გამათბობლები და ჯანმრთელობა

ბოლო ხანს ასეთი შემთხვევები გაიშვიათდა, რაც, უდავოდ, ხარისხიანი გამათბობლების დამსახურებაც არის, თუმცა ძვირიან ტექნიკაზე ყველას არ მიუწვდება ხელი, ასე რომ, საფრთხე კვლავაც არსებობს. როგორ მოვიქცეთ? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექიმი რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი.- ქალბატონო ნინო, მოგეხსენებათ, აცივებასთან ერთად დღის წესრიგში გათბობის საკითხიც დგება. საშიში ხომ არ არის გამათბობლების მუდმივი გამოყენება?
- გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იყენებენ გამათბობლებს და სახლში მუდამ ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებენ. მაღალი ტემპერატურა დარღვევებს იწვევს თითქმის ყველა ორგანოში, დაწყებული კანიდან, დამთავრებული ნერვულ-ფსიქიკური სფეროთი. მისი ზემოქმედებით ვითარდება დერმატიტი, ეგზემა და კანის სხვა დაავადებები. გარდა ამისა, თბილ სახლებში მცხოვრებ ქალბატონებს ერღვევათ ძილი, ადვილად იღლებიან, დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, მით უფრო მეტად არის გამოხატული არასასურველი ეფექტები. სიცხესთან ხუმრობა არ ღირს. ამ დროს ირღვევა ორგანიზმის სითბური ადაპტაცია - ტემპერატურასთან შეგუების უნარი, რის შედეგადაც სასიცოცხლო ორგანოთა მუშაობაში სერიოზული ცვლილებები ხდება. სითბური ადაპტაციის დარღვევის საწყის სტადიაში ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის თავის ტკივილს, უძილობას. თუ ადამიანი ზამთარში შენობას გამუდმებით +30-32 გრადუსამდე ათბობს, შესაძლოა განვითარდეს სითბური ადაპტაციის დარღვევის მეორე სტადია, ამ დროს ორგანოებსა და ქსოვილებში შეუქცევადი პროცესები იწყება, ზიანდება იმუნიტეტი, ენდოკრინული, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემები, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. თუ ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის გათბობა იმავე რეჟიმით განაგრძო, ადრე თუ გვიან თერმორეგულაციის დარღვევა მესამე სტადიას მიაღწევს. ამ დროს ორგანოთა უმრავლესობაში, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებში, იწყება ფუნქციური ძვრები, რაც ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობათა გამოფიტვას იწვევს. ხანგრძლივ გადახურებას, მით უმეტეს - გამომშრალი ჰაერის ფონზე, შეუძლია სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ამ დროს მოქმედებას იწყებს სუსტი რგოლის პრინციპი. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ფარულად მიმდინარე ალერგია აქვთ, უვლინდებათ კანისმხრივი რეაქციები და ეგზემაც კი, ენდოკრინული დარღვევების (შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) მქონე ადამიანებს უფრო მეტად ერღვევათ ნივთიერებათა ცვლა. გამორიცხული არ არის, სითხისა და ელექტროლიტების კარგვის ფონზე შარდკენჭოვანი დაავადებაც გამწვავდეს. როდესაც ადამიანს დიდხანს უწევს მუშაობა მაღალ (28-30 გრადუსზე მეტ) ტემპერატურაზე, საგრძნობლად სუსტდება მისი როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის უნარი. აღარ შეგახსენებთ, როგორ უჭირთ სიცხის ატანა ჰიპერტონიკებსა და გულით დაავადებულებს. ამრიგად, ჯანმრთელობისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურაა +18-200ც. თუ სიმხურვალის მოყვარული ბრძანდებით, +25-280ც-იც შეიძლება, ოღონდ უზრუნველყავით ჰაერის მაღალი ტენიანობა და ბინა ხშირად გაანიავეთ.
- რითია ცუდი მშრალი ჰაერი?
- გამომშრალი ჰაერი აბრკოლებს ორგანიზმში ჟანგბადის შესვლას. ასეთ გარემოში თვითშეგრძნება უარესდება, თავს იჩენს დაღლილობა, გაფანტულობა. მშრალი ჰაერი, რომლის ტენიანობა 30%-ზე ნაკლებია (დადგენილია, რომ ასეთია ჰაერი იმ შენობებში, რომლებიც კედლისა და ჭერის გამათბობლებით თბება), ხელს უწყობს კანისა და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების გაუწყლოებას. გაუწყლოება იწვევს ცხვირის დაცობის შეგრძნებას, ხველას, სუნთქვის გაძნელებას, ყელის ტკივილს, კანის სიმშრალეს, თმის გამოფიტვას. ჰაერის გამოშრობის გაცილებით მძიმე შედეგია გამომშრალი ორგანიზმის მიდრეკილება ინფექციური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მიმართ. გამომშრალმა ჰაერმა შესაძლოა გაამწვაოს ბრონქული ასთმა. მშრალი ჰაერი განსაკუთრებით ვნებს ახალშობილებს, რომლებსაც სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსები გაცილებით მგრძნობიარე აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. მშრალი ჰაერი ვნებს ატოპიური დერმატიტის მქონე ავადმყოფებსაც, რომელთაც კანი ისედაც გამომშრალი აქვთ. ვითარდება ეგრეთ წოდებული დეჰიდრატაციული ეგზემა. ამ დროს კანის ზედა შრე გარქოვანებულია და მიდრეკილია ანთებისკენ. დამცავ ფუნქციას კარგავს თვალის ლორწოვანიც. თვალებში "მტვრის ჩაცვენის" შეგრძნება უმეტესად მშრალი ჰაერის ბრალია. ლორწოვანის დაზიანება კი გზას უხსნის ბაქტერიულ ინფექციას. მშრალ ჰაერში ძლიერდება სტატიკური ელექტრობა ტანსაცმელსა და სინთეტიკურ მასალებზე. ჰაერის დაბალი ტენიანობის დროს შრება ავეჯი, პარკეტი, ფუჭდება ხის მუსიკალური ინსტრუმენტები.
- რატომ მწვავდება მშრალი ჰაერის პრობლემა ზამთარში?
- დაბალ ტემპერატურაზე ჰაერი მცირე რაოდენობით შეიცავს წყალს, მაშინაც კი, როცა მისი ფარდობითი ტენიანობა მაღალია (90-100%). თბილ შენობაში მოხვედრისას ჰაერი თბება და მისი ფარდობითი ტენიანობა მცირდება. რაც უფრო ძლიერია ვენტილაციური სისტემის გამწოვი უნარი და, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ცივი ჰაერი შემოდის გარედან, მით უფრო დაბალია შენობაში ფარდობითი ტენიანობა. ეს იმიტომ, რომ გათბობის შედეგად მაღლა იწევს ოთახის ტემპერატურა, მაგრამ პარალელურად არ იმატებს ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობა. ეს აძლიერებს კანიდან, ოთახის მცენარეებიდან და ავეჯიდან წყლის აორთქლებას, რის შედეგადაც ტენიანობის მაჩვენებელი 25-20%-ზე დაბლა ეცემა. ზამთრობით სახლებში ფარდობითი ტენიანობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 15%-ს, ეს კი საჰარის უდაბნოს მაჩვენებელზე დაბალია - იქ ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 25%-ს უდრის. შენობაში ჰაერი გამომშრალია, თუ იქ:
. მძიმდება ასთმიანი და ალერგიული ადამიანების მდგომარეობა, თავს იჩენს ცხვირის გაჭედვის, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალის შეგრძნება;
. ოთახის მცენარის ფოთლებს კიდეები უშრება;
. ოთახში გროვდება ელექტროსტატიკური ელექტრობა (დენი გვცემს ტანსაცმლისგან, სხვადასხვა საგნისგან, ცხოველებისგან);
. სწრაფად შრება პარკეტი და ავეჯი;
. ჰაერში უხვად არის მტვერი;
. დიდხანს მუშაობს კონდიციონერი ტენიანობის რეგულატორის გარეშე.
- რას გვეტყვით გაზის გამათბობლებზე, რამდენად საშიშია ისინი ჯანმრთელობისთვის?
- საშიშია ნებისმიერი გამათბობელი, თუ არ დავიცავთ ექსპლუატაციის ნორმებს და წესებს. განსაკუთრებით კი ის გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს საცხოვრებელი ფართობიდან იღებენ. მათი არასწორი დამონტაჟების შემთხვევაში მოსალოდნელია მხუთავი აირით მოწამვლა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგამდეც კი მიგვიყვანოს.
- და აი, მივადექით ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ნახშირჟანგით მოწამვლას...
- ნახშირჟანგით (ნახშირბადის მონოქსიდით, მხუთავი აირით) მოწამვლას ინჰალაციურ მოწამვლებს შორის პირველი ადგილი უკავია. სამწუხაროდ, თბილისელთა 10% სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობებით თბება. მხუთავ გაზს არ გააჩნია ფერი და სუნი, მაგრამ ძალიან ტოქსიკურია - იგი სხვადასხვა საწვავის არასრული წვის პროდუქტია. ნახშირჟანგი მალე გადადის სისხლში, ურთიერთქმედებს ჰემოგლობინის რკინასთან და წარმოქმნის მყარ ნაერთს - კარბოქსიჰემოგლობინს, რომელსაც ჟანგბადის ქსოვილებამდე მიტანის უნარი არ გააჩნია. შედეგად ვითარდება მწვავე ჟანგბადოვანი შიმშილი, რაც სიკვდილს იწვევს.
- უმეტესად სად ხდება მოწამვლა?
- მხუთავი გაზი გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში. მოწამვლა დამოკიდებულია მხუთავი გაზის კონცენტრაციაზე, მისი მოქმედების ხანგრძლივობასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბავშვები მის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან, უფრო მალე იწამლებიან და მოწამვლაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოწამვლა შესაძლებელია:
. საწარმოში, სადაც მხუთავ აირს ამა თუ იმ ორგანული ნივთიერების (აცეტონი, მეთილის სპირტი, ფენოლი) სინთეზისთვის იყენებენ;
. ავტომანქანაში, ცუდი ვენტილაციის მქონე ავტოსადგომზე ან სხვა შენობაში, გვირაბში, ტრასაზე ან მსხვილ ავტოსტრადაზე (თუ დიდი ხანი დავყავით);
. შინ, გაზქურის, წყლის ან ოთახის გამათბობლის გაჟონვისას.
განასხვავებენ მხუთავი აირით მოწამვლის ორ ხარისხს - მსუბუქს და მძიმეს.
მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის:
. თავის ძლიერ ტკივილს (თავი თითქოს მარწუხში აქვს მოქცეული), შუბლის, საფეთქლების ტკივილს;
. ყურების შუილს;
. თავბრუხვევას;
. სისუსტეს;
. გულისცემის გახშირებას;
. გულისრევასა და პირღებინებას.