4 რამ, რაც ტვინში ბედნიერების განცდას ქმნის
თუმცა, როდესაც ამ რჩევას ნეირომეცნიერები იძლევიან, ის ბევრად დამაჯერებელია, რადგან მათ ესმით აღნიშნული საკითხი.
გთავაზობთ ნეირომეცნიერ ალექს კორბის (წიგნის, „აღმავალი სპირალი“, ავტორი) დაიჯესტს და რჩევათა შეჯამებას, თუ როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას. ყველა მათგანი ეფუძნება ადამიანის ტვინის ბოლოდროინდელ კვლევებს. საყურადღებოა, რომ ნეირობიოლოგები საზოგადოდ გამოყოფენ 4 ფაქტორს, რომელიც ქმნის ბედნიერების განცდას ტვინში.
1. ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე!
- თუ სევდამ ან გაბრაზებამ დაგძლიათ, აუცილებლად გამოთქვით ის – განსაზღვრეთ თქვენი მდგომარეობა. ეს ამოცანა შეიძლება მარტივად და უაზროდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანის ტვინი მაშინვე რეაგირებს გრძნობების სიტყვებით გადმოცემისას.
წიგნში ალექს კორბს მოჰყავს MRI კვლევის მაგალითი: მონაწილეებს აჩვენებდნენ ადამიანთა ფოტოებს, რომელთა სახეები გამოხატავდნენ სხვადასხვა სახის ემოციას. ამის შემდეგ მეცნიერები ზომავდნენ და აფასებდნენ სუბიექტების ტვინის რეაქციას. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეთა ამიგდალა (თავის ტვინის სტრუქტურაა) პასუხობდა სურათებში გამოსახულ ემოციებს. როდესაც ადამიანებს სთხოვდნენ დაესახელებინათ ეს ემოციები, ანუ ეთქვათ ის, რაც დაინახეს, მათ უაქტიურდებოდათ თავის ტვინის ქერქის ვენტროლატერალური პრეფრონტალური უბანი, ამიგდალას აქტივობა კი პირიქით – მცირდებოდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ როდესაც მონაწილეები ასახელებდნენ და განსაზღვრავდნენ მათ მიერ ნანახ ემოციებს, ამ ემოციათა უარყოფითი გავლენა ტვინზე მცირდებოდა.
2. ჰკითხეთ თქვენს თავს, რისთვის შეგიძლიათ იყოთ მადლიერი!
- კორბი ამბობს, რომ მადლობის გადახდა (მადლიერება) ძალიან სასარგებლოა და ამის გაკეთება სასურველია ყოველდღე.
„ამ მარტივი მოქმედების დადებითი ეფექტი უკავშირდება სისხლში დოფამინის გამოყოფის მექანიზმს. რადგან, როცა რაღაცის გამო გონებრივად თუ სიტყვიერად მადლობელი ვართ, აქტიურდება ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია დოფამინის გამომუშავებაზე“ – წერს ავტორი. მადლიერების გრძნობა მოქმედებს სეროტონინის დონეზეც, შესაბამისად, ადამიანს არ დასჭირდება ანტიდეპრესანტები.
ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანი ვერ უპასუხებს კითხვას – „რისთვის უნდა იყოს მადლიერი“ – საგანგაშო არაფერია. რადგან მნიშვნელოვანია არა იმის ცოდნა, რისთვის შეიძლება იყოს ის მადლიერი, არამედ მთავარი და მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის ძიება, ამ ძიების გაგრძელება“ – განმარტავს კორბი. „გახსოვდეთ, რომ მადლიერება არის ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ფორმა“.
კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია ემოციური ინტელექტი, მით მაღალია ნეირონების აქტივობა ბედნიერების განცდაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებში, და მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ გიჭირთ იმის გაგება, რისთვის უნდა იყოთ მადლიერი, უბრალოდ მუდმივად დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვა. ეს უკვე ბილიკია ბედნიერებისკენ. უბრალოდ აღნიშნეთ (გამოყავით) ის, რაც უკვე გაქვთ, რასაც მიჩვეულები ხართ და ჩვეულებრივადაც კი მიგაჩნიათ – კომფორტი, კეთილდღეობა. ეს ყოველდღე უნდა გააკეთოთ, რომ მიიღოთ მოსალოდნელი ეფექტი.
ზოგიერთს შეიძლება წინააღმდეგობა გაუჩნდეს, რომ ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ ხდება და რატომ უნდა იყოს მადლიერი?! დიახ, ასეც არის, ასეც ხდება, სწორედ ეს არის ცხოვრება. მაგრამ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცუდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი, რისთვისაც მადლიერები უნდა ვიყოთ? პრინციპში, ადამიანის ამოცანაა, ამ ფაქტორებს თანაბარი წონა მიანიჭოს ცხოვრებაში, რათა ნეგატიურობა არ გაბატონდეს და არ დაჯაბნოს (არა მოიპაროს) ბედნიერების განცდა.
3. იყავით გადამწყვეტი!
- არაფერი იწვევს ისეთ უსიამოვნო შფოთვას, როცა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რაღაც, მაგრამ ვერ წყვეტს. ბოლოს და ბოლოს – რა? როგორ? რატომ? მაგრამ საკმარისია გადაწყვეტა და ადამიანი მაშინვე მშვიდდება. ეს ბევრად სჯობს მოვლენების ათასჯერ გადახედვას, გამუდმებულ ფიქრს, ათასობით სცენარისა და ვარიანტის განხილვას და მოსალოდნელი შედეგებით თავის შეშინებასა თუ დამძიმებას.
„გადაწყვეტილებათა მიღებისას ჩვენ ვქმნით ზრახვებს და ვსახავთ მიზნებს. ეს ყველაფერი ერთი და იგივე ნერვული წრედის (სქემის) ნაწილებია (რგოლებია) და დადებითად მოქმედებს პრეფრონტალურ ქერქზე, ამცირებს შფოთვას და მოუსვენრობას“, – ამბობს კორბი.
გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება ეხმარება ადამიანებს, იგრძნონ სიტუაციაზე გარკვეული კონტროლი. რადგან, როდესაც ადამიანი სრულად კარგავს რაღაც სიტუაციაზე კონტროლს, შფოთვა პიკს აღწევს. მაგრამ, საკმარისია გადაწყვეტილების მიღება და თითქოს მხრებიდან სიმძიმე იხსნება!
4. ჩაეხუტეთ და შეეხეთ სხვა ადამიანებს!
- სოციალური კონტაქტები და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ვართ საჭირო, აღიარებული და, შესაბამისად, თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ. ეს არაერთი გამოკვლევითაა დადასტურებული. თუმცა, ნეირომეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ თემის შესწავლისას.
„ოქსიტოცინის გათავისუფლების ერთ-ერთი გზა შეხებაა“, – ნათქვამია წიგნში. ოქსიტოცინს ხშირად უწოდებენ ასევე „სიყვარულის ჰორმონს“, რადგან ის არეგულირებს სოციალურ ინსტინქტებს. ის ბევრ რამეზე ზემოქმედებს, დედის გრძნობებიდან და რძის გამომუშავებიდან დაწყებული, თანაგრძნობით (ემპათიით), გულუხვობითა და ორგაზმით დამთავრებული.
როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხებიან, ეხვევიან ან კოცნიან, გამოიყოფა ოქსიტოცინი. ეს ჰორმონი საფუძვლად უდევს ნდობას, ასევე ნამდვილი ანტიდოტია დეპრესიისთვის. როგორც კორბი წერს, როცა მტკივნეული პროცედურის დროს ადამიანის ხელი ვიღაცას უჭირავს, ადამიანი არა მხოლოდ მშვიდდება და აღარ შეიგრძნობს დისკომფორტს, არამედ მნიშვნელოვნად უნელდება ტკივილის შეგრძნება.
ამრიგად, იფიქრეთ ალექს კორბის დაიჯესტზე და გაითვალისწინეთ ნეირომეცნიერის რჩევები!