წყლულოვანი დაავადების გართულებები
აინტერესებთ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ პათოლოგიას. ექიმები წყლულოვანი დაავადების გართულებებს პირობითად ორ ჯგუფად ყოფენ. მათი ერთი ნაწილი უეცრად აღმოცენდება და დღის წესრიგში დგება გადაუდებელი ჩარევის საკითხი, ვინაიდან გართულება საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ასეთი გართულების მაგალითია წყლულიდან სისხლდენა და წყლულის პერფორაცია. გართულებათა ნაწილი კი ნელა ვითარდება და ქრონიკულად მიმდინარეობს, თუმცა პაციენტი არც ამ შემთხვევაშია დაზღვეული გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისგან. ქრონიკულ გართულებათაგან უნდა დავასახელოთ პილორუსის (კუჭის გასავლის) ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი - სანათურის შევიწროება, წყლულის პენეტრაცია - მეზობელ ორგანოში ჩაზრდა, და მალიგნიზაცია - ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება.
-
წყლულიდან სისხლდენა
წყლული თანდათან აზიანებს სისხლძარღვის კედელს და სისხლდენის მიზეზად იქცევა. დადგენილია, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა 5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კუჭის წყლულიდან. არცთუ იშვიათად, როდესაც დაავადება ფარულად მიმდინარეობს, სისხლდენა შესაძლოა მისი პირველი გამოვლინება იყოს. ექიმები განასხვავებენ აშკარა ანუ მანიფესტირებულ და ფარულ სისხლდენებს. ფარული სისხლდენა მცირე ზომის სისხლძარღვის დაზიანებისას ვითარდება. ის შეიძლება ერთჯერადი იყოს და რამდენიმე ხნის შემდეგ თავისთავად შეჩერდეს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი განმეორება მომდევნო საათების ან დღეების განმავლობაში. ფარული სისხლდენის გამოვლენა მხოლოდ განავლის სპეციალური გამოკვლევით არის შესაძლებელი.
აშკარა სისხლდენას სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს:
- სისხლიანი ღებინება;
- მელენა - კუპრისმაგვარი, მყრალსუნიანი განავალი;
- სისხლის კარგვის ზოგადი სიმპტომები.
სისხლიანი ღებინება უმეტესად კუჭის წყლულიდან სისხლდენისას ვითარდება. პირნაღები მასა მუქი ყავისფერია. ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის ყავის ნალექს მოგვაგონებს. ასეთი შეფერილობა მარილმჟავას ზემოქმედების შედეგად სისხლში არსებული ჰემოგლობინის ქიმიური გარდაქმნის შედეგია.
მელენა. ალბათ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, რატომ იცვლება განავლის ხასიათი წყლულიდან სისხლდენისას. სისხლი, რომელიც დაზიანებული სისხლძარღვიდან კუჭსა თუ თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება, გადადის ნაწლავებში, ნაწლავთა მიკროორგანიზმების ზემოქმედებით კი ჰემოგლობინის რკინიდან რკინის გოგირდოვანი ნაერთები წარმოიქმნება. სწორედ ისინი განაპირობებს განავლის კუპრისმაგვარ შესახედაობას.
სისხლდენის ზოგადი ნიშნებია საერთო სისუსტე, სიფითრე, აჩქარებული პულსი ანუ ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება. აღნიშნული ნიშნების სიმკვეთრე დამოკიდებულია დაკარგული სისხლის ოდენობასა და სისხლდენის სისწრაფეზე, ასე რომ, სხვადასხვა პაციენტს ისინი შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოუვლინდეს. თუ ავადმყოფს დროულად არ გაეწია დახმარება, მდგომარეობა უარესდება, რაც შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს. ზოგ შემთხვევაში ავადმყოფი ნელა და დიდხანს კარგავს სისხლს, რაც რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს და უფრო მეტად ამძიმებს წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობას.
გახსოვდეთ: წყლულიდან სისხლდენისას აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა. დაუყოვნებლივ მიმართეთ სტაციონარს, თუ ავადმყოფს შეამჩნიეთ:
- ღებინება ყავის ნალექის მაგვარი მასებით;
- კუპრისმაგვარი განავალი;
- სისუსტე, თავბრუხვევა, სიფითრე, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება.
ნუ დაივიწყებთ, რომ ზოგჯერ სისხლდენა წყლულის პირველი გამოვლინებაა.
გაითვალისწინეთ, რომ ტკივილი, რომელიც მანამდე აწუხებდა პაციენტს, სისხლდენისას შესაძლოა ჩაცხრეს.
-
წყლულიდან სისხლდენის დიაგნოსტიკა
არსებობს წყლულიდან სისხლდენის დიაგნოზირების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ძირითადი მაინც გასტროსკოპია (უფრო სწორად, ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპია) გახლავთ. ამ კვლევისას სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ათვალიერებენ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანს. ეს გამოკვლევა სისხლდენის ეჭვის შემთხვევაში სასწრაფოდ ტარდება. თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნიკის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო სისხლდენის დიაგნოსტიკა, არამედ მისი შეჩერებაც. გარდა ამისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი და სხვადასხვა კვლევა, რომლებიც კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა. ზოგ შემთხვევაში, როცა შეუძლებელი ხდება კონსერვატიული მეთოდებით (მხოლოდ მედიკამენტებით) სისხლდენის შეჩერება, ტარდება ოპერაცია.
-
წყლულის პერფორაცია
პერფორაციის დროს კუჭის (ან თორმეტგოჯა ნაწლავის) კედლის მთლიანობა ირღვევა და შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება. დადგენილია, რომ პერფორაცია უფრო ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებს შორის. აღნიშნული გართულება უმთავრესად დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას აღმოცენდება. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ პერფორაციის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ ან მძიმე ტვირთის აწევამ - მდგომარეობამ, რომელიც ხელს უწყობს მუცლის ღრუში წნევის მატებას. ზოგჯერ სისხლდენის მიზეზია მუცლის ტრავმა, წაქცევა. საქართველოში დიდი ხნის წინათ შეამჩნიეს, რომ ეს საშიში გართულება ხშირდებოდა შემოდგომაზე და მაჭრის სეზონს უკავშირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პერფორაციული ხვრელი ზოგჯერ ძალიან პატარაა, ვითარდება ტიპური კლინიკური სურათი, რომლის მიმდინარეობაშიც განასხვავებენ სამ საფეხურს:
- ტკივილით გამოწვეულ შოკს;
- ცრუ გაუმჯობესებას;
- პერიტონიტს - მუცლის ფარის ანთებას.
ტკივილით გამოწვეული შოკის სტადიას ახასიათებს უეცარი უმწვავესი ტკივილი. ის იმდენად ძლიერია, რომ ხანჯლის ჩაცემასაც ადარებენ. ტკივილის მიზეზია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუცლის ღრუში მოხვედრა მათი კედლის მთლიანობის დარღვევის გამო. ტკივილი თავდაპირველად მუცლის ზედა ნაწილშია ლოკალიზებული, ხოლო შემდეგ მთელ მუცელზე ვრცელდება. მკვეთრად ძლიერდება ხველისა და მოძრაობისას. მისი შემსუბუქების მიზნით პაციენტი იღებს იძულებით პოზას – წევს ზურგზე ან გვერდზე, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ ხდება მდგომარეობის მოჩვენებითი გაუმჯობესება – ტკივილი მცირდება, ზოგჯერ გაივლის კიდეც. პაციენტი ამ მდგომარეობას გაუმჯობესებად აღიქვამს, სინამდვილეში კი ვითარდება ნაწლავთა პარეზი, რაც მეტეორიზმით – ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვებით - ვლინდება. აღნიშნული პერიოდი 10-12 საათს გრძელდება. მას ჩირქოვანი პერიტონიტი მოსდევს, რაც წყურვილით, პირის სიმშრალით, სლოკინით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით ვლინდება. ზოგ შემთხვევაში, როდესაც პერფორაციის ხვრელი დიდი ბადექონით იფარება ან მასიური შეხორცებითი პროცესი აფერხებს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის გავრცელებას, პერფორაცია არატიპურად მიმდინარეობს. ამ მდგომარეობას მიფარებულ პერფორაციას უწოდებენ.
კუჭის პერფორაციის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ამ დროს კონსერვატიული მეთოდების (მედიკამენტური მკურნალობის) გამოყენება დაუშვებელია. ტარდება სასწრაფო ოპერაცია.
გახსოვდეთ: მუცლის მწვავე ტკივილი, განურჩევლად მიზეზისა, ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის საფუძველია, წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში კი ამ სიმპტომის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
-
წყლულის პენეტრაცია
პენეტრაციის დროს წყლული სცდება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედელს და მიმდებარე ორგანოებში ვრცელდება. კუჭის სხეულის წყლული მცირე ბადექონში ან პანკრეასის სხეულში ჩაიზრდება, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის უკანა კედლის წყლულმა კი შეიძლება შეაღწიოს პანკრეასის თავში, ღვიძლში ან სანაღვლე გზებში, კუჭსა და ღვიძლს შორის არსებულ იოგში. მოსალოდნელია ასევე პენეტრაცია მსხვილ ნაწლავში ან მის ჯორჯალში.
ბუნებრივია, იბადება შეკითხვა: მოაქვს თუ არა პაციენტისთვის დამატებითი დისკომფორტი წყლულის პენეტრაციას? სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესს თან ახლავს წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობის ცვლილება. ტკივილი, რომელიც ადრე განსაზღვრულ პერიოდში აღმოცენდებოდა და საკვების მიღებას ან, პირიქით, შიმშილს უკავშირდებოდა, პენეტრაციისას მუდმივ ხასიათს იღებს. ჩვეულებრივი წყლულისაგან განსხვავებით, ქრება ტკივილის კუპირებისთვის გამოყენებული სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებების (სოდიანი წყალი, ალმაგელი და ა. შ.) ეფექტიც.
გარდა ამისა, იცვლება ტკივილის ლოკალიზაცია იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოში მოხდა წყლულის ჩაზრდა. მაგალითად, თუ ეს ორგანო პანკრეასია, ტკივილი ჩნდება ზურგში, წელის არეში, ზოგჯერ შემომსარტყლავი ხასიათისაა. პენეტრირებული წყლულის დიაგნოსტიკა გასტროსკოპიული კვლევით ხდება. ასეთ წყლულს დამახასიათებელი შესახედაობა აქვს, რომელსაც ენდოსკოპისტი კარგად იცნობს. პენეტრირებული წყლულის მკურნალობა ქირურგიულია.
-
პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი
პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი მათი სანათურის შევიწროებაა. სტენოზი ორგვარია – ორგანული და ფუნქციური.
ორგანული სტენოზის შემთხვევაში სანათურის შევიწროების მიზეზია წყლულის შეხორცებისას წარმოქმნილი ნაწიბურები, ხოლო ფუნქციური კუნთების სპაზმითა და ლორწოვანის შეშუპებით არის განპირობებული. ფუნქციური სტენოზი უმეტესად წყლულის გამწვავებისას აღმოცენდება და სათანადო მკურნალობის შემდეგ ქრება. თავდაპირველად პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათური ზომიერად არის შევიწროებული, შესაბამისად, სტენოზი კომპენსირებულია.
პაციენტს აწუხებს ჭამის შემდეგ კუჭის გადავსების შეგრძნება, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება ნაწილობრივ მონელებული კუჭის შიგთავსით, რომელსაც შვება მოაქვს. განსაზღვრული ხნის შემდეგ (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე) მდგომარეობა მძიმდება – ღებინება უხვი ხდება, კუჭის სისავსის შემაწუხებელი შეგრძნების გამო ავადმყოფები მას ხშირად თვითონვე იწვევენ, საკვების მიღებასთან ერთად აღმოცენდება დისკომფორტი და ტკივილი, რის გამოც პაციენტები თავს არიდებენ ჭამას და წონას იკლებენ. სტენოზის ხარისხის მატებასთან ერთად მდგომარეობა უარესდება, ღებინებას შვება აღარ მოაქვს, რადგანაც კუჭის კუნთების დასუსტების გამო შიგთავსისგან მისი დაცლა ვერ ხერხდება. განმეორებითი ხშირი ღებინება არღვევს ელექტროლიტურ ბალანსს, ეს კი კრუნჩხვების მიზეზად იქცევა.
პილორუსის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული სტენოზის მკურნალობაც ოპერაციულია, რომლის ჩატარებამდეც აუცილებელია მკურნალობა ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა და პაციენტის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.
-
წყლულის სიმსივნედ გადაგვარება
მედიკოსები კარგა ხანია მიუთითებენ, რომ ხანგრძლივად მიმდინარე წყლული შეიძლება სიმსივნედ გარდაიქმნას, თუმცა, ახალი მონაცემების თანახმად, ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს თავიდანვე არსებული სიმსივნის არასწორ დიაგნოსტიკასთან და არა წყლულის სიმსივნურ გადაგვარებასთან.
-
როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
ჩამოთვლილი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წყლულის დროული მედიკამენტური, ხოლო საჭიროებისას - ქირურგიული მკურნალობა. ნუ მოექცევით უდიერად საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიმართეთ ექიმს.