აპენდიციტი: მკურნალობა და დიაგნოსტიკური შეცდომები
რა არის აპენდიციტი? აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის ანთებაა. მიიჩნევა, რომ აპენდიციტი მაშინ იწყება, როცა იხშობა ჭიაყელა ნაწლავსა და ბრმა ნაწლავს შორის არსებული ხვრელი. დახშობა შეიძლება მოხდეს ბრმა ნაწლავიდან აპენდიქსის შიგნით სქელი ლორწოს ან განავლოვანი მასის მოხვედრის გამო. ლორწო და განავლოვანი მასები მაგრდება, ქვასავით მკვრივდება და აპენდიქსის ხვრელს ახშობს.
ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. არც ის არის გამორიცხული, ჭიაყელა გამონაზარდის ლიმფური ქსოვილი შეშუპდეს და ხვრელი დაახშოს. დახშულ სივრცეში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, ხოლო ორგანიზმი ამაზე საპასუხო რეაქციას იძლევა, რომელსაც ანთებას უწოდებენ.
აპენდიციტის განვითარების კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ჭიაყელა ნაწლავი იგლიჯება და აპენდიქსის ახლომდებარე ქსოვილებში ბაქტერიები მრავლდება. ამის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი უკავშირდება იმ ცვლილებებს, რომლებიც ჭიაყელა გამონაზარდის კედლების ამომფენ ლიმფურ ქსოვილებში ხდება. თუ ანთება და ინფექცია აპენდიქსის კედლის სისქეში გავრცელდა, ის შეიძლება გაიგლიჯოს და ინფექცია მუცლის ღრუსაც მოედოს, თუმცა, ჩვეულებრივ, პროცესი აპენდიქსის გარემომცველი მცირე სივრცით არის შემოფარგლული - ქმნის ეგრეთ წოდებულ პერიაპენდიკულარულ აბსცესს.
ზოგჯერ, თუ ინფექცია და მისი თანამდევი ანთება მუცლის ღრუში არ არის გავრცელებული, ორგანიზმი ქირურგიული ჩარევის გარეშეც წარმატებით უმკლავდება აპენდიციტს, ანთება, ტკივილები და სხვა სიმპტომები ქრება. ასეთი რამ გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში და ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, ამიტომ პაციენტები ექიმთან დაგვიანებით, აპენდიციტის შეტევიდან კარგა ხნის შემდეგ ხვდებიან მუცლის მარჯვენა ქვედა მიდამოს შესივებით ან ინფილტრატით.
გართულებები
აპენდიციტის ყველაზე ხშირი გართულება ჭიაყელა დანამატის გახვრეტაა. ამას შესაძლოა პერიაპენდიკულარული აბსცესი (აპენდიქსის ირგვლივ ინფიცირებული ჩირქის დაგროვება) ან დიფუზური პერიტონიტი (მთელი მუცლის ღრუს ინფიცირება) მოჰყვეს. აპენდიქსის გახვრეტის ძირითადი მიზეზი გვიანი დიაგნოსტირება და მკურნალობის დაგვიანებაა.
გაცილებით იშვიათი გართულებაა ნაწლავთა გაუვალობა. გაუვალობა მაშინ წარმოიშობა, როცა აპენდიქსის ირგვლივ განვითარებული ანთება ნაწლავის კუნთების მოქმედების შეწყვეტას იწვევს და საკვებს ნაწლავში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
აპენდიციტის საშიში გართულებაა სეფსისი - მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები სისხლში ხვდება და მისი საშუალებით სხვა ორგანოებამდე აღწევს. ეს ძალზე მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება გახლავთ, თუმცა, საბედნიეროდ, არცთუ ისე ხშირია.
სიმპტომები
ძირითადი სიმპტომი მუცლის ტკივილია. თავდაპირველად ის მთელ მუცელში შეიგრძნობა, პაციენტს მისი ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრა უჭირს. შემდეგ, როდესაც ანთებითი პროცესი ჭიაყელა ნაწლავის გარეთა კედელზე, მოგვიანებით კი პერიტონეუმზე ვრცელდება, ტკივილის ხასიათი იცვლება - ის შესაძლოა მკვეთრად გამოვლინდეს ერთ მცირე უბანზე.
თუ აპენდიქსი გაიხვრიტა, ინფექცია მუცლის ღრუში გავრცელდება და ტკივილი ისევ მთელ მუცელს მოედება. აპენდიციტს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა და ღებინება, რომელიც შესაძლოა ნაწლავთა გაუვალობით იყოს განპირობებული. ჩამოთვლილთა გარდა, აპენდიციტის ჩვეულებრივი სიმპტომია სხეულის ტემპერატურის მომატება როგორც ორგანიზმის პასუხი ანთებაზე. მეორე მხრივ, ტემპერატურის არარსებობა აპენდიციტს არ გამორიცხავს, რადგან ეს დაავადება ტემპერატურის მომატების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს.
აპენდიციტის დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა იწყება გულმოდგინე გამოკითხვითა და დათვალიერებით. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება საშუალო ან ძლიერი (ანუ ასატანიდან ძლიერამდე) ტკივილი მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეს, როცა ექიმი ამ ადგილს აწვება. თუ ანთება პერიტონეუმამდე მივიდა, შეინიშნება "რიკოშეტული" ტკივილი - როცა ექიმი მტკივან ადგილს აწვება და შემდეგ ხელს სწრაფად იღებს, ტკივილი წამით ძლიერდება.
ინფექციის დროს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა, როგორც წესი, იმატებს. აპენდიციტის ადრეულ სტადიაზე ლეიკოციტების მაჩვენებელი შესაძლოა ნორმალური იყოს, მაგრამ ხშირად ამ სტადიაზევე შეინიშნება სისხლის თეთრი სხეულების მცირედი მომატება.
სამწუხაროდ, აპენდიციტი ერთადერთი მდგომარეობა არ არის, რომელიც ლეიკოციტების მომატებას იწვევს - თითქმის ყველა ინფექციასა და ანთებას თან სდევს მათი რაოდენობის ზრდა, ამიტომ არ შეიძლება, ლეიკოციტების მაჩვენებლის მომატება აპენდიციტის პირდაპირ დამამტკიცებელ საბუთად განიხილებოდეს.
შარდის მიკროსკოპია შარდის მიკროსკოპით გამოკვლევაა, რომელიც შარდში ერითროციტების, ლეიკოციტებისა და ბაქტერიების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. შარდის მაჩვენებლები, ჩვეულებრივ, შეცვლილია, როდესაც თირკმელებში ან შარდის ბუშტში არის ანთება ან ქვები, რომლით გამოწვეული ტკივილიც შეიძლება აპენდიციტის ტკივილში აერიოთ. ამრიგად, შარდში არსებული ცვლილებები თირკმელებსა და შარდის ბუშტში პათოლოგიური პროცესის არსებობაზე მიუთითებს, მაშინ როდესაც ნორმალური მაჩვენებლები აპენდიციტისთვის უფროა დამახასიათებელი.
მუცლის ღრუს რენტგენოლოგიურმა კვლევამ შესაძლოა კოპროლითი გამოავლინოს, რომელიც ზოგჯერ აპენდიციტის მიზეზია. ასეთი რამ უმეტესად ბავშვებში შეინიშნება. ულტრაბგერითი გამოკვლევა. მისი საშუალებით შესაძლოა მოხერხდეს გადიდებული აპენდიქსის დანახვა, თუმცაღა ათიდან მხოლოდ 5 შემთხვევაში. ასე რომ, ჭიაყელა ნაწლავის დაუნახავობა აპენდიციტს არ გამორიცხავს.
ულტრაბგერის საშუალებით შესაძლებელია გამოირიცხოს საკვერცხეების, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ცვლილებები, რომელთაც აპენდიციტის სიმულირება შეუძლიათ.
კომპიუტერული ტომოგრაფია -არაორსულ პაციენტებში ჭიაყელა ნაწლავის მიმდებარე მიდამოს კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება აპენდიციტის დიაგნოსტირებისა და აპენდიკულარული ინფილტრატის გამოვლენის მიზნით, ასევე - მუცლის ღრუსა და მენჯის სხვა დაავადებების გამოსარიცხავად, რომელთა სიმპტომები აპენდიციტისას ჰგავს.
ლაპაროსკოპია ქირურგიული მანიპულაციაა, რომლის დროსაც მუცელზე გაკეთებული პატარა ხვრელიდან მუცლის ღრუში წვრილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილი შეჰყავთ სპეციალურ კამერასთან ერთად. ლაპაროსკოპია აპენდიქსისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დათვალიერების საშუალებას იძლევა, ხოლო თუ აპენდიციტი იქნა აღმოჩენილი, მისივე მეშვეობით ოპერაციის ჩატარებაც არის შესაძლებელი.
გარდა ლაპაროსკოპიისა, არ არსებობს კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც აპენდიციტის უტყუარი დიაგნოსტიკა შესაძლებელი იყოს, ამიტომ აპენდიციტზე ეჭვის შემთხვევაში მოქმედების ტაქტიკა სამგვარია:
- დაკვირვება;
- გამოკვლევა;
- ან ქირურგიული ოპერაცია.
რატომ ჭირს ზოგჯერ აპენდიციტის ამოცნობა?
აპენდიქსი მუცლის ღრუს სხვადასხვა ადგილას მდებარეობს. ძირითადად მუცლის ქვედა მარჯვენა ნახევარშია მოთავსებული. აპენდიქსს აქვს ჯორჯალი, რომლითაც ის მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებს მიემაგრება. თუ ჯორჯალი გრძელია, არ არის გამორიცხული, აპენდიქსმა მდებარეობა იცვალოს.
თავად ჭიაყელა ნაწლავიც შესაძლოა ჩვეულებრივზე გრძელი იყოს. ასეთ შემთხვევებში აპენდიქსი ზოგჯერ მენჯის ღრუში აღმოჩნდება და იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიის ნიშნებს იწვევს ან კოლინჯს მოექცევა უკან, რაც დიაგნოსტიკას ძალზე ართულებს და სხვა. აპენდიციტის დიაგნოსტირების სირთულის გამო პაციენტს ერთხანს აკვირდებიან, ვიდრე სიტუაცია თავისით განიმუხტება ან თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად არის დამახასიათებელი ან აპენდიციტისთვის, ან სხვა დაავადებისთვის.
რომელი დაავადებები იძლევა აპენდიციტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს?
- მეკელის დივერტიკული. ეს გახლავთ ნაწლავის კედლის მცირე ზომის გამობერილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, მოთავსებულია მუცლის ღრუს ქვედა მარჯვენა ნახევარში, აპენდიქსის მახლობლად. დივერტიკულის ანთება და მისი გახვრეტა აპენდიციტის მსგავს კლინიკურ ნიშნებს იძლევა. მეკელის დივერტიკულის პათოლოგიის დროს ამ ორგანოს ამოკვეთენ.
- მენჯის ღრუს ორგანოების ანთება. მარჯვენა ფალოპის მილი და საკვერცხე აპენდიქსის მახლობლად არის მოთავსებული. ქალებს, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შეხვდეთ, რომლებიც საშვილოსნოს დანამატებსა და საკვერცხეებს აზიანებს. ჩვეულებრივ, ამ დროს საკმარისია ანტიბიოტიკოთერაპია, ზემოხსენებული ორგანოების ქირურგიული გზით ამოკვეთა არ არის საჭირო.
- მუცლის მარჯვენა ნახევრის დაავადებები. მუცლის ღრუს ზედა მარჯვენა ნახევრის რომელიმე ორგანოს ანთების დროს გამოყოფილი სითხე, როგორც წესი, მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ჩაიღვრება, სადაც ის ანთებისა და აპენდიციტის სიმულირებას ახდენს. სითხე შეიძლება გამოვიდეს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილი წყლულიდან, შარდის ბუშტიდან, ღვიძლის აბსცესიდან და სხვა.
- მარჯვენამხრივი დივერტიკულიტი. დივერტიკული უმეტესად მუცლის მარცხენა ნახევარში გვხვდება, იშვიათად - მარჯვენა მხარეს. თუ მარჯვენამხრივი დივერტიკული გაიხვრიტა, წარმოიშობა ანთება, რომლის სიმპტომები აპენდიციტისას ჰგავს.
- თირკმლის დაავადებები. მარჯვენა თირკმელი აპენდიქსთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ მისმა ანთებითმა პროცესმა, მაგალითად, აბსცესმა, შესაძლოა აპენდიციტის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.
როგორ მკურნალობენ აპენდიციტს
როდესაც დასმულია აპენდიციტის დიაგნოზი, ტარდება აპენდექტომია - ანთებადი ჭიაყელა ნაწლავის ქირურგიული გზით ამოკვეთა. ანტიბიოტიკებით მკურნალობას კი დიაგნოზის დასმისთანავე იწყებენ.
ზოგჯერ აპენდიციტის ნიშნები სუსტია, არც ინფექცია ვრცელდება მუცლის ღრუში, მიუხედავად იმისა, რომ ჭიაყელა ნაწლავი შესაძლოა გახეთქილიც კი იყოს. ამ შემთხვევაში პაციენტები ქირურგს დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ მიმართავენ. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზმის დამცავი ძალების მეშვეობით ხდება დაავადებული ადგილის შემოფარგვლა და ყალიბდება აბსცესი. თუ ეს უკანასკნელი პატარაა, შეიძლება ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება, მაგრამ უმეტესად აბსცესის დრენირებას მიმართავენ, ჭიაყელა ნაწლავს კი რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ამოკვეთენ, მაშინ, როცა შემოფარგლული ღრუ ჩირქისგან გაიწმინდება. ამ პროცესს გადავადებულ აპენდექტომიას უწოდებენ.
სადღეისოდ აპენდიქსის ამოსაკვეთად ორი მეთოდია მიღებული: ჩვეულებრივი ქირურგიული ჩარევა კანისა და სხვა ქსოვილების გაკვეთის გზით და აპენდექტომია ლაპაროსკოპის საშუალებით. არ არის გამორიცხული, ქირურგმა ოპერაციის დროს შეუცვლელი აპენდიქსი აღმოაჩინოს და ვერ მიაგნოს ჩივილების გამომწვევ მიზეზს. ამ დროს აპენდიქსს ზოგჯერ მაინც ამოკვეთენ, რადგან სჯობია, შეუცვლელი ჭიაყელა ნაწლავი ამოიკვეთოს, ვიდრე მხედველობიდან გამოგვრჩეს - და მკურნალობის გარეშე დარჩეს - აპენდიციტის შესაძლო დაწყების მომენტი.
აპენდექტომიის გართულებები
აპენდექტომიის ყველაზე ხშირი გართულება ჭრილობის დაჩირქებაა. ასეთი გართულება მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც. ამ გართულებებს ანტიბიოტიკებით, მძიმე შემთხვევაში - განმეორებითი ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ. აპენდიციტის დროს ანთება და ინფექცია ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ქირურგმა შესაძლოა ჭრილობა ბოლომდე არც კი დახუროს. განაკვეთს რამდენიმე დღის შემდეგ ხურავენ, - მას შემდეგ, რაც ინფექცია ანტიბიოტიკებით საბოლოოდ დაითრგუნება.
აპენდექტომიის კიდევ ერთი გართულებაა აბსცესი - ჩირქის დაგროვება ჭიაყელა ნაწლავის მიდამოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩირქის გამოდევნა ქირურგიული გზით არის შესაძლებელი, არსებობს აბსცესის მკურნალობის სხვა მეთოდებიც.
როგორია ჭიაყელა ნაწლავის ამოკვეთის შორეული შედეგები?
ოპერაციის შედეგად შესაძლოა ნაწლავთა შეხორცებითი პროცესი განვითარდეს. საბედნიეროდ, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ შეხორცებითი პროცესი გაცილებით იშვიათია. დაბოლოს, დღემდე არ არის გარკვეული, ასრულებს თუ არა ჭიაყელანაწლავი რაიმე მნიშვნელოვან ფუნქციას. როგორც წესი, აპენდიქსის ამოკვეთის შემდეგ ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ იქმნება.