თუ შვილის გაჩენას აპირებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ შვილის გაჩენას აპირებთ

სქესობრივ კავშირს ბევრი მიმართავს, დაორსულების შემდეგ კი, თუ წყვილს ბავშვის გაჩენა აქვს გადაწყვეტილი, იწყება შფოთვა ჩანასახის განვითარებისა და ორსულობის მიმდინარეობის გამო. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წყვილი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაგრამ ჩასახვა არ ხდება. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ არასრულფასოვანი კვება, ძილის დარღვევა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ნერვიულობა ფიტავს ორგანიზმს და ხელს უშლის ჩასახვას.

განაყოფიერებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გვესაუბრება ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე.

- რომელი ფაქტორები უშლის ხელს განაყოფიერებას? როგორ აისახება უარყოფითი ემოციის, ცხოვრების დაძაბული რიტმის, ძილის რეჟიმის დარღვევის, სტრესისა და სხვა მავნე ფაქტორების გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე და საზოგადოდ სქესობრივ ფუნქციაზე?

- უმჯობესია, ჯერ განვმარტოთ, რას ნიშნავს განაყოფიერება. განაყოფიერება ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების - კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის - შერწყმაა, რაც ახალ სიცოცხლეს აძლევს დასაბამს. განაყოფიერება, ჩვეულებრივ, საშვილოსნოს მილში, მის ამპულარულ ნაწილში ხდება. ეს პროცესი ნორმალურად რომ წარიმართოს, საჭიროა განსაზღვრული წინაპირობები, უპირველეს ყოვლისა, რეპროდუქციული ასაკის ჯანმრთელი ქალისა და მამაკაცის რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. განაყოფიერება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, დაახლოებით მე-12-16 დღეს ხდება.

კვერცხუჯრედი განაყოფიერების უნარს ფოლიკულიდან გამოთავისუფლების შემდეგ 24 საათი ინარჩუნებს. ავტორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4-6 საათია, მაშინ როდესაც სპერმატოზოიდების შემთხვევაში ეს დრო 48 საათიდან 7 დღემდე მერყეობს. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ სპერმატოზოიდები საშვილოსნოს ყელიდან მის ამპულარულ ნაწილში მინიმუმ 5 წუთის და მაქსიმუმ 5 საათის ინტერვალში ხვდება. თვით კვერცხუჯრედი, მას შემდეგ, რაც მიაღწევს საშვილოსნოს მილის ამპულას, რამდენიმე საათში ნაყოფიერდება. ამ დროს აქ უნდა იმყოფებოდეს სპერმატოზოიდები.

განაყოფიერება ვერ მოხდება, თუ წყვილს სქესობრივი კავშირი ოვულაციის შემდეგ ან ოვულაციამდე 6 დღეზე მეტი ინტერვალით ჰქონდა.

არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებას. ეს ფაქტორებია უნაყოფობის მიზეზები. უფრო გავრცელებული ტერმინია უშვილობა. უშვილობაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში ეწევიან რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, ე. ი. აქვთ შვილის ყოლის სურვილი, მაგრამ ვერ ხდება ჩასახვა. ცხადია, განაყოფიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასაკი. ქალის რეპროდუქციული ასაკი 15-დან 49 წლამდე პერიოდს მოიცავს, ანუ ქალს ამ ასაკში შეუძლია ჰყავდეს შვილი, თუმცა უმეტესად შვილოსნობის ასაკი 49 წელზე ნაკლებია. არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ქალი უფრო გვიან ორსულდება. გვიან ორსულობათა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა მას შემდეგ, რაც ფართოდ დაინერგა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები - ინ ვიტრო განაყოფიერება.

რისკი იმისა, რომ ქალს არ ეყოლოს შვილი, 20-24 წლის ასაკში 6%-ია, 25-29 წლის ასაკში - 9%, 30-34 წლის ასაკში - 15%, 35-40 წლის ასაკში - 30%, ხოლო 40-44 წლის ასაკში - 64%.

რაც შეეხება მამაკაცის რეპროდუქციულ ასაკს, ის გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ზოგიერთ მამაკაცს 80 წლის ასაკშიც კი აქვს განაყოფიერების უნარი ანუ ნორმალური სქესობრივი ფუნქცია და ნორმალური სპერმოგრამა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: გვიან ასაკში მაღალია ახალშობილთა გენეტიკური პათოლოგიებით დაავადების ალბათობა.

უშვილობის სამედიცინო მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს ძალიან ვრცელი და რთული თემაა. მოკლედ გეტყვით, რომ უნაყოფობა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის პრობლემებით (40-40%) ან ორივეს მიზეზების თანხვედრით (20%). უნაყოფობის უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევები, გადატანილი ინფექციის შემდგომი ანთებითი და შეხორცებითი პროცესები, იმუნოლოგიური და სხვა პრობლემები. საუბრობენ უცნობი ეტიოლოგიის უშვილობაზეც. რაც შეეხება გარემო ფაქტორების როლს, ცხადია, რომ თანამედროვე ცხოვრების დაძაბული რიტმი, უარყოფითი ემოციები, დეპრესიული მდგომარეობა, ძილის დარღვევა, გარემოს მავნე ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები, განსაზღვრული სახის მედიკამენტები, მავნე ჩვევები უარყოფით გავლენას ახდენს ზოგადად ჯანმრთელობაზე და კერძოდ რეპროდუქციულ - შთამომავლობის კვლავწარმოქმნის, გამრავლების - ფუნქციაზე. ზემოხსენებული ფაქტორების ზემოქმედება შეიძლება აისახოს არა მხოლოდ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების განვითარებაზე, არამედ სქესობრივ ცხოვრებაზეც და უშუალოდ განაყოფიერებაზეც.

აღწერილია სპერმატოგენეზის (მამრობითი სასქესო უჯრედების წარმოქმნის პროცესის) დარღვევა ძლიერი და მწვავე ფსიქოემოციური სტრესის დროს, მაგალითად, სიკვდილმისჯილებში, ავტოკატასტროფის დროს გადატანილი შიშის ფონზე, გადაღლისას და სხვა. მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების სიხშირეც. საყურადღებოა, რომ ხშირი სქესობრივი კონტაქტი განაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამ დროს სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ქვეითდება, ეაკულატში ჩნდება მისი უმწიფარი ფორმები. ასევე არახელსაყრელია იშვიათი სქეობრივი კავშირი. აღმოჩნდა რომ სქესობრივი კონტაქტისგან 10 დღეზე მეტი ხნით თავშეკავების შემთხვევაში იცვლება სპერმატოზოიდების მორფოლოგია, ქვეითდება მათი მოძრაობის უნარი. ამგვარად, ნორმალური განაყოფიერებისთვის აუცილებელია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. ოპტიმალურია ორ-სამდღიანი ინტერვალები.

- რომელი მედიკამენტების მიღების ფონზე არ არის სასურველი (ან არ ხდება) განაყოფიერება? რა უნდა გაითვალისწინოს წყვილმა ამა თუ იმ მკურნალობის კურსის დროს, შესაბამისად, როდის უნდა დაგეგმოს ბავშვის ჩასახვა?

- ასეთი მედიკამენტების ნუსხა საკმაოდ ვრცელია. სულფასალაზინები, ნიტროფურანთოინები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, წნევის დამწევი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანაბოლური სტეროიდები მრავალმხრივ გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. კერძოდ, აქვეითებს სპერმატოზოიდების წარმოქმნას, მათ რაოდენობას, მოძრაობისა და განაყოფიერების უნარს, აჩენს მათ პათოლოგიურ ფორმებს, არღვევს სპერმული სითხის გამოყოფას, აქვეითებს ასევე მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებას, რის გამოც ითრგუნება ლიბიდო, ვითარდება იმპოტენცია.

რაც შეეხება ქალებს, ტკივილის გასაყუჩებლად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხეების ნორმალური ფუნქციის შეცვლა, ქიმიოპრეპარატებმა - საკვერცხეების ჰიპოფუნქცია და ასე შემდეგ. ამდენად, უმჯობესია, წყვილმა ორსულობის დაგეგმვისას მაქსიმალურად არიდოს თავი მედიკამენტების მიღებას, უფრო სწორად, დაგეგმოს ორსულობა მაშინ, როდესაც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის პრობლემები აღარ ექნება და, შესაბამისად, აღარც მედიკამენტების მიღება დასჭირდება. გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ფოლიუმის მჟავა, რომლის მიღება დაორსულებამდე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში და ორსულობის მე-12 კვირამდე აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯანმრთელობის განსაზღვრული მდგომარეობა, მაგალითად, უშვილობა, მოითხოვს მედიკამენტურ კორექციას. ჰორმონული დისფუნქციის დროს ხშირად საჭიროა ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა, ჰორმონთერაპია, რომელიც ორსულობის დროსაც უნდა გაგრძელდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ორსულობა თვითნებურად შეწყდეს. ამ დროს მათი გამოყენების სარგებელი რისკს აღემატება. თუმცა პრეპარატების შერჩევა ექიმის პრეროგატივაა.


- თუ ქალი ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდებით ან სხვა პრეპარატებით მკურნალობს, შემთხვევით დაორსულებისას ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანასახის განვითარებას?

- მენსტრუაციის გადაცდენამდე ქალის მიერ ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ჩანასახისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩასახვიდან პირველი 10 დღე მიჩნეულია სტერილურ პერიოდად. ამ დროს ნაყოფი დაცულია ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისგან. ნაყოფის დაზიანების თვალსაზრისით მაღალია რისკი მე-17-დან 54-ე დღემდე. ამიტომ როგორც კი ქალს მენსტრუაცია გადაუცდება, აუცილებელია, ორსულობის ტესტი გაიკეთოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში სასურველია მედიკამენტის შეწყვეტა, - რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით, - ვინაიდან უკვე დადასტურებულია მრავალი პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება - ნაყოფის განვითარების შეფერხება სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ჩამოყალიბებით.

- რას გვეტყვით ალკოჰოლის გავლენაზე? რამდენად საშიშია ჩასახვა ნაბახუსევს ან როდესაც მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის?

- ალკოჰოლი დამთრგუნველად მოქმედებს სპერმატოგენეზზე - მამაკაცის სასქესო უჯრედების წარმოქმნაზე. ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს სათესლის მილაკების გადაგვარებას, აზოოსპერმიას - სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობას. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ალკოჰოლის მიღებას მოწიფულ ასაკში იწყებენ, სპერმატოზოიდების შემცველობა 1 მლ-ში 50%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ სვამს, მოზარდი ორგანიზმი კი ამ კუთხითაც გაცილებით მგრძნობიარეა ალკოჰოლის მიმართ. ალკოჰოლის ზემოქმედება უარყოფითად აისახება ორსულობის მიმდინარეობაზეც. ხშირია ორსულობის ვადამდე მიუტანლობა და მკვდრადშობადობა. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აზიანებს სასქესო უჯრედებს, რის გამოც არცთუ იშვიათად იბადებიან არასრულფასოვანი ბავშვები. უმეტესად ნაყოფის თავის ტვინი ზიანდება, რაც იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე, თუ ჩასახვა მოხდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევს, ნაყოფის ნორმალური განვითარება ერთგვარი რისკის ქვეშ დგება.

წყვილი, რომელიც ორსულობას გეგმავს, ასევე - ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა ერიდონ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ორსულობის დროს ალკოჰოლის უსაფრთხო ოდენობა არ არსებობს. განვითარების პათოლოგიის ალბათობა ყოველთვის არის, თუმცა, რასაკვირველია, დამოკიდებულია ალკოჰოლის ოდენობასა და მიღების ხანგრძლივობაზე.

სპერმის საანალიზოდ ჩაბარებამდე აუცილებელ პირობად ითვლება ოთხდღიანი თავშეკავება სქესობრივი კონტაქტისგან, მჟავე, ცხარე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან, რამდენადაც ეს უკანასკნელი საგრძნობლად ცვლის სპერმოგრამის სურათს.

- რა მნიშვნელობა აქვს კვებას? ამ კუთხითაც ხომ არ არსებობს რეკომენდაციები მათთვის, ვისაც ბავშვის გაჩენა სურს?

- კვების ფაქტორს პრინციპული მნიშვნელობა აქვს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ფორმირების, განვითარებისა და ფუნქციობისთვის. არასრულფასოვანი კვება უარყოფითად აისახება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. ცილოვანი საკვები, რომელიც შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, აუცილებელია ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციის განხორციელებისთვის. ქალებში წონის დეფიციტის ანუ ძლიერი სიგამხდრის დროს, როცა ცხიმოვანი ქსოვილი მწირია, ვითარდება ესტროგენების ნაკლებობა და მენსტრუალური ფუნქციის მოშლა. ასევე არასასურველია ჭარბი წონა - ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ჰორმონულ დარღვევებამდე და უნაყოფობამდე მივყავართ.

ცხიმოვანი ქსოვილის შესაფასებლად ითვლიან სხეულის მასის ინდექსს შემდეგი ფორმულით: სხეულის მასა შეფარდებული სიმაღლის კვადრატთან (კგ/მ2). ნორმალურად ითვლება 18,5-26-მდე მაჩვენებელი. თუ ინდექსი 18,5-ზე ნაკლებია, საუბრობენ მასის დეფიციტზე, თუ 26-დან 30-მდეა - ჭარბ წონაზე, თუ 30-ზე მეტია - სიმსუქნეზე. ნორმაში ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის მასის 22%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

პრინციპული მნიშვნელობა აქვს სხეულზე ცხიმის გადანაწილების თავისებურებასაც. განსაკუთრებით არასახარბიელოა ჯანმრთელობისთვის მამაკაცური სიმსუქნე. წონის დაკლება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე დადებითად აისახება. მეტად მნიშვნელოვანია კალორიების შეზღუდვა ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების (შაქრის, შაქრის შემცველი პროდუქტების) და ცხიმების ხარჯზე. აუცილებელია ცილოვანი საკვების, სითხის საკმაო ოდენობით მიღება, 4-ჯერადი კვება მცირე ულუფებით. ძალიან კარგია განტვირთვის დღეები.

- განაყოფიერებისთვის ხელის შემშლელი სხვა ფაქტორებიდან რომელს გამოყოფდით?

- განაყოფიერებისთვის ხელის შემშლელ ტოქსიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება კოკაინი, ალკოჰოლი, მარიხუანა, ნიკოტინი. რაც შეეხება კოფეინს, აღმოჩნდა, რომ ის უმნიშვნელოდ ზრდის თვითნებური აბორტის რისკს, ხოლო ტერატოგენული ეფექტი ნაყოფზე არ არის აღწერილი. უნდა გამოვყოთ ნიკოტინი. სიგარეტის მოწევა ნეგატიურად მოქმედებს შვილოსნობის ფუნქციაზე - ქვეითდება სპერმის ხარისხი, ორსულობის სიხშირე მწეველებს შორის 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე არამწეველებს შორის, იზრდება თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკი. ორსულობის დროს ყოველდღიურად მოწეული 10 ღერი სიგარეტი ახალშობილის წონის 200-გრამიან დეფიციტს იწვევს.

ძალზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს საწარმოო და საყოფაცხოვრებო შხამები. მძიმე მეტალებით - დარიშხანით, ტყვიით, ვერცხლისწყლით, მანგანუმით, კადმიუმით - მოწამვლა, პესტიციდებთან კონტაქტი ხელს უშლის განაყოფიერებას.

ფიზიკური ფაქტორებიდან აღსანიშნავია რადიაცია, რენტგენის გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ველი, ტემპერატურული ფაქტორი. სპერმატოზოიდები გადახურებასთან შედარებით უკეთესად იტანენ სიცივის ზემოქმედებას, ამიტომ მამაკაცებისთვის რეკომენდებულია ხალვათი თეთრეულისა და შარვლების ჩაცმა.

სასქესო ორგანოების ტრავმული დაზიანება ასევე იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას. ზოგჯერ მავნე გავლენას ჰორმონული საშუალებები და სხვა მედიკამენტებიც ახდენს. აღსანიშნავია ინფექციების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობის როლი. ზემოხსენებული ფაქტორების უმნიშვნელო ზემოქმედება რეპროდუქციულ სისტემაში შექცევად ცვლილებებს იწვევს, ძლიერ ინტენსიური კი შეუქცევადს. ამის შედეგია პათოლოგიური ჩასახვა, სპონტანური აბორტი, თანდაყოლილი სიმახინჯეები.

- რას ურჩევდით მკითხველს?

- მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალური პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება არა მხოლოდ მამაკაცებში, არამედ ქალებშიც. ასევე - ნარკომანია. ხშირია ჭარბი წონა, სტრესი, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმის ჰორმონულ ცვლაზე. რიგი რეკომენდაცია ამ და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით უკვე მოგეცით. ზოგადად, წყვილებს შეიძლება ვურჩიოთ შემდეგი: თავი დაანებონ მოწევას, თავი არიდონ ალკოჰოლის მოხმარებას, მიირთვან სრულფასოვანი საკვები, შეინარჩუნონ სხეულის ნორმალური წონა, თავი არიდონ მავნე ფაქტორების ზემოქმედებასაც, ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ არავითარი მედიკამენტი, იყონ ფიზიკურად აქტიურები. ახსოვდეთ, რომ შვილოსნობაზე დადებითად მოქმედებს ვარჯიში, ფეხით სიარული, ცურვა. მოიწესრიგონ ძილი და ემოციური მდგომარეობა. ქალებმა ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე დაიწყონ ფოლიუმის მჟავას მიღება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი შთამომავლობის საწინდარია.