შფოთვა და მისი მართვის გზები
პერიოდულად ყველა ადამიანი შფოთავს, თუმცა ეს ყოველთვის საგანგაშო სიგნალს არ წარმოადგენს.
შფოთვას თან ახლავს გულისცემის გაძლიერება, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები.
შფოთვის ტიპური სიმპტომებია:
- კონცენტრაციის სირთულე;
- მოუსვენრობა;
- აჩქარებული გულისცემა;
- ჰაერის უკმარისობის განცდა
შფოთვას შესაძლოა თან ახლდეს პანიკური შეტევები, უკონტროლო და უსიამოვნო მოგონებები, ფიქრები, ძილის დარღვევები.
არსებობს შფოთვის სამი დონე:
- სუსტი - კლინიკურად უმნიშვნელო მდგომარეობაა. მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემოციურ, სოციალურ მდგომარეობაზე და პროფესიულ საქმიანობაზე. ამ დროს სასურველია შფოთვის პროცესზე დაკვირვება და მასთან გამკლავება;
- საშუალო - შფოთვის სიმპტომები უფრო ხშირად და უფრო ინტენიურად აღინიშნება. შფოთვის საშუალო დონეს ახასიათებს: ხშირი ღელვა, აგზნებადობა, მოდუნების სირთულე, თუმცა მართვას ექვემდებარება. ამ დროს რეკომენდებულია ფსიქოთერეპევტთან ვიზიტი, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები;
- მწვავე - ამ დროს სტრესის მაღალი დონე აღინიშნება. მისი სიმპტომები ინტენსიურია და უკავშირდება პანიკის განცდას. უკიდურესს შემთხვევებში ასეთმა შფოთვამ შესაძლოა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ამ დროს აუცილებელია ფსიქოთერაპია და შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობაც
შფოთვის მსუბუქი დონისას, შფოთვის შესამცირებლად საჭიროა შფოთვითი აზრების განეიტრალება. საშუალო დონის შფოთვა კი დამატებითი თერაპიების ჩატარებას მოითხოვს, შფოთვის მწვავე დონეზე აუცილებელი ხდება ფსიქიატრთან კონსულტაცია.
შფოთვის მართვის სტრატეგია მოიცავს:
- მაპროვოცირებელი მიზეზის ამოცნობას - შფოთვის დონის შესამცირებლად აუცილებელია ტრიგერების ამოცნობა და შესაბამისად, მათგან თავის არიდება. ყველაზე გავრცელებული ტრიგერებია: სტრესული სამსახური, ფობიის წყარო, ქრონიკული ტკივილი, სტიმულატორების რეგულარული მოხმარება;
- მედიტაციას - ყოველდღიური მედიტაცია და იოგა დადებითად მოქმედებს შფოთვის დონის შემცირებაზე;
- სწორ კვებას - ნახშირწყლებით მდიდარი საკვები პროდუქტების მოხმარება ზრდის შფოთვის დონეს. ამიტომ, რეკომედებულია ნახშირწყლების მიღების შემცირება, ასევე კოფეინის რაოდენობის შეზღუდვა;
- ფიზიკურ აქტივობას - როდესაც სხეული დასუსტებულია ფსიქიკური პროცესები მწვავდება, აქედან გამომდინარე, შფოთვის სიმპტომების მართვისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურად სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის შესრულება.