მოვლილი ქალი

საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად ქათინაური "როგორი მოვლილია" უფრო მნიშვნელოვანია თავისი არსით, ვიდრე "რა ლამაზია". მამაკაცთა თვალთახედვით, მოვლილი ქალი - ეს არის კოპწია, მოწესრიგებული, გემოვნებით ჩაცმული, საკუთარი თავის ფასის მცოდნე ქალი, რომელიც მუდამ ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. იყო მოვლილი ქალი, ნიშნავს მუდამ მოწესრიგებული და მოვლილი გქონდეს თმა, სახის კანი, კბილები, ტუჩები, კისერი, ფრჩხილები, ფეხები, წვივები, ტერფები. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, რომ აუცილებელია მათი მშვენიერებისათვის!
თმა
ჯანსაღი და ბზინვარე თმა ქალის მშვენებაა. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ თმა, კანის მსგავსად, ყველაზე მეტად ასახავს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თმის მდგომარეობასა და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადება, მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება, ნერვული სისტემის დარღვევები, გადაღლა და მრავალი სხვა ფაქტორი.
თმის სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლის, თამბაქოს, ყავისა და ჩაის ჭარბი მოხმარება. ჯანმრთელ ადამიანს ხშირი, ჰაეროვანი, ფუმფულა და ბზინვარე თმა აქვს. თუ სწორი მოვლის მიუხედავად თმამ ბზინვარება დაკარგა, მსხვრევადი და უხეში გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე ვერ არის. იმასაც შეგახსენებთ, რომ ხშირი სტრესი, დიეტა, ფენისა და საღებავების რეგულარული გამოყენება ვნებს თმას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თმა დიდი რაოდენობით (97%) ცილას შეიცავს. ამიტომ მისი სიჯანსაღისათვის, უპირველეს ყოვლისა, რაციონალური კვება, კერძოდ, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღებაა აუცილებელი. თმა რომ ჯანმრთელი და ბზინვარე გქონდეთ, საჭიროა, A, B, C, D, E ვიტამინებით, იოდითა და კალციუმით მდიდარი საკვები მიირთვათ. ამ კომპონენტების შემცველი პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ისპანახი, პომიდორი, რძე და მისი პროდუქტები, კვერცხი) ასტიმულირებს თმის ზრდას და ხელს უწყობს მისი მშვენიერების შენარჩუნებას.
თმის სწორი მოვლა მის დაბანას, მასაჟსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას გულისხმობს. თავის თმიანი ნაწილის მასაჟი მეტად მნიშვნელოვანია. ის რეგულარული უნდა იყოს. სასურველია, ჩაიტაროთ ყოველდღიურად, უმჯობესია, დღეში სამჯერ. მასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ნორმალიზდება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციობა. მასაჟი თითის დაბოლოებების (ბალიშების) მსუბუქი ზეწოლით, წრიული მოძრაობებით უნდა გააკეთოთ, კეფიდან დაიწყოთ და თხემისა და საფეთქლის უბნებზე, დასასრულ კი შუბლზე გადახვიდეთ. მასაჟის დროს კანის გასრესა არ არის საჭირო, სასურველია, ზეწოლა თავის ქალას ძვლებზე მოახდინოთ, ყოველი მომდევნო წრე უფრო მეტი ზეწოლით განახორციელოთ. მასაჟის დროს აუცილებელია შეიგრძნობდეთ ძვალს. მასაჟი 10 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
კისერი
კისერი, სახისგან განსხვავებით, საიდუმლოს ვერ ინახავს. ის უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახე და ხელის მტევნებთან ერთად ამხელს ქალის ასაკს. ამიტომაც კისერი სისტემატურ მოვლას საჭიროებს, თანაც ადრეული პერიოდიდანვე, რადგან როცა კისრის კანი ელასტიკურობასა და მოქნილობას დაკარგავს, დანაოჭდება, მისი მოვლა უკვე დაგვიანებულია, დაბერების პროცესს ვეღარ შეაჩერებთ. დეფექტების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე აღმოფხვრა - ეს კოსმეტოლოგიის მთავარი პრინციპია.
კისრის კანი განსაკუთრებით ნაზი და მგრძნობიარეა, ადვილად შრება და დუნდება, ამიტომ მუდმივ მზრუნველობას მოითხოვს. კისრის კანის მოსავლელად განკუთვნილი კრემები დიდი რაოდენობით წყალს უნდა შეიცავდეს, ვიტამინებითა და ეპიდერმისის (კანის ზედაპირული შრის) განახლების მასტიმულირებელი კომპონენტებით იყოს გაჯერებული, ჰქონდეს დამატენიანებელი ეფექტი. კისრის კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბიოლოგიური ექსტრაქტების, მცენარეული (ხილისა და ბოსტნეულის) ნივთიერებების შემცველი ნიღბების გამოყენება. სასურველია, ნიღბებს მარილი ჰქონდეს დამატებული.
ღაბაბისა და კისრის ნაკეცების საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალური ვარჯიშების რეგულარულ ჩატარებას. ვარჯიში აუცილებლად ცივ მარილიან წყალში დასველებული ნაჭრის კისერზე მსუბუქი დარტყმითი მასაჟით უნდა შესრულდეს.
ხელის მტევნები
ეს სხეულის ის ნაწილია, რომელსაც, ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად ზოგავს ქალი. ხელის მტევნები და მათი კანი უძლებს იმას, რასაც სხეულის ვერც ერთი უბნის საფარველი ვერ გაუძლებდა. არადა ხელებს მოვლილი და მშვენიერი ქალის იმიჯში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ. სამწუხაროდ, საქმეს და მტევნების დატვირთვას ვერ გავექცევით, მათი კანი და ფრჩხილები კი უნდა დაიცვათ, დაზოგოთ და განსაკუთრებულად მოუაროთ. ეცადეთ, საქმე რეზინის ხელთათმანებით აკეთოთ. გარდა ამისა:
- ყოველი საქმიანობის შემდეგ და ძილის წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
- ყოველი დაბანის შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ სპეციალური მკვებავი კრემი, ძილის წინ კი დამატენიანებელი.
ეს მარტივი პროცედურები ყოველდღიურ წესად აქციეთ და ერთი დღეც არ გამოტოვოთ!