პანარიციუმი - გამოვლინება და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანარიციუმი - გამოვლინება და მკურნალობის საშუალებები

იგი ვითარდება ჩირქმბადი მიკროორგანიზმების (ძირითადად, ოქროსფერი სტაფილოკოკის) ცხოველმყოფელობის შედეგად, რომლებიც ქსოვილში ხვდებიან დაზიანებული კანიდან. პანარიციუმის დროს აღინიშნება შეშუპება, სიწითლე, ტკივილი თითის არეში, მძიმე ფორმისას კი – შემცივნება და ტემპერატურის მომატება. ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი, მფეთქავი. ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა, მოგვიანებით სტადიაზე კი, აუცილებელია ოპერაცია.

პანარიციუმის მიზეზები

პათოლოგიის ძირითადი მიზეზი ოქროსფერი სტაფილოკოკია, რომელიც ქსოვილებში შეიძლება მოხვდეს დაზიანებული კანიდან. კანის მიკროტრავმები და დაზიანებები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ან იმდენად უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ.

პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს სისტემატური გადაცივება, მაღალი ტენიანობა, ვიბრაცია, მაცერაცია, დაბინძურება ან გამაღიზიანებელი ნივთიერებების მოქმედება. შინაგან მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ენდოკრინული დაავადებები, ჰიპოვიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება.

პანარიციუმი აღენიშნებათ ბავშვებს და ახალგაზრდა, საშუალო ასაკის პირებს 20-დან 50 წლამდე. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციაა მარჯვენა მტევნის I, II და III თითები.

კლასიფიკაცია:

ადგილმდებარეობისა და დაზიანებული ქსოვილის ხასიათის მიხედვით გამოყოფენ შემდეგი სახის პანარიციუმს:

  • კანის პანარიციუმი. ყველაზე მსუბუქი ფორმა – ჩირქოვანი პროცესი ფორმირდება კანის სისქეში.
  • ფრჩხილის პანარიციუმი (პარონოქია) – ანთება ლოკალიზდება ფრჩხილის ბუდეში.
  • კანქვეშა პანარიციუმი – ვითარდება კანქვეშა შრეში თითების ზედაპირზე ხელისგულის მხრიდან.
  • ძვლის პანარიციუმი – განმასხვავებელი თავისებურებაა ის, რომ ჩირქოვან პროცესში ერთვება ძვალი.
  • სახსრის პანარიციუმი ვითარდება ფალანგთაშორის სახსრებში;
  • ძვალსახსროვანი პანარიციუმი – ჩვეულებრივ, აღმოცენდება სახსროვანი პანარიციუმის პროგრესირებისას, როდესაც ანთება გადადის სასახსრე ბოლოებიდან ფალანგების ძვლებზე.
  • მყესების პანარიციუმი – ლოკალიზდება მყესების მიდამოში.

სიმპტომები:

დაავადების ფორმის მიხედვით შეიძლება განსხვავებული იყოს. მიუხედავად ამისა, აღინიშნება რიგი საერთო გამოვლინებებისა. დასაწყის სტადიაში აღინიშნება შეწითლება, უმნიშვნელო შეშუპება და სუსტი ან ზომიერი მტკივნეულობა. მოგვიანებით შეშუპება იზრდება, ტკივილი ძლიერდება და ინტენსიური ხდება. ანთების მიდამოში ფორმირდება ჩირქოვანი კერა, რომელიც პანარიციუმის ზედაპირული ფორმის დროს კარგად ჩანს. ჩირქგროვის ფორმირებას შეიძლება თან ახლდეს სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, ინტოქსიკაციის სიმპტომები უფრო მკვეთრადაა გამოხატული პანარიციუმის ღრმა, მძიმე ფორმისას (ძვლის, სახსრისა და მყესის). ამას გარდა, პანარიციუმის თითოეულ ფორმას მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.

კანის პანარიციუმი

ჩვეულებრივ, აღინიშნება ფრჩხილის ფალანგის მიდამოში. კანი წითლდება, სიწითლის ცენტრში ეპიდერმისის შემოსაზღვრული უბანი შრევდება. წარმოიქმნება მღვრიე, სისხლიანი ან მორუხო-ყვითელი სითხით სავსე ბუშტუკი. დასაწყისში ტკივილი მკვეთრი არ არის, შემდეგ თანდათანობით ძლიერდება და ხდება მფეთქავი. გაურთულებელი პანარიციუმისას ზოგადი მდგომარეობა არაა შეცვლილი, ლიმფანგიტის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, სისუსტე, შემცივნება.

ფრჩხილის პანარიციუმი – პარონიქია, როგორც წესი, ვითარდება არასწორად გაკეთებული მანიკიურის შემდეგ. დასაწყისში აღინიშნება ლოკალური შეშუპება და შეწითლება, შემდეგ პროცესი ვრცელდება და მოიცავს ფრჩხილის მორგვს. საკმაოდ სწრაფად ფორმირდება ჩირქგროვა. ანთების მიდამოში აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ძილის დარღვევა, თუმცა, ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. შეიძლება ჩირქგროვა თავისთავად გასკდეს, მაგრამ ამგვარი ნაწილობრივი დაცლა პანარიციუმის მწვავე ფორმის ქრონიკულში გადასვლის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. პროცესის პროგრესირებისას ჩირქი შეიძლება გადავიდეს ფრჩხილის ფუძეზე, გავრცელდეს კანქვეშ, ძვალზე.

ფრჩხილქვეშა პანარიციუმი, ჩვეულებრივ, პარონიქიის გართულებაა, თუმცა, შეიძლება განვითარდეს პირველადად, ფრჩხილის თავისუფალი კიდის ნახეთქის, ჭრილობის შედეგად ან ფრჩხილქვეშა ჰემატომის დაჩირქებისას.

ფრჩხილქვეშა პანარიციუმისთვის დამახასიათებელია ძლიერი, ინტენსიური ტკივილი, ტემპერატურის მომატება. ფრჩხილის ფალანგი შეშუპებულია, ფრჩხილის ქვეშ კი ჩირქია.

კანქვეშა პანარიციუმი პანარაციუმის ყველაზე გავრცელებული სახეა. ჩვეულებრივ, ვითარდება მცირე, მაგრამ ღრმა ჭრილობებისას. დასაწყისში ვლიდნება მცირე სიწითლე და ლოკალური ტკივილი. რამდენიმე საათის განმავლობაში ტკივილი ძლიერდება, ხდება მფეთქავი. თითი შეშუპებულია. ზოგადი მდგომარეობა შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს ან გაუარესდეს. აღინიშნება შემცივნება და ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და მეტად. ჩირქოვანი პროცესი, მკურნალობის გარეშე, შესაძლებელია გადავიდეს ღრმა ანატომიურ წარმონაქმნებზე (ძვლები, სახსრები, მყესები).

ძვლის პანარიციუმი შეიძლება განვითარდეს ღია მოტეხილობის ინფიცირებისას ან კანქვეშა პანარიციუმის შედეგად რბილი ქსოვილებიდან ძვალზე ინფექციის გავრცელებისას. შესაძლებელია განვითარდეს ფალანგის ნაწილობრივი ან სრული დაშლა. აღინიშნება ძლიერი ინტენსივობის მფეთქავი ტკივილი. დაზიანებული ფალანგი იზრდება მოცულობაში, რის შედეგადაც თითი იღებს ძეხვის შესახედაობას. კანი გლუვია, მბრწყინავი, მოწითალო-ციანოზური. თითი ოდნავ მოხრილია, მოძრაობა შეზღუდულია ტკივილის გამო, შეუძლებელია მაქსიმალურად მტკივნეული უბნის განსაზღვრა, რადგანაც ტკივილს გაფანტული ხასიათი აქვს, აღინიშნება შემცივნება და ცხელება.

სახსრის პანარიციუმი შეიძლება განვითარდეს უშუალო ინფიცირების ან ჩირქოვანი პროცესის გავრცელების შედეგად. დასაწყისში აღინიშნება შეშუპება და მოძრაობისას სახსრის არეში ტკივილი. შემდეგ ტკივილი ძლიერდება, მოძრაობა შეუძლებელი ხდება, შეშუპება იზრდება და განსაკუთრებით გამოხატული ხდება თითის საზურგე ზედაპირზე.

მყესის პანარიციუმი შეიძლება განვითარდეს როგორც ინფექციის შეჭრისას, ისე თითის სხვა უბნებიდან ინფექციის გავრცელების გამო. თითი თანაბრადაა შეშუპებული, მცირედ მოხრილი, აღინიშნება ინტენსიური ტკივილი, რომელიც მნიშვნელოვნად ძლიერდება პასიური მოძრაობის მცდელობისას, სიწითლე შესაძლებელია არ იყოს გამოხატული, აღინიშნება ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება, სისუსტე, მადის დაქვეითება. მყესის პანარიციუმი თითის ყველაზე მძიმე და საშიში ჩირქოვანი ანთებაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ჩირქი სწრაფად ვრცელდება, გადადის კუნთებზე, ძვლებზე, ხელისგულის რბილ ქსოვილებზე და წინამხარზეც კი. მკურნალობის გარეშე, მყესი სრულად ზიანდება და თითი კარგავს თავის ფუნქციას.

პანარიციუმის მკურნალობა

ამ დაავადების მკურნალობას ქირურგები ახორცილებენ. ზედაპირული ფორმებისას მკურნალობა კონსერვატულია და ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები. ზედაპირული პანარიციუმის მოგვიანო სტადიაზე, ძვლისა და მყესის ფორმისას, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.