კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები
თანამედროვე გამოგონებებმა, რომლებმაც ენდოსკოპიურ მედიცინას ჩაუყარა საფუძველი, მათ ეს შესაძლებლობა მისცა. სადღეისოდ ენდოსკოპიური მეთოდები გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც. თანამედროვე ენდოსკოპია, რომელსაც ხატოვნად ოცდამეერთე საუკუნის სასწაულს უწოდებენ, განსაკუთრებულ როლს ასრულებს მრავალი დაავადების ადრეული სტადიის ამოცნობაში. ყველაზე ხშირად ენდოსკოპიას ათავსებენ დამიზნებით (მხედველობის კონტროლით) ბიოფსიასთან (წარმონაქმნის ან ორგანოს ნაწილის აღება შესასწავლად), სამკურნალო მანიპულაციებსა (პრეპარატების შეყვანა) და ზონდირებასთან. გავეცნოთ სხვადასხვა ორგანოს ენდოსკოპიური კვლევის მეთოდებს.
ბრონქოსკოპია
ტრაქეობრონქოსკოპია, მოკლედ - ბრონქოსკოპია, სასუნთქი გზების კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტული, ენდოსკოპიური მეთოდია. მეტალის ბრონქოსკოპი შედგება არადრეკადი მილისგან, რომელსაც აქვს ორი წყარო: ერთი - სინათლის, მეორე - ჰაერის მიმწოდებელი. ეს გამოკვლევა სასუნთქი აირების მიწოდებით ტარდება. ამავე დროს ხდება ტრაქეობრონქული სისტემის დათვალიერება, რომლის დროსაც შეიძლება საჭირო მიდამოდან აღებულ იქნეს გამოსაკვლევი მასალა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფიბრობრონქოსკოპიას ანუ დრეკადი მასალისგან შექმნილ აპარატს, - ეს უკვე გაუმჯობესებული მეთოდია. იგი პირველად იაპონიაში დაინერგა 1964 წელს. მას შემდეგ ასეთი ტიპის ბრონქოსკოპი ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არადრეკადმა ბრონქოსკოპმა უკანა პლანზე გადაინაცვლა - ორივე სახის ინსტრუმენტს თავ-თავისი უპირატესობა აქვს.
დავიწყოთ ძველი ბრონქოსკოპის განხილვით, რომელიც დღესაც საკმაოდ ხშირად გამოიყენება. უპირველესი ფაქტორი არის ის, რომ რიგიდული ბრონქოსკოპიის ჩატარება შეიძლება სუნთქვის უკმარისობის დროს, სუნთქვის ხელოვნური მართვის პირობებში. ასეთი ტიპის პაციენტებში ფიბრობრონქოსკოპია არ ტარდება. არადრეკადი ბრონქოსკოპით მეტად მოხერხებულია, რაც მისი უპირატესობაა, უცხო სხეულების ექსტრაქცია (ამოღება). ამ სახის ინსტრუმენტს აქვს ძალიან დიდი ზომის მაშები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დიდი ზომის, მაგალითად, სამი-ოთხი კბილისგან შემდგარი პროთეზის, ლითონის, შუშისა და სხვა უცხო სხეულების ამოღება. ასეთი უცხო სხეულების ამოღება, მათი სიმძიმის გამო, დრეკადი ბრონქოსკოპის მცირე ზომის მაშებით შეუძლებელია. ძალზე ეფექტურია რიგიდული ბრონქოსკოპია ფილტვიდან სისხლდენის შეჩერების საქმეში. ფიბრობრონქოსკოპის პატარა ნათურა ადვილად იფარება სისხლის კოლტით. არადრეკად ინსტრუმენტს კი შედარებით დიდი ზომის ნათურა გააჩნია, რომლის მეშვეობითაც გაცილებით ადვილია საჭირო ადგილის კარგად დათვალიერება. ამასთან ერთად მისი მეშვეობით შესაძლებელია, სპეციალური ნივთიერებით დასველებული ტამპონით დატამპონდეს ერთ-ერთი ფილტვი და სისხლდენა შეჩერდეს, რითაც ავადმყოფი ხშირად ფილტვის ამოკვეთას გადაურჩება.
რაც შეეხება ფიბრობრონქოსკოპიის ანუ დრეკადი ბრონქოსკოპიის უპირატესობას, გეტყვით, რომ იგი ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ფიბრობრონქოსკოპია შეიძლება ჩატარდეს ავადმყოფის ნებისმიერ - მწოლიარე, მჯდომარე თუ სხვა - პოზაში. ფიბრობრონქოსკოპია მოხერხებულია მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მოკლე კისერი ან ვერ ხერხდება ავადმყოფისთვის ინტუბაციის ჩატარება, მაგალითად, ბეხტერევის დაავადების დროს და სხვა.
განასხვავებენ ბრონქოსკოპიის რამდენიმე სახეობას. პირველია მიმოხილვითი ბრონქოსკოპია. პულმონოლოგიაში (მეცნიერება ფილტვების დაავადებების შესახებ) მოქმედებს დაუწერელი კანონი: თუ არ არსებობს ფიბროსკოპიის ჩატარების უკუჩვენება, ამ სახის გამოკვლევა ყველა პულმონოლოგიური პროფილის პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.
ბრონქოსკოპიის უკუჩვენებებია გულის მწვავე უკმარისობა, პოსტინფარქტული (ინფარქტის შემდგომი) პერიოდი, დეკომპენსირებული დიაბეტი, ეპილეფსტიური გულყრების სერია და სხვა.
მეორე სახეობა გახლავთ დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია. მის არსენალში მხოლოდ ბრონქული ხის დათვალიერება და თვალის მეშვეობით ამა თუ იმ დაავადების პირდაპირი და ირიბი ნიშნების აღმოჩენა არ შედის. ამათ გარდა ბრონქოსკოპიით ხდება ბიოფსიური, ასპირაციული მასალების აღება.
მომდევნო სახეობაა სამკურნალო ბრონქოსკოპია, რომელიც ფართოდ გამოიყენება. ამ დროს ზოგად (ტაბლეტებით, ინექციებით) ანტიბაქტერიულ მკურნალობას ერთვის და მეტად ეფექტურს ხდის ადგილობრივი (უშუალოდ დაზიანებული ადგილის) მკურნალობაც.
კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს პერიფერიული ბრონქების კათეტერიზაცია რენტგენოსკოპიის კონტროლით.
მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე. ბრონქოსკოპით ვიზუალიზაციასაც აქვს გარკვეული ფარგლები, ანუ ინსტრუმენტით შეიძლება დაინახო მეოთხე-მეხუთე ყალიბის ბრონქები. იმის იქით ბრონქოსკოპისთვის ბრმა ზონა იწყება, მაგრამ რენტგენის კონტროლით და ბრონქოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია, მეტალის სპეციალური ინსტრუმენტით მივუდგეთ დაზიანებულ ან საეჭვო უბანს. შემდეგ იქიდან ხდება ბიოფსიური მასალის აღება, რომლის გამოკვლევაც ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება.
არსებობს ე. წ. შერწყმული ბრონქოსკოპიაც. ამ დროს ფიბრობრონქოსკოპიასთან ერთად ტარდება სხვა სახის გამოკვლევაც, მაგალითად, ელექტროფიზიოლოგიური მეთოდით: ფილტვში ბრონქოსკოპით შეაქვთ სპეციალური ელექტროდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება განისაზღვროს ფილტვის ისეთი რეგიონული ფუნქციები, როგორიც არის ფილტვის სისხლსავსეობა განსაზღვრულ უბანში, ჰაერის შემცველობა და სისხლის მიმოქცევის ინტენსიურობა. ამას ელექტროპლეტიზმოგრამა ჰქვია და მისი ჩაწერა კარდიოგრამის მსგავსად ხდება. ეს მეთოდიც მკურნალობის პროცესში გვეხმარება. ამ მეთოდით შეიძლება პშ-მეტრიის წარმოებაც.
ბრონქოსკოპიის უკანასკნელი სახეობა გახლავთ ოპერაციული ბრონქოსკოპია: სისხლმდენი სისხლძარღვის კოაგულაცია, ბრონქოგენური წარმონაქმნის ამოკვეთა დიდი ოპერაციული ჩარევის გარეშე. ძალიან ხშირად ბრონქოსკოპს იყენებენ ქირურგიული ლაზერით მანიპულაციისთვის. მისი მეშვეობით სიმსივნეების შორს წასულ შემთხვევებს მკურნალობენ და, სხვათა შორის, არცთუ წარუმატებლად.
დამატებით შეიძლება გითხრათ, რომ ფიბრობრონქოსკოპი ძალიან ხშირად გამოიყენება საყლაპავის გამოსაკვლევად, მაგალითად, საყლაპავის დამწვრობის დროს. ამ ინსტრუმენტით ზოგჯერ სანაღვლე გზებს და პლევრის ღრუსაც ათვალიერებენ. ის კი არა, წინათ მას თავის ტვინის პარკუჭების დასათვალიერებლადაც იყენებდნენ ნეიროქირურგიაში.
დაბოლოს, ენდოსკოპიური გამოკვლევა უზმოზე ტარდება, რათა თავიდან ავიცილოთ საკვების ნარჩენების ან სითხის შემთხვევითი მოხვედრა სასუნთქ გზებში ხველების ან გულზიდების დროს. სწორედ ამიტომ საკვების მიღება სასურველია გამოკვლევის წინა დღის 21 საათამდე, გამოკვლევის დღეს კი პროცედურის ჩატარებამდე არც საკვები მიიღოთ და არც წყალი. და კიდევ, თუ აუცილებლად უნდა დალიოთ ესა თუ ის წამალი, სჯობს, გამოკვლევის დღის განრიგის თაობაზე კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროთ.
გასტროსკოპია
გასტროსკოპია (სრული სახელწოდებაა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია) ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომლის დროსაც, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, შეიძლება საყლაპავის (ეზოფაგო), კუჭის (გასტრო) ღრუსა და თორმეტგოჯა ნაწლავის (დუოდენუმ) დათვალიერება სპეციალური ინსტრუმენტის - გასტროსკოპის საშუალებით. იგი პირის ღრუდან შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში და გზადაგზა ათვალიერებენ ზემოხსენებულ ორგანოებს. თანამედროვე გასტროსკოპი წარმოადგენს მოქნილ, დრეკად მილს, რომლის შიგნითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემაა.
გასტროსკოპიას იყენებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსების დეტალური გამოკვლევისთვის ამ ორგანოებიდან სისხლდენაზე ან მათში სიმსივნის არსებობაზე ეჭვის დროს, კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ეზოფაგიტის, გასტრიტისა და სხვა დაავადებების დროს. გასტროსკოპია როგორც დამატებითი გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად ინიშნება ზოგიერთი სხვა დაავადების (ალერგია, ნევროზი) დროსაც.
როგორ ტარდება გასტროსკოპია და როგორ უნდა მოვემზადოთ მისთვის?
გასტროსკოპია ტარდება განსაზღვრული ჩვენებით ექიმი ენდოსკოპისტის მიერ. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოსაკვლევ პაციენტს ჰქონდეს (გულის ესა თუ ის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა), ასევე - ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ ალერგიის შესახებ. გასტროსკოპია აუცილებლად უზმოზე ტარდება - პაციენტს საკვები მანიპულაციის ჩატარებამდე 8-10 საათით ადრე უნდა ჰქონდეს მიღებული.
გასტროსკოპია ტარდება პოლიკლინიკაში ან სტაციონარში, საგანგებოდ მოწყობილ კაბინეტში. გასტროსკოპიის ჩატარებამდე შეიძლება გაკეთდეს პრემედიკაცია (ავადმყოფს გაუკეთდეს დამამშვიდებელი საშუალება), ასევე - ენის ძირის ადგილობრივი ანესთეზია შესაფრქვევი ანესთეტიკით. შესაძლებელია, გასტროსკოპია ჩატარდეს ვენური ნარკოზის გამოყენებითაც. როგორც წესი, გასტროსკოპია დიდხანს არ გრძელდება. თანამედროვე გასტროსკოპების წყალობით მას მხოლოდ მცირედი უსიამოვნო შეგრძნება ახლავს თან. ჩვეულებრივ, ეს შეგრძნება 24-48 საათში თავისთავად ქრება. გარდა ორგანოების დათვალიერებისა გასტროსკოპის საშუალებით შეიძლება სისხლდენის შეჩერება, პოლიპების მოცილება, სამკურნალო პრეპარატების ორგანოებში შეყვანა, დაზიანებული მიდამოს ვიდეო ან ფოტოგადაღება, ბიოფსიისა და პჰ-მეტრიის ჩატარება. თანამედროვე მოწყობილობების წყალობით გასტროსკოპია უსაფრთხო პროცედურად ითვლება, გართულებაც იშვიათია. შესაძლო გართულებებია პერფორაცია (ორგანოს კედლის გახვრეტა), რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, და სისხლდენა, რომელიც ორგანოს კედლის დაზიანების ან სამედიცინო მანიპულაციის (ბიოფსია, პოლიპის ამოკვეთა) ჩატარების დროს შეიძლება განვითარდეს.
ცისტოსკოპია
ცისტოსკოპია შარდის ბუშტის თვალით დათვალიერებაა სპეციალური ინსტრუმენტის, ცისტოსკოპის, დახმარებით, რომელიც შარდსადენი არხიდან (ურეთრა) შარდის ბუშტში შეჰყავთ. ცისტოსკოპის ურეთრაში შეყვანისას შეიძლება ამ უკანასკნელის დათვალიერებაც განხორციელდეს - ურეთროსკოპია.
ეს ინსტრუმენტული გამოკვლევები უროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ გამოკვლევებად ითვლება და ურეთრის, შარდის ბუშტისა და თირკმლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის იხმარება. ურეთროსკოპიის საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს ურეთრის ქრონიკული ანთებითი პროცესები, ინფილტრატები და სტრიქტურები (შევიწროება), ასევე - ურეთრის სიმსივნური წარმონაქმნები (პაპილომა, კონდილომა), ტრავმებისა თუ მენჯის ორგანოების ჭრილობების დროს დარეგისტრირდეს დაზიანებები.
ცისტოსკოპია საშუალებას იძლევა დარეგისტრირდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული და ინტერსტიციული ცისტიტი, შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდის ბუშტის ქვები და დივერტიკულები და სხვა. ცისტოსკოპიის ჩატარების აბსოლუტური ჩვენებაა შარდში სისხლის მინარევების არსებობა. მისი მეშვეობით ვლინდება შარდსასქესო სისტემაში სისხლდენის წყარო და კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად (ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) დგინდება ზუსტი დიაგნოზი.
ურეთროსკოპიისა და ცისტოსკოპიის დროს შეიძლება ჩატარდეს ურეთრასა და შარდის ბუშტზე ზოგიერთი ოპერაცია და მანიპულაცია: მცირე ზომის ახალწარმონაქმნებისა და უცხო სხეულების მოცილება, ჰისტოლოგიური კვლევისათვის მასალის აღება, კათეტერის ჩაყენება და სხვა.
ცისტოსკოპით ოპტიკური კონტროლით ტარდება პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (ტური), შარდის ბუშტის სიმსივნეების ტრანსურეთრული რეზექცია, შარდის ბუშტში არსებული ქვების დაშლა და მათი გამოტანა და სხვა.
როგორ ტარდება ცისტოსკოპია და როგორ უნდა მოემზადოთ მისთვის?
ცისტოსკოპიის დროს პაციენტი ზურგზე წევს, ხოლო აწეული ფეხები სპეციალურ საყრდენებზე აქვს დაფიქსირებული. ცისტოსკოპია ტარდება ენდოსკოპიის კაბინეტში ან ენდოვიდეოქირურგიულ საოპერაციოში. დიაგნოსტიკური ურეთროცისტოსკოპიის დროს სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, ხოლო თუ ამ ხელსაწყოებით ოპერაცია უნდა ჩატარდეს, მაშინ ავადმყოფს ესაჭიროება წინასაოპერაციო მომზადება, რომელსაც მხოლოდ კვალიფიცირებული ექიმი უნდა ატარებდეს.
სადიაგნოსტიკო ცისტოსკოპია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება - შარდსადინარ არხში და შარდის ბუშტში შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკების შემცველი პრეპარატები (ლიდოკაინი, პრილოკაინი), ოპერაციის დროს კი საჭიროა საერთო გაუტკივარების რომელიმე მეთოდის შერჩევა.
ცისტოსკოპიის გართულებებს მიეკუთვნება საშარდე გზების ლორწოვანი გარსის ტრავმა და სისხლდენა გამოკვლევის ჩატარებისას. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დაცული იქნება პროცედურის მომზადებისა და განხორციელების სტანდარტული წესები, გამოყენებული იქნება საუკეთესო ხარისხის ინსტრუმენტები.
რექტოსკოპია
რექტოსკოპია რექტოსკოპის საშუალებით სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის კვლევის მეთოდია. რექტოსკოპი 25-30 სანტიმეტრი სიგრძისა და 1,5-2 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ფოლადის მილია, რომელსაც ერთ ბოლოზე ელექტრონათურა აქვს მაგრებული, ხოლო მეორეზე - ოკულარი. რექტოსკოპიის დროს პაციენტი გვერდზე წევს ან მუხლ-იდაყვის პოზაშია.
გამოკვლევამდე მომზადებაა საჭირო: წინა დღეს სასურველია უწიდო საკვების მიღება, საღამოს - ოყნის გაკეთება, მეორე დილით კი გამოკვლევამდე ორი საათით ადრე კეთდება კიდევ ერთი ოყნა. რექტოსკოპი სწორ ნაწლავში შეჰყავთ (ნელა და ფრთხილად - თვალის კონტროლით) და ნაწლავს, მისი კედლების უკეთ დათვალიერების მიზნით, ჰაერით ბერავენ. რექტოსკოპია სიმსივნეების, წყლულების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ჰისტოლოგიური კვლევისათვის საჭირო ქსოვილის ნაწილის აღება ან პოლიპის ელექტროკოაგულაცია (ელექტრული დენის მეშვეობით პოლიპის დაშლა).
რექტოსკოპიის დროს ექიმს შეუძლია დაათვალიეროს არა მარტო სწორი ნაწლავი, არამედ სიგმოიდური ნაწლავის ქვედა ბოლოც (რექტორომანოსკოპია). მოქნილი ფიბროკოლონოსკოპები კი შესაძლებლობას იძლევა, დათვალიერდეს მსხვილი ნაწლავის ზედა ნაწილები თვით ბრმა ნაწლავამდე (კვლევის ამ მეთოდს კოლონოსკოპიას უწოდებენ).
ლაპაროსკოპია
ლაპაროსკოპია ქირურგიის თანამედროვე მეთოდია, რომლის დროსაც შინაგან ორგანოებზე ოპერაციები წარმოებს მცირე (ჩვეულებრივ, 0,5-1,5 სმ) ზომის ხვრელებიდან. ლაპაროსკოპია ძირითადად მუცლისა და მცირე მენჯის ორგანოებზე ტარდება. ამ ტიპის ქირურგიის ძირითადი ინსტრუმენტია ლაპაროსკოპი - ტელესკოპური მილი, რომელიც ლინზების სისტემას მოიცავს და ვიდეოკამერასთან არის მიერთებული.
თანამედროვე ლაპაროსკოპები ციფრული მატრიცებით არის აღჭურვილი, რაც მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. მილზე ასევე მიმაგრებულია ოპტიკური კაბელი "ცივი" სინათლით (ჰალოგენის ნათურა). ჩვეულებრივ, ლაპაროსკოპიის დროს მუცლის ღრუს ნახშირორჟანგით ბერავენ, რათა შექმნან საოპერაციო სივრცე. ღრუდან მიღებული გადიდებული გამოსახულება სპეციალურ მონიტორზე აისახება.
ლაპაროსკოპიული მიდგომით ჩატარებული ოპერაციების სპექტრი ფართოა: ქოლეცისტექტომიიდან თიაქარპლასტიკამდე, გასტრექტომიიდან (კუჭის მოკვეთა) მსხვილ და სწორ ნაწლავზე ჩატარებულ ოპერაციამდე და სხვა.
ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარების ახალ ეტაპად ითვლება სპეციალიზებული რობოტების გამოყენება. ეს რობოტები აღჭურვილია ლაპაროსკოპიულზე გაცილებით მინიატურული ინსტრუმენტებით, რაც ოპერაციის დროს უფრო მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს.
მაშ ასე, ლაპაროსკოპია - ეს მუცლის ღრუს ორგანოებზე სამკურნალო ან სადიაგნოსტიკო ჩარევაა. ენდოსკოპიური კვლევისგან განსხვავებით, რომლის დროსაც მანიპულაცია ბუნებრივი ხვრელებიდან (პირის ღრუ, სწორი ნაწლავი და სხვა) მიმდინარეობს, ლაპაროსკოპიისას მუცელზე კეთდება რამდენიმე ხვრელი. ერთ-ერთიდან ღრუში შეაქვთ ოპტიკური მილი, რომელიც გადიდებულ გამოსახულებას მონიტორს გადასცემს, დანარჩენებიდან კი ინსტრუმენტები, რომლებიც ოპერაციისთვის არის საჭირო. ლაპაროსკოპიულ ოპერაციათა უმრავლესობა ზოგადი ნარკოზით ტარდება, თუმცა სადიაგნოსტიკო და ზოგიერთი არართული ოპერაციული ჩარევა ადგილობრივი ანესთეზიითაც შეიძლება განხორციელდეს.
დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია - არსებობს სიტუაციები, როცა, მიუხედავად ჩატარებული გამოკვლევებისა, ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმა უჭირს. სწორედ ამ დროს ინიშნება დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია. ეს გახლავთ გამოკვლევის ოპერაციული მეთოდი, რომლის დროსაც ექიმი საკუთარი თვალით ათვალიერებს მუცლის ღრუს ორგანოებს მუცლის ღრუს კედელზე დიდი განაკვეთების გაკეთების გარეშე. ამ დროსაც კეთდება რამდენიმე (უმეტესად - ორი) მცირე ხვრელი და მუცლის ღრუში იდგმება ლაპაროსკოპი - წვრილი მილი ცალ მხარეს სინათლის წყაროთი, მეორე მხარეს კი ოკულარით ან ვიდეოკამერით, რომლიდანაც გამოსახულება ეკრანს გადაეცემა. მეორე ხვრელიდან იდგმება მანიპულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმი გასწი-გამოსწევს მუცლის ღრუს ორგანოებს, რათა კარგად დაათვალიეროს, და ზუსტ დიაგნოზს სვამს.
დიაგნოსტიკური ლაპაროტომიის ჩვენებაა:
- გაურკვეველი ტიპის მწვავე და ქრონიკული ტკივილები მუცლის ღრუში;
- სიმსივნური წარმონაქმნი მუცლის ღრუში. მას ან თავად პაციენტი აღმოაჩენს, ან ექიმი გამოკვლევის დროს. დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის დროს ექიმი დეტალურად დაათვალიერებს წარმონაქმნს და შემდგომი გამოკვლევისათვის აიღებს ქსოვილის ნაჭერს;
- ასციტი. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მუცლის ღრუში არსებობს სითხე. სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია სითხის წარმოქმნის პირველმიზეზის დასადგენი ეფექტური მეთოდია;
- ღვიძლის დაავადება. თუ კვლევის სხვა მეთოდებმა ღვიძლის ზედაპირის დაზიანება გამოავლინა, მაშინ სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ზუსტი მეთოდია ღვიძლის ქსოვილის ნაწილის ასაღებად შემდგომი გამოკვლევის ჩასატარებლად და დიაგნოზის დასაზუსტებლად.