ბაქტერიული ინფექციები
- რა არის ბაქტერია, როგორია მისი როლი ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებაში და რომელი ბაქტერიები იწვევენ დაავადებებს?
- ბაქტერია მიკროსკოპული ორგანიზმია, რომელიც ყველგან არის გავრცელებული და ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს - ოკეანის ღრმა შრეებიდან დაწყებული მაღალი მთების ჩათვლით. ვინაიდან ბაქტერიები მცირე ზომისანი არიან, ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ისინი ჩვენს ორგანიზმში ბინადრობენ. მათი ზომა იმდენად მცირეა, რომ ნიადაგის ერთი გრამი შეიძლება 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავდეს.
მაგრამ ყველა მათგანი როდია დაავადების გამომწვევი. პირიქით, მრავალი ბაქტერია ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. მაგალითად, ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ნორმალურად მხოლოდ იმის წყალობით ფუნქციონირებს, რომ ნაწლავური ბაქტერიების ნაწილი ჩვენ მიერ მიღებული საკვების დაშლაში მონაწილეობს. კანის ბაქტერიები წმენდენ ფორებს და საშუალებას აძლევენ ადამიანის კანს, მზის სხივების ზემოქმედებით შეიწოვოს სასარგებლო მინერალები და ვიტამინები.
ბაქტერიული ინფექციის დროს კი ირღვევა ნორმალური ბალანსი ჩვენს ორგანიზმში არსებულ სასარგებლო და დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს შორის, იწყება იმ ბაქტერიების გამრავლება, რომლებიც ჯანმრთელ ორგანიზმში არ ბინადრობენ, ანდა ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მობინადრე ბაქტერიები იძენენ დაავადების გამოწვევის უნარს - პათოგენურნი ხდებიან. ასეთ ბაქტერიებს პირობითპათოგენურს უწოდებენ.
იმ ბაქტერიებს, რომელთაც იმთავითვე შესწევთ დაავადების გამოწვევის უნარი, პათოგენურებს ვუწოდებთ. პათოგენური ბაქტერიები არიან ნეისერია, რომელიც მენინგიტს იწვევს, პნევმოკოკი, რომელიც ფილტვების ანთებას განაპირობებს, ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც სხვადასხვა ინფექციის მიზეზია, ჰელიკობაქტერია, რომელსაც კუჭის წყლულისა და გასტრიტის განვითარებაში მიუძღვის ბრალი, ნაწლავის ჩხირი და სალმონელა.
ხშირად ბაქტერიული ინფექცია მალევე მოჰყვება ვირუსულს. ამის მიზეზია ვირუსული ინფექციის ზეგავლენით ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ვირუსულს თან დაერთო მეორეული ბაქტერიული ინფექცია. მეორეული ბაქტერიული ინფექციის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ორგანიზმში არსებული, ასევე გარედან შეჭრილი ბაქტერიები. ჯანმრთელი და ძლიერი იმუნური სისტემა მათ ადვილად იცილებს, მაგრამ დასუსტებულ ორგანიზმს ამ ბაქტერიებთან გამკლავება უჭირს.
- რა ხდება ორგანიზმში პათოგენური ბაქტერიის მოხვედრისას?
- ბუნებრივია, ადამიანის იმუნური სისტემა მაშინვე "ამჩნევს", რომ ორგანიზმში უცხო ბაქტერია მოხვდა და მის განადგურებას ცდილობს. პათოგენური ბაქტერიები წარმოქმნიან ტოქსინებს, რომლებიც უჯრედებს აზიანებს. ადამიანის იმუნურ სისტემას უმეტესად არ შესწევს ძალა, თავად გაუმკლავდეს ამ მდგომარეობას. აუცილებელია მისი დახმარება ანტიბაქტერიული მედიკამენტებით. ეს იმიტომ, რომ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინები ამცირებს ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) აქტივობას ბაქტერიათა წინააღმდეგ. თუ დროული ანტიბაქტერიული მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა ინფექციამ მოიცვას სხვა ორგანოებიც, გავრცელდეს სისხლში. ამ მდგომარეობას ბაქტერიემიას უწოდებენ. არ არის გამორიცხული, განვითარდეს გენერალიზებული ბაქტერიული ინფექცია - სეფსისი. ამიტომაც არის რეკომენდებული ბაქტერიული ინფექციის სიმპტომების გაჩენისას ექიმის დროული კონსულტაცია.
- ორგანიზმის რომელი სისტემები ზიანდება უმეტესად ბაქტერიული ინფექციის დროს?
- ბაქტერიულმა ინფექციამ შეიძლება ორგანიზმის ნებისმიერი არე დააზიანოს, მაგრამ უმეტესად ის მოიცავს ყელს, ყურს, სასუნთქ სისტემას, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს, საშარდე სისტემას. ამ კუთხით საყურადღებო ინფექციაა ტუბერკულოზი. ასევე გავრცელებული და პაციენტთათვის კარგად ნაცნობი ინფექციებია სალმონელოზი, ანგინა, გონორეა, სიფილისი და სხვა.
ბაქტერიები - სალმონელა და ეშერიხია ხშირად იწვევენ ნაწლავურ ინფექციას, რასაც საკვებით მოწამვლას ვუწოდებთ. ნაწლავური ინფექციის მიზეზია ამ ბაქტერიების მოხვედრა საკვებში ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობის გამო კვების ობიექტებზე თუ ოჯახში.
- რა სიმპტომები ახასიათებს ბაქტერიულ ინფექციებს?
- ვინაიდან ბაქტერიული ინფექციის დროს ვითარდება ანთება, კარგად არის გამოხატული ანთებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ტკივილი, შესივება, ტემპერატურის მომატება (მომატებულია როგორც უშუალოდ ინფექციის არის, ასევე სხეულის ტემპერატურაც), სიწითლე; ირღვევა ორგანოს ფუნქცია.
ბაქტერიული ინფექციების უდიდესი ნაწილი სხეულის მხოლოდ განსაზღვრულ ორგანოს თუ ორგანოთა სისტემას მოიცავს. მისი სიმპტომებიც ამ არით შემოიფარგლება. მაგალითად, ნუშურა ჯირკვლების ბაქტერიული ანთების - ბაქტერიული ტონზილიტის დროს ტკივილი, შეშუპება, გაწითლება ყელის არეშია ლოკალიზებული, პაციენტს უჭირს ყლაპვა, ხშირად იმატებს სხეულის ტემპერატურაც.
მრავალი სხვა დაავადებისგან განსხვავებით, ერთი და იგივე ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია შესაძლოა სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის ანთებით გამოვლინდეს, რის გამოც შეუძლებელია, გამომწვევის ხასიათზე კლინიკური სურათით ან დაზიანებული ორგანოს მიხედვით ვიმსჯელოთ. ამის დადგენა მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევით არის შესაძლებელი.
თუმცა, არსებობს ზოგადი სიმპტომებიც, რომლებიც რიგი ინფექციისთვის საერთოა. ამ სიმპტომების გათვალისწინებით ექიმს შეუძლია ივარაუდოს, რომ პაციენტს ბაქტერიული ინფექცია აქვს. ამ სიმპტომთაგან პირველ რიგში უნდა ვახსენოთ შემცივნება და ტემპერატურის მომატება (თუმცა ისიც სათქმელია, რომ ზოგადი სიმპტომები ყოველთვის არ არის გამოხატული). გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს თავის ტკივილი, სისუსტე, სახსრების ტკივილი. ამ ყველაფერს ერთვის კონკრეტული ინფექციისა და ორგანოს დაზიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. მაგალითად, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის (ბრონქიტის ან ფილტვების ანთების) დროს - ხველა, ნახველის გამოყოფა, სუნთქვის გაძნელება, საშარდე გზების ინფექციის დროს - წელის ტკივილი, შარდვის თანმხლები დისკომფორტი, სასქესო ორგანოების ინფექციის დროს - გამონადენი სასქესო ორგანოებიდან და ასე შემდეგ.
ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი და იგივე სიმპტომი შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც სხვადასხვა გენეზის ბაქტერიულ ინფექციასთან, ასევე მრავალ სხვა დაავადებასთანაც. მაგალითად, ისეთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, როგორიცაა ფაღარათი ანუ დიარეა, შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მარტო სხვადასხვა ბაქტერიით, არამედ ვირუსებით, პარაზიტებით, მედიკამენტებით და ნაწლავთა სხვადასხვა დაავადებითაც.
არანაკლებ ფართოდ გავრცელებულ მდგომარეობებს, ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების (სინუსების), ყურის ან ყელის ანთებით დაავადებებს, ახასიათებს ლოკალური ტკივილი და შეშუპება. ასეთ დროს ძალიან ძნელია, კლინიკურად ერთმანეთისგან განვასხვაოთ ბაქტერიული ინფექციები და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, მაგრამ ბაქტერიული ინფექციისთვის ის არის ნიშნეული, რომ მდგომარეობა ანტიბიოტიკების გარეშე არ უმჯობესდება. მაგალითად, თუ პაციენტს აწუხებს ყელის ტკივილი გაციების სხვა სიმპტომების გარეშე და ამ დროს რეკომენდებული საწუწნი ტაბლეტები თუ ტკივილგამაყუჩებლები ტკივილს არ ხსნის, ბაქტერიული ფარინგიტი ან ანგინა უნდა ვივარაუდოთ.
- რას ემყარება ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკა?
- ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების დროს, ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაშიც კვლევა იწყება პაციენტის სრულყოფილი გასინჯვით. ბუნებრივია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გამოკვლევათა ჩამონათვალი პაციენტის ჩივილებითა და სავარაუდო დაავადების ხასიათით განისაზღვრება, მაგრამ სისხლის საერთო ანალიზი ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია. ბაქტერიული ინფექციებისთვის დამახასიათებელია სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მატება, ლეიკოციტური ფორმულის ტიპობრივი ცვლილებები.
არსებობს ბაქტერიული ინფექციების წყება, რომელთა დროსაც რეკომენდებულია დაზიანებული არიდან (კანი, ხახა, ცხვირის ღრუ, სასქესო ორგანოები, სისხლი და ასე შემდეგ) მიღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და მიკრობების მგრძნობელობის განსაზღვრა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სპეციფიკური კვლევა, რომლის ჩატარება აუცილებელია ამა თუ იმ ბაქტერიული ინფექციის დროს. მაგალითად, თუ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ტვინის გარსების ანთება - მენინგიტი ვივარაუდეთ, აუცილებელია ზურგის ტვინის პუნქცია და მიღებული თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა;
პნევმონიის - ფილტვების ანთების დროს ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია;
საშარდე გზების ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში - შარდის ანალიზი და ექოსკოპიური გამოკვლევა და ასე შემდეგ.
- რომელი ბაქტერიული ინფექციებია განსაკუთრებით გავრცელებული?
- როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ორგანიზმი უამრავ ბაქტერიასთან თანაარსებობს. ურიცხვი მიკროორგანიზმი ბინადრობს ჩვენს კანზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ორგანიზმის სხვა არეებში. მათი ეფექტი უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო და საბედნიეროდ, ბაქტერიათა მხოლოდ გარკვეული ნაწილია დაავადების გამომწვევი ანუ პათოგენური. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაქტერიული ინფექცია მრავალ ქვეყანაში რჩება სიკვდილის მნიშვნელოვან მიზეზად, მაშინ როცა სათანადო მკურნალობის შემთხვევაში განკურნება შესაძლებელი იქნებოდა.
გავრცელებულ და ხშირად სიკვდილის გამომწვევ ინფექციებს შორის უნდა დავასახელოთ ტუბერკულოზი. ლეტალურია შედეგი მაშინ, როცა ავადმყოფი არ მკურნალობს. ამ შემთხვევაში დაავადებული ხშირად არის ინფექციის წყაროც. ასე გადაეცემა დაავადება ადამიანისგან ადამიანს. ტუბერკულოზი აზიანებს სასუნთქ სისტემას, მერე კი დაავადება სისხლის ნაკადით სხვა ორგანოებზეც ვრცელდება.
ინფექციის ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეა კანის ინფექცია. ალბათ ყველა ადამიანს გასწითლებია კანი შემთხვევითი დაზიანების (გაჭრის, გაკაწვრის) შემდეგ. ამ სიწითლის მიზეზიც ბაქტერიებია, უფრო სწორად, უჯრედების რეაქცია ამ არეში უცხო მიკროორგანიზმების მოხვედრაზე. პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს სიწითლე მალევე გაუვლის, ხოლო ავადმყოფს, რომელსაც დაქვეითებული აქვს ადგილობრივი წინააღმდეგობა, შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად ექცეს.
- რა ახასიათებს ნაწლავურ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორია მათი მკურნალობის ტაქტიკა?
- დიარეა ანუ ფაღარათი, რომელსაც ახასიათებს თხელი, ზოგჯერ წყლოვანი განავლის გახშირებული გამოყოფა და დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, ხშირად ნაწლავური ბაქტერიული ინფექციის შედეგია, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დიარეის ყველა შემთხვევა როდი უკავშირდება ბაქტერიულ ინფექციას.
ნაწლავური ბაქტერიული ინფექციის გამომწვევი ხშირად არის სალმონელა, შიგელა, ნაწლავის ჩხირი, კლოსტრიდია, სტაფილოკოკი, იერსინია. ყოველი მათგანი იწვევს მეტ-ნაკლებად გამოხატულ ანთებით ცვლილებებს კუჭსა და ნაწლავებში, რასაც მედიცინაში გასტროენტერიტს უწოდებენ. ბუნებრივია, ნაწლავური ბაქტერიული ინფექციების კლინიკური სურათი რიგი ნიუანსით ერთმანეთისგან განსხვავდება და გამომწვევ ბაქტერიაზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს ზოგადი სიმპტომებიც:
- მუცლის სპაზმური, შეტევითი ხასიათის ტკივილი;
- ზოგჯერ - სისხლიანი განავალი;
- უმადობა;
- გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
- რიგ შემთხვევაში - ცხელება.
ბაქტერიულ ნაწლავურ ინფექციებს უმეტესად სიმპტომურად მკურნალობენ - აღადგენენ დაკარგული სითხის მარაგს, თუმცა ზოგჯერ აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენებაც. ეს საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მანვე უნდა შეარჩიოს საჭირო ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკების თვითნებურად, პაციენტის შეხედულებისამებრ მიღება დაუშვებელია.
- როგორ ვლინდება კლინიკურად სტაფილოკოკური ინფექცია?
- ოქროსფერი სტაფილოკოკი ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა. ის ადამიანთა 20%-ს შეიძლება აღმოაჩნდეს კანზე, ცხვირის ღრუში, სასქესო ორგანოებზე, ანალურ არეში. აქ ის ნორმალურ მიკროფლორას წარმოადგენს და ადამიანს არავითარ პრობლემას არ უქმნის. შესაბამისად, ასიმპტომური პაციენტის ამ არეებიდან აღებული ნაცხის გამოკვლევისას ოქროსფერი სტაფილოკოკის აღმოჩენა დაავადებას არ ნიშნავს.
სტაფილოკოკური ბაქტერიული ინფექცია კი კლინიკურად შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სახით - კანის მარტივი გაღიზიანებიდან და ფურუნკულიდან დაწყებული საკვებისმიერი სტაფილოკოკური ინფექციით დამთავრებული.
ჭრილობა და კანის გაკაწვრა კანის სტაფილოკოკური ინფექციის აღმოცენების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. სტაფილოკოკი აღწევს ჭრილობაში და იწყებს ტოქსინების პროდუქციას. ტოქსინი აზიანებს ირგვლივ მდებარე უჯრედებს. როცა იმუნური სისტემა ბაქტერიებთან ბრძოლით იღლება, აუცილებელი ხდება გარეგანი დახმარება ანტიბაქტერიული საშუალებებით.
სტაფილოკოკური ინფექციის რისკს ისიც ზრდის, რომ სტაფილოკოკი ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა ზედაპირზე - კარის სახელურებზე, თეთრეულზე - და კონტაქტისას ადვილად გადაედება ადამიანს. საზოგადოდ, ცნობილია, რომ სტაფილოკოკური ინფექცია ჯანმრთელ ადამიანს იშვიათად ემართება, სამაგიეროდ ხშირია ხანშიშესულებში, ამა თუ იმ დაავადებით დაუძლურებულებში და სწრაფად პროგრესირებს.
ბუნებრივია, კანის სტაფილოკოკური ინფექციის სიმპტომები თვალში საცემია. კანის სტაფილოკოკურ ინფექციათაგან აღსანიშნავია ფურუნკული (ძირმაგარა), კარბუნკული. კანი ამ დროს წითელია, შეხებით - ცხელი. მძიმე სტაფილოკოკური ინფექციის მაგალითებია სტაფილოკოკური პნევმონია ანუ ფილტვების ანთება, მენინგიტი ანუ ტვინის გარსების ანთება, ენდოკარდიტი ანუ გულის შიგნითა გარსის ანთება. შესაძლოა, სტაფილოკოკურ ინფექციას მოჰყვეს ტოქსიკური შოკი და სეპტიცემია. აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია.
ხშირად სტაფილოკოკური ინფექცია უშუალოდ სისხლში ვრცელდება, ისე, რომ კანის დაზიანება არ არის თვალსაჩინო. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა მხოლოდ სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ ბოლო წლებში მრავალმა სტაფილოკოკმა შეიძინა რეზისტენტობა ანუ მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. ასეთ სტაფილოკოკებს მეტიცილინრეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკებს უწოდებენ.
სტაფილოკოკის ამ სახეობით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ აუცილებელია განსაზღვრული სახის ანტიბიოტიკების ინტრავენური შეყვანა.
- რომელი სიმპტომები იპყრობს ყურადღებას საშარდე სისტემის ინფექციის დროს?
- საშარდე სისტემის ინფექციის სახეებია ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება, ურეთრიტი - შარდსადენის ანთება, პიელონეფრიტი - თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის ანთება. ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, რომელიც აღმავალი გზით ვრცელდება. განსაკუთრებით მკვეთრი კლინიკა ახასიათებს პიელონეფრიტს. ამ დროს თავს იჩენს ცხელება, ტკივილი თირკმლის საპროექციო არეში, შარდის ლაბორატორიული კვლევა და თირკმელების ექოსკოპია ავლენს დამახასიათებელ ცვლილებებს.
ურეთრიტის დროს წამყვანი სიმპტომებია წვა და ტკივილი შარდვისას, ცისტიტის დროს - ტკივილი ბოქვენზედა არეში, შარდის ცვლილებები. მსგავსი სიმპტომების აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან მისვლა და ანტიბაქტერიული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციურმა პროცესმა შესაძლოა პროგრესირება განიცადოს, აღმოცენდეს გენერალიზებული ინფექცია.
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები?
- ინფექციაზე საუბრისას ბევრი ვერ განასხვავებს მათ ორ უმთავრეს სახეს - ბაქტერიულსა და ვირუსულს. ინფექციის ამ ორ ტიპს მართლაც ბევრი რამ აქვს საერთო: ორივემ შეიძლება სწრაფად მიიღოს ეპიდემიის ან პანდემიის სახე, ორივე შემთხვევაში ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ცემინებისას, ნერწყვით, ორგანიზმის სხვა სითხეებით, - თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც:
- ვირუსებისგან განსხვავებით, ბაქტერიებს შეუძლიათ გარემოში დამოუკიდებლად არსებობა;
- ვირუსული ინფექციისაგან განსხვავებით, ბაქტერიული ინფექციის დროს უმეტესად აუცილებელი ხდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა ვერ ახერხებს გამომწვევების განადგურებას.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ არსებობს მრავალი ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, ხოლო ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო იმუნიზაცია მხოლოდ ზოგ შემთხვევაშია შესაძლებელი.
- როგორია ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის პრინციპი?
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს იყენებენ. მკურნალობა რამდენიმე დღე, ზოგჯერ უფრო მეტხანსაც გრძელდება და უმეტესად წარმატებით სრულდება. სამწუხაროდ, ჩვენში ძალიან ხშირია ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა, მაშინ როცა ერთმნიშვნელოვანია - ანტიბიოტიკები უნდა დანიშნოს პროფესიონალმა. მხოლოდ ექიმს შეუძლია, დაავადების კლინიკური გამოვლინების გათვალისწინებით შეარჩიოს სათანადო ანტიბიოტიკი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს მივიღებდეთ.
დაუშვებელია ანტიბიოტიკის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც მოგვარჩინა ან იმიტომ, რომ ასე იმკურნალა ნაცნობმა. ამ შემთხვევაში ძალიან დიდია რისკი, ანტიბიოტიკი სათანადოდ ვერ შეირჩეს, არ მოხდეს მათი მიღება სათანადო დოზით, სიხშირითა და ხანგრძლივობით, ეს კი ზრდის ბაქტერიების რეზისტენტობას (მდგრადობას) ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ. შედეგად ამ პრეპარატების ეფექტიანობა მკვეთრად მცირდება.
სწორედ ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღების შედეგია, რომ იქ, სადაც ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად იღებენ, ან იღებენ ვირუსული ინფექციების დროს, რომელთა წინააღმდეგაც ანტიბიოტიკებს არ აქვთ არავითარი ეფექტი, - მათი ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იქ, სადაც ანტიბიოტიკები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ინიშნება ექიმის მიერ.