ქირურგიული პრობლემები - პერიტონიტი და ასციტი
სამედიცინო მომსახურება ასე თუ ისე უფასოდ ითვლებოდა, სასწრაფო დახმარების ექიმები ვალდებულნი იყვნენ, მუცლის ტკივილით შეწუხებული პაციენტი აუცილებლად საავადმყოფოში გადაეყვანათ, ახლა კი საკმარისია, ავადმყოფმა ან მისი ოჯახის წევრმა ერთ ფარატინა ფურცელს, რომელიც სასწრაფოს ექიმებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, მოაწეროს ხელი და ყველაფერი რიგზეა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ექიმი დღესაც ვალდებულია, აუხსნას ავადმყოფს მოსალოდნელი შედეგები და უფრო მეტიც - საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რითია გამოწვეული მუცლის ტკივილისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ამას მკითხველი ჩვენი სტატიის მეშვეობით შეიტყობს.
-
მაშ ასე - პერიტონიტი
პერიტონეუმი, უხეშად რომ ვთქვათ, განსაკუთრებული აგებულების მქონე (არ გვინდა, მკითხველი მისთვის უსარგებლო სამედიცინო ტერმინოლოგიით დავღალოთ) პარკია, რომელშიც მუცლის ღრუს ორგანოებია მოთავსებული, პერიტონიტი კი პერიტონეუმის ანთებაა, რომელიც მუცლის ღრუს თითქმის ყველა მწვავე ქირურგიულ დაავადებას სდევს თან.
ის ზოგჯერ დაავადების დასაწყისშივე ვითარდება, ზოგჯერ კი - მოგვიანებით და მუცლის ღრუს კატასტროფის ფინალურ სტადიას წარმოადგენს.
არსებობს ელვისებური პერიტონიტიც, რომლის დროსაც მუცლის ღრუში ადგილობრივი ცვლილებები საერთოდ ვერ ასწრებს განვითარებას და ადამიანი იღუპება. საზოგადოდ, მწვავე პერიტონიტი მუცლის ღრუს ოპერაციის ხშირი მიზეზია, თუმცა არ არის გამორიცხული, თვითონვე მოგვევლინოს ოპერაციის გართულებად.
პერიტონიტის ინფექციური ბუნება ჯერ კიდევ 1886 წელს დაადგინეს. ის უმეტესად რამდენიმე მიკრობით არის გამოწვეული. როცა პერიტონიტს რომელიმე ერთი მიკრობი იწვევს, ანთება შედარებით მსუბუქია და პროგნოზიც გაცილებით უკეთესია, ორი და მეტი მიკრობის არსებობისას კი ბაქტერიების ერთობლივი მოქმედების გამო დაავადება გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს.
პერიტონიტის განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდეს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი. დიფტერიის ჩხირი, გონოკოკი (გონორეის გამომწვევი), პნევმოკოკი (ძირითადად პნევმონიის გამომწვევი) და ტუბერკულოზური ჩხირი. საზოგადოდ, პერიტონეუმს დიდი თავდაცვითი უნარი აქვს. სუსტ მიკრობებთან შეხვედრისას, როცა ინფიცირება არ გრძელდება, მას ამ მიკრობების ლიკვიდაციის უნარი შესწევს. მიკრობები განსაკუთრებით სწრაფად მრავლდებიან, თუ მათთან ერთად პერიტონეუმის ღრუში ლორწო, სისხლი და საკვები მასები მოხვდა.
პერიტონეუმი, გარდა იმისა, რომ დიდი ოდენობით სითხის შეწოვისა და გამოყოფის უნარი აქვს, პლასტიკურობითაც გამოირჩევა. აქვე უნდა ვახსენოთ ბადექონიც, რომელიც პერიტონეუმის ფურცლების შეერთებით წარმოიქმნება. მუცლის ღრუს ეს "წესრიგის დამცველი" დაავადების დასაწყისშივე შემოეხვევა დაავადებულ ორგანოს, მაგალითად, ჭიანაწლავს ან კუჭის პერფორირებულ ხვრელს, და ანთებითი კერის შემომსაზღვრელ (და განმსაზღვრელ) ბარიერს ქმნის.
ასეპტიკური (ასე ვთქვათ, უმიკრობო) პერიტონიტი იშვიათია და გვხვდება კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზის დროს და ნაღვლის, შარდის, საკვერცხის ცისტის შიგთავსის მუცლის ღრუში ჩაღვრის შემდგომ პერიოდში.
ძალიან ხშირად პერიტონიტი მუცლის ღრუში მდებარე რომელიმე ორგანოს დაავადების ან დაზიანების შედეგია. პერიტონიტის ყველა მიზეზის ჩამოთვლა ძნელია, ვინაიდან ორგანიზმში არსებულ ყოველ ჩირქოვან კერას, მით უფრო - მუცლის ღრუში არსებული ან მის მეზობლად მდებარე ყოველი ორგანოს პერფორაციას (გახვრეტას), შეუძლია მუცლის ფარის ანთება გამოიწვიოს.
და მაინც, პერიტონიტის ყველაზე ხშირი მიზეზია მწვავე აპენდიციტი, მას მოსდევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, სანაღვლე გზების დაავადებები, ნაწლავთა გაუვალობა...
პერიტონიტის განვითარება მოჰყვება მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმულ დაზიანებასაც. მუცლის ფარის ანთება ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაავადებამ (თუმცა ეს ორგანო პერიტონეუმის გარეთ მდებარეობს) და პროსტატის აბსცესმა (ჩირქგროვამ). პერიტონიტი შეიძლება იყოს შემოფარგლული (ადგილობრივი), გავრცელებული (დიფუზური) და ზოგადი. უკანასკნელ შემთხვევაში ანთებით პროცესს ტოტალური ხასიათი აქვს და არც ერთი უბანი დაუზიანებელი არ რჩება. ეს პერიტონიტის ფინალური მდგომარეობაა.
-
კლინიკური და ზოგადი ნიშნები
პერიტონიტი მეტწილად მწვავედ, ტკივილით იწყება. მისი კლინიკა მუცლის ღრუს რომელიმე მწვავე ქირურგიული დაავადების დასაწყისს უნდა დავუკავშიროთ.
პერიტონიტის დროს ტკივილი, წესისამებრ, მუდმივია. წყლულოვანი პერფორაციის დასაწყისში ის იმდენად ძლიერია, რომ მუცელში ხანჯლის ჩაცემასაც კი ადარებენ.
მწვავე პერიტონიტის მეტად მნიშვნელოვანი სიმპტომებია პერკუსიული (მუცლის კედელზე თითის დაკაკუნებით გამოწვეული) ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა (პერიტონიტის დასაწყისში მუცელი ფიცარივითაა) და ბლუმბერგის დადებითი ნიშანი (ხელის დაჭერა ისე მტკივნეული არ არის, როგორც მისი სწრაფად აღება).
ყველა ეს ნიშანი პერიტონეუმის ანთებაზე მიუთითებს. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი კოლაფსურ მდგომარეობაშია. პერიტონიტის დროს ადამიანი ერიდება მოძრაობას, რადგან იგი ტკივილს აძლიერებს. მძიმე ფორმის პერიტონიტის შემთხვევაში ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გამომეტყველებას, ე.წ. ჰიპოკრატეს სახეს - რომელიც მომაკვდავისთვის არის დამახასიათებელი - მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან პაციენტის გადარჩენა მეტწილად შეუძლებელია.
უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, პლევრიტი და პნევმონია, გულის კუნთის ინფარქტის ატიპური ფორმა, სტენოკარდია, რევმატიზმი, ნევროლოგიური დაავადებები (ისტერია, მენინგიტი, ეპილეფსია) მწვავე მუცლის მსგავს კლინიკურ სურათს იძლევა. ამ დროს ექიმს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა ხშირად სავალალოდ სრულდება.
-
მკურნალობა
პერიტონიტის მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციულია და ანტიბიოტიკების მიცემის გარდა უამრავ სხვა ღონისძიებასაც (ვიტამინები, საგულე საშუალებები, სისხლის გადასხმა, ნარკოტიკული საშუალებები და სხვა) ითვალისწინებს. ოპერაცია ზოგადი ნარკოზით ტარდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პერიტონიტის მიზეზის ლიკვიდაციას.
პერიტონიტის კლასიფიკაციასა და მკურნალობის საკითხებზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექიმები დღემდე ვერ შეთანხმებულან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მკურნალობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი. ამიტომ ნუ შეაგდებთ სასწორზე თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და მუცლის ტკივილის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
-
ასციტი - მუცლის ღრუს წყალმანკი
მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ასციტს უწოდებენ. "თითები გაუწურილდეს, მკლავნი და იდაყვნი, ბარკალნი და მკერდნი გამხმარნი იყუნეს, ასე, რომე ძვლები და სახსრები ჩნდეს და მუცელი დიდისა ორსულობისაგან უფროსი იყოს და მუცელზედ ძარღვები - სიმსივნისაგან გაშავებულნი~, - ასეა აღწერილი "უსწორო კარაბადინში" მისი სიმპტომები.
ახლა კი თანამედროვე ქართულით მოგახსენებთ, რა ხდება ასციტის დროს ადამიანის ორგანიზმში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პერიტონეუმს სითხის გამოყოფაც ძალუძს და შეწოვაც. ბუნებრივ მდგომარეობაში ის ოც მილილიტრამდე სითხეს გამოყოფს, რათა ნაწლავებმა თავისუფლად იმოძრაონ და არ შეხორცდნენ. ამ სითხეს პერიტონეუმი უკანვე შეიწოვს. ასციტის დროს კი სითხე მუცლის ღრუში გროვდება და მუცელიც იზრდება. არცთუ იშვიათად ავადმყოფი ამას მაშინღა ამჩნევს, როცა იმ კაბისა თუ შარვლის ჩაცმას ვეღარ შეძლებს, რომელიც ადრე თავისუფლად ადგა ტანზე.
-
რა იწვევს ასციტს
მუცელში წყლის დაგროვებას ხალხი უმთავრესად ღვიძლის ციროზს მიაწერს. ცოტამ თუ იცის, რომ ასციტი შეიძლება ჰეპატიტმა, ღვიძლის სიმსივნემ, ტუბერკულოზმა, ქრონიკულმა პანკრეატიტმა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ, არასაკმარისმა კვებამ, სიმსივნურმა მეტასტაზებმა და უამრავმა სხვა დაავადებამ გამოიწვიოს.
სიმსივნური დაავადების დროს ასციტი პერიტონეუმის დაზიანების შედეგადაც ვითარდება. პერიტონეუმი ინტენსიურად გამოყოფს სითხეს, ხოლო მისი შეწოვა უჭირს. ამის გამო მუცლის ღრუში გროვდება სითხე, რომლის ოდენობამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება 20 ლიტრსაც გადააჭარბოს. პორტული ჰიპერტენზიის (წნევის მომატება პორტულ ვენაში - ვენაში, რომელშიც გროვდება მუცლის ღრუს ორგანოებიდან მომდინარე სისხლი) შემთხვევაში ღვიძლიდან გამავალი ლიმფის მომატებული ოდენობის გამო ღვიძლის ზედაპირი სითხის გამოყოფას იწყებს. შედეგად ვითარდება ასციტი.
პორტული ჰიპერტენზიით გამოწვეული ასციტისთვის დამახასიათებელია ჭიპის ირგვლივ ვარიკოზულად გაფართოებული ვენები. ამ ნიშანს მედუზას თავს უწოდებენ. გულის (და არცთუ იშვიათად - თირკმლის) დაავადებების დროს ასციტი სისხლის შეგუბების გამო ვითარდება. ამ დროს სითხე კავდება არა მხოლოდ მუცლის ღრუში, არამედ რბილ ქსოვილებში (სახე, ფეხები შუპდება), პერიკარდიუმის (გულის პერანგი) ღრუში, პლევრაში და სხვა.
-
მკურნალობა
შეძლებისდაგვარად, უნდა აღმოიფხვრას ასციტის მიზეზი ანუ მოხდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა. მედიკამენტური თერაპიის უშედეგობის შემთხვევაში სითხე მუცლის ღრუდან შეიძლება პუნქციის (სპეციალური ინსტრუმენტით ჩხვლეტის) მეშვეობით გამოვიღოთ. ამას ლაპაროცენტეზი ეწოდება და ის აუცილებლად გამოცდილმა ქირურგმა უნდა ჩაატაროს. ერთ ჯერზე დაახლოებით 5-6 ლიტრი სითხის გამოღება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ავადმყოფმა შეიძლება გონება დაკარგოს. ასციტის ქირურგიულ მკურნალობას უმთავრესად პორტული ჰიპერტენზიის შესამცირებლად მიმართავენ.
ასციტის თანდართვის შემთხვევაში ძირითადი დაავადების პროგნოზი უარესდება. პროგნოზი სავალალოა, თუ განმეორებითი პუნქციის შემდეგ მუცლის ღრუში ასციტური სითხე კიდევ უფრო სწრაფად დაგროვდა. და ბოლოს, ალბათ, ურიგო არ იქნება, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობა. ის ნორმალურ კვებასა და ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკასაც გულისხმობს, პროფილაქტიკას, რომელიც უამრავი უსიამოვნებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.