ადამიანი და ბუნება
- ეს ის ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება.
სამყარო ჩვენ გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო.
ეკოლოგიური ფაქტორები
კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპონენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
- კლიმატური;
- მინერალური;
- წყლისა;
- მიწისა;
- ბიოლოგიური.
ადამიანის საარსებო გარემო არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს.
ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს.
აბიოტურია არაცოცხალი ბუნების ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ესენია ჰაერი, წყალი, ნიადაგი.
ბიოტურია სიცოცხლის ყველა ფორმა, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე: მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები.
ანთროპოგენურია ადამიანის საქმიანობის ყოველგვარი შედეგი, რომელიც ცვლის ბუნებას როგორც საარსებო გარემოს და ამასთან უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.
ატმოსფერული ჰაერი
გარემოს ტემპერატურა
მნიშვნელოვანი აბიოტური კლიმატური ფაქტორია, რომელზეც უშუალოდ არის დამოკიდებული ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა და მათი გეოგრაფიული გავრცელება. სწორედ გარემოს ტემპერატურის მიხედვით ენაცვლება ერთმანეთს ადამიანის სეზონური და დღეღამური აქტივობები.
ნებისმიერი ორგანიზმისთვის არსებობს განსაზღვრული ტემპერატურა, რომელზეც ის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობისთვის საარსებო ოპტიმალური ტემპერატურა არც ისე მაღალია. ადამიანისთვის იგი ზამთარში 18-200C-ია, ხოლო ზაფხულში - 20-220C.
ნალექების რაოდენობა
ის უმთავრესად ჰაერის დიდი მასების გადაადგილებასა და გეოგრაფიულ არეალზეა დამოკიდებული. წლის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობა უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ხშირად მის ფსიქიკურ თავისებურებებსაც კი განსაზღვრავს.
ტენიანობა
ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობის მაჩვენებელია. ტენიანობას დღეღამური ცვლა ახასიათებს, ღამით იმატებს, დღისით კი იკლებს. სწორედ ამ დღეღამური ცვალებადობის გამოა, რომ იგი, ტემპერატურასა და სინათლესთან ერთად, უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სინათლე
დედამიწაზე სინათლის წყარო მზის გამოსხივებაა, რომელიც ჩვენამდე სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების სახით აღწევს. მზის სინათლე ადამიანის არსებობის აუცილებელი პირობაა, რადგან დედამიწაზე ენერგიის უნივერსალურ წყაროს წარმოადგენს. მზის ელექტრომაგნიტური გამოსხივება შედგება სხვადასხვა გამოსხივებისგან, რომლებიც ორგანიზმზე ტალღის სიგრძის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვანაირად მოქმედებს.
მაიონიზებელი გამოსხივება
კოსმოსიდან მოსული გამოსხივებაა, რომელსაც უნარი შესწევს, მოსწყვიტოს ატომებს ელექტრონები და ისინი სხვა ატომებს მიუერთოს, ანუ წარმოქმნას დადებითი და უარყოფითი იონები, რის შედეგადაც წარმოიშობა რადიაქტიურ ნივთიერებათა წყარო.
ადამიანის სხვადასხვა ორგანო მაიონიზებელ გამოსხივებაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ის უჯრედები, რომლებსაც სწრაფად დაყოფა ახასიათებთ. რაც შეეხება ცხოველებსა და მცენარეებს, მაიონიზებელი გამოსხივებისადმი მათი მგრძნობელობა უშუალოდ არის დამოკიდებული უჯრედის ბირთვის ზომასა და ქრომოსომათა კომპლექტში ქრომოსომების რაიოდენობაზე - რაც უფრო მეტი ქრომოსომა აქვთ, მით მგრძნობიარენი არიან. თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანს ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმზე მეტი ქრომოსომა აქვს, ნათელი გახდება, რომ მაიონიზებელ გამოსხივებას ყველაზე მეტი ზიანი სწორედ ადამიანისთვის მოაქვს.
ატმოსფეროს აიროვანი შემადგენლობა
ასევე მნიშვნელოვანი კლიმატური ფაქტორია. ჰაერში ჟანგბადის შემცველობაზე უშუალოდ არის დამოკიდებული ჰაერის სისუფთავე და სიჯანსაღე, მაშასადამე, რამდენად მავნე ან სასარგებლოა ასეთი ჰაერით სუნთქვა. ჟანგბადი დედამიწის გარშემო ოზონის შრესაც ქმნის, რომელიც აკავებს, ჩვენამდე არ უშვებს კოსმოსიდან წამოსულ მავნე გამოსხივებას.
ქარი
უშუალოდ მოქმედებს მცენარეებსა და ცხოველებზე, ხელს უწყობს მათ ზრდა-განვითარებას, გამრავლებას. რაც შეეხება ადამიანს, ქარს შეუძლია შეცვალოს მისი თვითშეგრძნება და საგრძნობლად გაზარდოს ალერგიული დაავადებებისადმი მგრძნობელობა.
ატმოსფერული წნევა
პირდაპირ განსაზღვრავს ამინდსა და კლიმატს, ამიტომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ მისი გავლენის მიხედვით ყოფენ ადამიანებს მეტეომგრძნობიარე და არამეტეომგრძნობიარე ტიპებად.
წყალი
დედამიწის ორ მესამედს წყალი შეადგენს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ხმელეთის “დაუძინებელი მტერია”, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წყლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ადამიანის ჯანმრთელობაზე წყალი სხვადასხვა თვისებით მოქმედებს, რომელთაგან, უპირველესად, აღსანიშნავია მჟავურობა, მარილიანობა, წყლის აირები, ჰიდროსტატიკური წნევა.
ნიადაგი
ნიადაგი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილია, რომელიც მიკროორგანიზმებითაა დასახლებული და გამუდმებით, დინამიკურად იცვლება და ვითარდება. ნიადაგს 4 ძირითადი სტრუქტურული კომპონენტი აქვს: მინერალური ფუძე (ნიადაგის 50-60 %-ს შეადგენს), ორგანული ნივთიერებები (10 %-მდე), ჰაერი (15-25 %) და წყალი (25-30 %).
წყალსა და ჰაერზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოველმყოფელობისას ნიადაგის სისუფთავეს, რადგან მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული იმ საკვების ვარგისობა, ურომლისოდაც ადამიანის სიცოცხლე წარმოუდგენელია.
ადამიანის ორგანიზმი
ადამიანის ორგანიზმი ბუნების მართლაც რომ საოცარი ქმნილებაა. იგი საკმაოდ რთულია და იმავდროულად გენიალურად მარტივად მოქმედებს. ორგანოთა სისტემებს შესაძლოა ერთმანეთისგან გარკვეული მანძილი აშორებდეს, მაგრამ დაკავშირებულნი იყვნენ ფუნქციურად. ასეთი სისტემა ჩვენს ორგანიზმში თორმეტია. თითოეული მათგანი თავის სამუშაოს ასრულებს, რომლის ხარისხზეც გარე სამყარო უშუალო გავლენას ახდენს.
ადამიანის ორგანოთა 12 სისტემა და მათი ფუნქციები
1. ცენტრალური ნერვული სისტემა - ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის რეგულაცია და ინტეგრირება
2. სასუნთქი სისტემა - ორგანიზმის ყველა ბიოქიმიური პროცესისთვის აუცილებელი ჟანგბადით მომარაგება და ნახშირორჟანგის გამოყოფა
3. სისხლის მიმოქცევის სისტემა - უჯრედის მომარაგება საკვები ნივთიერებებით და მისი გათავისუფლება ცხოველქმედებისას წარმოქმნილი უვარგისი ნაერთებისგან
4. სისხლმბადი სისტემა - სისხლის შედგენილობის მუდმივობის უზრუნველყოფა
5. საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სისტემა - ცხოველქმედებისთვის აუცილებელი საკვების გამოყენება, გადამუშავება და გამოყოფა
6. გამომყოფ ორგანოთა სისტემა და კანი - ორგანიზმის გაწმენდა და ცხოველქმედებისას წარმოქმნილი უვარგისი ნაერთების გამოდევნა
7. რეპროდუქციული სისტემა - გამრავლების უზრუნველყოფა
8. ენდოკრინული სისტემა - ცხოვრების ბიორიტმისა და ნივთიერებათა ცვლის ძირითადი პროცესების რეგულაცია, ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნება
9. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - მოძრაობისა და აქტიური ქმედებების უზრუნველყოფა
10. ლიმფური სისტემა - ორგანიზმის გაწმენდა და უცხო აგენტების განეიტრალება
11. იმუნური სისტემა - ორგანიზმის დაცვა მავნე, უცხო გარე და შინაგანი ფაქტორებისგან
12. პერიფერიული ნერვული სისტემა - აღგზნება-შეკავების პროცესთა მიმდინარეობა და ცენტრალური ნერვული სისტემიდან მომდინარე ინფორმაციის სამუშაო ორგანოებამდე მიტანა