ნაყოფის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ხილის მიღება,
აღმოსავლურ სამზარეულოში გარგარით კერძებსაც აზავებენ. ის შესანიშნავად ეხამება ინდაურის, იხვის, ცხვრისა და ღორის ხორცს. ამ ნაზავით უგემრიელესი და პიკანტური კერძები მიიღება. თუ გარგარის მურაბის ან გემრიელი კონფიტიურის მომზადება გსურთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გაფცქვნილი კურკის გული, კურკის ნამტვრევები კი დოლბანდში გამოკარით და ადუღებულ მურაბაში ჩადეთ - ის მკვეთრად გამოხატულ გემოს შეიძენს.
ჩაციებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად სუფრასთან შეიძლება მიიტანოთ მაყალზე შემწვარი, ქონის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი. ეს, როგორც იტყვიან, ნამდვილი დელიკატესია. შინ გასახმობად შუაზე გახლეჩილი გარგარი დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში, გააცხელეთ მინიმალურ ტემპერატურაზე და კარღია ღუმელშივე დატოვეთ გასაშრობად. სითხე აორთქლდება. გარგარი რბილი უნდა დარჩეს. მისი შენახვა 8-10 დღის განმავლობაში შეიძლება, სასურველია, მაცივარში. მეტად სასარგებლოა გარგარის ჩირი. ის სისხლის აღმდგენი შესანიშნავი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული გარგარის ჩირი საუცხოოა ანემიის დროს.
ღორის ნეკნები გარგარით
საჭიროა:
1 კგ ღორის ნეკნი; 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი; 2 ფოთოლი სალბი; 4 ცალი მწიფე გარგარი; 2 სუფრის კოვზი თაფლი; 1 კბილი ნიორი; 1 ტოტი როზმარინი; წიწაკა.
აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ცოტაოდენი წიწაკა, ნივრის წვენი, წვრილად დაჭრილი სალბი და როზმარინი. მომზადებულ საკაზმში ამოვლებული ღორის ნეკნები შედგით მაცივარში 5 საათით. შემდეგ შეწვით თავისივე წვენში, მოასხით თაფლი. დააცადეთ შემაგრება და დაამატეთ წვრილად დაჭრილი გარგარი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაახურეთ თავსახური და 1 საათით დაბალ ცეცხლზე შუშეთ, თან ურიეთ.
ფენოვანი ცომის ნამცხვარი გარგარით
საჭიროა:
გარგარი; 250 გ გაყინული ფენოვანი ცომი; 2 სუფრის კოვზი შაქარი.
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი გააბრტყელეთ და მოაწყვეთ ზედ გარეცხილი, გამშრალი, კურკაგამოცლილი გარგარი, მოაყარეთ შაქრის პუდრი და შედგით ღუმელში 25 წუთით. მიირთვით თბილი ან შერბილებული.
გარგარის ნაყინი
საჭიროა:
500 გ მწიფე გარგარი; 0,25 ლ გაცივებული ნაღები; 250 გ ხაჭო; 6 სუფრის კოვზი შაქარი; ვანილი.
გარგარი გარეცხეთ, გადაასხით მდუღარე წყალი, გაფცქვენით და გამოაცალეთ კურკა, მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 4 სუფრის კოვზ შაქარსა და ვანილთან ერთად. დროდადრო ურიეთ. თუ ბევრი წვენი გაუშვა, მოხადეთ თავსახური და სითხე ააორთქლეთ. გააცივეთ. ათქვიფეთ ნაღები, დარჩენილი შაქარი შეურიეთ ხაჭოს. გარგარის პიურე, ვანილი და ხაჭო შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს. ჩაასხით სპეციალურ ფორმაში და შედგით მაცივარში 30 წუთით. მიიტანეთ სუფრასთან ნუშის ნამცხვართან ერთად.