რა უნდა იცოდეს მოზარდმა

პირველი სქესობრივი კონტაქტის, მისი თანმხლები საფრთხეების, ორგაზმის შესახებ, ამ საკითხებზე კი მშობლებს ვერ ვესაუბრებით, რადგან გვრცხვენია ან არ გვპასუხობენ. ასევე არიან ჩემი მეგობრებიც. ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა, მაგრამ რომელია სწორი, ამის დადგენა გვიჭირს. გთხოვთ დაგვეხმაროთ და აგვიხსნათ, როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ. და საერთოდ, რა უნდა იცოდეს მოწიფულობაში ახალფეხშედგმულმა ადამიანმა?
სიტყვა "მოზარდი" მზარდ ადამიანს ნიშნავს. მართალია, იგი უკვე აღარ არის ბავშვი, მაგრამ არც მოზრდილია. ერთი ცნობილი ფილმის პერსონაჟი თავის თავსა და თავის 16 წლის თანატოლებზე ასე ამბობს: "ჩვენ არა ბავშვობის უმაღლეს, არამედ მოზრდილობის უმდაბლეს საფეხურზე ვიმყოფებით". ეს მოზარდის ზუსტი დახასიათებაა. დიახ, ისინი ბავშვები არ არიან - არც ფიზიკურად, არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიოლოგიურად, თუმცა სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან მათთვის უცნობ და საიდუმლოებით სავსე მოზრდილთა სამყაროს, მაგრამ მათი ცხოვრებისეული გამოცდილება იმდენად მწირია, არავის ესმის, რომ ისინი უკვე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანები არიან. სანატრელი გამოცდილების მოსაპოვებლად კი მრავალი მათგანი უმძიმეს სიტუაციებში იგდებს თავს. უბედურება ის არის, რომ ცნებაში "გამოცდილება" ხშირად გულისხმობენ სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას და, რასაკვირველია, სექსს. მაგრამ მოზრდილი ადამიანების მცირე ნაწილი თუ დაეთანხმება იმ აზრს, რომ სწორედ მას ეს განასხვავებს მოზარდისაგან. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მოზრდილებს უკვე დაავიწყდათ, როგორები იყვნენ სიყმაწვილის ჟამს და ჯერ კიდევ არ იციან, როგორები იქნებიან რამდენიმე წლის შემდეგ.
რას ნიშნავს ეს?
სიყრმის პერიოდი - სათუთი საზღვარი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის - პრაქტიკულად ბინდით არის მოცული. ის, რაც მოხდა, წარსულში დარჩა, ხოლო ის, რაც მომავალში მოხდება, უცნობი და შემაშფოთებელია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი, რასაკვირველია, არსებობს. რაც უფრო უკეთ იცის ადამიანმა, რა ხდება მის თავს, მით უფრო მეტად არის იგი დაზღვეული სიტუაციის არასწორი აღქმისა და შეცდომებისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ სიყრმის პერიოდში: გაიგოთ, რატომ იცვლება სხეულის ფორმები, ფსიქიკა, რისი ბრალია ხასიათის ასეთი ცვალებადობა, ნორმალურია თუ არა ეს, რატომ გვესიზმრება ის, რაც ცხოვრებაში არასოდეს განგვიცდია, რა არის პოლუცია და მენსტრუაცია.
მოზარდებს ხშირად ეუხერხულებათ მშობლებთან ამ თემაზე საუბარი, ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ჩვევა, ინტიმურ საკითხებზე ექიმს ესაუბრონ, ხოლო თანატოლები ისეთივე გაუცნობიერებლები არიან, როგორიც თავად. სწორედ ამიტომ თინეიჯერებს შორის უამრავი მითი დადის, რომლებიც ძირითადად სქესობრივ სფეროს ეხება. ზოგიერთი ასეთი მითი ნებისმიერ გათვითცნობიერებულ ადამიანს შოკს მოჰგვრიდა, მაგრამ მოზარდებს შორის ეს ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება.
რა უნდა გააკეთოს ამ დროს მოზარდმა?
პირველ რიგში, ახსოვდეს, რომ თვითონ და მისი თანატოლები - არ არიან პირველები, ვინც ამგვარი პრობლემების წინაშე დგას, ამიტომ უპრიანია, მათ შესახებ რჩევა მიიღონ არა იმისგან, ვისაც ასევე მწირი წარმოდგენა აქვს, არამედ იმისგან, ვინც გაცილებით მეტი იცის. ბევრს აზრადაც არ მოსდის ელემენტარული რამ - რომ მათივე მშობლებმა, ვინც ჩასახა, გააჩინა და აღზარდა ერთი შვილი მაინც, როგორც სქესობრივი ცხოვრების, ისე ორსულობისა და მისგან თავდაცვის შესახებ გაცილებით მეტი იციან, ვიდრე თანაკლასელებმა. იმათზე მეტიც, ვინც უკვე გაითქვა სახელი თავისი "სასიყვარულო ისტორიებით". თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მშობლებმაც როდი იციან ყველაფერი ამ "აკრძალული თემის" შესახებ - ისინი ხომ სპეციალისტები არ არიან. მათ არ შეუძლიათ, სწორად უპასუხონ თავიანთი მოზარდი შვილის ყველა კითხვას. ამასთანავე, სამწუხაროდ, მათ შორის კიდევ მძლავრობს განწყობა: "ის, რაც ჩვენ ვიცით, არ უნდა იცოდე შენ".
მოკლედ, ყველა მშობელთან გულითადი საუბარი შეუძლებელია. ეს შესაძლებელია მხოლოდ მასთან, ვისი ნდობაც აქვს მოზარდს. ამასთანავე, მთავარია, იმ კითხვებზე, რომლებზეც გიპასუხებთ, პასუხი დანამდვილებით იცოდეს (კი არ ხვდებოდეს ან ვარაუდობდეს, არამედ ზუსტად იცოდეს), ყველა სხვა კითხვა კი სწორად გადაამისამართოს.