ანემია
ამიტომ, ბუნებრივია, მას უამრავი შეკითხვა უკავშირდება.
დღეს შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ანემიათა სახეები, მათი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის პრინციპები.
მაინც, რა არის ანემია?
ანემია არის მდგომარეობა, როცა სისხლში დაქვეითებულია ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების (ეგრეთ წოდებული სისხლის წითელი უჯრედები) შემცველობა. როგორც მოგეხსენებათ, ჰემოგლობინი ერითროციტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, ის იერთებს ჟანგბადს და უზრუნველყოფს ქსოვილებისა და ორგანოების მომარაგებას სიცოცხლისათვის აუცილებელი ამ ნივთიერებით. თუ ადამიანის ორგანიზმში დაქვეითებულია ერითროციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობა, მისი ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების ჟანგბადით მომარაგება უარესდება. სწორედ ეს დარღვევაა ანემიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფართოდ გავრცელებული სიმპტომის – ზოგადი სისუსტის მიზეზი.
სისხლის პათოლოგიათა შორის ანემია ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. აშშ-ის მონაცემებით, ის მოსახლეობის 5,6%-ს აღენიშნება. ანემიის მომატებული რისკი აქვთ ქალებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.
ანემიის შესახებ მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ:
- ზოგიერთი ფორმა თანდაყოლილია, რაც ნიშნავს, რომ დაავადება ახალშობილსაც შეიძლება ჰქონდეს;
- რეპროდუქციული ასაკის ქალებს რკინადეფიციტური ანემიის მომატებული რისკი აქვთ მენსტრუაციის პერიოდში სისხლის რეგულარული კარგვისა და ორსულობისას რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო;
- მომატებულია მოხუცთა ანემიის რისკი არასათანადო კვებისა და ქრონიკული დაავადებების შედეგად.
ანემია ხასიათდება კლინიკური მრავალფეროვნებით, განსხვავებულია მათი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ტაქტიკაც. ანემიის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახე – რკინადეფიციტური ანემია - ადვილად იკურნება რკინის პრეპარატებით, თუმცა არსებობს ანემიის ისეთი სახეებიც, რომლებიც პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში პრობლემას უქმნის.
რა იწვევს ანემიას
სადღეისოდ აღწერილი ანემიის 400-მდე სახე პირობითად 3 უმთავრეს ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
- სისხლის კარგვასთან დაკავშირებული ანემიები;
- სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების დაქვეითებული წარმოქმნა ან ერითროპოეზის (წარმოქმნის) დარღვევები;
- ერითროციტების ჭარბი დაშლა – ეგრეთ წოდებული ჰემოლიზური ანემიები.
სისხლის კარგვასთან დაკავშირებული ანემიები
სისხლდენა ანემიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია. ხშირად ასეთი სისხდენები წლების განმავლობაში გრძელდება და პაციენტი ისე კარგავს მცირე რაოდენობის სისხლს, რომ ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას არც აქცევს. ასეთი ქრონიკული სისხლის კარგვის ფართოდ გავრცელებული მიზეზებია:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები – წყლულები, ბუასილი, გასტრიტი, სიმსივნე;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ამ ჯგუფს ეკუთვნის თითქმის ყველა ტკივილგამაყუჩებელი) გამოყენება, რაც, თავის მხრივ, წყლულისა და გასტრიტის მიზეზია;
- ჭარბი მენსტრუაცია.
ერითროციტების წარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებული ანემიები
ანემიის ამ სახისას სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები ან ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება ან სათანადოდ ვერ ფუნქციობს – ფუნქციურად არასრულფასოვანია, რის გამოც ადვილად იშლება – ვითარდება ჰემოლიზი. ამ დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკურად განპირობებული ერითროციტების ანომალია ან იმ მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა, რომლებსაც აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისათვის. ანემიის აღნიშნული ტიპის მაგალითებია:
- ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
- რკინადეფიციტური ანემია;
- ბ12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტური ანემია;
- ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების პრობლემები;
- ჯანმრთელობის სხვა პრობლემები – როგორც წესი, იწვევს იმ ჰორმონების დეფიციტს, რომლებიც სისხლის წარმოქმნისთვის – ჰემოპოეზისთვისაა აუცილებელი. ამ მექანიზმით ვითარდება ანემია თირკმელების უკმარისობის, ჰიპოთიროიდიზმის, სიმსივნის, ინფექციების, დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, ხანდაზმულობის დროს.
როგორ ვლინდება ანემია
ანემიის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე, გამომწვევ მიზეზზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი გარკვეულ ეტაპამდე მდგომარეობის კომპენსირებისა, რის გამოც ამ პერიოდში ანემია შეუმჩნეველი რჩება. მიუხედავად ანემიის მრავალფეროვნებისა, გარკვეული სიმპტომები, საზოგადოდ, დამახასიათებელია ანემიისათვის. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ:
- ადვილად დაღლა, სისუსტე, უენერგიობა;
- უჩვეულოდ ხშირი პულსი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას;
- ქოშინი, თავის ტკივილი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- თავბრუ;
- კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე;
- წვივის კუნთების ტკივილი, კრამპი – მტკივნეული შეკუმშვა;
- უძილობა.
უშუალოდ ანემიის ტიპთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:
- რკინადეფიციტური ანემიისას – გემოვნების გაუკუღმართება (ცარცის, ქაღალდის, კბილის პასტის, მტვერის, უმი ბურღულეულის და ა. შ. ჭამის დაუძლეველი სურვილი), რაც პიაკციზმის სახელწოდებითაა ცნობილი; ფრჩხილებზე განივი ზოლები, ფრჩხილების ჩაზნექა კოვზის მსგავსად – კოილონიქია, ტუჩების კუთხეებთან ნახეთქები;
- ბ12 ვიტამინდეფიციტური ანემიისას – კიდურებში ჭაინჭველების ცოცვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, შეხებისას მგრძნობელობის დაქვეითება, სიარულის გაძნელება და არამყარი სიარული, მოძრაობების გაუხეშება, დემენცია;
- ტყვიით ქრონიკული ინტოქსიკაციის გამო ანემიისას – მოლურჯო-მოშავო არშია ღრძილებზე – ე. წ. ტყვიის ყაეთანი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, ღებინება;
- ერითროციტების ქრონიკული დაშლით გამოწვეული ანემიისას – სიყვითლე, მუქი, მოყავისფრო ან მოწითალო შარდი, წყლულები ქვედა კიდურებზე, ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა, ბავშვთა განვითარების შეფერხება;
- ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისას – სისუსტე, ინფექციებისადმი მიდრეკილება, სახსრებში, მუცელში, კიდურებში ლოკალიზებული ძლიერი ტკივილის ეპიზოდები;
- უეცარი, სწრაფად განვითარებული ჰემოლიზისას – მუცლის ტკივილი, ყავისფერი ან წითელი შარდი, სიყვითლე, მცირე სისხლჩაქცევები კანქვეშ, თირკმლის უკმარისობის სიმპტომები.
რას ემყარება ანემიის დიაგნოზი
პაციენტის ჩივილებსა და გასინჯვით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანემიაზე ეჭვის დროს ექიმი ნიშნავს შემდეგ ლაბორატორიულ ტესტებს:
- სისხლის საერთო ანალიზი – განისაზღვრება ერითროციტების რაოდენობა, ზომა, მოცულობა, მათში ჰემოგლობინის შემცველობა და სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობა;
- სისხლში ფერიტინისა და რკინის შემცველობა – საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რკინის რაოდენობა ორგანიზმში;
- სისხლში ბ12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობა;
- ანემიის იშვიათ ფორმებზე ეჭვისას ინიშნება სპეციალური ტესტები;
- რეტიკულოციტების (ერითროციტების ახალგაზრდა ფორმები) დათვლა, ბილირუბინის განსაზღვრა;
- იშვიათ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის ტვინის ბიოფსია.
ანემიის მკურნალობის პრინციპები
ანემიის მკურნალობისას მნიშვნელოვანია ორი მთავარი პრინციპის დაცვა – აუცილებელია დაზუსტდეს, რომელი ანემია აქვს პაციენტს და დადგინდეს ანემიის მიზეზი. ორივე მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ანემიას განსხვავებული მკურნალობა სჭირდება – ის, რაც ეფექტურია ერთი ანემიის დროს, შესაძლოა სხვა სახის ანემიისას საზიანოც კი იყოს და თუ არ აღმოვფხვრით ანემიის მიზეზს, მკურნალობა უეფექტო იქნება.
სისხლდენით გამოწვეული ანემია
უეცარი ინტენსიური სისხლდენისას აუცილებელია პაციენტის გადაყვანა სტაციონარში. სისხლის ქრონიკული კარგვისას აუცილებელია სისხდენის წყაროს დადგენა, სისხლდენის შეჩერება, რკინის პრეპარატების დანიშვნა.
რკინადეფიციტური ანემია
ახალგაზრდა ქალებთან უხშირესად მისი მიზეზი მენსტრუაციის დროს სისხლის კარგვაა. თუ ეს ანემია აქვს მამაკაცს ან არარეპროდუქციული ასაკის ქალს, ტარდება კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი), რათა გამოირიცხოს სისხლის კარგვა მსხვილი ნაწლავიდან. ანემიის ამ სახის სამკურნალოდ ექიმი ნიშნავს რკინის პრეპარატებს.
ბ12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემია
მკურნალობის თვალსაზრისით ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ბ12-ის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მიზეზის დადგენა. პაციენტთა ნაწილს არ აქვს ბ12-ის შეწოვის უნარი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბ12 ვიტამინის ინექცია ყოველ 1-3 თვეში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტისას ის ინიშნება პრეპარატის სახით.
ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დარღვევა
ამ მექანიზმით აღმოცენებული ანემიის მკურნალობა განსაკუთრებით რთულია, ზოგჯერ შესაძლოა მდგომარეობა თავისთავად გაუმჯობესდეს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ძვლის ტვინის გადანერგვა.
ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ანემია
ასეთი ანემიის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ანემიის გამომწვევი დაავადების მკურნალობაა. თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასა და ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული ანემიის სამკურნალოდ რეკომენდებულია ერითროპოეტინის ინექცია. ერითროპოეტინი არის ჰორმონი, რომელიც ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულატორია.
ერითროციტების გაძლიერებული დაშლით გამოწვეული ანემია
ჰემოლიზური, ანუ ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემიის მკურნალობაც გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. მცირედ გამოხატული ანემიის შემთხვევაში, ზოგჯერ, მკურნალობა არ არის საჭირო. ეფექტურია ანემიის გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაცია. ეს შესაძლებელია, როცა ჰემოლიზის მიზეზი გულის დაზიანებული სარქველი, სიმსივნე ან სისხლძარღვთა ანომალიაა. რიგ შემთხვევაში, როცა ჰემოლიზი მნიშვნელოვანია და ანემია მკვეთრადაა გამოხატული, საჭირო ხდება სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმა. იმუნური ჰემოლიზისას იყენებენ სტეროიდულ ჰორმონებს. ზოგჯერ ერითროციტების დაშლის გამომწვევი ფაქტორების მოცილება სისხლიდან პლაზმაფერეზის დახმარებითაა შესაძლებელი.
ხანდახან, როცა ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ანემია კვლავ მნიშვნელოვანია, შეიძლება საჭირო გახდეს სპლენექტომია – ელენთის ამოკვეთა.
ხანგრძლივი ჰემოლიზური ანემია ხშირად იწვევს ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირებას. თუ პაციენტს უვითარდება შეტევითი ტკივილი კენჭების გამო (მწვავე ქოლეცისტიტი), აუცილებელი ხდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
ზოგჯერ ჰემოლიზური ანემია იწვევს თირკმელების უკმარისობას. ამ დროს ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. იშვიათად შესაძლოა საჭირო იყოს ძვლის ტვინის გადანერგვა.
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
ზოგჯერ განკურნება შესაძლებელია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით. ეფექტური შეიძლება იყოს პრეპარატი ჰიდროქსიურეა. ის ეხმარება ჰემოგლობინის ალტერნატიული ვარიანტის ფორმირებას და ამცირებს ჰემოლიზით გამოწვეულ ძვლების ტკივილს. ამ მიზნით გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებიც.
ტყვიით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული ანემიისას რეკომენდებულია ტყვიასთან კონტაქტის შეწყვეტა და მისი შემბოჭავი მედიკამენტები.
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, როცა პაციენტს აქვს ანემიის რისკფაქტორები ან ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი:
- მუდმივი ქოშინი, სისუსტე, გულის აჩქარება, კანის სიფერმკრთალე;
- არ იღებს ხორცსა და ხორცის პროდუქტებს;
- გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია;
- წყლული, გასტრიტი, ბუასილი, სისხლი განავალში;
- დადგენილია ტყვიის ზემოქმედება;
- გენეტიკა დატვირთულია თანდაყოლილი ანემიის კუთხით.