ორსულობა და გულის მანკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და გულის მანკი

.

"შესაძლებელია თუ არა, გულის მანკიანმა ქალმა ბავშვი გააჩინოს? მშობიარობის რომელ მეთოდს მიმართავენ ამ დროს? რა საშიშროება ემუქრება ნაყოფს? შეიძლება თუ არა, მანკი გენეტიკურად გადაეცეს? რას ნიშნავს კომბინირებული და შერწყმული მანკები? ყველაზე ხშირად რომელი მანკი გვხვდება?როგორ უდგენენ ორსულებს მანკს? თუ ორსულს მანკი აღმოაჩნდა, მშობიარობამდე ოპერაციის გაკეთება აუცილებელია?"

ექსტრაგენიტალიური დაავადებებიდან (დაავადებებიდან, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემას არ უკავშირდება) შედარებით ხშირად გვხვდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სნეულებები. დაავადებათა ამ ჯგუფს ეკუთვნის გულის მანკიც. გულის პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულყოფის კვალდაკვალ გულით დაავადებული ქალების უმრავლესობას, რომლებიც ადრე უშვილო-ბისთვის იყვნენ განწირულნი, შესაძლებლობა მიეცათ, დაორსულდნენ, ბავშვები გააჩინონ და დედობის სიტკბო შეიგრძნონ.

  • რა არის გულის მანკი?

გულის ნორმალური მუშაობა ბევრად არის დამოკიდებული მისი სარქვლოვანი აპარატის მდგომარეო-ბაზე. სარქვლები ნაოჭებია, რომლებიც ხსნის და ხურავს გულის საკნებს შორის, ასევე - გულსა და მსხვილ სისხლძარღვებს შორის არსებულ ხვრელებს. სისხლის მიმოქცევას მათი სწორი მუშაობა უზრუნველყოფს. გულის მანკი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ აპარატის ფუნქციის დარღვევაა. კერძოდ, სარქვლის უკმარისობა (სარქველთა აფრები ბოლომდე არ იხურება და სისხლი უკანვე გამოიდევნება) ან ხვრელის სტენოზი (შევიწროება), როდესაც სისხლის ნაკადს გზაზე წინააღმდეგობა ხვდება.

არცთუ იშვიათად სტენოზი და უკმარისობა ერთსა და იმავე სარქველზე ვითარდება. სწორედ ამას უწოდებენ კომბინირებულ მანკს. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც პათოლოგია ორ და მეტ სარქველს მოიცავს - ეს გულის შერწყმული მანკია.

გულის მანკის დროს ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ეს განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის - მოგეხსენებათ, ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა იზრდება. არსებობს გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები.

თანდაყოლილი მანკები შედარებით იშვიათად გვხვდება და გულის არასწორი ემბრიონული განვითარების შედეგია, რასაც საფუძვლად სხვადასხვა ტოქსიკური ფაქტორი თუ გენეტიკური მიზეზი უდევს. ამჟამად ცნობილია გულის თანდაყოლილი მანკის 50-ზე მეტი სახესხვაობა.

შეძენილი მანკი ათიდან ცხრა შემთხვევაში რევმატიზმის ფონზე ვითარდება. ის შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროსაც (ორსულებში რევმატიზმის გამწვავება უფრო მეტად პირველი სამი და ორი უკანასკნელი თვის განმავლობაშია მოსალოდნელი). რევმატიზმის ფონზე ყველაზე ხშირად მიტრალური სარქვლის კომბინირებული მანკი ვითარდება (სარქველი მდებარეობს მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის), იშვიათად - აორტის სარქვლებისა. გაცილებით ხშირი და მძიმე პათოლოგიაა მიტრალური სტენოზი - ორკარიანი სარქვლის შევიწროება. რევმატიზმის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების არსენალი საკმაოდ ფართოა. სავსებით შესაძლებელია, ორსულობა კეთილსაიმედოდ წარიმართოს, თუ ჩასახვა არააქტიური რევმატული პროცესის ფონზე მოხდა.

  • შესაძლებელია თუ არა დაორსულება გულის მანკის დროს?

თანამედროვე მედიცინა ფლობს საკმაოდ ეფექტურ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია გამოთვლილ იქნეს გულის მანკის მქონე ქალის ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული რისკის ხარისხი, დაიგეგმოს ჩასახვისთვის ოპტიმალური დრო და გადაწყდეს დაუგეგმავი ორსულობის ბედი.

დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი მეთოდია გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა - ექოკარდიოგრაფია. ის უსაფრთხოა და საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს გულის ღრუების, სარქვლებისა და ხვრელების მდგომარეობა. დამხმარე როლს ასრულებს ელექტროკარდიოგრაფია - გულის ელექტრული აქტივობის გრაფიკული რეგისტრაცია, ფონოკარდიოგრაფია - გულის ბგერების გრაფიკული რეგისტრაცია - და დოპლეროკარდიოგრაფია - ულტრასონოგრაფიის სახეობა, რომელიც სისხლის მიმოქცევის შეფასების საშუალებას იძლევა.

ორსულებს უმეტესად წინაგულთაშორისი ან პარკუჭთაშორისი დეფექტი, არტერიული სადინარის შეუხორცებლობა უვლინდებათ. ამ მანკების მქონე ქალებს დაავადების კომპენსირებული ფორმისა და სათანადო მკურნალობის ფონზე ორსულობა და მშობიარობა კარგად გადააქვთ.

ბავშვის გაჩენა გულის ოპერაციაგადატანილ ქალებსაც შეუძლიათ. აღდგენითი პერიოდი დაახლოებით ერთ წელს მოიცავს. სწორედ ამ ხნის შემდეგ შეიძლება დაიგეგმოს ორსულობა, თუ თავი არ იჩინა რომელიმე ისეთმა ფაქტორმა, რომელიც ართულებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას და აქვეითებს ოპერაციის შედეგს. დაორსულების ნებართვას ქალი ინდივიდუალური გამოკვლევის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობის, დაავადების ხასიათის, ოპერაციის სიმძიმისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს.

ვინაიდან ორსულობისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა იმატებს, იზრდება დაავადების რეციდივის რისკიც - კომპენსირებული მანკი შესაძლოა დეკომპენსირებული გახდეს. ასე რომ, თუნდაც ქირურგიული ან თერაპიული მკურნალობის შემდეგ არაფერს უჩიოდეთ, ორსულობის დაგეგმვამდე ექიმთან მაინც წაბრძანდით.

არსებობს გულის მძიმე მანკები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის ძლიერ დარღვევას (ფილტვის არტერიის სტენოზს, ფალოს ტეტრადას, აორტის კოარქტაციას) იწვევს. ამგვარი დარღვევა ასიდან 40-70 შემთხვევაში სიკვდილით სრულდება, ამიტომ ასეთი მანკების დროს ორსულობა უკუნაჩვენებია. გულის ამ ტიპის პათოლოგია შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს, თუმცა ალბათობა ყოველ კერძო შემთხვევაში სხვადასხვაა. საზოგადოდ, პროგნოზი მით უფრო უარესია, რაც უფრო ძლიერია სისხლის მიმოქცევის დარღვევა და რაც უფრო აქტიურია რევმატული პროცესი. გულის მძიმე უკმარისობისა და რევმატული პროცესის მაღალი აქტივობისას ორსულობა უკუნაჩვენებია, მაგრამ ნაყოფის შენარჩუნების საკითხი ყოველ კერძო შემთხვევაში მაინც ინდივიდუალურად წყდება.

  • ორსულობის მართვა

ორსულობის მეორე ტრიმესტრის ბოლოს სისხლის ცირკულაციის სიჩქარე დაახლოებით 80%-ით იმატებს. მოცირკულირე სისხლის მოცულობაც იზრდება (30-50%-ით ორსულობის მერვე თვისთვის). ეს იმით აიხსნება, რომ დედის სისხლის მიმოქცევას ნაყოფისაც ემატება. ასეთი დამატებითი დატვირთვის გამო, მანკით დაავადებულ ქალებზე რომ არაფერი ვთქვათ, გულის რიტმი და სარქვლების ფუნქცია ჯანმრთელი გულის მქონე ორსულსაც კი შეიძლება დაერღვეს.

აუცილებლობისას გულის მანკის მედიკამენტური მკურნალობა ორსულობის დასაწყისიდან დასასრულამდე მიმდინარეობს. მკურნალობის მიზანია სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება და ნაყოფისთვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. იყენებენ საგულე გლიკოზიდებს, არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებს, შარდმდენებს, სისხლძარღვების გამაფართოებლებს, ანტიაგრეგანტებსა და ანტიკოაგულანტებს (საშუალებებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას და თრომბების წარმოქმნას).

პრეპარატების დანიშვნისა და დოზირების საკითხი ინდივიდუალურად, ორსულობის ვადისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით წყდება. თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.

ოპერაცია სასურველია ორსულობის მე-18-26-ე კვირას. ორსულობის ბოლომდე პერიოდულად ტარდება კარდიოტოკოგრაფია (ნაყოფის გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა), დოპლეროგრაფია - საშვილოსნო-პლაცენტური და ნაყოფის სისხლის მიმოქცევის კვლევა ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) გამოსარიცხად.

ბუნებრივია, ხორციელდება დედის გულის მუდმივი კონტროლი. გართულებები გულის კომპენსირებული მანკის შემთხვევაშიც მოსალოდნელია, ამიტომ ყველა ორსულმა სამჯერ მაინც უნდა გაიაროს გამოკვლევა კარდიოლოგიურ სტაციონარში:

  • პირველი ჰოსპიტალიზაცია

პირველი გამოკვლევა ტარდება ორსულობის მე-12 კვირას. ამ დროს კარდიოლოგიური და აუცილებლობის შემთხვევაში - რევმატოლოგიური გამოკვლევის შემდეგ წყდება ორსულობის შენარჩუნების საკითხი;

  • მეორე ჰოსპიტალიზაცია

მეორედ გამოკვლევა ტარდება 28-32-ე კვირას, როდესაც გულის დატვირთვა განსაკუთრებით დიდია და მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური მკურნალობა, რადგან შესაძლოა განვითარდეს:

  1. გულის ქრონიკული უკმარისობა (ახასიათებს ადვილად დაღლა, შეშუპება, ქოშინი, ღვიძლის გადიდება);
  2. გულის რიტმის დარღვევა (არითმია);
  3. გულის მწვავე უკმარისობა და მისი უკიდურესი გამოვლინება - ფილტვების შეშუპება და სისხლის მიმოქცევის დიდი წრისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (თრომბით დაცობა).

ორივე ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია და რეანიმაციულ განყოფილებაში დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. ამასთანავე, ჩამოთვლილი გართულებები შეიძლება განვითარდეს არა მარტო ორსულობის, არამედ მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდშიც.

ორსულის სისხლის მიმოქცევის ასეთი დარღვევები ნაყოფის ჰიპოქსიას იწვევს და თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა, შეფერხდეს მისი ზრდა.

  • მესამე ჰოსპიტალიზაცია

მესამე ჰოსპიტალიზაცია მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ხდება. ამ დროს ტარდება განმეორებითი კარდიოლოგიური გამოკვლევა და მუშავდება მშობიარობის გეგმა.

  • მშობიარობა

მშობიარობის მეთოდი შეირჩევა ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, რამდენად კომპენსირებულია მანკი. დასაშვებია როგორც მშობიარობა ბუნებრივი გზით, ჭინთვების გამოთიშვით ან გამოუთიშავად, ისე საკეისრო კვეთის ოპერაცია. არცთუ იშვიათად გულზე მზარდი დატვირთვა იმდენად აუარესებს ორსულის მდგომარეობას, რომ საჭირო ხდება ადრეული მშობიარობა. უმჯობესია, ეს 37-38-ე კვირას მოხდეს.

მშობიარობის მეთოდს არჩევენ მეანი, კარდიოლოგი და რეანიმატოლოგი.

ჭინთვები მშობიარის გულისთვის განსაკუთრებით მძიმე დატვირთვაა, ამიტომ მშობიარობის ამ პერიოდის ხანგრძლივობის შესამცირებლად მიმართავენ პერინეოტომიას ან ეპიზიოტომიას (შორისის ჩაჭრას), ხოლო მიტრალური ხვრელის სტენოზისა და ნებისმიერი ხარისხის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შემთხვევაში, ასევე - წინა მშობიარობასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევისას, ადებენ სამეანო მაშებს.

საკეისრო კვეთა ტარდება, როდესაც აღინიშნება:

  1. გულის მანკისა და სამეანო გართულებების თანაობა (ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, პლაცენტის წინამდებარეობა);
  2. მიტრალური სარქვლის უკმარისობა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი დარღვევით (როგორიც არის, მაგალითად, მკვეთრად გამოხატული რეგურგიტაცია - სისხლის უკან, პარკუჭიდან წინაგულში გადასროლა);
  3. მიტრალური სტენოზი, რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ კორექციას;
  4. აორტული მანკები სისხლის მიმოქცევის დარღვევით.
  • რა ხდება მშობიარობის შემდეგ?

ბავშვის დაბადებისთანავე სისხლი შინაგანი ორგანოებისკენ, პირველ ყოვლისა, მუცლის ღრუს ორგანოებისკენ მიედინება. გულის სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება. ამიტომ მშობიარობის შემდეგ ქალს აძლევენ მედიკამენტებს, რომლებიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.

მანკიანი მელოგინე სამშობიაროდან ეწერება მშობიარობიდან არა უადრეს ორი კვირის შემდეგ, თუმცა კარდიოლოგის მეთვალყურეობა ამის შემდეგაც სჭირდება. თუ მშობიარობის შემდეგ ქალს მედიკამენტები დაუნიშნეს, შესაძლოა, ექიმმა ძუძუთი კვების შეწყვეტა ურჩიოს, ვინაიდან ზოგიერთი პრეპარატი დედის რძეში გადადის. თუ გულის მანკი კომპენსირებული დარჩა და მელოგინეს მკურნალობა არ დასჭირდა, შეუძლია, ბავშვს ძუძუ აწოვოს. რევმატიზმით დაავადებულმა ქალებმა მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ამ პერიოდში საკმაოდ ხშირია დაავადების გამწვავება.

  • რეკომენდაციები

  1. ერიდეთ დაუგეგმავ ორსულობას.
  2. დაორსულებამდე კონსულტაცია გაიარეთ კარდიოლოგთან, გაარკვიეთ, დასაშვებია თუ არა თქვენთვის ბავშვის გაჩენა.
  3. თუ გაქვთ თანდაყოლილი მანკი, დაორსულებამდე აუცილებლად გაიარეთ გენეტიკური კონსულტაცია.
  4. დაადგინეთ, როგორი რეჟიმი უნდა დაიცვათ, რომ რისკი არ შეუქმნათ როგორც საკუთარ თავს, ისე მომავალ ბავშვს.
  5. რეგულარულად იარეთ ქალთა კონსულტაციაში და კარდიოლოგთან, დროულად გაიარეთ გამოკვლევები.
  6. უარი არ თქვათ ჰოსპიტალიზაციასა და მედიკამენტების მიღებაზე - რაც უფრო უკეთესად მუშაობს გული, მით უკეთესი იქნება თქვენი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა.
დაორსულებამდე აუცილებლად უნდა დადგინდეს ან გამოირიცხოს გულის მანკის არსებობა. ეს საშუალებას მოგცემთ, ცნობიერად მიუდგეთ ოჯახის დაგეგმვას და თუ ორსულობა დასაშვები აღმოჩნდა, გულდასმით მოემზადოთ მისთვის.