ნესვი
დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), სახამებელს, C ვიტამინს (60 მგ-მდე), ცილებს, ასევე - კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებსა და მინერალურ მარილებს. გამოიყენება როგორც უმი, ასევე შემჭკნარი და გამხმარი - ე.წ. ნედლი ჩირი.
მისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, ცუკატს, მარმელადს, ხდიან წვენს, რომლისგანაც აკეთებენ "თაფლს" - ბექმეზს, რომელშიც შაქრის შემცველობა 60%-ია. ნესვის თესლის 25-30% საჭმელი ზეთია.
ნესვის ხუთასამდე ჯიში არსებობს. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა - სფეროსებრიდან გველივით კლაკნილის ჩათვლით. ზომა 3-4 სმ-დან 2 მ-მდე მერყეობს, წონა - 20 კგ-მდე. ქერქის შეფერილობაც სხვადასხვაა და რბილობისაც. თესლი თეთრი ან კრემისფერია, 11 მმ-მდე სიგრძის.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი და მაღალხარისხოვანი ნესვი მოჰყავდათ (ახლაც მოჰყავთ) შუა აზიის ქვეყნებში. ვისაც იქ ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი, არ შეიძლება, ბაზრებში არ შეევლო - იქაურობა სავსეა უგემრიელესი ნედლი და ხმელი ხილით.
საინტერესოა ნესვის ხმობის ადგილობრივი ტექნოლოგია, რომლითაც ალბათ შეიძლებოდა ჩვენებური ჯიშების გახმობაც გვეცადა. არჩევენ წვნიან, მაგრამ მკვრივ ნაყოფს, რომელსაც წინასწარ, 1-2 დღით ადრე, აწყობენ თაროებზე, შემდეგ ჭრიან შუაზე, აცლიან თესლს, ნახევრებს ისევ ჭრიან 2-3 სმ სისქის ნაჭრებად, თლიან, ლანგრებზე ალაგებენ და მზეზე ახმობენ. მწერებისგან დასაცავად აფარებენ დოლბანდს. ყოველ 2-3 დღეში აბრუნებენ. ფაქტობრივად, ნესვი კი არ ხმება, ჭკნება. ჭკნობის პროცესი 8-12 დღეს გრძელდება.
ნესვის სასარგებლო თვისებები
ნესვი, გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებსაც შეიცავს. მისი რბილობის 95% წყალია, დანარჩენი - შაქარი, კალციუმი, რკინა, თუთია, ცხიმი, A, B, C და P ვიტამინები, კაჟი.
კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას.
რკინის უხვი შემცველობის გამო ნესვი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აქვს. გარდა ამისა, შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში.
ნესვზე უარი უნდა თქვან დიაბეტით დაავადებულებმა და მსუქნებმა, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის "მძიმე" შაქარი. სამ ნაჭერზე მეტის ჭამას კი არც დანარჩენებს ვურჩევთ - ნაწლავებს ავნებს.
ნესვში არის ოქროც. გარდა ამისა, მისი რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გამოიმუშაოს სეროტონინი - "ბედნიერების ჰორმონი".
ასე რომ, თუ მოწყენილი ხართ, მიირთვით ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ.
ნესვის შემადგენლობაში შედის ნიკოტინის მჟავაც. მისი და ვიტამინების კომპლექსური მოქმედება ამაგრებს ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.
ნესვის შემადგენლობაში არსებული კალციუმი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას.
ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევენ ჰემოგლობინის დონეს. C და U ვიტამინები ახდენენ ანტიოქსიდანტურ ეფექტს ანუ ხელს უშლიან ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევენ. ასე რომ, ნესვი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას გაგიხანგრძლივებთ.
ნესვი შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს, რაც მაშინვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე.
- ნესვის რბილობის საფენი უხდება ხველებას. თუ ასეთ საფენს ჭრილობაზე დაიდებთ, მალე მოგიშუშდებათ.
- ნესვი თავისებური "სილამაზის ელექსირია". ის კანს არბილებს, აგრილებს, ტუჩებს სიქორფეს ანიჭებს, თვალებსა და თმას - სასიამოვნო ჯანმრთელ ბზინვარებას. ნესვის რბილობისგან ამზადებენ მკვებავ და მატონიზებელ ნიღბებს კანისა და თმისთვის. თუ ნესვის ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ ერთი თვის ან თვე-ნახევრის განმავლობაში, კანი გახდება ელასტიკური და მიიღებს შესანიშნავ ფერს.
- ნესვს აქვს მათეთრებელი თვისებებიც, ასე რომ, გამოადგებათ მათ, ვინც ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ნესვის წვენი, რძე და მინერალური წყალი. გამოიყენეთ მშრალი კანის გასაწმენდად.
- არ გადაყაროთ ნესვის თესლი - ის ძალიან მდიდარია თუთიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოუხდება თმასა და კანს. საკმარისია, მიირთვათ დღეში 2-5 გრამი ახალი თესლი (უბრალოდ დაღეჭეთ, შეიძლება თაფლთან ერთადაც), რომ გარეგნობას უმალვე დაეტყობა.
- ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარია ნესვის კანიც. არსებობს უბრალო ხალხური რეცეპტი, რომელიც სილამაზესა და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ:
წვენსაწურში ჩაუშვით გაუფცქვნელი ნესვი კურკებითურთ, მიირთვით ერთი ულუფა ნესვი, მერე კი ნახევარი ჭიქა გამონაწური დააყოლეთ. ახალი ქერქი 15 წუთით დაიდეთ სახეზე რბილობის მხრიდან - გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახის დაჭიმვის ეფექტით მზადაა!
- თუ ზღვაზე გარუჯვა ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ მზის ეფექტი ნესვის დახმარებით გააძლიეროთ. ის შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში მელატონინის პიგმენტის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი კანს ამუქებს. თანაბარი ნარუჯის მისაღებად საკმარისია, ყოველდღე მიირთვათ 300 გ ნესვი და 1-2 საათი დაყოთ მზეზე.
- ნესვის რბილობი უხდება ნებისმიერი ტიპის თმას, აბზინებს მას და არბილებს. თმის ნიღაბი იოლი მოსამზადებელია: დაჭყლიტეთ ნესვის რბილობი და დაიდეთ სუფთა თმაზე, მოიხვიეთ შალის ნაჭერი და 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ნესვის რბილობი, თიხის ჭურჭელში ჩაჭყლიტეთ, გადაიღეთ ოთხფა დოლბანდში და გაწურეთ. გამონაწური მინის ჭურჭელში ჩაასხით. თავის დაბანის წინ თმა დაყავით ნაწილებად და ნესვის წვენში დასველებული ბამბის ტამპონი თმის ძირიდან ბოლომდე გაისვით. 20-30 წუთის შემდეგ თავი დაიბანეთ რბილი შამპუნით. აუცილებელია 15-20 პროცედურა. ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.
- ნესვი გახდომაშიც დაგეხმარებათ. ზოგიერთ დიეტოლოგს მიაჩნია, რომ მათ, ვისაც სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვან 2კგ (5 ულუფად გაყოფილი) ნესვის რბილობი. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ნაწლავებს და ჭარბი სითხე ორგანიზმიდან გამოაქვს.
არსებობს ნესვის დიეტის რამდენიმე ვარიანტი. აი ერთ-ერთი მათგანი: მიირთვით სადილის ან ვახშმის მაგივრად ნესვი (სხეულის ყოველ 30 კგ-ზე - 1კგ). ამგვარად საკმარისი რაოდენობით მიიღებთ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, არ შეგაწუხებთ შიმშილი და სისუსტე. ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია მოხარშული ბრინჯი უმარილოდ, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ მიიღოთ მოხარშული თევზი ან კვერცხი. ან 150 გ მოხარშული ქათამი, უშაქრო მწვანე ჩაი. ნესვის მთელი დღის ნორმა უნდა გაიყოს 5 ულუფად. ერთი მეხუთედი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი ყოველ ორ საათში ერთხელ, ოღონდ სადილის შემდეგ. ნესვის დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული.