დიასახლისის კუთხე
.
-
ხაჭოს ნამცხვარი ხილის ჟელეთი
16 ულუფა:
- თითოეული - 455 კკალ.
- ცილები - 14 გ,
- ცხიმები - 21 გ,
- ნახშირწყლები - 50 გ.
საჭიროა ცომისთვის:
- 8 კვერცხის გული,
- 5 კვერცხის ცილა,
- 160 გ შაქრის ფხვნილი,
- 160 გ ფქვილი,
- 100-100 მლ გამჭვირვალე შაქრის სიროფი,
- შავი მოცხარის ლიქიორი,
- წითელი მოცხარის წვენი.
საჭიროა კრემისთვის:
- 8 გ ჟელატინი,
- 6 კვერცხი,
- 200 გ შაქრის ფხვნილი,
- 200 გ ნაღები, 500 გ დიეტური ხაჭო,
- 50 მლ ფორთოხლის ლიქიორი, 250 გ წითელი მოცხარი.
საჭიროა ჟელესთვის:
- 500 მლ წითელი მოცხარის წვენი,
- 50 გ შაქრის ფხვნილი, 10 გ ჟელატინი, შაქრის პუდრი.
ღუმელი გაახურეთ 160 გრადუსამდე. გასანთლული ქაღალდისგან გამოჭერით 26 სმ დიამეტრის ორი წრე. 80 გრამი შაქარი კვერცხის გულებს შეათქვიფეთ, 80 გრამი - ცილებს და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. საცრით მოაყარეთ ფქვილი და ფრთხილად ურიეთ. ფქვილს მთლიანად რომ შეურევთ, ცომი გადაიღეთ საკონდიტრო ტომარაში, გამოტუმბეთ ქაღალდის წრეების 2/3-ზე და დადეთ თუნუქის ფურცელზე. მათ გვერდით პატარ-პატარა ზოლებად გამოტუმბეთ დანარჩენი ცომი და შედგით ღუმელში 15 წუთით. შემდეგ გამოიღეთ და გააგრილეთ.
ჟელატინი დაალბეთ. კვერცხი ჩაახალეთ თასში, დააყარეთ კრემისთვის განკუთვნილი შაქარი, ჩადგით 85-გრადუსიან წყლის აბაზანაში და თქვიფეთ, ვიდრე არ გაგრილდება. ნაღებში შეურიეთ ხაჭო და ოდნავ ათქვიფეთ. შემდეგ ჩაამატეთ გოგლიმოგლი, ფორთოხლის ლიქიორი და კარგად აურიეთ. ბოლოს მოაყარეთ წითელი მოცხარი და მსუბუქად ამოურიეთ. ჟელატინი გაწურეთ, გაალღვეთ ნელ ცეცხლზე და დაამატეთ კრემს.
ერთ-ერთ ქაღალდის დისკოს გაუკეთეთ სალტე (დასაშლელი ფორმისა). ერთმანეთში აურიეთ შაქრის სიროფი, შავი მოცხარის ლიქიორი და წითელი მოცხარის წვენი. დანამეთ ბისკვიტი და წაუსვით კრემის ნახევარი. ზემოდან დაადეთ მეორე ბისკვიტი, ისიც დანამეთ და დანარჩენი კრემი გადაუსვით. ტორტი 2 საათით შედგით მაცივარში.
ჟელესთვის განკუთვნილი ჟელატინი ცივ წყალში დაალბეთ. წითელი მოცხარის წვენში ჩაყარეთ შაქარი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეაგრილეთ, გაალღვეთ მასში გაწურული ჟელატინი და მოასხით ტორტს. ჟელე რომ შედედდეს, ტორტი კვლავ მაცივარში შედგით. შემდეგ მოაშორეთ სალტე, გვერდებზე, სურვილისამებრ, მოუსვით კრემი, ბისკვიტის ზოლებისგან ”ღობე” შემოავლეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
ექიმის კომენტარი
თუ ზომიერება არ გიღალატებთ, ხაჭოს ტორტი გასიამოვნებთ კიდეც და გარგებთ კიდეც. მოცხარი მდიდარია ვიტამინებით, ხაჭო - კალციუმით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სხვათა შორის, ძველად მოცხარს მხოლოდ სამკურნალოდ იყენებდნენ, კულინარიაში მისი გამოყენება მოგვიანებით დაიწყეს.
პრაქტიკული რჩევები
- გამჭვირვალე შაქრის სიროფის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით 600 მლ წყალი, დაამატეთ 600 გ შაქრის ფხვნილი, უწყვეტი რევით წამოადუღეთ, მოხადეთ ქაფი და ქურიდან გადმოდგით. ოდნავ რომ შეგრილდება, გადაასხით სტერილურ ბოთლში და კარგად დაახურეთ თავზე. ინახება მაცივარში 6-8 კვირას.
- ნაღების კრემში ჟელატინის კოშტები რომ არ გაჩნდეს, გაწურული ჟელატინი ჯერ ცოტაოდენ (3 სუფრის კოვზ) კრემში შეურიეთ, საჭიროების შემთხვევაში ოდნავ შეათბეთ კიდეც და მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ დანარჩენ კრემში.
- ბისკვიტის ქერქი ხრაშუნა რომ გამოვიდეს, ღუმელში შედგმამდე მოაყარეთ მსხვილი შაქრის ფხვნილი.
-
ზღვის ქორჭილა კარტოფილით
4 ულუფა:
- თითოეული - 640 კკალ
- ცილები - 33 გ,
- ცხიმები - 30 გ,
- ნახშირწყლები - 54 გ
საჭიროა:
- ზღვის ქორჭილას 8 ცალი (150-150-გრამიანი) ფილე,
- 8 ცალი მოზრდილი და 10 ცალი ძალიან პატარა პამიდორი,
- 2 ცალი ლიმონი,
- 4 თავი საშუალო ზომის ხახვი,
- 4 კბილი ნიორი,
- 75 გ კოჭას (ჯანჯაფილის) ძირი,
- 3 ცალი წითელი წიწაკა,
- 8 ცალი მიხაკი,
- 75 გ შაქრის ფხვნილი,
- 150 გ ნაღების კარაქი,
- 1,2 კგ კარტოფილი,
- 6 სუფრის კოვზი ზეთი,
- 6 სუფრის კოვზი რომი,
- 2 ჩაის კოვზი დარიჩინი,
- მწიკვი ჯავზი, მარილი.
ორი ლიმონი გაჭერით შუაზე, გამოწურეთ 4 სუფრის კოვზი წვენი, შემდეგ თითოეული ნახევარი გაჭერით ოთხად. ხახვი და ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ. გაასუფთავეთ და დაჭერით კოჭას ძირიც. წითელი პილპილი გაასუფთავეთ, თესლი ამოუღეთ, გარეცხეთ და დაკეპეთ. მიხაკი დანაყეთ. აურიეთ შაქრის ფხვნილი და ნაღების კარაქი, დაამატეთ მარილი, ლიმონის წვენი და სუნელები, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ.
ღუმელი გაახურეთ 210 გრადუსამდე. კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით. მცენარეულ ზეთში შეურიეთ რომი, მარილი, დარიჩინი და ჯავზი. კარტოფილი მასში ამოავლეთ, დაყარეთ თუნუქის ფურცელზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 20 წუთს.
ქორჭილას ფილე გარეცხეთ, გააშრეთ, მოაყარეთ მარილი, კანით ქვემოთ დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე (რომელზეც კარტოფილი ყრია) და კიდევ 10 წუთს აცხვეთ. პომიდვრები გარეცხეთ, გვერდით მოუწყვეთ თევზსა და კარტოფილს და 5 წუთით ისევ ღუმელში შეაბრუნეთ. კერძი მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან ლიმონიან კარაქსა და ლიმონის ნაჭრებთან ერთად.
ექიმის კომენტარი
ზღვის ქორჭილა კარტოფილით შეგიძლიათ მიირთვათ სადილზე, მეორე კერძად. იგი გემრიელიც არის და სასარგებლოც, რადგან ორგანიზმისთვის აუცილებელი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მთელ არსენალს შეიცავს. კერძი საკმაოდ კალორიულია, ამიტომ უპუროდ მიირთვით ან შავი პური მიატანეთ. ძალიან უხდება წითელი ღვინო.