აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი
დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.
-
რა იწვევს ნევროზს?
ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.
ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება, ისე ნერვული სისტემის დამსუსტებელი მავნე ფაქტორების (სომატური დაავადებები, გადაღლა, იძულებითი გამოუძინებლობა, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა) ზეგავლენა. აკვიატებულ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ლოკალური დაზიანებები, რომლებიც ბიძგს აძლევს ავადმყოფის ტვინის ქერქში მიმდინარე პათოლოგიურ ფუნქციონალურ ძვრებს.
-
როგორ ვლინდება?
დაავადების სახელწოდება, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, იმაზე მიუთითებს, რომ მის კლინიკურ სურათში ცენტრალური ადგილი აკვიატებას უკავია. აკვიატებული მდგომარეობა შინაარსით პოლიმორფულია: ხშირად შეინიშნება აკვიატებული შიშები, აზრები, მოქმედებები და ა.შ.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უმეტესად დაავადება ბავშვობიდან იღებს სათავეს. ადამიანი ერთიანად მოცულია აკვიატებული აზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი აბსურდულობა, მაინც ვერ ახერხებს, შეწყვიტოს აკვიატებული მოქმედებები, თავი დააღწიოს აკვიატებულ აზრებს.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ფსიქიკის სერიოზული ქრონიკული დარღვევაა, რომელიც სხვადასხვა სიმძიმის ფორმით ვლინდება. ზოგიერთს მხოლოდ აკვიატებული აზრები ტანჯავს: აკლია საკუთარი თავის რწმენა, გამუდმებით ყოყმანობს, გონებრივი სამუშაოს შესრულებისას რამდენჯერმე კითხულობს ერთსა და იმავეს, მანამდე ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს, ვიდრე არაქათი არ გამოელევა. ამგვარი ნევროზით შეპყრობილები გრძნობენ თავიანთი ეჭვისა და შიშის უსაფუძვლობას, ებრძვიან ავადმყოფურ სიმპტომებს, მაგრამ ამაოდ.
შიშისა და მღელვარების შესამცირებლად ასეთი ავადმყოფები ასრულებენ მოქმედებებს, რომელსაც ფსიქოლოგები რიტუალებს უწოდებენ. აკვიატებული შიშები და აზრები ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ჩამოუყალიბდეს. ასეთი რამ ხშირად ხდება გადაღლის, უძილობის, გადატანილი შიშის შემდეგ. ზოგჯერ აკვიატება ისე იპყრობს ადამიანს, რომ ცხოვრების კალაპოტიდან აგდებს. ავადმყოფს უჭირს მუშაობა, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუება. საინტერესოა, რომ აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით შეპყრობილები სხვა მხრივ სავსებით ნორმალური, გონიერი ადამიანები არიან, ესმით თავიანთი აკვიატების უსაფუძვლობა, მაგრამ დამოუკიდებლად მათი დათრგუნვა არ შეუძლიათ.
ცალკე გამოყოფენ აკვიატებულ შიშებს - ფობიებს. ამა თუ იმ ფობიით დაავადებულია მოსახლეობის 8-9 პროცენტი. აკვიატებული შიშები მეტად მრავალფეროვანია. მათ რიცხვს ეკუთვნის:
- თანატოფობია - სიკვდილის შიში;
- კარდიოფობია - გულის დაავადებების შიში;
- აგორაფობია - ღია სივრცის, მოედნების, ხალხმრავალი ადგილების შიში;
- კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში, როდესაც ადამიანს ეშინია ლიფტით, მეტროთი, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ძრწოლა იპყრობს, როცა სახლში მარტო დარჩენილს შემთხვევით კარი ჩაეკეტება. ზოგიერთი ასეთ დროს ფანჯრიდან გადახტომას ცდილობს.
როდესაც ფობიით შეპყრობილი ადამიანი მისთვის არასასურველ ადგილას (მეტროში, ლიფტში, კინოთეატრში, ხალხმრავალ ადგილას) მოხვდება, უსუსურობის განცდა ეუფლება. შფოთავს, არ ჰყოფნის ჰაერი, გონება ებინდება, უხშირდება გულისცემა. `საშიში~ სიტუაციის გარეთ კი გრძნობს თავისი შიშის უსაფუძვლობას, აბსურდულობას, ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გრძნობას, იპოვოს გზა მის დასაძლევად, შესასუსტებლად. ბევრი, იმის გამო, რომ ესმის თავისი ქცევის უაზრობა, სირცხვილის გრძნობას განიცდის და მალავს თავის განცდებს. უმეტესობა ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა თავისი მდგომარეობის ატანა და დამალვა უკვე აღარ შეუძლია.
-
მკურნალობა
წინათ ნევროზი იშვიათობად ითვლებოდა, ბოლო დროს კი გაირკვა, რომ ამ დაავადებით მილიონობით ადამიანი იტანჯება. ფობიებს, საზოგადოდ, ნევროზებს კომპლექსურად - ფსიქოთერაპიის, ფარმაკოთერაპიის, საერთო მომამაგრებელი თერაპიის გამოყენებით მკურნალობენ. ფსიქოთერაპიული მეთოდის სახეობა ნევროზის ფორმასა და დაავადებულის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.
აკვიატებებისა და ფობიების დროს ხშირად ეფექტურია სუგესტიური ფსიქოთერაპიის, აუტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. სუგესტიური ფსიქოთერაპია შთა¬გონებით მკურნალობას ნიშნავს. შთაგონება შეიძლება განხორციელდეს როგორც ჰიპნოზის გამოყენებით, ასევე ავადმყოფის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას. მკურნალობის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თვითშთაგონებას. ნევროზების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია და დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. თვითმკურნალობა დაუშვებელია!