რა საფრთხე ელის ორსულსა და ნაყოფს, თუ ვირუსი ან სხვა ინფექცია შეხვდა
როგორ ზიანს მიაყენებს დაავადება ბავშვს, ინფიცირებისას ორსულობის ვადაზე, დედის იმუნიტეტსა და დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თვისებებზეა დამოკიდებული.
ორსულობის ადრეულ ვადაზე (ჩასახვის მე-5-6 დღიდან მე-12 კვირამდე) დედის ინფიცირება ყველაზე ხშირად იწვევს ბავშვის დაღუპვას მუცლადყოფნის პერიოდში და ნაყოფის სიმახინჯეებს.
ორსულობის უფრო გვიანდელ პერიოდში (12 კვირის შემდეგ), როდესაც ბავშვის ორგანოები უკვე ჩამოყალიბებულია, ინფექციურ აგენტს სიმახინჯის გამოწვევა არ შეუძლია. სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია, გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოების, პლაცენტისა და სანაყოფე გარსების მიკრობული დაზიანება და ანთებითი გადაგვარება. ამ დროს მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, რომლის შედეგადაც სუსტი, უდღეური ახალშობილი იბადება.
-
როგორ ხდება ინფიცირება?
დედისგან ბავშვს ინფექცია ორი გზით შეიძლება გადაედოს: ჰემატოგენური (სისხლის) და აღმავალი გზით.
პირველ შემთხვევაში გამომწვევი დედის სისხლთან ერთად ხვდება პლაცენტაში, იქიდან კი ჭიპლარის გავლით - ნაყოფის ორგანიზმში.
მეორე შემთხვევაში ინფექციის გამომწვევი საშვილოსნოს ღრუში დედის სასქესო გზებიდან ადის, აზიანებს სანაყოფე გარსებს, იწყებს სანაყოფე სითხეში გამრავლებას და მისი საშუალებით ნაყოფის სასუნთქ გზებში ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იჭრება.
-
რომელი ინფექციის უნდა გვეშინოდეს?
ყველაზე მეტად გავცელებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიდან ორსულისთვის განსაკუთრებით საშიშია წითურა, გრიპი, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ქლამიდიოზი.
წითურა
წითურავირუსული ინფექციაა. ქალი, რომელმაც ის ბავშვობაში გადაიტანა, აღარასოდეს დაავადდება. რომ დავადგინოთ, აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, აუცილებელია სისხლის ანალიზი ამ ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. თუ სისხლში ანტისხეულები აღმოჩნდა, დედაც და ბავშვიც ამ დაავადებისგან დაზღვეულნი არიან, თუ არა - ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა ჩატარდეს წითურას საწინააღმდეგო აცრა.
თანდაყოლილმა წითურამ შეიძლება დააზიანოს ბავშვის ნებისმიერი ორგანო, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი ტრიადა: კატარაქტა, სიყრუე და გულის თანდაყოლილი მანკი.
ციტომეგალოვირუსი
ციტომეგალოვირუსს სასქესო ინფექციების რიცხვს მიაკუთვნებენ, თუმცა ინფიცირება შესაძლებელია არა მარტო სქესობრივი, არამედ საყოფაცხოვრებო და ჰაერწვეთოვანი გზითაც. ეს დაავადება საშიშია, როდესაც ინფიცირება ორსულობისას ხდება. ასეთ დროს ხშირად ზიანდება ნაყოფის თავის ტვინი და ღვიძლი, რის შედეგადაც ბავშვი შეიძლება დაიღუპოს.
შიდსი
შიდსის დროს დედისგან ნაყოფისთვის ინფექციის გადაცემის რისკი 25-30%-ს შეადგენს. მიიჩნევენ, რომ ალბათობა უფრო მაღალია, თუ ქალი ორსულობისას დაავადდა, აგრეთვე - თუ ორსულობა და მშობიარობა დაავადების უკანასკნელ სტადიაში მიმდინარეობს.
გრიპი
გრიპის ვირუსმა ორსულობის ადრეულ ვადაზე შესაძლოა სპონტანური აბორტი გამოიწვიოს, ხოლო გვიანდელ ვადაზე - ნაადრევი მშობიარობა .
ტოქსოპლაზმოზი
ტოქსოპლაზმოზი საკმაოდ გავრცელებელი დაავადებაა, რომელსაც თოხოპლასმა გონდიი იწვევს. ეს უჯრედშიგა პარაზიტი უპირატესად კატის ორგანიზმში ცხოვრობს, მაგრამ შუალედური მასპინძლის როლი შეიძლება შეასრულოს სხვა ცხოველმა, ფრინველმა და ადამიანმაც კი.
ტოქსოპლაზმოზი რომ არ დაემართოთ, ქალები უნდა ერიდონ უცხო კატებთან კონტაქტს, არ მიირთვან ჭუჭყიანი ხილი და ბოსტნეული, არ გასინჯონ თერმულად დაუმუშავებელი ხორცის ფარში, კარგად დაიბანონ ხელები მიწასთან კონტაქტის შემდეგ. თუ შინ კატა ჰყავთ, მისი ექსკრემენტების წმენდისას აუცილებლად გაიკეთონ ხელთათმანები.
ორსულობის ადრეულ ვადაზე ინფიცირებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების დათრგუნვა ან მისი დაღუპვა გამოიწვიოს. თუ ინფიცირება მოგვიანებით მოხდა, ახალშობილს დაბადებისთანავე აღენიშნება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის მწვავე სიმპტომები - ინტოქსიკაცია, ცხელება, სიყვითლე, ღვიძლის, ელენთის, ლიმფური კვანძებისა და ტვინის დაზიანება.
ტოქსოპლაზმოზს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.
ურეაპლაზმოზი
მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი ურეაპლაზმით არ ინფიცირდება, ვინაიდან ეს მიკრობი პლაცენტაში ვერ გაივლის, მშობიარობისას კი ბავშვის ინფიცირების ალბათობა 50%-ია. მიკოპლაზმურ ინფექციას პლაცენტა ვერ აბრკოლებს. მას შეუძლია, სანაყოფე გარსებისა და ნაყოფის ანთება გამოიწვიოს. ქლამიდია უჯრედშიგა ბაქტერიაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა.
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზი უმეტესად ქრონიკულად მიმდინარეობს და რეციდივები ახასიათებს. როდესაც დედა ინფიცირებულია, ნაყოფმა შესაძლოა მოიმატოს წონა, დაერღვეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქცია, მოსალოდნელია განვითარების მანკიც. ბავშვის ჩასახვამდე ქალმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ანალიზი ქლამიდიოზზე და საჭიროებისას - მკურნალობის კურსი მეუღლესთან ერთად.
ქლამიდიოზის მწვავე სტადიაში შესაძლოა თავი იჩინოს სეროზულ-ჩირქოვანმა გამონადენმა, ვულვის მიდამოში გაჩნდეს ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც უმტკივნეულოა და, ჩვეულებრივ, ერთ კვირაში გაივლის. 2-4 კვირის შემდეგ ვითარდება საზარდულის მეორეული ადენოპათია – დიდდება ლიმფური კვანძები. შორსწასულ შემთხვევებში გადიდებული კვანძები შესაძლოა დაჩირქდეს და ფისტულები ჩამოყალიბდეს. მოსალოდნელია პროცესის გენერალიზაცია, ტემპერატურის მომატება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ქლამიდია ხშირად წვევს შარდსასქესო ორგანოების მწვავე ანთებას (ურეთრიტს, ცერვიციტს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებას). შორსწასულმა, ნებაზე მიშვებულმა ქლამიდიოზმა შესაძლოა უშვილობა გამოიწვიოს.
რაც უფრო ადრე გაირკვევა დიაგნოზი, მით უკეთესი იქნება მკურნალობის შედეგი. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე სქესობრივი პარტნიორის ერთდროულ მკურნალობას. მკურნალობის პერიოდში იკრძალება სქესობრივი კონტაქტი, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება, გადაჭარბებული ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვა.
ეფექტურია ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები და მაკროლიდები, აგრეთვე - ფტორზინოლის ჯგუფის ანტიბიოტიკები. მკურნალობის პროცესში აუცილებელია კანდიდოზის დროული პროფილაქტიკა. თუ ქალი ორსულობისას დაინფიცირდა და მწვავე პროცესთან გვაქვს საქმე, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ერითრომიცინით.
თუ პროცესი ქრონიკულია, მკურნალობა არ ტარდება. აქცენტი კეთდება ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებებზე, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს. ნებისმიერ შემთხვევაში ორსულის მკურნალობის საკითხი, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მეან-გინეკოლოგმა უნდა გადაწყვიტოს.
-
ჰერპესი
რედაქციაში წერილი შემოვიდა ჰერპესთან დაკავშირებით:
"რამდენიმე წელია გათხოვილი ვარ. ამ ხნის განმავლობაში ოთხჯერ დავორსულდი, მაგრამ მუცელი ოთხივეჯერ მომეშალა. აღმომიჩინეს ჰერპესი. თუ შეიძლება ამიხსენით, რა დაავადებაა ეს, საიდან გადაეცემა და როგორ შეიძლება თავის დაცვა, როგორია დაავადების სიმპტომები და როგორ მკურნალობენ."
ჰერპესვირუსით (განსაკუთრებით - II ტიპის ვირუსით) ინფიცირებამ, თუ ეს ორსულობისას მოხდა, შესაძლოა ახალშობილის ჰერპესი გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია გენიტალიური (სასქესო ორგანოების) ჰერპესის გამწვავება ორსულობის 32 კვირის შემდეგ. თუ მკურნალმა ექიმმა გამწვავება ამ ვადის შემდეგ აღმოაჩინა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. თუ მშობიარობა გამონაყარის გაქრობამდე დაიწყო, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან მაღალია ნაყოფის ინფიცირების რისკი სამშობიარო გზებში გავლისას.
როგორ გადაეცემა დაავადება?
სასქესო ორგანოების ჰერპესი უმეტესად სქესობრივი კონტაქტისას გადაეცემა. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს არა მარტო გამოხატული კლინიკური ნიშნების მქონე სქესობრივი პარტნიორი, არამედ ვირუ-სმატარებელიც. მამაკაცებში ინფექციის ძირითადი რეზერვუარი შარდსასქესო ორგანოებია, ხოლო ქალებში - საშვილოსნოს ყელი.
რას უჩივის ინფიცირებული?
სასქესო ორგანოების ჰერპესი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა პაციენტთა უმრავლესობას დაავადებისთვის დამახასიათებელი არასფეციფიკური ნიშნები მაინც აქვს. არსებობს სასქესო ორგანოების ჰერპესის რამდენიმე ფორმა:
- სასქესო ორგანოების პირველადი ჰერპესი - პირველადი ინფიცირება. ახასიათებს მრავლობითი, ორმხრივი გამონაყარი გენიტალიებზე ან პერიანალურ მიდამოში. თავდაპირველად ქალი შეიგრძნობს ვულვის დაბუჟებას, შემდეგ ჩნდება მრავლობითი ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ წყლულდება და მტკივნეული ხდება. გამონაყარი ხშირად ერთიანდება. ხშირია შარდის შეკავება, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი საშოდან და შარდსადენი მილიდან. დიდდება და მტკივნეული ხდება საზარდულის ლიმფური კვანძები (ადენოპათია), იმატებს ტემპერატურა. ეს სიმპტომები 2-3 კვირას გასტანს.
- სასქესო ორგანოების ჰერპესის რეციდივი – დაავადების განმეორებითი ეპიზოდები. რეციდივებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. გამონაყარი ერთეულია. რეციდივის დროს დაავადების სიმპტომები ნაკლებად არის გამოხატული.
გამწვავებათა შორის ვირუსს ნერვულ განგლიებში "სძინავს", მაგრამ სასურველი პირობები შეექმნება თუ არა, აქტიურდება და რეციდივს იწვევს. გამწვავების პროვოცირება შეუძლია მენსტრუაციას, ფსიქოემოციურ სტრესს, სქესობრივ კონტაქტს, ორგანიზმის გადაღლას.
როგორ სვამენ დიაგნოზს?
ტიპური გამონაყარის არსებობისას დიაგნოზი კლინიკური სურათის მიხედვით ისმება, საეჭვო შემთხვევაში კი გამომწვევის დასადგენად ლაბორატორიულ კვლევას ატარებენ. დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია მარტივი ჰერპესის კულტურის მიღება ბუშტუკის სითხიდან. გარდა ამისა, სისხლში იკვლევენ ანტიგენებს, ტარდება ელექტრონული მიკროსკოპია და სხვა სეროლოგიური კვლევები. ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ინფიცირებაზე მეტყველებს.
საჭიროა თუ არა მკურნალობა?
ჰერპესის ვირუსისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. მხოლოდ მდგომარეობის სტაბილიზაცია მიიღწევა. მკურნალობენ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით. აციკლოვირის შინაგანი მიღება და ადგილობრივი გამოყენება ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას, ხოლო მისი პროფილაქტიკური კურსი რეციდივის ალბათობას აქვეითებს. რეკომენდებულია ბამბის თეთრეულის ტარება. მტკივნეული გამონაყარის დროს იყენებენ ანტისეპტიკურ კრემებს.
არსებობს მკურნალობის ალტერნატიული სქემაც. ამ დროს მწვავე ფაზაში უნიშნავენ ბონაფტონს, მეტაციკლინს, ალპიზარინს, წითელას გამა-გლობულინს, ლევამიზოლს, ასევე - მალამოებს: გოსიპოლს, ბონაფტონს, ალპიზარინს. რემისიის ფაზაში ტარდება მკურნალობა ჰერპესული ვაქცინით - 4-6 კურსი ექვსთვიანი ინტერვალებით. თვითმკურნალობა დაუშვებელია. ავადმყოფმა ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის არსებობისას გინეკოლოგს უნდა მიმართოს. სქესობრივი კავშირის დროს აუცილებელია თავის დაცვა კონდომით.
როგორ გადავურჩეთ დაავადებას?
ბავშვის ინფიცირება თავიდან რომ ავიცილოთ, საუკეთესო გზაა, დედა დაორსულებამდე განიკურნოს ყველა ინფექციისგან. თუ ინფიცირება მაინც მოხდა, რისკის შემცირების მიზნით ქალმა დროულად უნდა ჩააბაროს ანალიზები, მიმართოს მეან-გინეკოლოგს და მისი ყველა მითითება შეასრულოს.