ძვლის დაავადებები ქალებში
ვეგეტატიური სიმპტომები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რეგულატორული პროცესების დარღვევით და ესტროგენების დეფიციტით არის გამოწვეული (ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა), ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის და გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის. გაცილებით საყურადღებოა ის ცვლილებები, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონების ხანგრძლივ დეფიციტს მოჰყვება და მენოპაუზის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ერთ-ერთი ამ დარღვევათაგანია ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი ანუ ფოროვანი ძვალი ძვლოვანი ქსოვილის პოლიეტიოლოგიური მეტაბოლური დაავადებაა. ამ დროს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე მცირდება, ძვლები მყიფდება და ადვილად ტყდება. ოსტეოპოროზს უჩინარ მძარცველს უწოდებენ, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია ძვლების ნელი განლევა, რომელიც თავდაპირველად არავითარი სიმპტომით არ ვლინდება და არც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ახლა - რაც შეეხება ჰორმონულ დეფიციტს და მის კავშირს ოსტეოპოროზთან. ქალური ჰორმონები, ესტროგენები, ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს, კლიმაქსის შემდეგ კი სისხლში ამ ჰორმონთა კონცენტრაცია მცირდება, რასაც ძვლების კალციუმით გაღარიბება და ოსტეოპოროზის განვითარება მოსდევს. გარდა ამისა, ესტროგენები ხელს უწყობს სინოვიური სითხის, სახსრების საცხის წარმოშობას. ამიტომ, ბუნებრივია, კლიმაქტერიულ პერიოდში ესტროგენების ნაკლებობა სახსრების ტკივილსაც იწვევს. კლიმაქსის შედეგად განვითარებული ოსტეოპოროზი თავს იჩენს მენოპაუზის დაწყებიდან 5-10 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ქალის ჩონჩხი კარგავს მოცულობის 10-20%-ს. 70 წლიდან ოსტეოპოროზის მოვლენები ღრმავდება.
- როგორია ამ დაავადების გავრცელების სტატისტიკა?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოსტეოპოროზით დაავადებულთა 80% ქალია. ავადობის სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს. პოსტმენოპაუზური ასაკის ყოველი მეოთხე ქალი ოსტეოპოროზით არის დაავადებული. პოსტმენოპაუზურ ოსტეოპოროზს I ტიპის ოსტეოპოროზსაც უწოდებენ. არსებობს II ტიპის (ინვოლუციური, სენილური) ოსტეოპოროზიც, რომელიც D ვიტამინის სინთეზის ასაკობრივ დაქვეითებას უკავშირდება და, წესისამებრ, I ტიპის ოსტეოპოროზის პარალელურად მიმდინარეობს. ოსტეოპოროზის შემთხვევათა საერთო რიცხვის 5% სწორედ II ტიპის ოსტეოპოროზის წილად მოდის.
- რას უჩივის ოსტეოპოროზის დროს ადამიანი?
- როგორც მოგახსენეთ, ოსტეოპოროზი წლობით უსიმპტომოდ პროგრესირებს. მხოლოდ წლების შემდეგ იჩენს თავს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი, ხერხემლის დეფორმაცია და მოტეხილობები. ოსტეოპოროზის ძირითადი შედეგი ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მალების მოტეხილობაა. ხშირია მალების მოტეხილობა ტრავმის გარეშე. ამ დროს აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება. მოტეხილობა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას და ეგრეთ წოდებული ქვრივის კუზის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ოსტეოპოროზით დაავადებულს აწუხებს ძლიერი საერთო სისუსტე, ასთენია, გაღიზიანებადობა. პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის ყველაზე ხშირი გართულებებია ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა, სხივის ძვლის დისტალური ნაწილის მოტეხილობა (კოლისის მოტეხილობა), ხერხემლის მალების კომპრესიული მოტეხილობა. ოსტეოპოროზის უტყუარი ნიშნებია სიმაღლის დაქვეითება, ტანდეგობის შეცვლა, მოძრაობის შეზღუდვა. მტევნების თხელი, გამჭვირვალე კანი ოსტეოპოროზის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია. დამახასიათებელია ხერხემლის გულმკერდის ნაწილის კიფოზი კისრის ლორდოზის იმავდროული გაძლიერებით, რასაც თან სდევს ტკივილი ხერხემლის სვეტის გასწვრივ (ეს უკანასკნელი განპირობებულია მალათაშუა სივრცეების შევიწროებით გულმკერდისა და წელის მალებში). დეფორმაციას განიცდის გულმკერდის მალების სხეულთა წინა ნაწილები, განსაკუთრებით - ხერხემლის გულმკერდის შუა ნაწილში. მოტეხილობა შესაძლოა განვითარდეს ტკივილის გარეშეც. ყალიბდება დორსული კიფოზი და ძლიერდება კისრის ლორდოზი. ვითარდება ეგრეთ წოდებული არისტოკრატის კუზი. სტატისტიკური მონაცემებით, ჩანაცვლებითი ესტროგენული თერაპიის გარეშე 60 წელს გადაცილებული ქალების 25%-ს ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა ემუქრება, 32%-ს - ერთი ან რამდენიმე კიდურის მოტეხილობა. ამ დაავადების ერთ-ერთი სამწუხარო შედეგი ის არის, რომ მკვეთრად აუარესებს ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს. ასე, მაგალითად: მოტეხილობის შემდეგ ასიდან 50 შემთხვევაში ყალიბდება სერიოზული ფუნქციური შეზღუდვები. ასეთი მოტეხილობის შემდეგ ყოველ მესამე ან მეოთხე ავადმყოფს გარეშე პირის დახმარება სჭირდება. ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის შემდგომ პერიოდში ავადმყოფების 15-20% მუდმივ მომვლელს საჭიროებს. ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის შემდგომი გართულებებით დაავადების პირველ წელს მთელ მსოფლიოში პაციენტთა 10-12% იღუპება.
- ცნობილია, რომ კალციუმის ცვლა ირღვევა ორსულობის დროსაც. რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამას?
- ორსულობას, წესისამებრ, თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. ჯანმრთელ ქალს ეს ცვლილებები არ ეტყობა, მაგრამ თუ ორგანიზმში კალციუმის ცვლა ორსულობამდეც დარღვეული იყო, ორსულობისას იგი უმალვე გამოვლინდება. მომავალი დედის ორგანიზმისთვის კალციუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ იგი ამაგრებს მომავალი დედის ძვლებსა და კბილებს, ამ ნივთიერების გარეშე შეუძლებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჩამოყალიბება. ქალების უმრავლესობა სათანადოდ არ აფასებს კალციუმის მნიშვნელობას ორსულისა და ნაყოფისთვის. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ვიტამინების კომპლექსსა და საკვებ დანამატებს იღებს, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში კალციუმის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს. თუ ორსულის ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის კალციუმი ვერ მიიღო, მას თავისივე ძვლებიდან წამოიღებს და ნაყოფის ჩონჩხის ასაგებად გამოიყენებს. ამის შედეგად იწყება ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცის დაქვეითება, ვითარდება ოსტეოპოროზი, იზრდება ძვლების მოტეხილობის რისკი, ზიანდება ზედა და ქვედა ყბები, ალვეოლური წანაზარდები, ყალიბდება პაროდონტიტი. მზარდ ნაყოფს კალციუმი უხვად სჭირდება. ის აუცილებელია მისი ყველა ქსოვილის განვითარებისთვის, ჩონჩხისა და კბილების შენებისთვის. კალციუმის დეფიციტმა შესაძლოა ნაყოფის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.
- რას გულისხმობს ოსტეოპოროზის პრევენცია?
- ოსტეოპოროზის თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი: ჰორმონების დეფიციტის შევსებით, ჯანსაღი, ბალანსირებული კვებით, ფიზიკური აქტიურობით.
კვება
კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის რძეში, ყველში, იოგურტში, მწვანე ბოსტნეულში, ორაგულში, სოიაში. კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი. D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და მონაწილეობს საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში. ის სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით. ვიღებთ საკვებიდანაც. დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით მზეზე ყოფნა, ჩვეულებრივ, საკმარისია, რომ ორგანიზმმა სათანადო ოდენობის D ვიტამინი გამოიმუშაოს. D ვიტამინი არის საკვებშიც: კვერცხის გულში, ღვიძლში, ორაგულში, ქაშაყში. ვიტამინის დღიური ნორმაა 400-800 ერთეული.
ფიზიკური აქტიურობა
სპორტის განსაზღვრული სახეობები ძვლების სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთია სირბილი, ძუნძული, ჩოგბურთი, ცეკვა. ასეთი დატვირთვა ხელს უწყობს ძვლების ფორმირებას, ქმნის ძვლოვანი ქსოვილის მყარ სტრუქტურას და ამცირებს მოტეხილობათა განვითარების ალბათობას. დატვირთვა უნდა დავიწყოთ მარტივი სავარჯიშოებით და თანდათანობით გადავიდეთ კვალიფიციურ, პროფესიონალურ ვარჯიშზე. სასურველია ვარჯიში კვირაში 3-5-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში.
ცხოვრების ჯანსაღი წესი
- ნუ მოწევთ, ნუ დალევთ.
- მოწევა ხელს უშლის ესტროგენების დაცვითი ფუნქციის განხორციელებას, კალციუმის ათვისებას.
ჰორმონები
კლიმაქტერიულ პერიოდში ჰორმონების გამოყენებას არცთუ მართებულად უწოდებენ ჰორმონთერაპიას. სინამდვილეში ეს ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეჰყავთ ის ნივთიერებები (ჰორმონები), რომლებიც აღმოფხვრის მენოპაუზის დროს განვითარებულ დეფიციტს. ამრიგად, აღდგება ის ჰორმონული წონასწორობა, რომელიც ორგანიზმში მენოპაუზამდე არსებობდა. სწორედ ჰორმონების დეფიციტის შევსების შემდეგ იზრდება ძვლების სიმკვრივე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიისთვის, წესისამებრ, გამოიყენება ბუნებრივი ესტროგენები, განსხვავებით კონტრაცეფციისგან, როდესაც ოვულაციის (კვერცხუჯრედის გამოყოფის) დასათრგუნავად სინთეზურ ჰორმონებს იყენებენ. ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰორმონები ინექციების, ტაბლეტების, პლასტირის, გელის სახით.
- არსებობს თუ არა ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის ალტერნატივა?
- ალტერნატივა არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ესტროგენ-გესტაგენების კომბინაცია. მცენარეული პრეპარატები (კატაბალახა, ჟენ-შენი, სალბი და სხვა), ჰომეოპათიური საშუალებები (კლიმადინონი), კონტრასტული შხაპი, ფიზიკური აქტიურობა (სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად), აუტოტრენინგი ასუსტებს ალებს, დეპრესიას და კლიმაქსის სხვა სუბიექტურ გამოვლინებებს, მაგრამ არ ამცირებს მენოპაუზის ისეთი მძიმე შედეგების ალბათობას, როგორიც არის ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შარდის ბუშტის პრობლემები.
- რამდენი ხანი გრძელდება ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპია?
- თუ თერაპია ტარდება მხოლოდ კლიმაქსის სუბიექტური გამოვლინებების გამო, ის შესაძლოა 3-5 წელიწადს გაგრძელდეს. რაც შეეხება ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული ძვლოვანი და გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიების თავიდან აცილებას, ამისთვის უფრო ხანგრძლივი, 10-15-წლიანი ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიაა საჭირო. ზოგჯერ ის სიცოცხლის ბოლომდეც კი გრძელდება.