ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები
აღნიშნულის მიზეზი მარტივია – ხველა არის ჩივილი, რომელსაც პაციენტი დიდი მონდომებისა და მოთმინების შემთხვევაშიც ვერ დამალავს, ირგვლივ მყოფთათვის შეუმჩნეველს ვერ დატოვებს. ალბათ, ამით აიხსნება პაციენტთა თხოვნა – ექიმმა შეარჩიოს რაც შეიძლება ეფექტური საშუალება ხველის წინააღმდეგ.
როგორც დღევანდელი ნომრის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, ხველა არ არის დაავადება, ის მხოლოდ გარკვეული დაავადების ან მდგომარეობის ერთ-ერთი სიმპტომია. შესაბამისად, მისი მკურნალობა, უპირველესად, გამომწვევი დაავადებების მკურნალობაა. არის შემთხვევები, როცა ხველის გამომწვევი მდგომარეობა გარკვეული დროის შემდეგ თავისთავად განიკურნება, ხველაც ქრება. აღნიშნულის მაგალითია ხველა ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ვირუსული ინფექციებისას – ეგრეთ წოდებული „გაციების“ დროს.
იმ შემთხვევებში, როცა ხველა სასუნთქი გზების ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის სიმპტომია, უხშირესად ექიმი იძულებული ხდება, გარკვეული პრეპარატები დაუნიშნოს პაციენტს დაავადების ამ შემაწუხებელი გამოვლინების წინააღმდეგ. მკურნალობის ასეთ მეთოდს, სამედიცინო ტერმინოლოგიით, სიმპტომურ თერაპიას უწოდებენ. როგორც თავად მიხვდებით, ეს არის გარკვეული სიმპტომის საწინააღმდეგოდ მედიკამენტების გამოყენება. ბუნებრივია, სიმპტომური თერაპია ყოველთვის ტარდება ძირითად (სიმპტომის გამომწვევი დაავადების) მკურნალობასთან ერთად.
მართალია, უშუალოდ ხველის საწინააღმდეგოდ ხშირად ტარდება სიმპტომური მკურნალობა (განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას და/ან მწვავე ბრონქიტის დროს), მაგრამ ასეთი მკურნალობის და აღნიშნული მიზნით გამოყენებული საშუალებების ეფექტურობა საყოველთაოდ აღიარებული არ არის. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მოწინავე ქვეყნების თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების თანახმად, ხველის დროს გამოყენებული საშუალებების ეფექტურობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის, ან მათი ეფექტურობის მტკიცებულებები შეზღუდულია, კვლევათა მონაცემები კი ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ეს ეხება როგორც ხველის საწინააღმდეგო, ასევე ამოსახველებელ საშუალებებს. გარკვეული არ არის ამ საშუალებების მნიშვნელობა ქრონიკული ხველის მკურნალობის თვალსაზრისითაც.
მიუხედევად სამეცნიერო ლიტერატურის ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუდასტურებელი მონაცემებისა, ხველის საწინააღმდეგოდ მედიკამენტების გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხველა საკმაოდ გავრცელებული და ხშირად ძალიან შემაწუხებელი სიმპტომია.
ხველის საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ – უშუალოდ ხველის საწინააღმდეგო, ანუ ხველის დამთრგუნველი საშუალებები და ამოსახველებლები, რომლებიც აადვილებენ ამოხველებას ნახველის გამოყოფის სტიმულირებისა და მისი გათხელების მეშვეობით.
ხველის დამთრგუნველი პრეპარატები
როგორც მოგეხსენებათ, არსებობს პროდუქტიული ხველა, ანუ ხველა, რომლის დროსაც გამოიყოფა ან ჩახველებისას შეიგრძნობა ნახველი და არაპროდუქტიული, ანუ მშრალი ხველა. რადგანაც შემაწუხებელ, არაპროდუქტიულ, მშრალ ხველას თან არ ახლავს ნახველის გამოყოფა, მიზანშეწონილია მისი დათრგუნვა – გაიშვიათება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხველის დამთრგუნველი ანუ ხველის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
ჩვენს ორგანიზმზე ზემოქმედების თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური და პერიფერიული მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავენ ხველის რეფლექსს მოგრძო ტვინის შესაბამის უბნებზე ზემოქმედებით. ამ ჯგუფის ძირითადი საშუალებებია კოდეინი და ეთილმორფინი, დექსტრომეტორფანი, ბუტამირატი, გლაუცინი, ოქსელადინი, პრენოქსდიაზინი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის პრეპარატების მიღებისას არ დაითრგუნოს სუნთქვის ცენტრი, რომელიც ასევე მოგრძო ტვინში მდებარეობს. კოდეინი და ეთილმორფინი (ხველის საწინააღმდეგო ნარკოტიკული საშუალებები) კი სწორედ სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის უნარით ხასიათდებიან. პრენოქსდიაზინი ხველის ცენტრის დათრგუნვის გარდა აქვეითებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობასაც (ადგილობრივი საანესთეზიო ზემოქმედება).
პერიფერიული მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ზემოქმედებენ სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში არსებულ მგრძნობიარე დაბოლოებებზე. ამ გზით პერიფერიული მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ხორხში, ტრაქეაში, ბრონქებში „ხველის სტიმულების“ წარმოქმნას და გავრცელებას. ასეთი პრეპარატის ტიპური მაგალითია აცეტილამინონიტროპროპოქსიბენზენი (კარგად ცნობილი ფალიმინტი).
კოდეინისა და ეთილმორფინის არასასურველი ეფექტების გამო (სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, სასუნთქი მოცულობის შემცირება, მიჩვევა-დამოკიდებულების აღმოცენება) უკანასკნელ პერიოდში უპირატესობა ეძლევა არანარკოტიკულ, როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია ხველის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება პროდუქტიული (ნახველიანი) ხველისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია რისკი, რომ ხველის რეფლექსი დაითრგუნება, პაციენტი ვეღარ ამოახველებს და სასუნთქ გზებში დარჩენილი ნახველი დაინფიცირდება.
კოდეინისა და დექსტრომეტროფანის შემცველი ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას (განსაკუთრებით დიდი დოზებით გამოყენების დროს) შესაძლოა აღმოცენდეს სუნთქვისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ძილიანობა, მოდუნება, თავბრუ. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატების მიღებისას მანქანის მართვა, სამუშაო, რომელიც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ცენტრალური ნერვული სისტემის და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის დიდი რისკის გამო.
ამოსახველებელი საშუალებები
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის სასუნთქ გზებში დღე-ღამის განმავლობაში 100 მილილიტრამდე სეკრეტი გროვდება. მის უდიდეს ნაწილს ადამიანი ყლაპავს ისე, რომ ვერც შეიგრძნობს. სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას ნახველის სეკრეცია იზრდება, მისი სიბლანტე მატულობს, ამოხველება ძნელდება. მიუხედევად იმისა, რომ ნახველს დამცველობითი ფუნქცია აქვს, მისი გაზრდილი რაოდენობა და მომატებული სიბლანტე ართულებს ფილტვებში გაზთა ცვლას, ქმნის პირობებს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებისათვის. ამიტომ სასუნთქი გზების დაავადებებისას გაძნელებული ამოხველების დროს რეკომენდებულია ამოსახველებელი საშუალებების გამოყენება.
მოქმედების მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ამოსახველებელი საშუალებების ორ ჯგუფს: ამოხველების მასტიმულირებლებს და ნახველის გამათხელებლებს (მუკოლიზური საშუალებები).
ამოხველების მასტიმულირებელი საშუალებები (ვირისტერფას, იის, ძირტკბილას, თავშავას, კულმუხოს, თერმოფსისის, სენეგას, ალთეს (ტუხტის) და სხვა სამკურნალო მცენარეების პრეპარატები) ხელს უწყობენ ნახველის გადაადგილებას სასუნთქ გზებში. კუჭის ლორწოვანის უჯრედებზე სუსტი გამღიზიანებელი ზემოქმედებით ეს საშუალებები რეფლექსურად, მოგრძო ტვინის ღებინების ცენტრზე ზემოქმედებით, ზრდიან ბრონქული ჯირკვლების აქტივობას და აძლიერებენ ბრონქების კუნთთა შეკუმშვას. ამ ყველაფრის შედეგად წარმოიქმნება უფრო უხვი, თხელი ნახველი, რომლის ამოხველებაც უფრო ადვილია.
ამოსახველებელი საშუალებების მეორე ჯგუფია უშუალოდ ნახველის გამათხელებელი ანუ მუკოლიზური (ლათინური სიტყვიდან მუცოს – ლორწო და ბერძნულიდან ლყსის – გახსნა) საშუალებები. მუკოლიზური საშუალებები ეფექტურია სქელი, წებოვანი ნახველისას, რომელიც ძნელად გამოიყოფა. მუკოლიზური საშუალებებია გოგირდის შემცველი ნაერთები (აცეტილცისტეინი, კარბოცისტეინი), ალკალოიდ ვიზიცინის ნაწარმები (ბრომჰექსინი, ამბროქსოლი), ფერმენტები (ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი, რიბონუკლეაზა). სხვადასხვა ქიმიური გარდაქმნის შედეგად ჩამოთვლილი პრეპარატები შლიან ცილის მსგავს პოლიმერებს, რომელთაგანაც შედგება ნახველი – გრძელ „ჯაჭვებს“ თითქოს „მაკრატელი“ (ამ შემთხვევაში პრეპარატი) ჭრის უფრო მოკლე კომპონენტებად. ამის შედეგად ნახველის სიბლანტე მცირდება, ის უფრო ადვილად გამოიყოფა.
ამოსახველებელი საშუალებების მიღება ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია პაციენტმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით სითხე (უმეტესად წყალი), შეზღუდოს ან არ მიიღოს პრეპერატები, რომლებიც სითხის კარგვას განაპირობებენ (საფაღარათო, შარდმდენი პრეპარატები). დაუშვებელია ამოსახველებელი და ხველის დამთრგუნველი საშუალებების ერთდროული მიღება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განხილული საშუალებებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი სიმპტომის – ხველის – შემცირება, ამოხველების გაადვილება. ხველის გამომწვევი მიზეზის დადგენისა და დაავადების მიზანმიმართული მკურნალობის გარეშე კი ხველის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება უშედეგო იქნება.