პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკა
ამ საკითხზე სასაუბროდ ნ. ი. მახვილაძის სახელობის შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარეს, მედიცინის დოქტორს რუსუდან ჯავახაძეს ვესტუმრეთ.
- ქალბატონო რუსუდან, რას წარმოადგენს პროფესიული პათოლოგია და რა პროფესიული მავნეობანი ემუქრება დასაქმებულ ადამიანებს?
- პროფესიული პათოლოგია მედიცინის ცალკე დარგია, შეისწავლის დაავადებებს და ჯანმრთელობის დარღვევებს, რომელთა განვითარება და აღმოცენება საწარმოო გარემოს ან შრომითი პროცესის არახელსაყრელი პირობების გავლენით არის გამოწვეული. საწარმოო გარემოს ან შრომითი პროცესის იმ ფაქტორებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს მომუშავეთა ორგანიზმზე და დაავადებათა გამოწვევის უნარი შესწევთ, პროფესიულ მავნეობებს უწოდებენ. პროფესიული მავნეობანი რამდენიმე ძირითად ჯგუფად იყოფა.
ესენია:
- ქიმიური ფაქტორები - სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო შხამები;
- საწარმოო აეროზოლები, მტვერი;
- ფიზიკური ფაქტორები - ვიბრაცია, ხმაური, არამაიონიზებელი და მაიონიზებელი გამოსხივება, ატმოსფერული წნევა, არახელსაყრელი მიკროკლიმატი;
- ადამიანის ორგანიზმის გადატვირთვა და გადაძაბვა;
- ბიოლოგიური ფაქტორები - ინფექციები, პარაზიტები, სოკოები;
- საწარმოო ალერგენები - როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ბუნებისა;
- საწარმოო კანცეროგენები.
- ვიდრე ამა თუ იმ საქმიანობას მოჰკიდებს ხელს, ადამიანმა ალბათ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობანი...
- თუ ადამიანი მხედველობას უჩივის, უნდა ერიდოს ისეთ სამუშაოს, სადაც მხედველობის დაძაბვა მოუხდება, თუ სმენას - ამ შემთხვევაში ხმაურიან სამუშაოს უნდა ერიდოს; ბრონქული ასთმით დაავადებულისთვის სახიფათოა ისეთი სამუშაო, სადაც თავს ვერ აარიდებს მტვერთან ან ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტს.
არსებობს ასევე ფარული უკუჩვენებები, რომელთა შესახებ ადამიანმა თავად არ უწყის, ამიტომ აუცილებელია, სამუშაოზე მიღებამდე ფირმამ კანდიდატი გაგზავნოს წინასწარი სამედიცინო გასინჯვის ჩასატარებლად, რათა განსაზღვროს მისი პროფესიული ვარგისობა, ესე იგი გაარკვიოს, აქვს თუ არა მას რაიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ან ხელი შეუწყოს პროფესიული პათოლოგიის განვითარებას.
- უკვე დასაქმებულ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად რისი გაკეთება შეუძლია?
- სამწუხაროდ, დაუდევრობა და ჯანმრთელობისადმი უყურადღებობა ჩვენი ეროვნული თვისებაა, მაგრამ ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 37), "იცხოვროს და იმოღვაწეოს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში".
მუშაობის დაწყებამდე ყველა უნდა გაეცნოს შრომის პირობებს, მავნე ფაქტორებს, რომლებსაც იქ შეხვდება, გაიგოს, რა სპეციალური სამოსი და დამცავი საშუალებები დასჭირდება, როგორი იქნება სამუშაო დღის ხანგრძლივობა და მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმოს ხელშეკრულება. ალკოჰოლი და თამბაქო რისკ-ფაქტორებია პროფესიით განპირობებული დაავადებებისთვის. მაგალითად, მწეველ მუშას აქვს უფრო დიდი ალბათობა, განუვითარდეს ფილტვების პროფესიული დაავადება საწარმოში, სადაც მტვერი გროვდება.
- რა ღონისძიებებია გასატარებელი მტვრიან საწარმოებში პროფესული დაავადების, კერძოდ, პნევმოკონიოზის პრევენციისთვის?
- პნევმოკონიოზის პროფილაქტიკის საფუძველია საწარმოში ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა გატარება, რომელთა საშუალებითაც შემცირდება სამუშაო ზონის ჰაერში დამტვერიანების დონე, ასევე - ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება, სახელდობრ, რესპირატორისა, სპეცჩაფხუტისა, სკაფანდრისა სუფთა ჰაერის მიწოდებით. უნდა მოწესრიგდეს შრომისა და დასვენების რეჟიმი, რაციონი იყოს კალორიული, ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი.
დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვით ვარჯიშებს, სამკურნალო ფიზკულტურას. აუცილებელია მავნე ჩვევებზე, განსაკუთრებით - თამბაქოს წევაზე, უარის თქმა. შრომის პროცესში მომუშავეს უნდა ეცვას მოხერხებული ტანსაცმელი, სამუშაოს დამთავრებისთანავე გამოიცვალოს იგი და მიიღოს შხაპი, რათა დაბინძურებისგან დაიცვას თავისი ავტომანქანა, სახლი და სხვა ადგილები.
- რა ქნან ადამიანებმა, რომელთა შრომაც ნერვულ-ფსიქიკურ დაძაბულობას უკავშირდება?
- დიდი ემოციური დატვირთვა აქვთ პედაგოგებს, მსახიობებს, ექიმებს, მენეჯერებს, მძღოლებს, მფრინავებს, ამიტომ ისინი ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, თავბრუხვევას, უძილობას, ადვილად აღგზნებას. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს განუვითარდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ამ სიმპტომების წარმოშობის მიზეზი, გადაიხედოს შრომის რეჟიმი; უნდა ვისწავლოთ, ჩავეტიოთ სამუშაო დროში; დღის განმავლობაში საჭიროა შესვენება, კვების რეჟიმის დაცვა. ასევე აუცილებელია აქტიური დასვენება უქმე დღეებში და შვებულებისას.
- რას გვირჩევთ ვიბრაციული დაავადების თავიდან ასაცილებლად?
- საწარმოო ტექნოლოგიური პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ მინიმალური იყოს ხელის ინსტრუმენტების ვიბრაციის დონე. ამისთვის მწარმოებლებმა უნდა მოახდინონ ხელის ინსტრუმენტების მოდიფიცირება იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მუშის ხელზე მოქმედი ვიბრაცია.
ვიბრაციული ინსტრუმენტების მომხმარებელი მუშები და მათი დამსაქმებლები უნდა იცნობდნენ ვიბრაციული დაავადების სიმპტომებს და მიმართონ ექიმს, თუ შეამჩნიეს თითების დაბუჟება, ჩხვლეტა, გათეთრება ან გალურჯება, კიდურების ტკვილი, მგრძნობელობის დაქვეითება.
- საათში ერთხელ ათწუთიანი შესვენება აჩერებს ვიბრაციული დაავადების პროგრესს.
- რეკომენდებულია, ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისას ჩაიცვათ თბილად, რადგან დაბალი ტემპერატურა ხელს უშლის კიდურებში სისხლის მიმოქცევას და ახდენს ვიბრაციული სინდრომის პროვოცირებას. ასევე გირჩევთ, ხელები მთელი სამუშაო დღის განმავლობაში იქონიოთ მშრალად და თბილად; თუ გაგიცივდათ ან დაგისველდათ, აუცილებლად გაიმშრალოთ და ჩაიცვათ თბილი, მშრალი ვიბროდამცავი ხელთათმანი.
- იხმარეთ ხელის ინსტრუმენტები შეძლებისდაგვარად ძალდაუტანებლად, რადგან რაც უფრო მეტად ვაწვებით ინსტრუმენტს, მით მეტად გადადის ვიბრაცია მომუშავეზე.
- ერიდეთ თამბაქოს - იგი ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს ვიბრაციული დაავადების განვითარებას.
- სამედიცინო პროფილაქტიკის ერთ-ერთი ღონისძიებაა წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები, რომლებიც უნდა ჩაატაროს წელიწადში ერთხელ სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა: თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა, პროფპათოლოგმა, ოტოლარინგოლოგმა.
- რომელი პროფესიის ადამიანები განიცდიან ხმაურის ზემოქმედებას და რა დაავადებები უვითარდებათ მათ?
- ინტენსიური ხმაურის ზემოქმედებას განიცდიან მბურღავები, ქვის მჭრელები, მხერხავები, საბურღი დანადგარების მემანქანეები, მძიმე სატვირთო მანქანების მემანქანეები, სამშენებლო წარმოების მუშები, მძღოლები, მფრინავები, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე მომუშავე პირები. მათ უვითარდებათ სმენის ორგანოს პათოლოგია - პროფესიული სმენაჩლუნგობა, რომლის წამყვანი კლინიკური გამოვლინებაა კოხლეარული ნევრიტის ტიპის სმენის დაქვეითება.
- პრევენციის რა მეთოდებს იყენებენ ხმაურის საწინააღმდეგოდ?
- საწარმოო ხმაურის მოქმედებით გამოწვეული დაავადების პრევენციისათვის საჭიროა:
- ახალი ტექნოლოგიების სრულყოფა, მოძველებული ნაწილების გამოცვლა;
- ტელეკონტროლი პნევმატური პერკუსიის დრელებისათვის;
- სავენტილაციო სისტემის გამოცვლა;
- სმენის დამცავი ხელსაწყოების - ხმის პროტექტორების - გამოყენება.
ხმაურისაგან დამცავი ინდივიდუალური საშუალებებია ხმაურის საწინააღმდეგო ყურსაფრები, ჩაფხუტები, ჩანართები, რომელთა მთავარი დანიშნულებაც ხმაურის შემცირებაა. ვინაიდან ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება ერთგვარ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია მომუშავეებთან ტრენინგების ჩატარება და ახსნა, რომ დროთა განმავლობაში ამ საშუალებებს მიეჩვევიან.
გახსოვდეთ:
- დამქირავებელმა თავად უნდა მოამარაგოს დაქირავებული პირი ხმაურსაწინააღმდეგო საშუალებებით.
- ხმაურის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (გარდა ბერუშის ტიპის ჩანართებისა) გამოყენების უკუჩვენებებია გარეთა და შუა ყურის, სახის და თავის კანის ანთებითი დაავადებები.
- აუცილებელია მუშების სამედიცინო გასინჯვების ჩატარება. ხმაურთან კონტაქტში მყოფი მუშები სამუშაოზე მიღებიდან 6 თვის შემდეგ უნდა გასინჯოს ოტოლარინგოლოგმა. ამის შემდეგ აუცილებელია ნევროპათოლოგის კონსულტაცია.
- გასათვალისწინებელია უკუჩვენებები, რომლებსაც გამოავლენს წინასწარი სამედიცინო გასინჯვა. ესენია: ნებისმიერი ეტიოლოგიის სმენის დაქვეითება, ვესტიბულური აპარატის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის - მენიერის დაავადება, ასევე - გამოხატული ვეგეტატიური დისფუნქცია, ჰიპერტონიული დაავადება, ნარკომანია, ტოქსიკომანია და სხვა.
- ხმაურიან გარემოში მომუშავეთათვის აუცილებელია რაციონალური კვება, ვიტამინებით მდიდარი საკვები, განსაკუთრებით - მარცვლეული და პარკოსნები, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, კარტოფილი.
- განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პესტიციდებთან მომუშავეებისთვისაც. ამაზე რას გვეტყვით?
- პესტიციდებთან მუშაობის დაწყებამდე უნდა გაიკეთოთ სასუნთქი გზების, თვალების, ხელების დამცავი აღჭურვილობა: სათვალე, ხელთათმანი, წინსაფარი, რესპირატორი;
- ჩაიცვათ სპეციალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
- თუ რესპირატორი არ გაქვთ, გაიკეთეთ დოლბანდისა და ბამბის ნიღაბი.
- თუ მუშაობისას ან მისი დასრულების შემდეგ მოწამვლის ნიშნები (თავბრუხვევა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, სისუსტე) შეამჩნიეთ, სასწრაფოდ დაანებეთ თავი მუშაობას, შეწყვიტეთ პესტიციდთან კონტაქტი და გადით სუფთა ჰაერზე.
- ფრთხილად გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი. შეწამვლის შემდეგ დაიცავით ლოდინის პერიოდი და მერეღა გადით შეწამლულ ტერიტორიაზე სამუშაოდ.
- იმუშავეთ დილით და საღამოს, როცა გრილა.
- არ შეწამლოთ მცენარეები წვიმაში.
- მოსავალი აიღეთ ლოდინის პერიოდის გავლის შემდეგ, როგორც მითითებულია ეტიკეტზე.
- მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმეთ სუფთა წყლით შესასხურებელი აპარატის გამართულობა.
- პესტიციდის შეფრქვევა უფრო საშიშია, ვიდრე შესხურება.
- შესხურების ან შეფრქვევის დროს გაითვალისწინეთ ქარის მიმართულება, რომ შხეფები და მტვერი არ მოგხვდეთ, აგრეთვე არ დაბინძურდეს შესაწამლავ მწკრივებს შორის დარგული ბოსტნეული და ნაყოფიანი მცენარეები.
- პესტიციდები უნდა ინახებოდეს სპეციალურ საცავში (საწყობში), კონტეინერი იყოს დახურული, ჰქონდეს სათანადო წარწერა.