რა არის ოსტეომიელიტი და როგორ ვუმკურნალოთ

- ოსტეომიელიტი ინფექციური ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს ძვლის ქსოვილს და ძვლის ტვინს. ის ძვლის ტვინიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება ძვალსა და ძვლისაზრდელაზე. სადღეისოდ ოსტეომიელიტის ცნება გულისხმობს ძვლის ყველა ნაწილის - ძვლის (ოსტიტი), ძვლის ტვინის (მიელიტი) და ძვლისაზრდელას (პერიოსტიტი) ანთებას. იგი ვითარდება ძვალში ინფექციის ენდოგენური (ჰემატოგენური) ან ეგზოგენური გზით მოხვედრის შედეგად. დღეს, ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების ეპოქაში, ეს დაავადება შესაძლოა ხშირი არ იყოს, მაგრამ მისი მკურნალობა დღემდე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეომიელიტი?
- ოსტეომიელიტის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად - სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, გონოკოკი, სხვა ბაქტერიები, რიკეტსია, სოკო... ძვლის ტვინში ბაქტერიები უმთავრესად სამი გზით იჭრებიან:
- პირდაპირი გზით, უშუალოდ ჭრილობიდან ძვლების ღია მოტეხილობის დროს;
- ძვლის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებიდან ინფექციის ძვლისაზრდელასა და ძვლის ტვინში გავრცელებისას (ასეთი რამ ხდება ჩირქოვანი პროცესების - პანარიციუმის, ფლეგმონის - დროს);
- ჰემატოგენური გზით (ჩირქმბადი ბაქტერიები რომელიმე ჩირქოვანი კერიდან სისხლის ნაკადის საშუალებით ხვდება ძვლის ტვინში).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ინფექციის შეჭრის უკანასკნელი გზა ყველაზე ხშირია. რა გზითაც არ უნდა შეიჭრას ჩირქმბადი ბაქტერია ძვალში, სურათი ერთი და იგივე იქნება. გარედან შეჭრის დროს ანთება ჯერ ძვლისაზრდელაში ვითარდება, შემდეგ გოვერსის მილების საშუალებით ძვლის ქერქოვან შრეზე გადადის და ბოლოს ძვლის ტვინზეც ვრცელდება. ამგვარად, პროცესში მთელი ძვალი და რბილი ქსოვილებია ჩართული. ამ მოვლენას პანოსტიტი ეწოდება. მიკროორგანიზმების გამრავლებასთან ერთად ირღვევა ძვლის ქსოვილი და წარმოიქმნება ჩირქი. ჩირქის ოდენობა თანდათან იმატებს და ყალიბდება აბსცესი. ძვლის ტვინის არხში წნევა იზრდება, აწვება სისხლძარღვებს, ბლოკავს სისხლის მიმოქცევას, სისხლის თეთრ უჯრედებსა და სხვა აგენტებს, რომლებიც აუცილებელია ინფექციასთან საბრძოლველად. ამის შედეგად მიკრობები შეუფერხებლად მრავლდებიან და ძვლის ახალ-ახალ უბნებს აინფიცირებენ. მკვდარი ძვლის ქსოვილი ცოცხალს სცილდება და ნაწიბუროვანი ქსოვილით შემოისაზღვრება. ძვლის ამ მკვდარ, მოცილებულ ნაწილს სეკვესტრი ეწოდება. ძვლის დარჩენილი, საღი ნაწილი დანეკროზებულის ირგვლივ წარმოქმნის ძვლის ახალ გარსს. ქრონიკული ოსტეომიელიტის დროს პროცესის განმეორებისდაკვალად შესაძლოა შევამჩნიოთ ძვლის რამდენიმე შრე.
- ოსტეომიელიტი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?
- კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ოსტეომიელიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ოსტეომიელიტი უმეტესად ერთბაშად იწყება. პირველ-მეორე დღეს ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, კიდურებში ტეხის შეგრძნებას, კუნთების, თავის ტკივილს. შემდეგ შეამცივნებს და ტემპერატურა მკვეთრად უწევს მაღლა - 39-40 გრადუსამდე, უფრო და უფრო სუსტდება, სტკივა თავი. შესაძლოა, აღებინოს კიდეც. ზოგადი მდგომარეობა მძიმდება. მოსალოდნელია ცნობიერების დაბინდვა, ბოდვა. ჩნდება ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომები. შესაძლოა. კრუნჩხვაც განვითარდეს. ავადმყოფს მადა დაქვეითებული აქვს, ენა - შელესილი და მშრალი, სახე - გაფითრდებული, თვალები - ჩაცვენილი, ტუჩები და ლორწოვანი გარსები - ციანოზური, კანი - მშრალი, მოყვითალო, ელასტიკურობა - დაქვეითებული. არტერიული წნევა დაქვეითებულია, გულის ტონები - მოყრუებული, გულისცემა - გახშირებული და სხეულის ტემპერატურის შესატყვისი. სუნთქვა გახშირებულია, ზედაპირული. ფილტვებში აღინიშნება ბრონქოპნევმონიის სიმპტომები. ამ დროს შესაძლოა გადიდდეს ღვიძლი და ელენთაც, რომლებიც გასინჯვისას მტკივნეულია. ზოგჯერ მტკივნეულია თირკმელების მიდამოც. შარდის გამოყოფაც შემცირებულია. დაავადების დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ დაზიანებულ კიდურში ჩნდება მკაცრად ლოკალიზებული ძლიერი ტკივილი, რომელსაც აქვს მბურღავი, მფეთქავი ხასიათი. ავადმყოფები ტკივილის შესამცირებლად გაუნძრევლად წვანან და საწოლის მცირე შერხევაზეც კი ტკივილის გაძლიერების გამო მწვავედ რეაგირებენ. ამის გამო დაზიანებული უბნის გასინჯვა და პალპაცია ძალიან ფრთხილად უნდა ჩატარდეს. მომდევნო 1-2 დღის განმავლობაში დაავადების ადგილობრივი ნიშნები უფრო მკაფიოდ ყალიბდება. დაზიანებულ ადგილას წარმოიშობა რბილი ქსოვილების მტკივნეული შეშუპება, რომელიც სწრაფად იმატებს. კანი შეწითლებულია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ვერავითარ ინფორმაციას ვერ გვაწვდის, დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს. კიდურის შეშუპება სწრაფად იზრდება, ფართოვდება ვენები, იზრდება რეგიონული ლიმფური კვანძები. ფლეგმონის ჩამოყალიბების შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება. თუ ვითარება მაინც მძიმე დარჩა, უნდა ვეძებოთ გართულება - პროცესის გადასვლა ახლომდებარე სახსარზე, ძვლების მრავლობითი დაზიანება, ჩირქოვანი კერების წარმოქმნა და ასე შემდეგ. ფლეგმონა შესაძლოა თავისთავად, ქირურგიული ჩარევის გარეშე გაიხსნას და ფისტულა წარმოქმნას. უფრო მძიმე შემთხვევაში ის პროგრესირებს და იწვევს მეორეულ ჩირქოვან ართრიტს, პარაარტიკულურ ფლეგმონას და სეფსისს. მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტის მიმდინარეობა დამოკიდებულია მკურნალობის, კერძოდ, ანტიბიოტიკების გამოყენების დროულ დაწყებაზე. მწვავე ჩირქოვანი ოსტეომიელიტის ამოცნობა საწყის სტადიაში არცთუ ისე ადვილია. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ავადმყოფობის უეცარი დასაწყისი და ზოგადი მოვლენები. როდესაც ადგილობრივი მოვლენები გამოხატულია, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის.
- შესაძლოა თუ არა, მწვავე ოსტეომიელიტი გართულდეს?
- უწინარეს ყოვლისა, შესაძლოა, ოსტეომიელიტური კერიდან ინფექცია სისხლის ნაკადის საშუალებით გავრცელდეს სხვა ძვლებში და განვითარდეს ეგრეთ წოდებული მრავლობითი ოსტეომიელიტი. გვხვდება უფრო მძიმე შემთხვევაებიც - ზოგად ჩირქოვან ინფექციას ერთვის მეტასტაზები სხვადასხვა პარენქიმულ ორგანოსა და ქსოვილში. გავრცელებული გართულებაა აგრეთვე მეზობელი სახსრის ანთება. ამ დროს სახსარში გროვდება სეროზული გამონაჟონი. სახსრის ჩირქოვანი ანთება მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც ჩირქი ეპიფიზიდან სახსარში იხსნება ან ჩირქოვანი ინფექცია სისხლის ან ლიმფის საშუალებით სახსარში იჭრება. ხშირ გართულებას წარმოადგენს ეპიფიზის პათოლოგიური მოცილება და ძვლის პათოლოგიური მოტეხილობაც. აქვე მინდა ვახსენო ეპიფიზური ოსტეომიელიტი. ოსტეომიელიტის ეს ფორმა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. პროცესი აზიანებს გრძელი (ბარძაყის) ძვლების ეპიფიზურ ნაწილს. პროცესი იწყება ქვემწვავედ, მკვეთრი ტკივილით, განსაკუთრებით - კიდურის მოძრაობის დროს, რის გამოც ბავშვი კიდურს ზოგავს, იძულებით მდებარეობას აძლევს. ტემპერატურა 38-390C-ს აღწევს. ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებს შორის უმთავრესად ჰემატოგენური ოსტეომიელიტია გავრცელებული. მიკრობები სისხლში ხვდება ინფექციის კერიდან, მაგალითად, დაზიანებული, ანთებითი კბილიდან, იქიდან კი ხელ-ფეხის ლულოვანი ძვლების ტვინის არხში იჭრება.