დაუსვას მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი, თუ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან სამი მაინც აღინიშნება:
ა. წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტია ქალებში და 102 სმ-ზე მეტია მამაკაცებში (ეს სიმსუქნეა!);
ბ. არტერიული წნევა მეტია ან ტოლია 130/85 მმ ვწყ. სვ-ისა;
გ. უზმოზე სისხლში შაქრის შემცველობა 6,1 მმოლ/ლ-ზე მეტია;
დ. სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობა მეტია ან ტოლია 1,7 მმოლ/ლ-ისა;
ე. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობა მამაკაცებში 1 მმოლ/ლ-ზე ნაკლებია, ქალებში - 1,3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები.
ვ. ინსულინრეზისტენტობა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც აუცილებელია სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) კუნთებსა და ცხიმის უჯრედებში გადასატანად, სადაც ის ენერგიის წყაროდ იქცევა. ამასთანავე, უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირება სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნებასაც ემსახურება. ინსულინრეზისტენტობის დროს კი უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირების მხრივ ინსულინის ეფექტურობა ნაკლებია. ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები ინსულინის მიმართ უფრო რეზისტენტულია, ვიდრე კუნთოვანი უჯრედები, ამის გამო სიმსუქნე ინსულინრეზისტენტობას იწვევს. ორგანიზმი ამაზე რეაგირებს - პანკრეასი უფრო მეტ ინსულინს წარმოქმნის და სისხლში გლუკოზის შემცველობაც ნორმალური რჩება. მაგრამ ასე გრძელდება, ვიდრე პანკრეასს ექნება ინსულინის საკმარისი რაოდენობის გამომუშავების უნარი. ასეთი ინსულინრეზისტენტული მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სისხლში გლუკოზის ნორმალური და ინსულინის მაღალი შემცველობა, შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაიწყება სისხლში გლუკოზის შემცველობის მატება და განვითარდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ამრიგად, ინსულინრეზისტენტობა დიაბეტისწინარე მდგომარეობაა. საყურადღებოა ისიც, რომ, თანამედროვე მონაცემების თანახმად, დიაბეტთან ასოცირებული ათეროსკლეროზი ჯერ კიდევ ინსულინრეზისტენტობის სტადიაზე იწყება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ II ტიპის შაქრიანი დიაბეტის რისკი სიმსუქნის ხარისხისა და ხანგრძლივობის პროპორციულად იზრდება. II ტიპის დიაბეტი ასოცირებულია ცენტრალურ სიმსუქნესთან ანუ ცხიმის ჭარბ დაგროვებასთან წელის არეში, რის შედეგადაც სხეულის ფორმა ვაშლს ემსგავსება (ვაშლისებული, აბდომინური სიმსუქნე).

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადებები.
ცნობილია, რომ სხეულის მასის მატება არტერიული წნევის მატებას ქალებში უფრო მეტად იწვევს, ვიდრე მამაკაცებში. ცენტრალური, ვაშლის მსგავსი სიმსუქნის დროს მაღალი არტერიული წნევის რისკი უფრო მეტია, ვიდრე მსხლისებრი სიმსუქნის დროს, როდესაც ჭარბი ცხიმი თეძოებისა და ბარძაყების არეში გროვდება. გარდა მაღალი არტერიული წნევისა, სიმსუქნის დროს ხშირია ჰიპერქოლესტერინემია, ინსულტი, გულის შეტევა. დადგენილია, რომ გულის კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების რისკი 3-4-ჯერ იზრდება, როდესაც ქალს სხეულის მასის ინდექსი 29-ზე მეტი აქვს. ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგების თანახმად, ყოველი ზედმეტი კილოგრამი 1%-ით ზრდის კორონარული არტერიების დაავადებით სიკვდილის რისკს. იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ გადატანილი სტენოკარდიის შეტევა, სიმსუქნე მისი განმეორების ალბათობას ზრდის. სიმსუქნე ამ დაავადებათა რისკს ზრდის როგორც უშუალო ზემოქმედებით, ასევე არაპირდაპირი ზეგავლენით, ვინაიდან გულის იშემიური დაავადებაც და სიმსუქნეც უკავშირდება ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ჭარბი კვება და ცხოვრების უმოძრაო წესი.
  • ნერვული სისტემის ისეთი დაავადებები (ინსულტი, შაკიკი, დემენცია, ქალასშიგა წნევის იდიოპათიური ანუ დაუდგენელი მიზეზით აღმოცენებული მატება, გაფანტული სკლეროზი, კარპული არხის სინდრომი (მტევნის ნერვზე ზეწოლა)), რომლებიც მტევნის არეში პარესთეზიასა და ტკივილს იწვევს. ხშირია პარესთეზია ბარძაყის არეში. გარდა ამისა, ჭარბი წონა პაციენტის სოციალური სტიგმატიზაციის მიზეზად იქცევა, ქალებს ხშირად უვითარდებათ დეპრესია.
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
  • ვენების ქრონიკული უკმარისობა.
  • ნაღველკენჭოვანი დაავადება.
  • ართტიტი.
  • მადეფორმირებელი ოსტეოართროზი.
  • პოდაგრა.
  • მალათაშუა დისკის თიაქარი.
  • ონკოლოგიური დაავადებები. დადგენილია, რომ სიმსუქნისას მომატებულია სიმსივნის განვითარების რისკი. გამოკვლევათა შედეგების თანახმად, სიმსუქნე ასოცირებულია მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთან ორივე სქესის პირებში, სწორი ნაწლავისა და პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან მამაკაცებში, ნაღვლის ბუშტისა და საშვილოსნოს კიბოსთან ქალებში. გარდა ამისა, მსუქან ქალებს პოსტმენოპაუზურ პერიოდში ხშირად უვითარდებათ სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რადგან ცხიმი მნიშვნელოვანია ესტროგენის პროდუქციისთვის, ხოლო ორგანიზმზე ესტროგენების გახანგრძლივებული ზემოქმედება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, სიმსუქნისას მომატებულია პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს (საკვერცხე, საყლაპავი, ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, სისხლის სისტემა) სიმსივნის აღმოცენების ალბათობა.
  • ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
  • სუნთქვის პრობლემები. ცხიმის ჭარბი დაგროვება და დიაფრაგმის მაღლა დგომა რესპირატორულ (სუნთქვის) პრობლემებს იწვევს. ხშირია ძილის აპნოეს ეპიზოდები (ძილის დროს სუნთქვის ხშირი შეჩერება), ჰიპოვენტილაციის სინდრომი, რაც ვლინდება დღის განმავლობაში ძილის დაუძლეველი სურვილითა და უეცარი ჩაძინებით, ოპერაციული ჩარევისას კი ხშირად იჩენს თავს ნარკოზთან დაკავშირებული გართულებები.
  • დერმატოლოგიურ პრობლემები - ცელულიტი, ჭარბთმიანობა, გამოყელვა ანუ ინტერტრიგო, ლიმფის მიმოქცევით გამოწვეული შეშუპება, შავი აკანთოზი (კანის ჰიპერპიგმენტაცია), სტრიები და სხვა.

სიმპტომები
სიმსუქნის დროს ავადმყოფს შეიძლება აღენიშნებოდეს ნებისმიერი ის სიმპტომი, რომელიც კი ზემოხსენებულ დაავადებებსა თუ მდგომარეობებს ახასიათებს, თუმცა შეიძლება გამოვყოთ უშუალოდ სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემებიც. ესენია:
  • ძილის დარღვევა, ხვრინვა, ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები);
  • სახსრებისა და წელის ტკივილი;
  • ჭარბი ოფლიანობა, მუდმივი სიცხის შეგრძნება;
  • კანის გამონაყარი და ინფექციები;
  • ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას;
  • სისუსტე და ძილიანობა დღის საათებში;
  • დეპრესია.

დიაგნოსტიკა
სიმსუქნის დიაგნოსტიკა და მისი ხარისხის შეფასება სხეულის მასის ინდექსის საფუძველზე ხდება, 30-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი სიმსუქნის მაჩვენებელია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკზე მიუთითებს.
სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკის შეფასება რეკომენდებულია, ასევე, წელის გარშემოწერილობის საფუძველზე. წელის გარშემოწერილობა 102 სმ-ზე მეტი მამაკაცებში და 88 სმ-ზე ქალებში დიაბეტისა და კარდიოვასკულური ავადობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

მკურნალობა
სიმსუქნის მკურნალობა და სხეულის ნორმალური წონის აღდგენა აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის პრობლემათა რისკის შესამცირებლად. ამისთვის საჭიროა ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგის ჩარევა.
თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, პირველი მიზანია 6 თვის განმავლობაში სხეულის მასის შემცირება საწყისი წონის 5-10%-ით. დადგენილია, რომ ადამიანის თვითშეგრძნება და ჯანმრთელობა გაუმჯობესებას იწყებს წონის 5-15%-ით შემცირებისას. რეკომენდებულია, წონის კლება ნელი და მუდმივი იყოს, პაციენტი კვირაში 0,5-1 კილოგრამს უნდა კარგავდეს, რადგან საკვების მკვეთრი შეზღუდვისა და წონის უეცარი კლებისას ძალიან მცირეა ალბათობა, რომ პაციენტი მიღწეულ შედეგს დიდხანს შეინარჩუნებს.
დღეს წონის შესამცირებლად რეკომენდებულია:
  • დიეტა - არსებობს სიმსუქნის დიეტური მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. არჩევანს ექიმი აკეთებს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, თუმცა პრინციპი ერთიანია: მიღებული კალორიების შემცირება, - კალორიების შემცირება კი ნაკლებად კალორიული საკვებით, საკვების ოდენობისა და ულუფების შემცირებით არის შესაძლებელი. კალორიებს ნებისმიერი საკვები შეიცავს, მაგრამ ხილსა და ბოსტნეულში, უცხიმო რძის ნაწარმში მათი შემცველობა მცირეა. ამის წყალობით შესაძლებელია მივიღოთ დაბალკალორიული საკვების დიდი ულუფა და ამით თავი დავაღწიოთ დიეტასთან დაკავშირებული შიმშილის შემაწუხებელ შეგრძნებას. იმ შემთხვევაში, როცა გარკვეული მოსაზრებით აუცილებელია წონის სწრაფი დაქვეითება, შეიძლება დაინიშნოს ეგრეთ წოდებული განტვირთვის დღეები, მაგრამ გადაწყვეტილება ამის თაობაზეც ექიმმა უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, პაციენტი პერიოდულად კი არ იცავდეს დიეტას, არამედ ზოგადად გამოიმუშაოს ჯანსაღი კვების ჩვევა, რათა დაკარგული კილოგრამები უეცრად არ აღიდგინოს.
  • ფიზიკური აქტიურობის გაზრდა და ვარჯიში, ცხოვრების წესის შეცვლა - სიმსუქნის მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ვარჯიში. ცნობილია, რომ იმ პაციენტთა დიდი ნაწილი, ვინც მიღწეული წონის შენარჩუნებას ახერხებს, არა მარტო ფეხით დადის, არამედ რეგულარულადაც ვარჯიშობს. ვარჯიშის მიზანი უფრო მეტი კალორიის დახარჯვაა. შედეგი უშუალოდ არის დამოკიდებული ვარჯიშის სიხშირეზე, ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. ცხიმის კარგვას ხელს უწყობს რეგულარული აერობული ვარჯიში - სიარული, ველოსიპედის ტარება, კიბეზე ასვლა, ცურვა. სპორტული მედიცინის ამერიკის კოლეჯის რეკომენდაციის თანახმად, მსუქნები კვირაში სულ ცოტა 150 წუთის განმავლობაში უნდა ასრულებდნენ საშუალო ინტენსივობის დატვირთვას, რათა თავიდან აიცილონ წონის შემდგომი მატება ან ზომიერად დაიკლონ წონა, ხოლო წონის მნიშვნელოვანი კლებისთვის ვარჯიშის ხანგრძლივობა კვირაში 250-300 წუთი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ვარჯიშის ინტენსივობა თანდათან უნდა იზრდებოდეს. შეიძლება ვივარჯიშოთ დღეში რამდენიმე წყებად, 5-5 წუთის განმავლობაში. ვარჯიშთან ერთად მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის ზრდაც.
  • მედიკამენტების გამოყენება - არის შემთხვევები, როცა სიმსუქნის სამკურნალოდ ინიშნება სპეციალური პრეპარატები. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისინი არ ცვლიან დიეტასა და ფიზიკურ აქტივობას, პირიქით, მხოლოდ მათთან ერთად იძლევიან შედეგს. თანაც ასეთი საშუალებების მიღების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა შეიძლება მიიღოს. ჩვეულებრივ, მედიკამენტები ინიშნება მაშინ, როცა სხვა მეთოდები უეფექტოა, სხეულის მასის ინდექსი 27-ზე მაღალია და ამავე დროს პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა ან ძილის აპნოე. სიმსუქნის მედიკამენტური მკურნალობისას აუცილებელია მკაცრი სამედიცინო კონტროლი.
  • ქირურგიული ჩარევა. ზოგჯერ სიმსუქნის სამკურნალოდ ტარდება ოპერაცია. ასეთი ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებას უმეტესად მაშინ იღებენ, როცა სხეულის მასის ინდექსი 40 და მეტია ან ეს მაჩვენებელი 35-სა და 39,9-ს შორისაა, მაგრამ პაციენტს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მაგალითად, დიაბეტი ან მაღალი წნევა.
  • ბოლო ორი მეთოდი (მედიკამენტური და ქირურგიული) მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება.
სამწუხაროდ, დაკარგული კილოგრამები ხშირად აღდგება სიმსუქნის მკურნალობის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემდეგ. ამის გათვალისწინებით, პაციენტი წინასწარ უნდა განეწყოს საიმისოდ, რომ სიმსუქნის მკურნალობა იდეალური წონის მიღწევით არ მთავრდება. ნორმალური წონის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა რეგულარული ვარჯიში, რომელსაც უნდა დაემატოს ჯანსაღი კვება. ამ წესების დაუცველად წონამ შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგაც კი მოიმატოს.

რამდენიმე რჩევა წონის დაკლების მსურველთათვის
  • სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდისგან გაწმენდს. შეზღუდეთ მარილის მიღება - ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
  • ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
  • საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციაში, როდესაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
  • ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმად ლაგდება.
  • მიირთვით ზომიერი ულუფებით - მცირე მოცულობის საკვებს უკეთ მოინელებთ.
  • გადაეჩვიეთ ჭამიდან ჭამამდე წახემსებას. უკიდურეს შემთხვევაში, ტკბილეულსა და სხვა სასუსნავს ხილი და ბოსტნეული ამჯობინეთ.
  • ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით ღამით - ის ძილის რეჟიმს დაგირღვევთ, ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ღრმა ძილი კი აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.
  • ნუ მიეჯაჭვებით სასწორს, აიწონეთ კვირაში ერთხელ.

დიეტა
მსოფლიოში უამრავი დიეტა არსებობს, მხოლოდ მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა. მიუხედავად ამისა, მაინც დგას სიმსუქნის, ჭარბი წონის პრობლემა. ერთი შეხედვით, ადვილია - აირჩიე შენთვის მოსაწონი დიეტა, რომლის ავტორიც თვეში 10-15 კგ-ის დაკლებას გპირდება და პრობლემაც მოგვარებულია. მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ მხოლოდ სწორად შერჩეული და მკაცრად დაცული დიეტა მოგიტანთ სასურველ შედეგს. და კიდევ ერთი: უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების 70% თქვენზე, თქვენს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული.
დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული; უნდა შეიცვალოთ დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და დაკარგული კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.
ახლა კი გაგაცნობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
  • დიეტისთვის შერჩეული პროდუქტები მრავალფეროვანი და გემრიელი უნდა იყოს. ნუსხაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის ნაწარმი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებსა და ვიტამინებს.
  • მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგს, ასე რომ, გააქტიურდით, მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ.
  • ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადანაწილებით: 25% - საუზმე, 35% - სადილი, 25% - მეორე სადილი და 15% - ვახშამი.
  • ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბას, ნაყინს, შოკოლადს, ასევე - ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
  • ნუ მიგიზიდავთ სწრაფი დიეტები, გახდით ნელ-ნელა და გონივრულად!

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად